მრავალჯერ დაანონსებული უკრაინის კონტრშეტევა რაღაცნაირად "უღიმღამოდ" დაიწყო... - კვირის პალიტრა

მრავალჯერ დაანონსებული უკრაინის კონტრშეტევა რაღაცნაირად "უღიმღამოდ" დაიწყო...

4 ივნისიდან, ფაქტობრივად, მიმდინარეობს უკრაინის მხრიდან შეტევები ფრონტის სხვადასხვა უბანზე, მაგრამ განვლილ ხუთ დღეში კიევს ოფიციალურად არ უღიარებია, რომ ის მრავალჯერ დაანონსებულ კონტრშეტევაზე ბოლოსდაბოლოს გადავიდა...

სამაგიეროდ, რუსულმა მხარემ მთელ მსოფლიოს მოსდო, რომ მისმა საოკუპაციო ძალებმა თითქოს წარმატებით მოიგერიეს უკრაინის არმიის ყველა შეტევა და მას დიდი დანაკლისი მიაყენეს, როგორც ცოცხალ ძალის, ისე - ჯავშანტექნიკის მხრივ.

რუსულ პროპაგანდას ძნელად თუ რამე დაეჯერება, მაგრამ როდესაც უკრაინის ოფიციალურ წყაროებს პირში წყალი აქვთ ჩაგუბებული და, პირიქით, ჯიუტად აპროტესტებენ - უკრაინის არმია ჯერ კიდევ არ გადასულა მთავარ კონტრშეტევაზეო, მილიონობით ადამიანმა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში შეიძლება სწორედ რუსი ოკუპანტების ვერსიები დაიჯეროს, თუნდაც იმიტომ, რომ ზაპოროჟიეს ოლქში, ორეხოვოდან სამხრეთის მიმართულებით, მესამე დღეა, ბრიგადის დონის მართლაც სერიოზული ბრძოლები მიმდინარეობს, რისი დამალვაც შეუძლებელია...

რით არის გამოწვეული ოფიციალური კიევის ასეთი უცნაური პოზიცია, როდესაც არ აღიარებს უკრაინული არმიის შენაერთების კონტრშეტევებზე გადასვლას?

2-kontr-1686306916.png
რუსული მხარის მიერ გავრცელებული ოპერატიული რუკა, რომელზეც უკრაინის არმიის კონტრშეტევის ორი ძირითადი მიმართულებაა გამოსახული: ორეხოვოდან ტოკმაკი-მელიტოპოლისკენ (მარცხნივ) და უგლედარიდან ბერდიანსკისკენ (მარჯვნივ)

შეიძლება იმით, რომ უკრაინის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის პირვანდელი ჩანაფიქრი და იმედი არ გამართლდა და მრავალჯერ დაანონსებული ეს კონტრშეტევა რაღაცნაირად „უღიმღამოდ“ დაიწყო?

არადა, როდესაც შეტევაზე ბრიგადის დონის შენაერთი გადადის, მას უკვე ძნელად თუ დაარქმევ ბრძოლით დაზვერვის ტაქტიკას - ეს უკვე სრულფასოვანი შეტევაა საავიაციო და საარტილერიო მომზადების შემდეგ, ჯავშანტექნიკისა და ცოცხალი ძალის წინსვლის დაწყებით...

ეტყობა, ამ რამდენიმე დღეში უკრაინის არმიამ ვერ მიაღწია გეგმით დასახულ შედეგებს და ამიტომაც კიევში ჯერჯერობით თავს იკავებენ მთავარი კონტრშეტევის დაწყების ოფიციალურად გამოცხადებისგან - თუკი ეს კონტრშეტევა, სამწუხაროდ, ჩაიფუშება, უკრაინის ხელისუფლებას ექნება სათქმელად, - ჩვენ ჯერ არც კი დაგვიწყია გენერალურ კონტრშეტევებზე გადასვლაო...

მანამდე კი რუსი ოკუპანტების სამხედრო ბლოგერები ავრცელებენ უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქის რუკას, მასზე დატანებული შეტევების ისრებით - მათი აზრით, უკრაინის გენშტაბი ორეხოვოდან სწორედ ამ მიმართულებებით ცდილობს სამხრეთით ჯერ ოკუპირებულ ტოკმაკზე გასვლას და იქიდან - მელიტოპოლზე შეტევის განვითარებას, ხოლო უგლედარიდან სამხრეთით კონტრშეტევები შეიძლება საპორტო ქალაქ ბერდიანსკის გასათავისუფლებლად აზოვის ზღვის სანაპიროზე გასასვლელად იყოს გათვლილი...

3-kontr-1686306974.png
დასავლეთის საინფორმაციო წყაროების მიერ შედგენილი რუკა, რომელზეც წითელი ფერის ხაზებით გამოსახულია რუსი ოკუპანტების ის თავდაცვითი ზღუდეები, რომლებიც კახოვკის კაშხლის აფეთქების შემდეგ დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე დაეტბორათ...

ის, რომ სამხრეთი მიმართულებით მთავარი კონტრშეტევის წამოწყება მელიტოპოლ-ბერდიანკსის გასათავისუფლებლად შეიძლება, ყველაზე სასურველი და მომგებიანი ყოფილიყო უკრაინისთვის, ჯერ კიდევ 2022 წლის 15 ნოემბერს ჩემს ბლოგში - "შეტევების იმიტაცია სხვადასხვა მხრიდან - საიდან დაარტყამენ რუს ოკუპანტებს სინამდვილეში?" ვწერდი. ზაპოროჟიეს ფრონტის ხაზის ორეხოვო-უგლედარის მონაკვეთი იმითაც არის მოგებიანი უკრაინის არმიის კონტრშეტევაზე გადასასვლელად, რომ მას არ უწევს მდინარე დნეპრის გადალახვა, რაც ბუნებრივ სერიოზულ წინააღმდეგობას წარმოადგენს შემტევი მხარისთვის, რაც კარგად ჩანს ენერგოდართან (ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან) და რაც კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა ხერსონთან, მას შემდეგ, რაც რუსმა ოკუპანტებმა კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი ააფეთქეს და დროებით დატბორეს მის ქვემოთ მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპირო - მართალია, ამით თავად რუსული საოკუპაციო ძალების პირველი თავდაცვით ზღუდეებიც კი ნაწილობრივ მოიშალა დნეპრის მარცხენა სანაპიროს ჩაყოლებაზე, მაგრამ, სამაგიეროდ, იქ კვირების განმავლობაში ისეთი ლაფი იქნება, ნებისმიერი სახის დესანტირება, დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან მარცხენაზე, შეუძლებელი გახდება.

რა შეიძლება გამხდარიყო უკრაინის არმიის კონტრშეტევების ასეთი „უფერული“ დასაწყისის მიზეზი? შეიძლება ვცდებოდე, მაგრამ მაინც ხაზს გავუსვამ - უკრაინის არმიის შენაერთები ერთდროულად, სინქრონულად რომ გადასულიყვნენ კონტრშეტევებზე, როგორც ზაპოროჟიეს, ისე - ლუგანსკის, დონეცკისა და ხერსონის ფრონტის მონაკვეთებზეც (ამას დაუმატეთ პარტიზანული სახის თავდასხმები რუსეთის ბელგოროდის ოლქის საზღვრისპირა დასახლებულ პუნქტებზე), მოწინააღმდეგეს ძალიან გაუჭირდებოდა კონტრშეტევის მთავარი მიმართულების ზუსტად დადგენა და რთული არჩევნის წინაშე დადგება, თუ საით გადაესროლა რეზერვი... ასე არ მოხდა, ჯერ დაიწყო მცირე ძალებით უკრაინული დანაყოფების შეტევა უგლედარიდან სამხრეთით და მხოლოდ მერე, ორი დღის დაგვიანებით გაიხსნა უფრო დიდი მასშტაბის შეტევის მიმართულება ორეხოვოდან ტოკმაკისკენ - თავდაცვაში მყოფ მოწინააღმდეგეს მიეცა დრო სულის ამოსათქმელად... ჯერ ყველაფერი მხოლოდ იწყება, უკრაინის არმიის განკარგულებაშია დასვენებული და კარგად შეიარაღებული ახალი ბრიგადები, რომლებსაც კიევი სწორედ ამ მთავარი კონტრშეტევისთვის ინახავდა, ამიტომაც, დიდი ალბათობით, ისინიც ჩაერთვებიან ბრძოლებში. ამ ეტაპზე პროგრამა მინიმუმის შესასრულებლად - მელიტოპოლ-ბერდიანკის ხაზის დაკავება, აზოვის ზღვის სანაპიროზე დაბრუნება და რუსეთის როსტოვის ოლქიდან ანექსირებულ ყირიმამდე სახმელეთო დერეფნის გადაჭრაა, რაც რუს ოკუპანტებს რთულ მდგომარეობაში ჩააგდებს, როგორც ოკუპირებულ ზაპოროჟიეს ოლქის ნაწილში, ისე - ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე...