"ყველანაირად ვცდილობთ, ეს საშინელება ნანის ყურამდე არ მივიდეს, მაგრამ მივმართავ საქართველოს პარლამენტს" - კვირის პალიტრა

"ყველანაირად ვცდილობთ, ეს საშინელება ნანის ყურამდე არ მივიდეს, მაგრამ მივმართავ საქართველოს პარლამენტს"

ორი დღეა, სოციალურ ქსელში ქართული სცენის დედოფლის - ნანი ბრეგვაძის მხარდასაჭერი პოსტები გამოჩნდა... ვინაიდან მომღერლის მიმართ ყველა მხოლოდ დიდ პატივისცემას და სიყვარულს გამოხატავს, გაოცებას იწვევდა, რა საჭირო გახდა მისი ვინმესგან დაცვა. ამის გასარკვევად თავად ნანი ბრეგვაძესაც დავუკავშირდით...

ერთ-ერთი მხარდასაჭერი პოსტი დავით ოქიტაშვილს ეკუთვნოდა და ვითარებაში გასარკვევად მას მივმართეთ...

- ბატონო დავით, რამ გამოიწვია თქვენი აღშფოთება?

- გამოჩნდა პოსტები, სადაც წერენ, ნანი საბჭოთა მომღერალი იყოო და ახლა აღარ მოსწონს, მაშინ რატომ არ თქვა უარი რუსეთში ვარსკვლავის გახსნაზეო... საბჭოთა დროს დავიბადეთ და გავიზარდეთ, რა ვქნათ ახლა?! შეიძლება დღეს რუსეთი ჩვენზე მეტად არავის სძულდეს, მაგრამ მაშინ რა და როგორ ხდებოდა, ხომ ყველამ კარგად ვიცით!

ნანი ბრეგვაძე არის ისტორია!

რაც მან შექმნა თავისი ქვეყნისთვის... წარმოუდგენელია მის მიმართ ბულინგი! მაშინ ის დრო იყო, საბჭოთა კავშირში შემავალი რესპუბლიკების ხელოვანებს არ შეეძლოთ საზღვარგარეთ წასვლა, უშიშროება ყოველ წამს უკან დაჰყვებოდა...

- ამის ახსნა დღეს ვინმეს სჭირდება?

- არ უნდა სჭირდებოდეთ! ყველაზე დიდი საშინელება კი ის არის, რომ ამ ქალბატონს ცილი დასწამეს, თითქოს თვითმფრინავის ბიჭების დახვრეტაზე ხელი მოაწერა... გეგა კობახიძის დედას ჰკითხეთ და ის გეტყვით სიმართლეს! მე ზუსტად ქალბატონი ნათელასგან ვიცი, რომ ნანიმ ბიჭების გათავისუფლებას და შეწყალებას მოაწერა ხელი! 87 წლის ქალბატონს ეს ბრალდება წაუყენო, ყოვლად უპატიებელია, თორემ საბჭოთა მომღერლის დაბრალებას აღარავინ ჩივის. ეს აღარაფერია იმ დიდ უბედურებასთან, ვის ტვინშიც ამ უბედურებამ გაიელვა...

okitashvilii.jpg

ყველანაირად ვეცდებით, ქალბატონი ნანი დავიცვათ და მის ყურამდე ეს არ მივიდეს, მაგრამ მე საქართველოს პარლამენტს მივმართავ! სანამ საქართველოში ცილისწამება დასჯადი არ გახდება, მანამდე გაანადგურებენ ჩვენს საყვარელ, ლეგენდარულ ადამიანებს... მე საერთოდ არაფერს დავწერდი, მაგრამ ეს ბრალდება რომ წავიკითხე, ჩემთვის შოკისმომგვრელი იყო!

ცოტა ხნის წინ ვიდეო გამოქვეყნდა, სადაც ნანი ამბობს, არ მინდა ისე მოვკვდე, ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში შესვლას არ მოვესწროო და ამას მოჰყვა ეს ამბავი, საბჭოთა კავშირი ახლა აღარ მოსწონსო... შემდეგ ასეთ საშინელ ბრალდებამდეც მივიდნენ...

დავით ოქიტაშვილის პოსტი:

„ქალბატონ ნანის სწორედ საბჭოთა კავშირმა, ამ დიდმა ბოროტების იმპერიამ დაუკეტა საზღვრები, მართალია, აღიარება მოუტანა, უბრალოდ, სხვა გზა აღარ დარჩათ, მაგრამ იქით, სამყაროს უკეთეს ნაწილში აღარ გაუშვა, ამიტომაც არ უნდა, რომ იმავე მდგომარეობაში ახალი თაობა ჩავარდეს.

როდესაც მის "ცა-ფირუზს" ისმენ - ესაა ევროპული მომავალი და ეს უნდა ქალბატონ ნანის, როდესაც მის ნამღერ "ვარდები არ არიანს" ისმენ, ესაა თავისუფლებისკენ სწრაფვა და ეს უნდა ქალბატონ ნანის; კრემლის საკონცერტო დარბაზში სიმღერა დღეს რომ უდიდესი ცინიზმია, ეს იცის ქალბატონმა ნანიმ, თქვენ კი, მეგობრებო, რუსული ესტრადის მოსასმენად მიბრძანდით ვოლგოგრადის სტეპებში და არავინ გამოგეკიდებათ, უბრალოდ, ძალიან მეცოდებით ზოგ-ზოგიერთები და თქვენი ბულინგი და კრიტიკა 87 წლის ნანისადმი (თქვენ ან თქვენი მშობლები როდის და სად დაიბადნენ? რომელ პერიოდში? სსრკ-ში ხომ არა?), რომ რუსეთზე ფიქრმა და ჩრდილოეთის ქარმა ასე დაგიხშოთ ყურიცა და გულიც, ჩვენ კი აქ ისევ მოვუსმენთ "თბილისოს", ევროპული ქალაქის სიმღერას.

ჩემო ნანი, მიყვარხართ, თქვენ კი - წერეთ და იკითხეთ "პრადვინუტებო"!"

tatarashvilii.jpg

თემურ თათარაშვილი, მომღერალი:

- ჩემო მეგობრებო, მე კი არა, ალბათ, ვერავინ გაუტოლდება ოდნავ მაინც იმ დამსახურებას, რაც ნანის გააჩნია. ვწუხვარ, რომ შევიცვალეთ და გამწარებულ გულზე, ვისაც რა მოგვდის თავში, იმას ვწერთ. არიან ადამიანები, ვინც ხელშეუხებელნი უნდა იყვნენ და ასეთია ჩვენი ნანი!

ერთი რაღაც გამახსენდა: როდესაც მე დამაპატიმრეს, ვიღაც ჟურნალისტმა დაურეკა რეზო ჩხეიძეს და კომენტარი სთხოვა. რეზომ მოკლედ უპასუხა, გაიხსენეთ, რამდენჯერ გისიამოვნიათ თემურის სიმღერაზე და დაასრულეთ საუბარიო. ჰოდა, ზუსტად ამას გეუბნებით - ნანი არის ერთი ჩვენი ერისთვის და მოფერების მეტი, არაფერი ეკუთვნის!

nani2.jpg

ნანი ბრეგვაძე:

- ქალბატონო ნანი, რატომ გახდა თქვენი დაცვა საჭირო, ვინმესგან კრიტიკა იყო?

- არაფერი ვიცი, სოციალურ ქსელში არაფერი მინახავს... დიდი ხანია, არსად გავსულვარ... ჩვენი არაჩვეულებრივი მუსიკოსის - ლექსო თორაძის სახელობის "თორაძის საერთაშორისო ფესტივალი" გაიხსნა, სადაც ლექსოს დასთან - ნინო თორაძესთან ერთად ვიმყოფებოდი. შემდეგ ზურა შევარდნაძესთან ვიყავით, იქ იმყოფებოდა რუსი-ებრაელი მევიოლინე, მეც ცოტა წავიმღერე... მეტს ვერაფერს გეტყვით... არაფრის თავი არ მაქვს, დღე და ღამ იმას ვფიქრობ, ჩემი ქვეყანა გაიმართოს და ყველაფერი კარგად იყოს...

(სპეციალურად საიტისთვის)