"ასეთია პატარა ქვეყნების ხვედრი - ხურდად იყენებენ დიდ დიპლომატიურ თამაშებში...დასავლეთი უნდა ვაიძულოთ, რომ როგორმე საქართველოს უსაფრთხოებაზე აიღოს პასუხისმგებლობა" - კვირის პალიტრა

"ასეთია პატარა ქვეყნების ხვედრი - ხურდად იყენებენ დიდ დიპლომატიურ თამაშებში...დასავლეთი უნდა ვაიძულოთ, რომ როგორმე საქართველოს უსაფრთხოებაზე აიღოს პასუხისმგებლობა"

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების დღიდან დღემდე ჩვენს რეგიონში განხორციელებულ ცვლილებებზე, ახალი გავლენებისა და ინტერესების სფეროებზე, ასევე იმაზე, თუ როგორ შეიცვალა რუსეთისადმი სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს პოლიტიკა, ვინ როგორ ხედავს გამოსავალს და ვინ ვისთან ან რატომ ირჩევს პარტნიორული ურთიერთობის გამყარებას თუ შეცვლას, ამის შესახებ ექსპერტი კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძე გვესაუბრება:

- რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე რეგიონში ყარაბაღის კონფლიქტი დაიწყო. უნდა ვთქვათ, რომ ყარაბაღის კონფლიქტამდე ჩვენს რეგიონში დასავლეთისა და რუსეთის გავლენის პარიტეტები არსებობდა. წლების განმავლობაში იყო განსაზღვრული სამი ქვეყნის ვექტორი. სომხეთის ვექტორი იყო რუსეთი და, შესაბამისად, კრემლის ყველა პროექტში მონაწილეობდა - „ოდეკაბე“ იყო ეს, ევრაზიული კავშირი თუ სხვა. საქართველოს მკაცრად განსაზღვრული დასავლური ვექტორი ჰქონდა. აზერბაიჯანი ყველასთან თანამშრომლობდა, მაგრამ განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა თურქეთთან. აზერბაიჯანს ჰქონდა კიდეც ნეიტრალიტეტის უფლება, ვინაიდან იმ პერიოდში მსოფლიოში აქტიური მოთამაშე იყო, ენერგეტიკის კუთხით. ყარაბაღის კონფლიქტის შემდეგ რეგიონში ვითარება შეიცვალა, რუსეთის მარცხი თვალსაჩინო იყო, ვერ დაეხმარა სომხეთს. კი შეეცადა, არც სომხეთთან გაეფუჭებინა ურთიერთობა, არც აზერბაიჯანთან და შუამავლის ფუნქცია შეესრულებინა, მაგრამ არ გამოუვიდა. საბოლოო ჯამში, რუსეთმა ძალიან მძიმე შეცდომა დაუშვა. თურქეთს ასი წლის შემდეგ პირველად მიეცა კავკასიაში დაბრუნების საშუალება. ამას მოჰყვა, უკრაინასთან ომი. მანამდე, ერთი დღით ადრე, ხელი მოაწერა აზერბაიჯანთან სამოკავშირეო ხელშეკრულებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო, აზერბაიჯანისთვის, ვინაიდან თავად სამხრეთ კავკასიაში დამატებითი აქტივობებისთვის გაეხსნა ხელი, რუსეთს კი, რომელმაც მეორე დღეს ომი დაიწყო, ხელი შეებორკა სომხეთის დახმარების საქმეში. რაც შეეხება დღევანდელ მოცემულობას, ყველაზე ცუდი ის არის, რომ რეგიონში დაირღვა ბალანსი.

- რას გულისხმობთ?

- რეგიონში თურქეთის გავლენები დღითი დღე იზრდება, აზერბაიჯანი უკვე არის რეგიონული ლიდერი, როგორც პოლიტიკური, ასევე - სამხედრო თვალსაზრისით. რეგიონში ვექტორებზე ლაპარაკი უკვე აღარც კი შეიძლება, სომხეთის პოლიტიკური მიდგომებიც შეიცვალა და საქართველოსიც. უკვე ცხადია, რომ რუსეთისა და სომხეთის პოზიციები ყოველდღიურად შორდება. მართალია, მოსკოვს ისევ აქვს შუამავლის ფუნქცია და როლი, მაგრამ არც მისი შუამავლის ფუნქციაა სრულყოფილი და არც მისი როლია დახვეწილი, თუნდაც ისეთი, როგორიც 2020 წლამდე იყო. მაგალითად, მოსკოვში პუტინის შუამავლობით გამართულ შეხვედრაზე ალიევმა საკუთარ თავს ისეთი გამოთქმების უფლება მისცა, რომლის თქმის უფლებასაც ადრე ვერ მისცემდა. განაცხადა, რომ თუ სომხეთი არ დათმობს ზანგეზურის კორიდორს, იძულებული იქნება, რომ ძალა გამოიყენოს. ზანგეზურის კორიდორის ისე გახსნა, რომ აზერბაიჯანი იყოს დომინანტი, არც ერთ ხელშეკრულებაში არ წერია. ომის დამთავრების შემდეგ, 2020 წლის ნოემბერში გაფორმებულ ხელშეკრულებაში წერია, რომ კომუნიკაციების აღდგენა უნდა მოხდეს, მაგრამ ის არ წერია, სად და ვინ უნდა აკონტროლებდეს ამ პროცესს. ე.ი პრაქტიკულად, აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ უნდა გაიხსნას კორიდორი, რომელიც დააკავშირებს აზერბაიჯანს ნახიჭევანთან და ეს უნდა მოხდეს ბაქოს კონტროლით. პუტინმა კი ვერაფერი ვერ თქვა. აქედან გამომდინარე, სომხები განაწყენებულები არიან რუსეთზე. შესაბამისად, „ოდეკაბეს“ შეხვედრის საბოლოო დოკუმენტი არ შედგა და რომც შემდგარიყო, სომხები ხელს არ მოაწერდნენ. დღეს ერევანი აქტიურად ეძებს მოკავშირეს დასავლეთში და ხმამაღლა აცხადებს, რომ რუსეთმა თავისი ფუნქცია ვერ შეასრულა. ფაშინიანი ამბობს, რომ აზერბაიჯანისა და სომხეთის ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღდგეს იმ ფარგლებში, რაც საბჭოთა კავშირის დროს იყო და ამით ხაზს უსვამს, რომ ყარაბაღს თმობს, მაგრამ აზერბაიჯანის ხელმძღვანელობა ამას არ ამბობს. ისინიც ადასტურებენ, რომ სომხეთის ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღდგეს, მაგრამ არ აზუსტებენ, რა ფარგლებში.

- ამ ყველაფრის ფონზე, საქართველოსა და რუსეთს შორის პოზიციები დაახლოვდა, ყოველ შემთხვევაში, ერთი შეხედვით ასეთი განცდა რჩება. რა ხდება სინამდვილეში?

- დიახ, სწორია, ასე ჩანს ერთი შეხედვით. სინამდვილეში საქართველო ახდენს იმის დემონსტრირებას, რომ ახლა რუსეთთან ურთიერთობების გამწვავება არ შეიძლება. მე არ ვიცი, საქართველოს ხელისუფლება ხვდება თუ არა, რა ტიპის პროცესების განვითარებაა მოსალოდნელი ცოტა ხანში. ცალსახად ვამბობ, რომ ძალიან რთული, მწვავე პროცესები გველოდება. ბალანსი დარღვეულია, თურქული გავლენები იზრდება. ამ ყველაფერთან ერთად ანკარა პანოსმალისტურ იდეოლოგიას ავითარებს, რაც ოსმალეთის იმპერიის სივრცეში შემავალ ქვეყნებზე გავლენების აღდგენას გულისხმობს. ნუ დაგვავიწყდება, რომ ამ სივრცეში საქართველოც არის. თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნები ახალი დამთავრებული იყო, რომ ანკარამ ნატოს ფორმატში, დასავლეთის მოთხოვნით, კოსოვოში შეიყვანა ჯარი. ერდოღანმა ეს ძალიან დიდი სიხარულით გააკეთა, იმიტომ, რომ ბალკანეთი ზუსტად იმ სივრცეშია, რომელსაც ოსმალეთის იმპერია აკონტროლებდა. მინდა დავიჯერო, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ სირთულეებს ხედავს და იმიტომ ცდილობს რუსეთთან არსებული პოლიტიკის შეცვლას.

- დამარცხებულ რუსეთთან პოზიციების დაახლოება რაში გვჭირდება?

- ჩვენ ჯერ არ ვიცით, დამარცხებულია თუ არა რუსეთი.

- ჯერ კიდევ არ ვიცით?

- მიუხედავად იმისა, რომ მინდა რუსეთის დამარცხება, ჯერ არ ვიცით, ისევე, როგორც არ ვიცით, დამარცხდება თუ არა უკრაინა. ისიც გასათვალისწინებელია, რას დავარქმევთ მარცხს და რას დავარქმევთ გამარჯვებას. ის, რასაც რუსეთი ამბობდა - უკრაინის დენაციფიკაცია, დელიმილიტარიზაცია უნდა მოხდესო, არ შესრულდა. ამას ამბობს რუსეთის იდეოლოგიის ერთ-ერთი აპოლოგეტი კონსტანტინე ზატულინი. მისმა ამ განცხადებამ „დუმაში“ შოკი გამოიწვია. მაგრამ ამ ამბავს მეორე მხარეც აქვს, უკრაინამ ამ დღეებში ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყო, მაგრამ ჯერჯერობით ისეთ ეფექტს ვერ აჩვენებს, როგორსაც მის უკან მდგომი ძალები ელოდნენ.

- უკრაინელი ლიდერები წინასწარ აცხადებდნენ, რომ შეიძლება შეტევა ისეთი შთამბეჭდავი და თვალსაჩინო არ იყოს, როგორი მოლოდინიც არსებობსო. ზოგიერთი ლიდერისგან ჩვენ ასეთი განცხადებაც კი მოვისმინეთ - ეს არ არის კინო.

- კი, მაგრამ დასავლელი პოლიტიკოსები მოითხოვენ, რომ შეტევა თვალსაჩინო და შთამბეჭდავი იყოს. დასავლეთში განაცხადეს, რომ სწორედ ამ ეფექტიანობაზეა დამოკიდებული უკრაინის შეიარაღების გაგრძელება ან გაზრდა.

- რაც უნდა მოხდეს, ომის დასრულების შემდეგ რუსეთის პოზიციები რეგიონში დასუსტდება. ჩვენთვის რა უფრო ხელსაყრელი იქნება - დასუსტებულ რუსეთთან თანამშრომლობა თუ ნატოს წევრ თურქეთთან პარტნიორული ურთიერთობის გაგრძელება?

- დღეს საქართველოსა და თურქეთის ურთიერთობებში პრობლემები არ არის და ანკარა ხშირად ახმოვანებს ფორმულას, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანთან სტრატეგიული თანამშრომლობა აკავშირებს. დიახ, ეს მართლაც ასეა, ჩვენ შორის დღეს პარტნიორული ურთიერთობაა და პრობლემები არ ჩანს. შეიძლება, არც ხვალ გამოჩნდეს, მაგრამ ზეგ აუცილებლად გამოჩნდება. პოლიტიკოსმა დღევანდელი დღით კი არ უნდა იმსჯელოს, მომავლის პერსპექტივები უნდა დაინახოს და ისე განსაზღვროს პოლიტიკა.

- თქვენი ვერსიით, რა უნდა გააკეთოს პოლიტიკოსმა, რომელიც პერსპექტივაში დაინახავს საქართველოსა და თურქეთს შორის მოსალოდნელ პრობლემებს?

- საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ბრიუსელთან და ვაშინგტონთან დაალაგოს ურთიერთობა, რომელიც დასრულდება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე დასავლური სამხედრო ძალების კონტინგენტის განლაგებით, მაგრამ, სამწუხაროდ, ამის პერსპექტივა არ ჩანს. ამერიკელებს ამის გაკეთება კარგა ხნის წინაც შეეძლოთ, რომ სდომოდათ. გარდა ამისა, სამხედრო კონტინგენტის განლაგება ერთია და მეორეა შესაბამისი ხელშეკრულების არსებობა. ჩვენ ეს უკვე გავიარეთ, 1920-იან წლებში იყო აქ დასავლეთის სამხედრო კონტინგენტი განლაგებული, მაგრამ ექსტრემალურ სიტუაციაში რუსეთთან მოლაპარაკება არჩიეს.

- ახლა ხომ მსოფლიოში რადიკალურად განსხვავებული გეოპოლიტიკური ვითარებაა და დასავლეთის პოზიციებიც შეცვლილია რუსეთის მიმართ?

- ჯერ არაფერიც არ შეცვლილა. რუსეთის დამარცხება არ გამოდის ბირთვული ომის გარეშე. ეს უკვე ჩანს. თუ რუსეთმა შეინარჩუნა არმია და ის ტერიტორიები, რომელიც დღეს აქვს და, უბრალოდ, თავი აღიარა დამარცხებულად, გეოპოლიტიკური ვითარება რადიკალურად არ შეიცვლება. 1918, 1919, 1920 წელებში რუსეთი განადგურებული იყო, უამრავ ნაკუწებად იყო დაშლილი, მაგრამ დასავლეთმა ამ ნაკუწებთან თანამშრომლობა არჩია, სამხრეთ კავკასიაში საკუთარი პოზიციების გამყარებას. 1920 წლის დეკემბერში ერთა ლიგაში არ მიგვიღეს იმიტომ, რომ რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება უნდოდათ. ჩვენ ახლა მართლა ძალიან მძიმე ვითარებაში ვართ, ვინაიდან ბალანსი დარღვეულია! რაც უნდა ბევრჯერ გამიმეოროთ, რომ დღეს სხვაგვარი მოცემულობაა, მე იმდენჯერ გეტყვით მარტივ ჭეშმარიტებას - ისტორია მეორდება. შესაბამისად, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ის ისტორიული ამბები, რომელიც უკვე გადაგვხდა თავს. მე არ ვამბობ, რუსეთთან მეგობრული ურთიერთობები უნდა ჩამოვაყალიბოთ, დიახ, რუსეთს არაერთხელ მოვუტყუებივართ, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ასეთია პატარა ქვეყნების ხვედრი - ხურდად იყენებენ დიდ დიპლომატიურ თამაშებში. ამიტომ ჩვენ არასდროს არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული ერთ რომელიმე დიდ ქვეყანაზე, მაქსიმალურად მოქნილი და დიპლომატიური თამაშის წესები უნდა შევქმნათ. ისევე უნდა მოვიქცეთ, როგორც ისრაელი მოქმედებს - უამრავი ტრაგედია გადაიტანა, უამრავჯერ იყო მეზობლების შევიწროების ობიექტი. ამ ქვეყნის ისტორიაში იყო წლები, როდესაც მის წინააღმდეგ სამხედრო ინტერვენციებს აწყობდნენ, მაგრამ დასავლეთი თვალს ხუჭავდა. ისეც მოხდარა, რომ ისრაელის წინააღმდეგ ბრიტანეთი და საფრანგეთიც კი ყოფილა. ერთადერთი ერთგული მოკავშირე ამერიკა ჰყავდა. დღევანდელი რეალობა გვკარნახობს, არა ცალმხრივ დიპლომატიას, არამედ - უნდა ვაწარმოოთ მაქსიმალურად მოქნილი დიპლომატია. თუმცა, პრიორიტეტი უნდა იყოს დასავლეთი.

- ალბათ, ასეთ დიპლომატიას სხვა რანგის პოლიტიკოსები სჭირდება.

- კი ბატონო, ამასთან დასავლეთი უნდა ვაიძულოთ, რომ როგორმე საქართველოს უსაფრთხოებაზე აიღოს პასუხისმგებლობა, მათ შორის, საქართველო დაიცვას ზოგიერთი დასავლელი სახელმწიფოსგანაც. ასევე, მნიშვნელოვანია, საქართველომ თავადაც იზრუნოს თავდაცვის, ქართული ჯარის გაძლიერებაზე. საზოგადოება უნდა ჩაერთოს ამ საქმეში. ისრაელის თავდაცვა მხოლოდ თავდაცვის სამინისტროზე რომ იყოს დამოკიდებული, კარგა ხნის წინ დაემხობოდა. გავიხსენოთ პატარა ფინეთი, რომელიც დამარცხდა საბჭოთა კავშირთან, მაგრამ მერე რევანშით კინაღამ მთელი საბჭოთა კავშირი აიღო. ეს იმიტომ, რომ მთელი საზოგადოება ჩაერთო ამ საქმეში. ჩვენთან, სამწუხაროდ, ეს ასე არ არის, ყველაფერი კეთდება პატრიოტული იდეოლოგიისა და სამშობლოს დაცვის იდეის დისკრედიტაციისთვის!

(სპეციალურად საიტისთვის)

ხათუნა ბახტურიძე