გარდაიცვალა "რამონ გარსია": რა აკავშირებდა მას საქართველოსთან?
2023 წლის 5 ივნისს კოლორადოს (აშშ) მკაცრი რეჟიმის ციხეში 79 წლის ასაკისა გარდაიცვალა რობერტ ჰანსენი (იგივე „რამონ გარსია“, იგივე „მესაფლავე“). შესაძლოა ბევრისთვის ეს სახელი არაფრის მთქმელია, თუმცა ამ ოცი წლის წინ ჰანსენი მსოფლიო მასმედიის ყურადღების ცენტრში იყო.
რობერტ ჰანსენი დაიბადა 1944 წლის 14 აპრილს ჩიკაგოში, პოლიციელის ოჯახში. მორწმუნე კათოლიკეს მეუღლე და ექვსი შვილი ჰყავდა. 1971 წელს მიიღო “ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრის” ხარისხი, “ინფორმაციული სისტემებისა და „ბუღალტერიის” სპეციალობით. 1972 წელს მუშაობა დაიწყო ჩიკაგოს პოლიციაში. 1976 წლიდან უკვე გამოძიების ფედერალური ბიუროს (გფბ) სპეცაგენტია. ამ პერიოდიდან ის 25 წლის მანძილზე ის მუშაობდა (უფრო სწორად: უნდა ემუშავა!) საბჭოთა კავშირისა და რუსეთის სპეცსამსახურების წინააღმდეგ. 1978-1981 წლებში მუშაობდა გფბ-ის ნიუ-იორკის ოფისში. 1983 წლიდან უკვე გფბ-ს ანალიტიკურ განყოფილებაშია, რომელიც საბჭოთა აგენტურის წინააღმდეგ ოპერაციებს გეგმავდა. 1995 წელს დანიშნეს აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის უსაფრთხოების სამსახურში, რომელიც ფაქტიურად ამერიკის მთავარი კონტრდაზვერვითი სტრუქტურის, გფბ-ის დამოუკიდებელი დანაყოფს წარმოადგენდა. რეალურად ჰანსენი მთავარი „ო–დე–ერი“ იყო სახელმწიფო დეპარტამენტში და ხელმძღვანელობდა კონტრდაზვერვით სტრუქტურას, რომელიც მოვალე იყო გამოევლინა უცხო ქვეყნის აგენტურა აშშ-ის დიპლომატიურ კორპუსში და ასევე დაეცვა უცხოეთში მივლინებული ამერიკელი დიპლომატების უსაფრთხოება და მათი გადაბირება სხვა ქვეყნების სპეცსამსახურების მიერ.
ჰანსენი ყოველთვის მუქი ფერის კლასიკურ კოსტიუმებს იცმევდა და ძალზე უჟმური ხასიათი ჰქონდა, ამიტომაც კოლეგები ზურგსუკან “მესაფლავეს” ეძახდნენ. წლების მანძილზე ჰანსენს ხელი მიუწვდებოდა აშშ-ის დიპლომატიური მისიების ფაქტიურად ყველა საიდუმლო დოკუმენტაციაზე. ის არაერთხელ სტუმრებია ამერიკის საელჩოებს სხვადასხვა ქვეყნებში, სადაც ეცნობოდა რუსეთის სპეცსამსახურების და აგენტურის მოქმედებების სპეციფიკას. შემდგომ გაირკვა, რომ მის მიერ შექმნილი სპეციალური კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით ჰანსენს შეეძლო შეუზღუდავად შესულიყო გფბ-ის და ცსს-ის საიდუმლო ელექტრონულ ფაილებში. ჰანსენი იყო იმ რამდენიმე ამერიკელ კონტრმზვერავს შორის, რომლებისთვისაც გფბ-ში დახურული კარი არ არსებობდა და ყველა საიდუმლოზე მიწვდებოდათ ხელი.
უფროსი ოფიცერი რ. ჰანსენი 15 წელზე მეტ ხანს, 1985 წლის ოქტომბრიდან 2001 წლის თებერვლის ბოლომდე, ჯერ საბჭოთა, შემდეგ კი რუსეთის დაზვერვის აგენტი იყო. ოპერატიული ფსევდონიმები – “რამონი” და “რამონ გარსია”, გადამეტებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ “რამონი” გაცილებით მნიშვნელოვანი აგენტი იყო და მან გაცილებით მეტი ზიანი მიაყენა თავის სამშობლოს, ვიდრე კა-გე-ბეს მეორე ამერიკელმა აგენტმა ფსევდონიმით “ზარი” (ოლდრიჩ ეიმსმა). “რამონი” გფბ-ის, ხოლო “ზარი” ცსს-ს ყველაზე საიდუმლო დოკუმენტებს გადასცემდა მოსკოვს.
დადგენილია, რომ რუსეთის დაზვერვას რ. ჰანსენმა გადასცა გფბ-ის მიერ გადაბირებული აგენტების ზუსტი მონაცემები, ინფორმაცია უახლესი ოპერატიული ტექნიკისა და გარე თვალთვალის ჯგუფების მუშაობის სპეციფიკური მეთოდების შესახებ, საერთო ჯამში მან საბჭოთა და რუსეთის დაზვერვას გადასცა 6 ათასამდე საიდუმლო დოკუმენტი.
აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას განსაკუთრებით დიდი ზიანი რუსების აგენტის ორმა ინფორმაციამ მიაყენა. კერძოდ, 1989 წელს ხანგრძლივი თვალთვალის შემდეგ გფბ-ის სპეცაგენტებმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში მოკალათებული საბჭოთა აგენტის ფელიქს ბლოხის დაკავება გადაწყვიტეს. თუმცა ჰანსენმა “ურჩია” რამდენიმე კვირით თავი შეეკავებინათ, პარალელურად კა–გე–ბეც გააფრთხილა. ამ პერიოდში, ბლოხმა შეძლო ყველა სამხილის და ნივთმტკიცების განადგურება, რის შედეგადაც გფბ-მ მის წინააღმდეგ საქმე ვეღარ აღძრა და ბლოხი მხოლოდ სამსახურიდან დაითხოვეს. ასე დაკარგეს აშშ-ს სპეცსამსახურებმა საბჭოთა აგენტურის გამოვლენის კარგი შანსი.
ფელიქს ბლოხი ცენტრში, ვენა, 1989
ამერიკელებისთვის არანაკლებ მტკივნეული იყო ჰანსენის მეორე “ჩხვლეტა”. როგორც შემდეგ გაირკვა აშშ-ის ორი სპეცსამსახური – გფბ და ეროვნული უშიშროების სააგენტო, წლების მანძილზე ერთობლივად აწარმოებდა გვირაბის გაყვანას ვაშინგტონში მდებარე საბჭოთა კავშირის საელჩოს ქვეშ. ამ სამუშაოების დასრულების შემდეგ, რაც რამდენიმე ათეული მილიონი დოლარი დაჯდა, ამერიკელებმა უახლესი მისაყურადებელი ტექნიკა დაამონტაჟეს საელჩოს შენობის ქვეშ გამავალ კავშირგაბულობის კაბელებზე. თუმცა მათ “ჯაშუშური მოსავლის” აღება არ დასცალდათ. 1980-იანი წლების ბოლოს ჰანსენმა საიდუმლო გვირაბის შესახებ ინფორმაცია კა-გე-ბეს მიაწოდა. მათაც ოპერატიული თამაში დაიწყეს და დიდი ხნის მანძილზე – 1995 წლამდე, ამერიკელებს დეზინფორმაციით ამარაგებდნენ. ასე გადაიყარა წყალში ამერიკელთა ფული და შეილახა პრესტიჟი. ჯაშუშობის 15 წელიწადში ჰანსენმა ანაზღაურების სახით 1,4 მილიონი დოლარი მიიღო. ზოგიერთი ინფორმაციით აქედან 800 ათასი დოლარი რუსეთის “მოსტ-ბანკში” დეპოზიტზე იდო წლიური 7%-ით. საინტერესოა, რომ ჰანსენი ბოლო წლებში ძალზე ფრთხილობდა, მას ეშინოდა, რომ რუსეთის დაზვერვის მიერ შვეიცარიის ბანკების გავლით თანხების გადარიცხვა, ადრე თუ გვიან საეჭვო გახდებოდა ამიტომაც მისმა “მოსკოველმა პატრონებმა” ანაზღაურების საკმაოდ ეგზოტიკურ ხერხს მიმართეს. ვაშინგტონთან მდებარე სხვადასხვა სამალავებში ინფორმაციის ჩადებისას ანაზღაურების სახით ჰანსენს ორი ბრილიანტი ხვდებოდა.
“თქვენი მეგობარი რამონ გარსია” – ასე ამთავრებდა ჰანსენი რუსეთის დაზვერვისთვის განკუთვნილ წერილებს. მისი ჩავარდნა ნამდვილი შოკი იყო რუსეთის ხელისუფლებისათვის. „მუდმივმა პრეზიდენტმა“, ყოფილმა კა-გე-ბეშნიკმა ვლადიმერ პუტინმა მაშინ პირად კონტროლზე აიყვანა ჰანსენის გამოაშკარავების მიზეზების გამოძიების საქმე, თუმცა მრავალი წელი გავიდა და დღესაც უცნობია თუ როგორ გაიშიფრა რუსეთის აგენტი. ეჭვი აქვთ რუსეთის საგარეო დაზვერვის თანამშრომელ პოლოკოვნიკ ს. ტრეტიაკოვზე, რომელიც ჰანსენის დაპატიმრებამდე რამდენიმე თვით ადრე გადავიდა აშშ–ის დაზვერვის მხარეზე.
2001 წლის 19 მარტს გფბ ოფიციალურად განაცხადა, რომ ვაშინგტონში ჰანსენის კურატორი იყო რუსეთის საელჩოს პრეს-ატაშე ვალერი ფროლოვი, რომელმაც “რამონის” დაკავების ფაქტის გახმაურებისთანავე დატოვა ამერიკა და მოსკოვში გაემგზავრა. რ. ჰანსენმა დანაშაული აღიარა და დაიწყო თანამშრომლობა აშშ-ის ხელისუფლებასთან, ამიტომაც 2002 წლის 10 მაისს სიკვდილით დასჯა სამუდამო პატიმრობით (შეწყალების უფლების გარეშე) შეუცვალეს.
აქ შეიძლება დაგვესრულებინა და გვეთქვა: ყველა მოღალატის ბედი ასეთია! თუმცა არის ერთი გარემოება, რომელიც საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან ჰანსენის შესაძლო კავშირზე მეტყველებს.
რა მიზნით ჩამოვიდა ლუის ფრი თბილისში?
2001 წლის 24 მარტს საქართველოში ყველასთვის მოულოდნელად აშშ-ის გფბ-ის დირექტორი ლუის ფრი ჩამოვიდა ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით. მას ორსაათიანი შეხვდა ჰქონდა საქართველოს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძესთან, ასევე შეხვდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ზურაბ ჟვანიას, უშიშროების მინისტრს და სხვა ოფიციალურ პირებს. ბუნებრივია ლუის ფრის ვიზიტის რეალური მიზნები საიდუმლო იყო, თუმცა ამ დონის შეხვედრების დღის წესრიგი წინასწარ ყოველთვის თანხმდება ხოლმე. ქართულ მასმედიაში ძირითადად საქართველო-აშშ–ის ერთობლივ ანტიტერორისტულ და ანტიკორუფციულ პროგრამებზე აკეთებდნენ აქცენტს. სწორედ მაშინ გავრცელდა ვერსია, რომ ფრიმ შევარდნაძეს ქართველი მაღალჩინოსნების უცხოურ ბანკებში ფარულად გადარიცხული მილიონობით დოლარის საბანკო ანგარიშების ზუსტი სია გადასცაო. ასეც, რომ ყოფილიყო “თეთრი მელა” იმ სიას კარგად შეინახავდა – ხელქვეითების კომპრომატებით შიშში ყოლა ხომ მისი ხელმძღვანელობის სტილი იყო.
სამწუხაროდ დღემდე არავის დაუკავშირებია ერთმანეთთან გფბ-ის დირექტორის მოულოდნელი ვიზიტი, ფ. ვუდროფის მკვლელობა და რუსეთის დაზვერვის უძვირფასესი „ბრილიანტის“ (პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით) გფბ-ის უფროსი ოფიცრის რობერტ ჰანსენის გამოაშკარავება და დაპატიმრება ვაშინგტონში ამ ვიზიტამდე ერთი თვით ადრე. 1993 წლის 8 აგვისტოს საქართველოში მოკლული აშშ–ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს თანმშრომლის, დიპლომატის საფარქვეშ მოქმედი ფრედ ვუდროფის საქმის გამოძიებასთან ჰანსენს უშუალო შეხება ჰქონდა. გფბ-ის ცენტრალური ოფისის საგამოძიებო მოქმედებები ერთი შეხედვით აუხსნელი და არალოგიკური ცვალებადობით ხასიათდებოდა. “ვუდროფის საქმის” გამოძიებას ხან განაახლებდნენ, ხანაც შეაჩერებდნენ. 1997 წელს კი საქმე საერთოდ დახურეს. ამ ფაქტმა უარყოფითი რეაქცია გამოიწვია ლენგლიში, ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს შტაბ-ბინაში. ხომ არ ახდენდა “რამონ გარსია” (იგივე რობერტ ჰანსენი) ვუდროფის მკვლელობის საქმის გამოძიების ხელოვნურ შეფერხებას? ხომ არ უწყობდა ის ხელს “რუსული კვალის” წაშლას? ის ხომ 1995–2000 წლებში აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსანი იყო. ამის კატეგორიული გამორიცხვა არ შეიძლება, რადგანაც იმ პერიოდში ჰანსენი აღიარებული იყო საბჭოთა კავშირის და რუსეთის სპეცსამსახურების საუკეთესო სპეციალისტად მთელ გფბ-ში. ამიტომაც ამ მიმართულებასთან დაკავშირებული ყველა საქმე აუცილებლად მის ხელში გაივლიდა. ჰანსენსაც თავისუფლად შეეძლო, ფელიქს ბლოხის საქმის მსგავსად, მცდარ კვალზე დაეყენებინა გამოძიება. ამ ვერსიას არაპირდაპირად ადასტურებს გფბ-ის დირექტორის ჩამოსვლა საქართველოში.
ლუის ფრის ვიზიტი მოულოდნელი იმიტომაც იყო, რომ იმ პერიოდში ვაშინგტონში უკვე დაწყებული იყო “განტევების ვაცის” ძებნა. ჰანსენის დაკავებიდან მესამე დღეს - 2001 წლის 21 თებერვალს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა საჯაროდ განაცხადა, რომ “ჰანსენის საქმის” გამო დაისჯებოდა ყველა ის ჩინოვნიკი, ვინც დაუდევრობა გამოიჩინა. გარდა ამისა აშშ-ის კონგრესი გფბ-ის დირექტორის ლუის ფრის გადადგომას და სამაგალითოდ დასჯას ითხოვდა, იმ დროს, როდესაც ამერიკაში “ჰანსენის საქმის” გამო უდიდესი სკანდალია ატეხილი, ფრი თბილისში მოიჩქარის, თანაც ორდღიანი ვიზიტით. ობიექტურად ამ ვითარებაში ლუის ფრის ყოფნა ვაშინგტონში უფრო აუცილებელი იყო ვიდრე თბილისში. მით უმეტეს, რომ იქ მისი კარიერის ბედი წყდებოდა. რატომ მიიღო ლუის ფრიმ ამგვარი გადაწყვეტილება? ამ სიტუაციას ლოგიკური ახსნა მაშინ მოეძებნება თუ ვივარაუდებთ, რომ გფბ-ის დირექტორი საქართველოში სწორედ ჰანსენის საქმის გამო ჩამოვიდა ანუ მის “კვალს” გამოჰყვა. ის თბილისშიც ხომ არ ეძებდა ჰანსენის ღალატის დამადასტურებელ ინფორმაციას?
ლუის ფრი
ჰანსენს სამსახურებრივად ევალებოდა აშშ-ის საელჩოების ინსპექტირება იქ უსაფრთხოებისა და საიდუმლოების დაცვის შემოწმების კუთხით. გამორიცხული არაა, რომ ის იმყოფებოდა თბილისში აშშ-ის საელჩოში 1995-2000 წლებში. სამწუხაროდ აშშ-ის საელჩო ამ ინფორმაციას, სახელმწიფო საიდუმლოების მოთხოვნებიდან გამომდინარე, არ ასაჯაროებს. დავუბრუნდეთ გფბ-ის დირექტორის ვიზიტს, რომლის მეორე დღე ლუის ფრიმ ჩვეულებისამებრ 5 კმ-იანი დისტანციის გარბენით დაიწყო. შემდეგ კი საქართველოს ხელისუფლების ოფიციალურ პირებს შეხვდა. შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე ზურაბ ჟვანიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გფბ მზადაა დაეხმაროს საქართველოს გენერალურ პროკურატურას, ასევე ითანამშრომლოს საქართველოს სპეცსამსახურებთან საერთაშორისო ტერორიზმისა და ნარკოვაჭრობასთან ბრძოლაში.
ლუის ფრი შევარდნაძეს ორი საათი ესაუბრა და აშშ-ის პოლიტიკური მხარდაჭერა აღუთქვა. მაგრამ ამ განცხადებისთვის აუცილებლად თბილისში ჩამოსვლა იყო საჭირო? ამ შეხვედრაზე იყო თუ არა“ჰანსენ-ვუდროფის” თემაზე საუბარი ძნელი სათქმელია. ლუის ფრი სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, ერთ თვეში – 2001 წლის 1 მაისს გადადგა პოსტიდან. ეს მოსალოდნელიც იყო. ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მისი ვიზიტის დროს გაკეთებული განცხადებები ორი ქვეყნის სპეცსამსახურების თანამშრომლობის შესახებ, მხოლოდ ჩამოსვლის ნამდვილი მიზნების შესანიღბად იყო მოფიქრებული.
პ.ს. 2023 წლის 8 აგვისტოს 30 წელი სრულდება ამერიკელი დიპლომატისა და მზვერავის ფრედ ვუდროფის ჯერ კიდევ ბოლომდე გაუხსნელი მკვლელობიდან. ამ საქმეში შემკვეთი და შემსრულებელი უფრო იოლი დასადგენია, ვიდრე მკვლელობის მოტივი. არსებობს რამდენიმე ვერსია, რომლებიც ზუსტად ორი თვის შემდეგ ერთად განვიხილოთ.