სად იშოვა კადიროვმა "ჩინური ვეფხვები" და როგორ აპირებს მათ გამოყენებას უკრაინის წინააღმდეგ... - კვირის პალიტრა

სად იშოვა კადიროვმა "ჩინური ვეფხვები" და როგორ აპირებს მათ გამოყენებას უკრაინის წინააღმდეგ...

ჩეჩნეთის ლიდერის - რამზან კადიროვის ხშირი სატრაბახო ვიდეორგოლები სოციალურ ქსელებში უკვე აღარავის უკვირს, მაგრამ მისი ბოლო "წატრაბახება" შეიძლება, საერთაშორისო დონის სკანდალად გადაიქცეს, რომელზეც შესაბამისი რეაქციები უკვე ბირთვულ სახელმწიფოებსაც ექნებათ...

ასეთი რა აჩვენა კადიროვმა, რომ შესაძლოა, აშშ-სა და მთლიანად ნატოს ბლოკის შეშფოთება-აღშფოთება გამოიწვიოს?

თითქოს ბევრი არაფერი - ჩვეულებრივი ახალი ჯავშანმანქანები, რომლებიც მან უკრაინაში მებრძოლ თავის სპეცდანიშნულების შენაერთ "ახმატს" შეუძინა.

დღეს ჯავშანმანქანებით ვეღარავის გააკვირვებ, მათ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ამზადებენ, სამოქალაქო დანიშნულების მაღალი გამავლობის მანქანების ბაზაზე (მათ შორის - საქართველოშიც, "დიდგორების" სხვადასხვა მოდიფიკაციის სახით) და მასობრივად ყიდიან, მაგრამ სწორედ ის ფაქტი, თუ კონკრეტულად რომელი ქვეყნის მიერ დამზადებული ჯავშანმანქანები აღმოჩნდა კადიროვის "ახმატის" შეიარაღებაში, ყველაფერს ძირფესვიანად ცვლის - ეს ქვეყანა ჩინეთია...

2-kadirovi-1686207434.png
გროზნოში, კადიროვის სასახლის ეზოში გამოფენილი „ჩინური ვეფხვები“ ეტყობა, შეიარაღების გარეშე შეიძინეს...

ჩინეთის, რომელიც აშშ-ისა და რუსეთის დონეზე წარმოადგენს მსოფლიოს წამყვან ქვეყანას, გინდ პოლიტიკური და ეკონომიკური და გინდაც - სამხედრო თვალსაზრისით (უფრო სწორად, ამ მხრივ ბევრად გადაასწრო რუსეთს), ღიად მიმხრობა რომელიმე მხარისთვის რუსეთ-უკრაინის ომში, მნიშვნელოვან გარდატეხას გამოიწვევს...

ამიტომაც ჩინური წარმოების ჯავშანმანქანების გამოჩენა პუტინის "ერთგული ჯარისკაცის" - კადიროვის განკარგულებაში, მსოფლიოში შეიძლება აღქმული იყოს იმად, რომ პეკინმა ამ ომში რუსეთის მხარე ღიად დაიჭირა და პუტინის რეჟიმის მომარაგება დაიწყო ჩინური შეიარაღებით.

არაოფიციალურ დონეზე ჩინური წარმოების სამოქალაქო დრონების, ჯავშანჟილეტების, ჯავშანჩაფხუტებისა თუ პორტატიული რაციების მიწოდება უკრაინასთან ომში მყოფი რუსეთის არმიისთვის ისედაც ხდებოდა, მაგრამ გარიგებები კერძო ჩინური ფირმების დონეზე ხორციელდებოდა და ჩინეთის ხელისუფლება ამას თითქოს ვერ ამჩნევდა.

მაგრამ რუსეთისთვის იმ ჯავშანმანქანების მიწოდება, რომლებზეც სხვადასხვა დანიშნულებისა და ტიპის საბრძოლო შეიარაღება შეიძლება დამონტაჟდეს და გამოყენებული იქნას ბრძოლის ველზე (ტყვიამფრქვევები, ავტომატური ყუმბარსატყორცნები, ტანკსაწინააღმდეგო და საზენიტო სარაკეტო კომპლექსები), ბევრ რამეს სულ სხვანაირად აჩენს - ფაქტობრივად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ დაიწყო საბრძოლო შეიარაღების გამოყენების უნარის მქონე მსუბუქი ჯავშანტექნიკის მიწოდება იმ რუსეთის ფედერაციისთვის, რომელიც სამხედრო აგრესიას ახორციელებს მეზობელი სუვერენიტეტული უკრაინის წინააღმდეგ...

რას წარმოადგენს "ჩინური ვეფხვი", რომლის თავის "ზოოპარკში" შეძენითაც ასე ტრაბახობს კადიროვი?

China Tiger-ად წოდებულ ამ მსუბუქ ჯავშანტრასპორტიორს ჩინური ფირმა Shaanxi Baoji Special Vehicles Manufacturing (SBSVM) -ი აწარმოებს.

ჯავშანმანქანის სრული მასა 4,5 ტონას შეადგენს, საიდანაც 1,1 ტ საბრძოლო დატვირთვაზე მოდის ანუ მასში ეკიპაჟის ორი წევრი და ცხრა მედესანტე თავსდება.

მისი სრული მასიდან გამომდინარე, ეს "ჩინური ვეფხვი" შეჯავშნის დონით მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება ქართულ "დიდგორ-2"-ს და უფრო იმ თურქული "კობრას" კლასში გადის, რომელიც საქართველოს შსს-მ თურქეთიდან შეიძინა და აგვისტოს ომში აქტიურად გამოიყენა, სადაც გამოჩნდა ამ "კობრების" მაღალი მობილურობა, მაგრამ სუსტი შეჯავშნა...

3-kadirovi-1686207477.png
„ჩინურ ვეფხვში“ გამოჭიმულ კადიროვს სრული უსაფრთხოების დიდი იმედი არ უნდა ჰქონდეს, რადგან ამ მანქანის შუბლა ჯავშანი მხოლოდ „კალაშნიკოვის“ 7,62 მმ კალიბრის ჯავშანგამტან ტყვიას თუ აჩერებს, ხოლო მანქანის ბორტების ჯავშანს ამის უნარიც არ აქვს - ის ამავე კალიბრის ჩვეულებრივი ტყვიებისგან დაცვაზე არის მხოლოდ გათვლილი...

კადიროვის "ახმატი" "ჩინური ვეფხვებით", რა თქმა უნდა, ვერ შეუტევს უკრაინის დამცველების პოზიციებს (ისე, თუკი "ვაგნერის" თავკაც პრიგოჟინს დავუჯერებთ, კადიროვის "ახმატელები" არც აქამდე იკლავდნენ თავს, ამ სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობით, შეტევებზე გადასასვლელად და უფრო ზურგში ე.წ. გადამღობი რაზმების ფუნქციებს ასრულებდნენ, ფრონტის ხაზიდან გამოქცეული რუსი მობილიზებულების დასაჭერად), თუმცა ზურგში პოლიციური ფუნქციების შესრულებისთვის წარმატებით გამოიყენებს.

ოფიციალურმა პეკინმა ეტყობა, უნდა გააკეთოს განმარტება, თუ საიდან მოხვდნენ შეჯავშნული "ჩინური ვეფხვები" რუსეთის როსგვარდიის შემადგენლობაში ფორმალურად მიკუთვნებულ კადიროვის "ახმატის" ავტოფარეხში, მაშინ როდესაც ჩინეთის ხელისუფლება რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ ნეიტრალიტეტს ოფიციალურად აცხადებს...

წინააღმდეგ შემთხვევაში, გაჩნდება საფრთხე, რომ "ჩინური ვეფხვების" პოზირება ჩეჩნეთში მხოლოდ დასაწყისია და უკრაინასთან მებრძოლი რუსეთის საოკუპაციო ძალების შეიარაღებაში თანდათანობით შეიძლება გამოჩნდეს "ჩინურ ვეფხვებზე" ბევრად უფრო მძლავრი ჩინური წარმოების შეიარაღების სახეობები, მათ შორის - ტანკები, რაკეტები, საარტილერიო დანადგარები თუ კამიკაძე-დრონები...