სანამ წიწილები დაფრთიანდებიან - კვირის პალიტრა

სანამ წიწილები დაფრთიანდებიან

ნებისმიერ საქმეს, შრომასთან ერთად, ძირეულად შესწავლა სჭირდება. უშედეგოა ის საქმეები, რომლებსაც მოვალეობის მოსახდელად, იძულებით ვაკეთებთ, ან შუაგზაზე მივატოვებთ იმ მიზეზით, რომ არაფერი გამოვა და მოგების ნაცვლად წაგება რჩება. თუმცა საქმის შუაგზაზე მიმტოვებლები წარმატებას, პრაქტიკულად, ვერც სხვა საქმეში მიაღწევენ, საქმის ერთგულებს კი წარმატება ხშირად შრომის შესაბამისად აქვთ. ჩვენც ხშირად გამოგვიხატავს გულისტკივილი, რომ ბევრმა სოფლად შინაური ფრინველის გაზრდა ამგვარი მიზეზებით შეწყვიტა (არ ღირს, ბევრი ხარჯი აქვს, დაავადება ხოცავთ) და მის შესაძენად მაღაზიას მიაშურა. ეს მაშინ, როდესაც არც ვიცით, რამდენად უვნებელ პროდუქციას ვიღებთ იმპორტის სახით. თუმცა არსებობენ ადგილობრივი მეფრინველე-მეწარმეებიც, რომლებიც წლების განმავლობაში ერთგულად მისდევენ თავიანთ საქმეს, რისგანაც შემოსავალსაც იღებენ და საქმის განახლების იმპულსსაც. ახმეტაში, სოფელ მატანში, სახელმწიფომ თანადაფინანსებით (სახელმწიფოს წილი 80%) შეუძინა გელა ნინიაშვილს ინკუბატორი 15 000 კვერცხისთვის. გელა ნინიაშვილი 2007 წლიდან შრომობს მეფრინველეობაში და უამრავი დაბრკოლების მიუხედავად, მუშაობა არ შეუწყვეტია.

- ვერ ვიტყვი, რომ მეფრინველეობა ადვილი საქმეა, მაგრამ საქმეს ბოლომდე თუ მიიყვან, მცირე შემოსავალს მაინც აუცილებლად მოგცემს. ცხოვრება ასეა, ხან მცირეს იღებ, ხანაც - უფრო მეტს. მთავარი ის არის, ფრინველი იქნება თუ ცხოველი, ცოცხალი არსებაა და მოვლა სჭირდება. მასაც ხშირად ემართება სხვადასხვა დაავადება. ამიტომ განუწყვეტლივ უნდა სწავლობდე, თუ რა არის საჭირო მათ გასაზრდელად. მეც ზუსტად ასე ვსწავლობ მეფრინველეობა-მეცხოველეობას წლების განმავლობაში და ახლა უკვე შეხედვითაც ვატყობ, რა შეიძლება სჭირდეთ. ამისთვის სოციალურ ქსელსაც ხშირად ვიყენებ, თუ რაიმე უკეთესი საკვები გამოჩნდება, რომ შევიძინო.

წიწილებს პირველ კვირებში სპეციალურ საკვებს ვაძლევ, როდესაც მოძლიერდება, ნატურალურ კვებაზე გადამყავს. ამისთვის ჩემს ნაკვეთში ვუშვებ, რომ ბალახსა და სხვა ბუნებრივ საკვებთან ერთად, აუცილებელი ნივთიერებები მიიღონ. ტერიტორია, სადაც ფრინველს ვუშვებ, შემოღობილი მაქვს და ძაღლებიც იქვეა, რათა წიწილა ქორმა არ წაიღოს.

- ხშირად მომისმენია ჩივილი ინკუბატორის წიწილის ხარისხზე.

- წიწილებს დაავადება ზოგჯერ მართლაც მოჰყვება კვერცხიდანვე, თუმცა, იშვიათად. მთავარი პრობლემა კვებაზე ან დაავადებების მკურნალობაზე ცოდნის ნაკლებობაა. კარგია, თუ ნაადრევ წიწილას გაზრდი, დაახლოებით მარტის შუა რიცხვებიდან. როდესაც მოჩიტულ წიწილებს გაუშვებ მიწაზე, ამ დროს დაავადების გამომწვევი ბაქტერია ან ვირუსი ნაკლებად შეხვდებათ. თუმცა ნაგვიანები წიწილაც მშვენივრად იზრდება, თუკი მიჰყვები შინაური ფრინველის შესახებ ცოდნას.

- ათეული წლების წინ სამკურნალო პრეპარატებს ნაკლებად იყენებდნენ. ამისთვის წიწილს სოფლად ჭინჭარს აძლევდნენ.

- ჭინჭარი სამკურნალოა და იმიტომაც აძლევდნენ, მასთან ერთად კი კალცის მისაწოდებლად კვერცხის ნაჭუჭს, მაწონს ან ძროხის რძის შრატს, მაგრამ დღეს უმეტეს შემთხვევაში ეს ვერ მოხერხდება, ამიტომაც არსებობს სპეციალური საკვები და სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც წიწილას ზრდის პროცესში გარკვეულ პერიოდამდე მიეწოდება. მე გამოჩეკის პირველივე დღეს გლუკოზას ვაძლევ მოსამაგრებლად. ეს არის ლიტრ წყალში გახსნილი 70 გრამი შაქარი. წიწილას, ისევე როგორც ადამიანს, სხვადასხვა ასაკში სხვადასხვანაირი კვება სჭირდება. რასაც ერთ თვემდე ვაძლევთ, იგივე კვება ერთი თვის შემდეგაც არ უნდა განვაგრძოთ. არსებობს გრანულა, რომელიც წიწილას ასაკის მიხედვით ეძლევა - პირველ ორ კვირამდე და ორი კვირის შემდეგ. ერთი თვის თავზე გრანულის მიცემა ნელ-ნელა უნდა შევწყვიტოთ ანუ გამოჩეკიდან ერთი თვის შემდეგ გრანულაში უნდა ავურიოთ დაფქული სიმინდიცა და ღერღილიც. წიწილამ ორივე უნდა მიიღოს, რომ შემდგომშიც ორივე ჭამოს. შემდეგ გრანულა უნდა ამოვიღოთ და მთლიანად ბუნებრივ კვებაზე გადავიყვანოთ.

- კარგია, რომ ტერიტორია გქონიათ ფრინველის გასაზრდელად. ფერმერებმა უნდა იყოჩაღოთ, რადგან სტატისტიკის თანახმად, ფრინველი შემცირდა, ბევრი ამბობს, რომ ეს საქმე არ ღირს. არგუმენტი ის არის, რომ ძალიან გაძვირდა მარცვლეული.

- იცით, ეგ ამბავი რას მაგონებს? ხალხი რომ თურქეთში მიდის სამუშაოდ, თან გაიძახიან, არ ღირს იქ წასვლა, ინფლაციააო, და მაინც მიდიან. თუ არ ღირს, რატომ მიდიან?! საარსებო საშუალებას მაინც ნახულობენ და იმიტომაც.

მე წიწილების და ღორების გაზრდა 2007 წელს დავიწყე. დღესაც გულისტკივილით მახსოვს, ღორის ჭირის გავრცელების პერიოდში ერთმა არამზადამ ღორის ჭირით დაავადებული ღორის თავები რომ დამიყარა ფერმასთან. ეწყინა, მე რომ ღორები არ დამეხოცა და იმიტომ. მაგრამ სიკეთეც რომ არსებობს, ისიც ხომ ვიცი და მინახავს. ასეა ცხოველისა და ფრინველის გაზრდაც, შემოსავალი და სარგებელი როგორ არ არის, მაგრამ ღორების თავების არ იყოს, მარცხმა არ უნდა დაგაკარგვინოს აზროვნება. სიმინდის ყანაშიც ბევრი "საომარია". სიმინდს რომ დავთესავთ და მივატოვებთ, მერე მეზობელს არ უნდა ვეკითხებოდეთ, ჩემი სიმინდი თუ ამოვიდაო, თავად უნდა დავტრიალებდეთ თავს.

რაც შეეხება მარცვლეულის წლევანდელ ფასებს, ძალიან დაბალია. ფერმერებმა ხორბალი ვერ გაყიდეს. შესაბამისად, გაიზარდა მოთხოვნა შინაური ფრინველის გაზრდაზე. ეს კარგია, ეგებ ბევრი დარწმუნდეს, რომ წიწილების გაზარდა არ არის ოჯახის დაქცევა. მე უკვე 3 000 ფრთა წიწილა მყავს რეალიზებული, ჩემს ახალ ინკუბატორში კი გამოსაჩეკად 15 000 ქართული ქათმის კვერცხი დევს. იმედია, გამოიჩეკებიან. დაველოდები, რომ მეფრინველეობის დარგი პრიორიტეტული გახდეს. ხანდახან ვიღაც მეტყვის ხოლმე, ხალხს რატომ ასწავლი წიწილების გაზრდას, კონკურენტებს იძენო. რას ჰქვია, რატომ ვასწავლი! მატანში უფრო ბევრს რომ გვყავდეს წიწილები, მთელი საქართველო ხომ აქეთ გამოემართება საყიდლად? გაყიდვაზე მაინც არ დამჭირდებოდა დროის დაკარგვა. ახლა კი ცოტანი რომ ვართ, რეალიზებაზეც დიდ დროსა და ენერგიას ვხარჯავ.