"ადგილობრივ მოსახლეობას ავუხსენით, რომ ის გადაშენების პირას მყოფი სახეობაა და მის კვერცხს საკვებად აღარ იყენებენ" - ვინ არის მამაკაცი, რომელმაც იშვიათი ფრინველი აღმოაჩინა, ინგლისელმა რეჟისორმა კი მასზე ფილმი გადაიღო - კვირის პალიტრა

"ადგილობრივ მოსახლეობას ავუხსენით, რომ ის გადაშენების პირას მყოფი სახეობაა და მის კვერცხს საკვებად აღარ იყენებენ" - ვინ არის მამაკაცი, რომელმაც იშვიათი ფრინველი აღმოაჩინა, ინგლისელმა რეჟისორმა კი მასზე ფილმი გადაიღო

რა უნდა ვიღონოთ "მისტერ" გარიელის გადასარჩენად

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალგაზრდა ინგლისელი რეჟისორის - საქსონ ბოსვორთის ფილმის „მისტერ გარიელის“ პრემიერა გაიმართა. ფილმი ქართველ ორნითოლოგზე - ნიკა პაპოშვილზეა, რომელმაც ტაბაწყურის ტბაზე აღმოაჩინა იშვიათი ფრინველი გარიელი. მანამდე ეს ფრინველი ყველას გადაშენებული ეგონა. დღესდღეობით, ნიკა პაპოშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტია და გარიელის დასაცავად თავდაუზოგავად შრომობს.

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" დაიბეჭდა:

"10-12 წლისა ბუნებაში უკვე მეგობრებთან ერთად გავდიოდი და კიდეც ვნადირობდი. მამაჩემს - სოსო პაპოშვილს, რომელიც პროფესიით ისტორიკოსია, სახლში თოფი სულ ჰქონდა, მაგრამ ნადირობის წესებს მკაცრად იცავდა: როცა ფრინველები მრავლდებოდნენ, ანუ გაზაფხულიდან შემოდგომამდე, ფრინველებზე ნადირობა ჩვენთვის აკრძალული იყო. შემოდგომაზე და ზამთარში კი ერთად ვნადირობდით იხვზე, ქედანზე, მწყერზე და იმ წლებში ბევრი რამ ვისწავლე..."

fotoo-1686205199.jpg

"2014 წელს პირველად ვიპოვე გარიელი: მე და ჩემი მომავალი მეუღლე ჯავახეთში, ტაბაწყურის ტბაზე ავედით. ძალიან ცუდი ამინდი იყო, წვიმდა და ქარი ქროდა, მაგრამ ამის მიუხედავად, მანქანიდან მაინც გადმოვედი და იქაურობის დათვალიერება დავიწყე. ვიცოდი, ეს ფრინველი საქართველოში უკვე აღარ იყო, მაგრამ ძალიან გამიმართლა: პირველად წავაწყდი გარიელის ბუდეს, რამაც სტიმული მომცა, რომ სხვა ბუდეებიც მეპოვა. ამის შემდეგ, ერთ-ერთი ორგანიზაციის გრანტი მოვიპოვე და ეს თანხა გარიელის მონიროტინგისა და კონსერვაციისთვის გამოვიყენე..."

"ბედნიერი ვარ, რომ გარიელების რიცხოვნობა ყოველწლიურად მატულობს. ეს იმის შედეგია, რომ ადგილობრივ მოსახლეობას ავუხსენით, გარიელი უბრალო იხვი არ არის; ის გადაშენების პირას მყოფი, იშვიათი სახეობაა. ადგილობრივები მის კვერცხს საკვებად უკვე აღარ იყენებენ; ადრე ამ ფრინველზე ნადირობდნენ, მაგრამ ამაზეც უარი თქვეს. ადგილობრივ მოსახლეობასთან მეგობრული ურთიერთობა დავამყარეთ და კარგ შედეგს მივაღწიეთ..."

col-shvili-1686205146.jpg

"ოჯახის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ზაფხულში თითქმის სულ ექსპედიციებში ვიმყოფები. სამაგიეროდ, ზამთარში ვცდილობ, მეუღლეს დავეხმარო და ტვირთი შევუმსუბუქო. ის თელაველია - მარინა პიდუაშვილი. მართალია ამბობენ, თელაველები და გურჯაანელები ერთმანეთს ვერ უგებენო, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში ეს არ გამართლდა. თელაველების და გურჯაანელების ურთიერთობაზე ათასგვარი ტყუილ-მართალი ვრცელდება: ალბათ თქვენც გაგიგონიათ, 2008 წელს, ომის დღეებში მთელ საქართველოში ჯაჭვი რომ გაკეთდა, ეს ჯაჭვი მხოლოდ თელავის და გურჯაანის საზღვართან იყო გაწყვეტილი, რადგან ერთმანეთს ხელი არ ჩამოართვეს. ეს ამბავი მერე ხუმრობად გავრცელდა..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 8 ივნისის ნომერში წაიკითხავთ.

ხათუნა ჩიგოგიძე