"ვფიქრობთ, გონება გაეთიშა, მის კვალს ვეღარ ვპოულობთ" - რა დეტალებზე საუბრობს ჭიათურაში გაუჩინარებული ნიკა ხვედელიძის შესახებ ნათესავი?
უკვე მეოთხე დღეა ოჯახის წევრები, ნათესავები და სამართალდამცავები ჭიათურელ 27 წლის ბიჭს, ნიკა ხვედელიძეს უშედეგოდ ეძებენ. 7 ივნისს ნიკა ძმამ ჭიათურაში ნახა, უთხრა, რომ ცენტრში მიდიოდა და სახლში მალე მივიდოდა, მაგრამ სახლში არ მისულა.
ოჯახმა ნიკას ძებნა იმ ღამითვე დაიწყო, მაგრამ ამ დრომდე კვალს ვეღარ მიაგნეს. სოციალურ ქსელში ნიკას დედის ემოციური მიმართვა ვრცელდება, რომელიც ყველას შვილის პოვნაში დახმარებას სთხოვს.
"მთელ ჩემს საქართველოს მოსახლეობას ვთხოვ დაუკვირდით სურათს, შვილს ვეძებ ოთხი დღეა, არაფერი ვიცი თუ შენიშნონ სადმე, რეაგირება იქონიეთ. დაუკავშირდით პოლიციას, რადგან პოლიციამ სწრაფი რეაგირება მოახდინოს და მოგვაწვდინეთ ჩვენც ინფორმაცია. გთხოვთ გააზიაროთ, რათა ბევრმა ნახოს, დამეხმარეთ გამწარებულ დედას", - წერს ნიკა ხვედელიძის დედა, რომელიც თურმე ემიგრაციაშია და გერმანიაში გაიგო შვილის გაუჩინარების ამბავი.
როგორც ნიკას დეიდა, თამრიკო ჩვენთან საუბარში ამბობს, იმ დღეს ნიკა ჭიათურაში თბილისიდან ჩავიდა, მაგრამ სახლამდე არ მისულა.
თამრიკო, ნიკა ხვედელიძის დეიდა:
"ნიკა ხვედელიძეს ვეძებთ, 7 ივნისს იყო ჭიათურაში, ქალაქში ძმამ ნახა, ესაუბრა, ნიკამ უთხრა ცენტრში მივდივარ და მალე ამოვალ სახლშიო, მაგრამ სახლში არ მოსულა. რომ არ გამოჩნდა, ძებნა დაიწყეს. საღამოს მეგობარს უნახავს ნავარძეთის გზაზე, მეგობარს არ გაყვა და გზა ფეხით განაგრძო. ზესტაფონისკენ რომ მიდიოდა ამის დამნახავები არიან. მას შემდეგ რაც განგაში ავტეხეთ და სოციალურ ქსელში გავცელდა ინფორმაცია მის დაკარგვაზე, დაგვიკავშირდა ბიჭი და გვითხრა: ვნახე ზესტაფონისკენ მიმავალ გზაზე, მანქანაც გავუჩერე, მაგრამ არ ჩამიჯდა, ზურგჩანთა ეკეთაო. ამის მერე კვალი ქრება. მარტო იყო. ბოლო ორი კვირა თბილისში, მშენებლობაზე მუშაობდა. ადრე მოსაწევის გამო ცოტა პრობლემები შეექმნა, მაგრამ მერე უმკურნალეს და კარგად იყო. არ ვიცი რა ვიფიქრო, ვფიქრობთ, გონება გაეთიშა და კვალს ვერ ვპოულობთ. იმ საღამოს რომ არ მოვიდა სახლში, გვეგონა მონასტერში წავიდა. კაცხის სვეტია ჩვენთან და იქ დადის ხოლმე. ვიფიქრეთ, იქ იყო. მეორე დღეს იქ ააკითხა ძმამ და მამაოებმა უთხრეს, აქ არ მოსულაო. ამის შემდეგ ავტეხეთ განგაში და ყველგან ვეძებთ.
- საშიში ადგილები ხომ არ უნდა გაევლო?
- საშიში ადგილები, სადაც ტყეებია გავლილი ჰქონდა რომ დაინახეს, დღეს ვიყავით ჩასული ზესტაფონში და ერთ-ერთი კვების ობიექტის სათვალთვალო კამერებში ღამის 2 საათზე ფიქსირდება, იმ ტერიტორიაზე გაიარა, მაგრამ მერე ვეღარ გავიგეთ ქუთაისისკენ წავიდა, თუ ხარაგაულისკენ. საქმეში პოლიციაც ჩართულია, ყველანი ვეძებთ, მაგრამ ჯერ ვერ მივაგენით. დედა ემიგრანტია, გერმანიაშია და იქ გაიგო ეს ამბავი, საშინელ დღეშია. ყველას ვთხოვთ დახმარებას, თუ სადმე შენიშნეს აუციებლად დაგვიკავშირდნენ, ნიკა როგორმე უნდა ვიპოვოთ.
- იქნებ თბილისში წავიდა
- იმ დღეს თბილისიდან იყო ჩამოსული ჭიათურაში და ამიტომ არ ვფიქრობთ, რომ თბილისში წასულიყო. ძმამ, მეგობრებმა ნახეს ჭიათურაში. თბილისში ჩემს შვილთან ერთად იყო, დეიდაშვილები არიან. იმ დღეს ისე წამოვიდა ჭიათურაში ჩემი შვილისთვისაც არ უთქვამს. ორი კვირის ჩასული იყო თბილისში, იქ მშენებლობაზე მუშაობდა და უცებ წამოვიდა. არ ვიცი რა ვიფიქრო, მგონია გონება გაეთიშა. სხვა რა ვიფიქრო. ძმასაც არანაირი აღელვება არ შეუნიშნავს, არც ჩემს შვილს შეუნიშნვას რაიმე პრობლემა. ძმა ამბობს ჩვეულებრივ ნორმალურად მესაუბრაო, მერე რა მოხდა და სად გაქრა ბიჭი არ ვიცით. ვთხოვთ საზოგადოებას და ყველას, თუ სადმე შენიშნეს ჩვენი ნიკა, რამენაირად დაგვეხმარონ.
დაგვიკავშირდნენ ამ ნომერზე: 571753232.
ნიკას მობილური ტელეფონი არ აქვს, გაუფუჭდა არც ჰქონია სურვილი რომ ახალი ეყიდა, ამიტომ არ ჰქონდა ტელეფონიც. მთელმა სანათესაომ იცის და ყველანი ვეძებთ. ვინმესთან რომ მისულიყო გაგვაგებინებდნენ, ყველას ვთხოვთ დახმარებას. სოციალურ ქსელში ბევრი ადამაინი აზიარებს ნიკა ხვედელიძის ფოტოებს და ითხოვს დახმარებას. როგორც ჩანს, ადამიანებმა შენიშნეს ის ქუჩაში და რეკავენ კიდეც ახლობლების ნომრებზე - აღნიშნავს ნიკა ხვედელიძის დეიდა.
"მაქსიმალურად გააზიარეთ მეგობრებო, სხვადასხვა ინფორმაცია შემოდის, რომ ნიკა შეამჩნიეს, მაგრამ სანამ ჩვენამდე ინფორმაცია მოდის ის უკვე აღარ გვხვდება ადგილზე, ამიტომ დაინახავთ თუ არა მაშინვე დარეკეთ 112. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მაშინვე დარეკოთ რომ პოლიციამაც სწრაფად მოახდინოს რეაგირება", - წერს კიდევ ერთი ნათესავი სოციალურ ქსელში.
თუ ფლობთ რაიმე სახის ინფორმაციას, გთხოვთ დაუკავშირდეთ ოჯახს მითითებულ ნომერზე: 571753232, ან დარეკეთ 112-ში. იმედია მალე იპოვიან ახალგაზრდა ბიჭს.
(სპეციალურად საიტისთვის)