"მე და დედას ძალიან მეგობრული დამოკიდებულება გვქონდა. როცა რაღაც მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ვიღებ, გავიფიქრებ ხოლმე, - დედა რას მეტყოდა, რას მირჩევდა? ზოგჯერ თითქოს მისი ხმაც ჩამესმის" - კვირის პალიტრა

"მე და დედას ძალიან მეგობრული დამოკიდებულება გვქონდა. როცა რაღაც მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ვიღებ, გავიფიქრებ ხოლმე, - დედა რას მეტყოდა, რას მირჩევდა? ზოგჯერ თითქოს მისი ხმაც ჩამესმის"

"მაკვირვებენ ადამიანები, რომლებიც ყველას ემტერებიან. ხასიათში სიცივე, ბოღმა და შური რომ აქვთ, ასეთებთან ვერაფრით ვიმეგობრებ", - ამბობს მომღერალი თიკა მახალდიანი. რას ამბობენ მასზე, რა ვერ ისწავლა დღემდე, რის გამო იღებს საყვედურს მეუღლისგან, რომელი თვისება მოსწონს ყველაზე მეტად საკუთარ ხასიათში, რა არის მისთვის განტვირთვის საუკეთესო საშუალება და რა ფობია აქვს? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...1989 წლის 14 თებერვალი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...მსახიობი ან მომღერალი, საბოლოოდ კი ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე. პროფესიით არასდროს მიმუშავია. ძალიან საინტერესო საქმეა, მაგრამ ამ სფეროში ჩემი თავი ვერ დავინახე.

- ჩემზე ამბობენ...

- ...რომ ვარ მიმნდობი და ალალი ადამიანი.

- მართლა ასეა?

- ასეა და არ ვთვლი, რომ ეს კარგია. ხშირ შემთხვევაში, ჩემი ეს ხასიათი მაზარალებს.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- ...ალბათ მეტად გაბედული და მიმწოლი ვიქნებოდი.

- უფრო თამამი რომ ყოფილიყავი, დღეს შენი რეალობა ბევრად განსხვავებული იქნებოდა?

- რა თქმა უნდა, უფრო თამამი რომ ვყოფილიყავი, მეტად რეალიზებული ვიქნებოდი. საკუთარ თავში ამის პოტენციალს ნამდვილად ვხედავ.

- ჩემი პირველი წარმატება...

- ...იყო 12 წლის ასაკში, როდესაც ბულგარეთის საერთაშორისო კონკურსში გავიმარჯვე და გრან-პრი ავიღე. პატარა ვიყავი, მაგრამ ამ წარმატების გაცნობიერება არ გამჭირვებია. ძალიან, ძალიან დიდი სიხარულით და ბედნიერებით სავსე ვიყავი.

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...

- ...დედას. დედა იყო ადამიანი, რომელიც ყოველთვის მხარში მედგა. დღეს რომ ვმღერი, მისი დამსახურებაა. უნდოდა სცენაზე ვმდგარიყავი და სულ ცდილობდა, ჩემთვის მაქსიმუმი გაეკეთებინა.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...მყავს კირა.

- გაგვაცანი, კირა როგორი გოგოა? ხასიათით გგავს?

- კირა უკვე 5 წლის არის, ჩემზე გაცილებით ძლიერია და ყოველთვის იმას აღწევს, რაც უნდა - მე ეს ძალიან მომწონს. მიხარია, ჩემს შვილს მებრძოლი ხასიათი რომ აქვს.

- მღერის?

- სმენა აქვს, მაგრამ ჯერ პატარაა და ვნახოთ, მომავალში რა და როგორ იქნება.

- ჩემი სავიზიტო ბარათია...

- ...ჩემი ხმა.

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- ...დავეხმარო ადამიანებს.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...მიმტევებელი ვარ.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო...

- ...ფეთქებადი ხასიათი მაქვს, მაგრამ მალე ვმშვიდდები.

- ეს "აფეთქება" ხანგრძლივი მოთმინების მერე ხდება თუ...

- ასეც ხდება, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში - წამიერად.

- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...

- ...ძალიან ბევრი რამ. საერთოდ მგონია, რომ იმისთვის ვართ დაბადებულები, შეცდომა დავუშვათ და გავიზარდოთ.

- პატიება შემიძლია, თუ...

- მარტივად შემიძლია. როცა რაღაც მწყინს, მირჩევნია, ის თემა იმ ადამიანთან განვიხილო. ვუთხრა, რომ მეწყინა და გულში არ ჩავიტოვო.

- როცა მომავალზე ვფიქრობ...

- ...ოპტიმისტი ვარ. წარმომიდგენია, წლების შემდეგ (როგორც ახლა) ვიქნები ბედნიერი, მეტად წარმატებული; კირა დიდი გოგო იქნება და მინდა მისი ბედნიერებით, წარმატებითაც გავიხარო.

- ვიბნევი...

- ...და მერიდება, როცა კომპლიმენტს მეუბნებიან. პროფესიაში დაბნეულობა ნაკლებად მაქვს. რაც უნდა მოხდეს, სცენაზე არ ვიბნევი.

- ამ წუთში ძალიან მინდა...

- ...(იცინის) ვიყო მსოფლიოში ცნობილი ვარსკვლავი (ეს ვის არ უნდა).

- ...წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...

- ...უსამართლობას. ამ დროს მემართება ეს "აფეთქებები". საშინელებაა, როცა შენს სიმართლეს ვერ ამტკიცებ.

- როდესაც ქუჩაში ვინმეს ჩაგვრის, ბულინგის ან უსამართლობის სხვა ფაქტს შეესწრები, შეგიძლია მიხვიდე, ჩაერიო?

- რა თქმა უნდა, ამ დროს მოსალოდნელ უსიამოვნებაზე არ ვფიქრობ. მსგავს ფაქტებზე თვალს ვერაფრით დავხუჭავ. მერე რა, რომ იმ ადამიანს არ ვიცნობ.

- მეზარება...

- ...დიასახლისობა. დამხმარე მყავს, მაგრამ ყოველდღე - არა, ბევრი რამ მაინც ჩემი საკეთებელია.

- სიყვარული ეს...

- ...არის აღმაფრენა. რომ ამბობენ, მივეჩვიეო, ჩემი აზრით, ეს სიყვარული აღარ არის, სიყვარული მიჩვევაში არ უნდა გადავიდეს. სულ აღმაფრენა უნდა გქონდეს, სულ თვალები გიბრწყინავდეს, ბედნიერი იყო, ჟრუანტელი გივლიდეს, მუცელში პეპლები დაფრინავდნენ...

- პირველად რომ შემიყვარდა...

- ...18 წლის ვიყავი, არც ისე პატარა და გრძნობას გამოვხატავდი.

- მაკვირვებენ...

- ...ადამიანები, რომლებიც ყველას ემტერებიან. ხასიათში სიცივე, ბოღმა და შური რომ აქვთ, ასეთებთან ვერაფრით ვიმეგობრებ.

- ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე დამაყენოს...

- ...კარგმა მუსიკამ და მეგობრებმა.

- ვრისკავ...

- ...ზომიერად. ისეთ რისკზე არასდროს წავსულვარ, დღესაც რომ ვნანობდე. ამ დროს ნაბიჯებს ყოველთვის ვაკონტროლებ.

- ბოლოს ვიტირე...

- ...ფილმზე (ალბათ). ბოლო დროს ცრემლი გამიშრა. ზოგჯერ მინდა ვიტირო და ვეღარ ვტირი, ადრე პირიქით ვიყავი. შიგნით ჩაგროვილი ცრემლი ადვილი სატარებელი ნამდვილად არ არის.

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- ...ძალიან მსიამოვნებს, მერიდება, ვიბნევი... ეს ყველაფერი ერთდროულად მემართება.

- შიში მაქვს...

- ...საყვარელი ადამიანების დაკარგვის. ჩაკეტილი სივრცის ფობიაც მაქვს.

- საყვედურს ვიღებ...

- ...მეუღლისგან, - ზოგჯერ ცოტათი დაბნეული ხარო (იცინის). შეიძლება ასეც არის, მაგრამ მე არ მაწუხებს.

- ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი...

- ...მხოლოდ და მხოლოდ წონის პრობლემას მოვაგვარებდი. მინდა გამხდარი ვიყო.

- ვუფრთხილდები...

- ...ჩემს შვილს, ყველაზე მეტად ამ სამყაროში.

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...

- ...რომ არ არის საჭირო ყველაფერზე ღიად ილაპარაკო.

- თუნდაც მეგობრებთან?

- რა თქმა უნდა. ვერ ვიტყვი, რომ მეგობრებთან ამის მწარე გამოცდილება მაქვს, მაგრამ მაინც სჯობს, ზოგჯერ რაღაცები შენთვის შეინახო.

- ვიტყუები, როცა...

- ...გამოუვალი მდგომარეობაა და სხვაგვარად არ შეიძლება. ტყუილს ყველაზე მეტად ვერ ვიტან.

- თავისუფლება არის...

- ...შინაგანი მდგომარეობა, გადაწყვეტილების მიღებისას არჩევანის თავისუფლება. თავისუფლება ძალიან ღირებულია. შებოჭვას ვერ ვიტან, სული მეხუთება.

- ინტუიცია...

- ...კარგად მაქვს განვითარებული. ვერ ვიტყვი, რომ ჩემი ინტუიციის წყალობით, ოდესმე თავს საფრთხე ავარიდე, მაგრამ პატარ-პატარა მინიშნებების მჯერა.

- მაგალითად?

- თვალი რომ მითამაშებს, მერე ცუდ ამბავს ვიგებ.

- დედის გარდაცვალების დროს, მსგავსი განცდა გქონდა (შეგახსენებთ, თიკას დედა, შინ ყოფნის დროს, ფანჯრიდან შემოსულმა ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა)?

- საოცარია, იმ დღეებში არანაირი წინათგრძნობა არ მქონია. მაშინ პანდემია იყო, ჩაკეტილები ვიყავით, ძალიან გაურკვეველი სიტუაცია იყო, ყველანი შეშინებულები და ისედაც დაზაფრულები გახლდით.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...მაინც რამდენი, 5 ან 10 მილიონი? ასე რომ იყოს, ძალიან ბევრ სიკეთეს გავაკეთებდი. აბა, სად უნდა წამეღო, მარტო შენთვის ხომ არ და ვერ დახარჯავ? პირველ რიგში, ეს სიკეთე თავად მე გამაბედნიერებდა.

- მენატრება...

- ...ძველი ცხოვრება, 5 წლის წინანდელ პერიოდში სიამოვნებით დავბრუნდებოდი.

- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...

- ...ამ დროს განსატვირთად ქალაქიდან გასვლა, მანქანით გასეირნება საუკეთესო საშუალებაა. ჩემთვის გარემოს შეცვლა აუცილებელია.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ...ამ წუთში კონკრეტული ფრაზა არ მახსენდება, მაგრამ მე და დედას ერთმანეთთან ძალიან მეგობრული დამოკიდებულება გვქონდა, ჩვენ შორის დიდი ასაკობრივი სხვაობაც არ იყო. დედას ნებისმიერ თემაზე ლაპარაკი შეეძლო, თავის გამოცდილებას მიზიარებდა, სულ მარიგებდა და ახლა, როცა რაღაც მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ვიღებ, გავიფიქრებ ხოლმე, - დედა რას მეტყოდა, რას მირჩევდა? ზოგჯერ თითქოს მისი ხმაც ჩამესმის.

- დაბოლოს, გეტყვით...

- ...აგრესია და ნეგატივი ძალიან დიდი დოზითაა ჩვენს ცხოვრებაში. ინტერვიუზე, სიმღერაზე - ყველაფერზე ღლიცინი, არa მგონია, სწორი საქციელი იყოს. ვიყოთ მეტად შემწყნარებლები, კეთილები და პოზიტიურები, პირველ რიგში, ეს ჩვენთვის იქნება კარგი, არ დაგვიბინძურდება სული, აურა. ძალიან მინდა, ადამიანები უფრო კეთილები ვიყოთ და ერთმანეთის მეტად შეყვარების უნარი გვქონდეს!

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი "გზა"