პატარა ფერმის თავდადებული დიასახლისი
"სოფელში ვცხოვრობ და ისევე ვშრომობ, როგორც აქაური მოსახლეობა. რასაც ვაკეთებ, ხალისით ვაკეთებ", - გვეუბნება სამი შვილის დედა ნათია ჩიბუხაშვილი. ის გერმანული ენის სპეციალისტია, დაიბადა და გაიზარდა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძალისში. შვილებს ზრდის და საოჯახო მეურნეობას უვლის. "უფროსი გოგონა 15 წლისაა, ტყუპი გოგო-ბიჭი - 13-ის... მესამე კურსზე ვიყავი, რომ გავთხოვდი, მე-4 კურსზე უკვე პირველი გოგო შემეძინა, ლექციებზე რომ მივდიოდი, ჩემი შვილი ხშირად ლექტორატში იყო ხოლმე. მერე ისე მოხდა, რომ მეუღლეს დავცილდი - სხვადასხვა მხარეს აღმოვჩნდით. ჩემების სახლში გადმოვედი. დები და დედა საზღვარგარეთ ცხოვრობენ".
- სახლში მე და ბავშვები ვართ. საქონელი და ფრინველი სულ გვყავდა და მათი მოვლის საქმეში უფრო აქტიურად ჩავერთე. მერე უცხოეთიდან დედა ჩამოვიდა და ისე მოხდა, რომ საზღვარგარეთ სამუშაოდ მე წავედი. გამიმართლა, კარგ ხალხში აღმოვჩნდი. საქმეც ავაწყვე, მაგრამ ძალიან რთული იყო ბავშვების გარეშე ცხოვრება. საბერძნეთში ბინაც შემომთავაზეს, შვილებისთვის სკოლის შერჩევაშიც დაგეხმარებითო. არ გამიჭირდებოდა, მაგრამ, ვფიქრობ, ბავშვები საკუთარ ქვეყანაში უნდა გაიზარდონ. სხვა ქვეყანაში გაზრდილები სამშობლოს სცილდებიან. მოკლედ, 2019 წლის მიწურულს სამშობლოში დავბრუნდი.
- და მიუბრუნდით მეურნეობას, სადაც დღეს, როგორც გვითხარით, სიამოვნებით საქმიანობთ.
- რომ ჩამოვედი, დედას 2-3 ძროხა ჰყავდა. მერე საქონელი გამრავლდა. ისედაც ბავშვობიდან მიყვარს ცხოველები და მათ პატრონობას ხელი სიამოვნებით მივყავი. გავზარდეთ ხბორები, მერე მათი გაჩენილიც გავზარდეთ და ამჟამად ცხრა სული მყავს - ექვსი ძროხა, ერთი დეკეული, ორი ხბო და კიდევ ერთს ველოდებით. ქათმებიც მყავს და ცოტა იმაზე მეტიც იყო, ვიდრე ახლაა, მათ შორის, აბრეშუმის ქათმებიც, მაგრამ მელიამ მოგვპარა. სახლი სოფლის განაპირასაა, თან ბავშვებს კარი ღია დარჩათ და წააცუნცულა.
- რძის პროდუქტებს ამზადებთ?
- დიახ. რძესაც ვყიდი, ყველსაც და მაწონსაც... ბევრი შრომა მიწევს, მაგრამ რაღაცებში ფული მაინც მაკლდება და დედა მეხმარება. ამ შრომის პარალელურად კიდევ სადმე სამუშაოდ რომ გავიდე, არ გამოდის, ბავშვებს მთელი დღეები მარტო ვერ დავტოვებ. ხან ჩემებისგან, ხან სხვებისგანაც მომისმენია, ამ ძროხებს რას დასდევ, რატომ იღლი თავსო, მაგრამ ამჟამად ასე ვთვლი საჭიროდ, ბევრად უკეთეს შედეგს მოიტანს ის, რომ ახლა ჩემს შვილებთან ვარ.
- თან საკუთარი ხელით დამზადებული და მოწეული პროდუქტებით ასაზრდოებთ, ესეც მნიშვნელოვანია.
- ჩემი შვილები სხვის მოწველილ რძეს არ სვამენ, სხვანაირი გემო აქვსო. ვეუბნები, დედა რომ გიყვართ, ამას იმიტომ ამბობთ-მეთქი.
- სამეურნეო საქმეებში ხომ არ გეხმარებიან?
- თუ ერთმანეთს არ დავეხმარეთ, სხვა ვერავინ დაგვეხმარება. ბავშვები შრომას პატარაობიდანვე უნდა მიეჩვიონ, ბავშვი, რომელიც ცხოველს ზრდის, უვლის და უყვარს, ჰუმანური ადამიანი გაიზრდება. ასე რომ, რასაც შეძლებენ, ყველაფერში მეხმარებიან - დათესვაში, ძროხების მოყვანაში, ქათმების გამოკვებაში, სახლის დალაგებაში... თვითონაც მოსწონთ ეს ყველაფერი. ძროხებიც თითოეულს თავისი ჰყავს. ამასთან ერთად დადიან ცეკვაზე, ინგლისურზე, გიორგი რაგბიზეც დადის... ერთად სიხარულით და ხალისით ვაკეთებთ საქმეს.
- ამდენ საქმეს როგორ აუდიხართ, სულ არავის იხმართ?
- კი, ბავშვები რაც უნდა მოგეხმარონ, ბევრი რამ მაინც ჩემი გასაკეთებელია. ზოგჯერ სოფელში მინდა მუშახელი ვიპოვო და ვერ ვპოულობ. ახლა ღობეები მაქვს შესაღები, გასასწორებელი და ვერავინ ვნახე. მიწის მოხვნაში ტრაქტორს ვიხმარ, მანამდე, სანამ იონჯას დავთესავ. მომყავს ბოსტნეული და ბაღჩეული. ერთი ნაკვეთი მაქვს, სადაც იონჯაა დათესილი. 150 ლარი გადავიხადე იონჯის მორწყვაში და რომ მივაკითხე, ნახევარი იყო მხოლოდ მორწყული. ამიტომ მირჩევნია, საქმე თვითონ გავაკეთო. იონჯა საქონლის საკვებად მომყავს, მოსავალს რომ ვიღებ, ბარდანებად ვკრავ და სახლში მომაქვს.
- ანუ საქონელს საზამთროდ თქვენი მოწეული პროდუქტით კვებავთ.
- კი, დამატებით მარცვლეულსაც ვყიდულობ. ხორბალიც დავთესე და ვნახოთ, რა გამოვა. 4-5 ჰექტარია, ნაწილს ჩემთვის გამოვიყენებ და თუ საკმარისზე მეტი მოვა, გავყიდი. სახლის ახლოს ხეხილის ბაღი მაქვს, დიდი ნაკვეთია, სადაც მოზრდილი გარგარისა და ქლიავის ხეებია. ადრე უფრო მეტი იყო, მაგრამ წყლის ნაკლებობის გამო ვერ ირწყვებოდა და გაფუჭდა. განსაკუთრებით ის ხეხილი, რომელსაც წყალი უყვარს. ნაკვეთის წინა ნაწილს ჭის წყლით ვრწყავ.
ამდენ საქმეს იმიტომ ვაკეთებ, რომ სანერვიულოდ და წუწუნისთვის დრო არ დამრჩეს. დები მეუბნებიან, რად გინდა, რომ წვალობო? მაგრამ ეს ყველაფერი, რასაც ვაკეთებ, საუკეთესო გამოსავალია. გერმანიიდან, იტალიიდან მეგობრები მეუბნებიან, ბავშვებს მომავალს უკარგავ, აქეთ წამოიყვანეო. სამი წლით რომ ვიყავი წასული, დაბრუნების შემდეგ წელიწად-ნახევარი დამჭირდა, რომ მათთან ურთიერთობაში ძველ კალაპოტში დავბრუნებულიყავი! მიუხედავად იმისა, რომ ბავშვებს ხშირად ვურეკავდი, უნებლიეთ მაინც იყო გადაჩვევის მომენტი. ცუდია, რომ შვილების ფსიქიკაზე ნაკლებად ფიქრობენ, მათ მდგომარეობაში არ შედიან. ჩემი შვილებისთვის სრული თავისუფლება მაქვს მიცემული, ისინი მშვიდ და თავისუფალ გარემოში უნდა გაიზარდონ. თუ რამე არ მოსწონთ, შეუძლიათ შემეკამათონ. ყველაფერზე ჯანსაღად უნდა ვიმსჯელოთ.
- საოჯახო მეურნეობაში რა გეგმები გაქვთ?
- მაქვს მიწები, რომლებსაც ავითვისებ. შეიძლება ძროხები შევიმატო. ცუდია, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ-პოლიტიკური სიტუაცია ვერა და ვერ გამოსწორდა. რომ ჩამოვედი, მეტს ველოდი, მაგრამ გამიცრუვდა იმედი. ჩვენი შვილები თანამედროვე, ლამაზ ქვეყანაში ცხოვრებას იმსახურებენ.
- ისტორიულ სოფელში ცხოვრობთ. ძალისში ანტიკური ხანის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ძეგლი-ნაქალაქარია. საკმაოდ დიდი სოფელიცაა.
- კი, 1000 კომლამდე იქნება, თუ მეტი არა. ისტორიული სოფელია. აქ ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი ბერძნულ-რომაული ღია აუზია აღმოჩენილი. რომ იცოდეთ, როგორ ველოდები არქეოლოგიურ გათხრებს. ბევრი რამ არის აქ აღმოსაჩენი. ჩემ წინ ერთი ნაკვეთია, სადაც წყალს რომ მიუშვებენ მოსარწყავად, ერთ ადგილას ჩადის და იკარგება. ქვა დაადეს და წყალი სხვა ადგილას არ გადის. მიწას რომ ამუშავებენ ხოლმე, თიხის დეტალები ამოდის. ძალისში ბევრი საინტერესო არტეფაქტია. ამასთან, ძალიან საყვარელი სოფელია.