ბაიდენს კატეგორიულად მოსთხოვეს უკრაინისთვის ბალისტიკური რაკეტების სასწრაფოდ გადაცემა... - კვირის პალიტრა

ბაიდენს კატეგორიულად მოსთხოვეს უკრაინისთვის ბალისტიკური რაკეტების სასწრაფოდ გადაცემა...

კრემლში ჯერ კიდევ იტოვებენ იმედს, რომ აშშ-ის მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებში ბაიდენი თავის დემოკრატიულ პარტიასთან ერთად დამარცხდება და გამარჯვებას რესპუბლიკელები მოიპოვებენ და თანაც საპრეზიდენტო სავარძელში თუკი ისევ ტრამპი დაბრუნდა, ეს პირადად პუტინისთვის შეიძლება ორმაგ გამართლებად იქცეს...

ტრამპს ჯერ რესპუბლიკური პარტიის შიდა არჩევნებში მოუწევს გამარჯვება, რომ პარტიის ერთიან კანდიდატურად იქნეს წარდგენილი საპრეზიდენტო არჩევნებზე, მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი კრემლის სიხარული შეიძლება ნაადრევი აღმოჩნდეს, რადგან რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი კონგრესმენების უდიდესი ნაწილი თანამოაზრე რჩება კოლეგებთან დემოკრატიული პარტიიდან, უკრაინის სამხედრო დახმარების საკითხებში.

აშშ-ის კონგრესმენების დიდმა ჯგუფმა, ორივე პარტიიდან წარმოადგინეს რეზოლუციის პროექტი, რომელიც პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციიდან კატეგორიულად მოითხოვს, რომ აშშ-მა სასწრაფოდ დაიწყონ უკრაინისთვის ATACMS-ის ტიპის რაკეტების მიწოდება, რათა უკრაინის არმიას გაუადვილდეს ამ დღეებში დაწყებულ კონტრშეტევით ოპერაციებში უპირატესობის მოპოვება რუს ოკუპანტებზე...

"ჩვენ ათასზე მეტი ასეთი ბალისტიკური რაკეტა გვაქვს და მათი ნაწილის უკრაინელი სამხედროებისთვის გადაცემის შემდეგ, ისინი შეძლებდნენ ღრმა ზურგში რუსი სამხედროების შტაბებისა და იარაღის საწყობების ზუსტი მორტყმებით განადგურებას, რაც უკრაინელებს გაუადვილებდა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას" -აცხადებენ რესპუბლიკული და დემოკრატიული პარტიების წარმომადგენელი ამერიკელი კონგრესმენები და ბაიდენის ადმინისტრაციას „ნამუსზე აგდებენ“ - თუკი ბრიტანელებს არ შეეშინდათ პუტინის და უკრაინას გადასცეს შორსმოქმედი Storm Shadow ტიპის ფრთოსანი რაკეტები, მაშინ თეთრი სახლი რატომღა უნდა უფრთხოდეს კრემლს და არ აწვდიდეს უკრაინის განმათავისუფლებლებს სწორედ ისეთ რაკეტებს, რომლებიც ძალზე წაადგებოდათ კონტრშეტევებზე გადასულ უკრაინელ სამხედროებს?

არადა, 300 კმ-ზე მფრენი ATACMS-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტები, რომელთა გაშვება „ჰაიმარსის“ დანადგარებიდან ხორციელდება და გამოირჩევიან მიზანში დიდი სიზუსტით მოხვედრის უნარით, რუს ოკუპანტებს ძალზე სერიოზულ პრობლემებს გაუჩენდნენ ფრონტის ხაზიდან 200-250 კმ-ის სიღრმეებშიც, სადაც რუსმა სამხედროებმა თავიანთი შტაბები და საბრძოლო მასალების საწყობები გაზიდეს, ამ ომში 80-90 კმ-ზე მოქმედი „ჰაიმარსების“ რაკეტების გამოჩენის შემდეგ...

რა თქმა უნდა, ვერც ATACMS-ები გახდებიან ამ ომის „ვუნდერვაფეები“ ანუ „საოცრება-იარაღი“, რომელიც ომის მოგების უპირობო გარანტიად მიიჩნევა, მაგრამ უკრაინის არმიის არსენალში რუსული „ისკანდერების“ მსგავსი ბალისტიკური რაკეტების მასიურად გამოჩენა, მართლაც ბევრ რამეს მოაქცევდა უკრაინელებისთვის სასიკეთოდ...

მანამდე კი ფრონტის ხაზზე რამდენიმე მონაკვეთში სასტიკი ბრძოლები გრძელდება, კონტრშეტევაზე გადასული უკრაინის არმია ახალი პოზიციების დაკავებას ცდილობს, მაგრამ თავდაცვით ზღუდეებზე თვეობით გამაგრებული რუსი ოკუპანტებისგან სერიოზულ წინააღმდეგობას აწყდება.

როგორც მოსალოდნელი გახლდათ, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა რუსი ოკუპანტების თავდაცვით ზღუდეებამდე მისასვლელი გზების ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებით უხვად დანაღმვაა.

მართალია, უკრაინელების ჯავშანტექნიკას შეტევისას წინ მიუძღვება გასანაღმი მოწყობილობებით აღჭურვილი საინჟინრო ტექნიკა, მაგრამ ეს ყოველთვის არ შველის, ამასთან ასეთი განაღმვის დროს უკრაინული ჯავშანჯგუფების გადაადგილების სიჩქარე მინიმალურია, რითაც კარგად სარგებლობენ რუსი არტილერისტები და წინასწარ გამოყოფილ მონაკვეთებზე საარტილერიო ჭურვების „სეტყვას“ აყრიან...