"მეფე ლირი, დონ-კიხოტი მაქვს ნათამაშები, მაგრამ ყველას უჩა ზერაგია ახსოვს. აი, ეს არის კინო..." - კვირის პალიტრა

"მეფე ლირი, დონ-კიხოტი მაქვს ნათამაშები, მაგრამ ყველას უჩა ზერაგია ახსოვს. აი, ეს არის კინო..."

"აი, ეს არის კინო... მეფე ლირი, დონ-კიხოტი მაქვს ნათამაშები, მაგრამ ყველას უჩა ზერაგია ახსოვს"

არითმეტიკა ჩემი ძლიერი მხარე არ არის, ამიტომ ციფრებში ახლართულმა, როცა თითებზე ნუგზარ ყურაშვილის სცენაზე მოღვაწეობის წლებს ვითვლიდი, დახმარება ვთხოვე. "სურათი" კი ასეთია: ნახევარი საუკუნე ქართულ სცენაზეა. თბილისში თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, სოხუმის თეატრში გაანაწილეს, სადაც სამი წელი იმუშავა. დედაქალაქში, რეჟისორ ლერი პაქსაშვილის დაარსებულ ახმეტელის თეატრში კი 1981 წლიდან დღემდე მოღვაწეობს. 2017 წლის 14 იანვარს მისი სახელობის ვარსკვლავი ამავე თეატრის შესასვლელთან გაიხსნა. იმავე წელს მოზარდ მაყურებელთა თეატრში აღინიშნა მსახიობის სცენაზე მოღვაწეობის 45 წელი, რადგან ამ თეატრთანაც მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს და ბენეფისს იქაც იმსახურებდა. თავად კი არც თეატრალურ როლებს ითვლის, არც კინოროლებს, თუმცა, საკმაოდ ბევრია ისევე, როგორც ჯილდოები და პრემიები.

- ბატონო ნუგზარ, თქვენი ხმა სცენიდან ყოველთვის გამორჩეულად კარგად ისმის. სამსახიობო კარიერის საწყის ეტაპზე დიქტორადაც მუშაობდით. ამ გზას შემდეგშიც რატომ არ გაჰყევით?

- დიახ, ასე იყო. სოხუმიდან ვარ, იქ მაქვს სკოლა დამთავრებული. მაშინ თეატრალური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, მსახიობებს ანაწილებდნენ და მე სოხუმში გამიშვეს. ხშირად მახსენდება იქაური ხანში შესული, ბობოლა არტისტები როგორ კარგად დაგვხვდნენ ახალ თაობას. წრფელი გულით შეგვიყვარეს და მას შემდეგ, მეც სულ ვცდილობ ახალგაზრდებს გვერდში დავუდგე, ვუგულშემატკივრო... გამოცდილი მაქვს და ვიცი, რას ნიშნავს თბილი დამოკიდებულება და რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანისათვის. სოხუმის თეატრში სამი წელი ვიმუშავე, მერე თბილისში გადმოვედი. ერთხანს თითქოს არტისტობაზე გული მქონდა აყრილი. სწორედ იმ დროს ვნახე, რომ რადიო-ტელევიზიაში დიქტორი სჭირდებოდათ. კონკურსი ტარდებოდა. იოლი არ იყო იქ მოხვედრა არ იყო, მაგრამ ბედი მაინც ვცადე. ტელევიზიას ნუგზარ ფოფხაძე ხელმძღვანელობდა, რადიოს კი, პეტრე შამათავა. მოგეხსენებათ, მაშინ როგორი დრო იყო, ლექსი "კომუნისტი" ზეპირად უნდა გცოდნოდა და შამათავას ვიდრე არ ეტყოდი, მუშაობას არ დაგაწყებინებდა. სხვა რა გზა მქონდა, ვისწავლე და ჩავაბარე, მაგრამ მალევე დამავიწყდა. ამიყვანეს. საკმაოდ საინტერესო სამუშაო იყო და საკმაოდ დატვირთულიც ვიყავი, ჩემი ხმა "ოფიციალურ" გადაცემებსაც მოუხდა და იმ თემებსაც, როცა მხატვრული კითხვა იყო საჭირო. მოკლედ, ჩემზე ტაციაობა გახლდათ... მაგრამ მერე მაინც არტისტობამ სძლია. თუმცა არსად მივსულვარ და თეატრში აყვანის სურვილი არ გამომითქვამს, ყველაფერი თავისთავად მოხდა. ერთ დღეს ქუჩაში ცხონებული ლერი პაქსაშვილი შემხვდა. თეატრის დაარსების შესახებ თავისი ჩანაფიქრი გამანდო და მითხრა, ჩემთან მოდიო. მეც მივედი და დავრჩი.

- ის რომ არა, გიფიქრიათ, რა შეიძლებოდა მომხდარიყო?

- ხომ იცი, ცხოვრება როგორია, დღეს არ იცი, ხვალ რა მოხდება და ვერც მომავალს განსაზღვრავ. ზოგადად, გეგმები არ მიყვარს. საერთოდ, ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი სპონტანურად, მოულოდნელად ხდება. ცხოვრებას არ ვეჭიდავები, არც იმაზე ვფიქრობ, გინდა თუ არა ამ ფილმში უნდა გადამიღონ ან ეს როლი ვითამაშო-მეთქი. ღვთის წყალობით, ყველაფერი ყოველთვის თავისით მოდიოდა.

- ბოლო წლებში, რეზო ესაძემ თავის უკანასკნელ ფილმში გადაგიღოთ, ხომ?

- კი, ფილმი უკვე ეკრანებზე გამოვიდა და იქ მიშა გომიაშვილთან, დათო დვალიშვილთან და სხვებთან ერთად, ერთ-ერთ მთავარ როლს ვთამაშობ. "თვე, როგორც ერთი დღე" ბატონი რეზოს ბოლო ფილმია. "გენიალური" ურთიერთობა გვქონდა ჩვენ. მთელი ცხოვრება ჩემი გადაღება უნდოდა, მაგრამ ეს არ ხდებოდა. ახალგაზრდობის წლებში შეხვედრისას, სულ ამაზე იწყებდა ლაპარაკს, ერთხელაც გავბრაზდი, - მე თქვენ რამეში გავალდებულებთ, არიქა, გინდა თუ არა, გადამიღეთ? სულ ამაზე რატომ მელაპარაკებით, რაშია საქმე? რა ვქნა, ნუ გადამიღებთ-მეთქი! - ეგ რა შუაშია? მართლა მინდაო, - დაიწყო თავისებურად. "ნეილონის ნაძვის ხეს" რომ იღებდა, მაშინ ახმეტელის თეატრში მუშაობა ახალი დაწყებული მქონდა. ფილმზე მიმიწვია, მეც ავტობუსის ერთ-ერთი მგზავრი უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ გადაღებები რაიონში უნდა ყოფილიყო, იქ უნდა დავრჩენილიყავი, ეს კი დიდ დროს მოითხოვდა. მაშინ თეატრში სულ მთავარი როლები მქონდა და ცხონებულმა ლერი პაქსაშვილმა არ გამიშვა. ბატონი რეზო სულ ამ ამბავს მახსენებდა, - გახსოვს, მაშინ უარი რომ მითხaრიო?! ერთხელაც, რუსთაველის თეატრში ქართული თეატრის დღე აღინიშნებოდა. მე და ჩემი ცხონებული ძმაკაცი დიმა ჯაიანი ერთად მივდიოდით. ცოტა შეგვაგვიანდა და შესასვლელში რეზო ესაძე შეგვხვდა. სად ხარ, ბიჭო, თავის დროზე არ უნდა მოხვიდე? ამდენ ხანს აქ გელოდებიო! - ამ სიტყვებით ხელში სცენარი შემაჩეჩა, პერსონაჟის სახელი დამისახელა, - ახლა ვერსად წამიხვალ, ითამაშებო. ასე მოვხვდი მის ბოლო ფილმში.

- პედაგოგიურ საქმიანობაზე არასდროს გიფიქრიათ? ან მეტყველებაში მომზადებაზე, რაც ასეთი პრობლემატურია ახალგაზრდა მსახიობებთან...

- სხვათა შორის, ერთხელ ვცადე. ჩემი ნათესავის ბავშვი სამედიცინოზე სწავლობდა და უცებ მსახიობობაც მოინდომა. მისმა მშობლებმა მომიყვანეს, თეატრალურში ჩაბარება უნდა და მიხედეო. მგონია, საკაიფოდ მოვამზადე. პირველ ტურზე რომ გასულა, საგამოცდო კომისიიდან ერთ-ერთi პიროვნება დაინტერესებულა, თუ ვისთან ემზადებოდა. ამ ბიჭს დაუტრაბახია, ბატონ ნუგზარ ყურაშვილთანო. მას კი ჩაულაპარაკია, როგორ დაუმსგავსებია თავის თავსო... მე ვასწავლე ის, რაც ვიცოდი და რაც შემეძლო, არ ვიცი, რატომ იყო ეს ცუდი. იმ ქალბატონს დავურეკე და ვკითხე, ჩემი მომზადებული ბავშვი რატომ დაიწუნა. არა, კი არ დავიწუნე, პირიქითო, - ასე თქვა.

- შეიძლება მისი სიტყვები ცუდად სულაც არ გავიგოთ, პირიქით, თან, კონტექსტს გააჩნია...

- არ ვიცი, მაინც გულზე მომხდა. მაშინ დავფიქრდი, რომ ბავშვს შემიძლია ის ვასწავლო, რაც ვიცი, ჩემი განცდები გავუზიარო, გადავდო. ვეცადო გულსა და სულში ჩავუდო, ეს კი ცოტა რთული მეჩვენება. თან, შეიძლება ადამიანი კარგი არტისტი იყოს, მაგრამ პედაგოგი - ძალიან ცუდი. ერთხელ მოზარდ მაყურებელთა თეატრში დიმა ხვთისიაშვილმა კრება მოიწვია, - ბატონი ნუგზარის გარდა, სცენიდან დარბაზში არავის ხმა არ ისმისო. ამ თემაზე მაყურებლის წერილებიც მოდის. სამწუხაროდ, თეატრალურ უნივერსიტეტში ამაზე არავინ ზრუნავს, არ ასწავლიან, არადა, აუცილებელია მეტყველებას კარგი მსახიობი ასწავლიდეს. რა აზრი აქვს სპექტაკლს, სადაც მსახიობის მეტყველება არ ისმის?!

- თქვენი მეტყველების პედაგოგი რომ გურამ საღარაძე იყო, კი გეტყობათ... მასთან დაკავშირებით ამომიტივტივდა ახლა ეს თემა: ბოლო პერიოდში ხშირად სხვადასხვა არხზე მსახიობებს ლექსების წასაკითხად იწვევენ. როგორ უყურებთ ამ თემას?

- ტელევიზორში რასაც ვხედავ, ეს არის მძიმე შემთხვევა... მურმან ჯინორია რატომ არის კარგი მკითხველი? იმიტომ, რომ ლექსის კითხვისას სცენარი აქვს, მას მიჰყვება და ამბავს ჰყვება; ყველა ლექსის წაკითხვისას სპექტაკლს თამაშობს. სხვები კი ამის ნახევარსაც ვერ აკეთებენ.

- მეც არ მომწონს ეს ტენდენცია, მაგრამ ფაქტია, საზოგადოების დიდ ნაწილში პოპულარობით სარგებლობს, დადებითი კომენტარებიც ხშირია...

- არ მომწონს რბილი ნათქვამია. სოციალურ სივრცეში კომენტარებს არ ვკითხულობ, მაგრამ გააჩნია, ვინ წერს დადებითს. ჩემი შვილი, თამუნა მეტყვის ხოლმე, - ასე ნუ ლაპარაკობ, თორემ ეგონებათ, ვიღაცის გშურსო. ვისი უნდა მშურდეს ან რატომ? განა კარგის თქმა არ შემიძლია?! აი, მაგალითად, დღეს მოვისმინე ჯგუფი "ალეგრო". სამი ბიჭია, არაჩვეულებრივად ლამაზად, ხმებში მღერიან. მანამდე ვიღაც გამოვიდა და ეგონა, რომ მღეროდა, მე კი შევწუხდი. აქ ვიღაც სუფრასთან რაღაცას რომ დააჩხიკინებს, მეორე დღეს სცენაზე გამოდის... შენ ჩემი სიმღერა მოგისმენია?! კარგად ვმღერი, მაგრამ მაყურებელს არ ვაკადრებ სცენაზე გამოვიდე და ვიმღერო, თუ ეს სპექტაკლში არ მიწევს. საერთოდ, ადამიანს თავი არ უნდა მოაბეზრო, არც შენი ყოფით და არც ლაპარაკით. რამდენიც ტელევიზიაში დაგიძახებენ, იმდენჯერ კი არ უნდა გაიქცე, არც ყველაფერზე უნდა ისაუბრო. ტელევიზიაში ზის არტისტი და ძროხის შობადობის თემაზე საუბრობს. ბიჭო, შენ რა იცი?! შეიძლება ინტერვიუს ყველა თემაზე იძლეოდე?!

- ეს შეიძლება იმით აიხსნას, რომ ჩვენ საზოგადოების წევრები ვართ და ყველა თემაზე ინდივიდუალური აზრი გვაქვს...

- ჰო, მაგრამ კომპეტენტური აზრი?! ასე არ არის. ვერ გვექნება, რადგან ყველა საკითხს შესაბამისი ცოდნა სჭირდება. ანდა, რამეს თუ ამბობ, დასძინე, - "ჩემი აზრით" და მტკიცებულებით ფორმაში არ ისაუბრო. არც ის მომწონს, ეთერში ოჯახურ ამბებს რომ ჰყვებიან. ასეთ გადაცემაში მიწვევენ ხოლმე, მაგრამ არ მესმის, საჯაროდ და საქვეყნოდ ეს რატომ მოვყვე?!

- მეუღლე და ორი შვილი რომ გყავთ, ეს ვიცი, მაგრამ ტელევიზიით არ მახსენდება თქვენი სიყვარულის ამბავზე გესაუბროთ...

- კი ბატონო! კიდევ შვილიშვილიც მყავს კარგი, ანუკა. მეორე კურსის სტუდენტია. შემიძლია დავიტრაბახო, რომ უჭკვიანესი და ულამაზესია... სერიოზული თემები არ უნდათ, მაყურებელი უნდა გავართოთო. დღეს ეს არის ჩვენი ტელევიზია...

- ორი თეატრის მსახიობი ხართ. ცოტა ხნის წინ ახმეტელის თეატრში პრემიერა გქონდათ, სადაც "თეთრ ბაირაღებში" ისიდორეს როლს ასრულებთ. აქამდე დუმბაძის არაერთ ნაწარმოებში გითამაშიათ...

- კი, ნოდარ დუმბაძე ამოუწურავი მწერალია, 7 ათასჯერ რომ შეგიძლია წაიკითხო, ისეთი. მას ხალხის დიდი სიყვარული მოსდევს. ჯერ კიდევ 22 წლის ვიყავი, როცა სოხუმში ლიმონას როლი შევასრულე. შემდეგშიც ვითამაშე ლიმონა და თბილისში გადმოსულ სოხუმის თეატრშიც. ახლა რაღა დროის ჩემი ლიმონაა და ისიდორეს როლი მაქვს. მინდოდა, ჩემი ისiდორე განსხვავებული ყოფილიყო. პირველ რიგში, იმის ხაზგასმა მსურდა, რომ ის ხანში შესული კაცი არ არის, მაქსიმუმ 60 წლისაა. საცოდავი და დაძაბუნებული კი არ გახლავთ, არამედ დაბოღმილია იმაზე, რომ მისი შვილი და შვილიშვილი უპატრონოდ დატოვა, თორემ სიძის სიკვდილს სულ არ ნანობს. საკუთარ თავს ამას ვერ პატიობს, ვერ ხარშავს. ეს მომენტი მინდოდა დამეჭირა და დავიჭირე კიდეც!

- ელოდით, რომ დღესდღეობით "თეთრი ბაირაღები" მაყურებლის ინტერესს გამოიწვევდა? პირადად მე, არ ველოდი...

- არც მე და ეს არაერთხელ ვთქვი კიდეც, მაგრამ ბილეთებს ვერ იშოვი. გარდა იმისა, რომ ამ მწერალს და ნაწარმოებს მაყურებლის დიდი სიყვარული პირველივე დღეებიდან მოსდევს, გეტყვი, ასეთ დიდ ინტერესს რა იწვევს: ადამიანი გაუხეშდა, სენტიმენტები მოაკლდა და გულში ჩამწვდომი სიუჟეტი რომ დაინახა, მოვიდა და ამოიხვნეშა. ამ სპექტაკლში მეც სიამოვნებით ვთამაშობ. თითქოს აქ ყველა გმირი და ყველა დეტალი შენია.

- თქვით, ხალხს სენტიმენტები მოენატრაო და თუ გახსოვთ, რომელ ფილმზე იტირეთ ბოლოს?

- ამ ბოლო დროს ყველაფერზე ვტირი, დავბერდი ალბათ (იღიმის). ეტყობა, ემოციურად რაღაც მაკლია, დაუკმაყოფილებლობის გრძნობა მაქვს. ისე კი, ნეორეალიზმი მიყვარს, იტალიური და ფრანგული ფილმები. ამერიკელებმა დაგვღალეს თავის ბახაბუხით, თუმცა რასაკვირველია, კარგი ფილმები მათაც აქვთ, უკვე კლასიკად ქცეული. ვთქვათ, როგორიც არის "ნათლია".

- დაბოლოს, ესეც მინდა გითხრათ. იცოდით, რომ თურმე ახალგაზრდებს შორის "ცხელი ძაღლი" ძალიან პოპულარულია? ფრაზები, სცენები ზეპირად იციან. რამდენიმე თვის წინ, სერიალი კვლავ გავიდა ეთერში და ალბათ ინტერესიც განახლდა... ამ სერიალმა დიდი პოპულარობა მოგიტანათ...

- კი, ასეა. ამ სერიალის გამოსვლის შემდეგ რა კურიოზი არ მომხდარა. ერთხელ ავტობუსში ახალგაზრდა ბიჭმა მთხოვა, მოდი, სცენა გავითამაშოთო. ქალებმაც ხმა აუბეს, - მიდით რა, მიდით, ბატონო ნუგზარ, გაითამაშეთო. გადავირიე, - ხალხო, გიჟები ხომ არ ხარ-მეთქი?! სოციალურ ქსელში ფან-კლუბი ყოფილა. ვიღაცამ მეტროში ფოტო გადამიღო და იქ დადო. ვიღაცები კითხულობდნენ, - ვა, უჩა ზერაგიაც მეტროთი მგზავრობსო?! ერთი ასეთი შემთხვევაც მქონდა, ავტობუსში ახლობელმა დამირეკა და ცოტა ომახიანი საუბარი გამომივიდა. ჩემ წინ ორი ქალი იჯდა და ერთ-ერთი შეწუხდა, - "ოოო", - თქვა და ორჯერ ხელი ისე აიქნია, ჩემკენ არ გამოუხედავს. ტრანსპორტში ხმამაღლა რომ საუბრობენ, მეც არ მიყვარს, ახლობელს დავემშვიდობე და იმ ქალბატონს მოვუბოდიშე: უკაცრავად, ხმამაღლა თუ მომივიდა, ვერ მოვზომე, მაგრამ საუბარი მალე დავასრულე-მეთქი. გაჩერებაზე რომ ჩავდიოდი, ქალბატონებს გვერდით ჩავუარე, ჩაფიქრებულმა შემომხედა და უცებ დაიმორცხვა, სახეზე ხელი აიფარა, - ვაიმეო. მიცნო და ალბათ იფიქრა, ეს როგორ მომივიდა, შენიშვნა ვის მივეციო... აი, ეს არის კინო. მეფე ლირი, დონ-კიხოტი და რა ვიცი, კიდევ ისეთი როლები მაქვს ნათამაშები, მაგრამ მაინც ყველას უჩა ზერაგია ახსოვს. სერიალი ეთერში პირველად რომ გავიდა, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მერე მინელდა. 20 წლის შემდეგ, ახლახან, ახლანდელმა ახალგაზრდობამაც ნახა და ყველაფერი ხელახლა დაიწყო. რა თქმა უნდა, ეს გულდასაწყვეტია, მაგრამ ზედმეტი ლაი-ლაი არ უნდა იმას, რომ პოპულარობა კინოს მოაქვს, ხალხი ამით გცნობს. არ დაიჯერო, ვინც იტყვის, არ მიყვარს რომ მცნობენ, მაწუხებენო. ზღაპარია ეს, სიაფანდობა! არ გესიამოვნება ვინმე რომ მოვა და გეტყვის, - ანა, შენ გენაცვალე რა კარგი გოგო ხარო?! გიჟი უნდა იყო, არ გესიამოვნოს. ასეა, ჩემს გამოცდილებას ენდე. მით უმეტეს, როცა მსახიობი ხარ, ეს შენი პროფესიის შემადგენელი ნაწილია.

- დიდი მადლობა, მიყვარს თქვენთან ინტერვიუები...

- მეც ძალიან მიყვარხარ, ჩემო კარგო!..

ანა კალანდაძე

ჟურნალი "გზა"