"ვვარაუდობ, რომ ღარიბაშვილმა და შოლცმა ანტირაშისტულ კოალიციაზე ისაუბრეს და არა 12 პუნქტზე..." - კვირის პალიტრა

"ვვარაუდობ, რომ ღარიბაშვილმა და შოლცმა ანტირაშისტულ კოალიციაზე ისაუბრეს და არა 12 პუნქტზე..."

9 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბერლინს სტუმრობდა, - მან კანცლერ ოლაფ შოლცთან გამართა შეხვედრა, რომლის თაობაზე საკმაოდ მწირი ინფორმაცია გავრცელდა. როგორც ფედერალური კანცლერის ოფისის განცხადებაშია ნათქვამი, შეხვედრის თემას წარმოადგენდა გერმანია-საქართველოს მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება, უსაფრთხოებისა და ევროპის პოლიტიკის აქტუალური საკითხები და უკრაინასთან რუსეთის ომის გლობალური შედეგები. გერმანული მხარისავე ცნობით, კანცლერმა ხაზი გაუსვა, რომ გერმანია კვლავინდებურად უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ კურსს და მოუწოდა საქართველოს მთავრობას, გაატაროს საჭირო რეფორმები. "აღინიშნა, რომ ევროკომისიის რეკომენდაციები არის ორიენტირი კანდიდატის სტატუსისკენ მიმავალ გზაზე. კანცლერმა მოუწოდა საქართველოს მთავრობას, მომავალი კვირების განმავლობაში ყველა ძალისხმევა მიმართოს ხსენებული რეკომენდაციებიდან გამომდინარე აუცილებელი ღონისძიებების დროულად და ძალზე აქტიურად გასატარებლად", - ნათქვამია გერმანიის კანცლერის ოფისის ინფორმაციაში. ქართული მხარის ცნობით კი შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა ოლაფ შოლცს ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს ნაბიჯები, რეფორმები და ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებაში მნიშვნელოვანი პროგრესი გააცნო: "პრემიერმა ასევე ისაუბრა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ საქართველო წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია". ამ შეხვედრას წინ უსწრებდა 8 ივნისს ბრიუსელში, ევროკავშირ-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის (PAC) მე-12 სხდომა, რომელზეც "ქართული ოცნების" დეპუტატებს ევროპარლამენტარების არაერთი საყვედურის მოსმენამ მოუწიათ. ევროპარლამენტარების ნაწილმა "ოცნებას" ანტიდასავლური რიტორიკისა და პოლარიზაციის სხვაზე გადაბრალების ნაცვლად, "სარკეში ჩახედვა" ურჩია. "საქართველო ახლა გზაჯვარედინზეა, შესაძლებლობების ფანჯარა კვლავ ღიაა და ქვეყნის მთავრობამ და მმართველმა პარტიამ არჩევანი უნდა გააკეთონ ორ მიმართულებას შორის: ერთი მიდის მომავალში, ევროკავშირში, მეორე მიდის უკან, წარსულში. არჩევანი თქვენზეა... ძალიან ვწუხვარ, თუ თქვენ ხედავთ, რომ ჩვენს დღევანდელ დისკუსიას მივყავართ პოლარიზაციამდე საქართველოში. ჩემი რჩევა იქნება - ნუ ადანაშაულებთ სხვებს! სარკეში ჩაიხედეთ და დაინახეთ, რისი გაკეთება შეგიძლიათ უკეთესად", - განაცხადა ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა სხდომაზე. ინტერვიუ ექსპერტ ვახტანგ ძაბირაძესთან ღარიბაშვილ-შოლცის შეხვედრის ანალიზით დავიწყეთ:

dzabiradzee.jpg

- ამ შეხვედრის თაობაზე ცოტა რამ ვიცით, როგორც ითქვა, ის დაგეგმილზე დიდხანს გაგრძელდა, მაგრამ შემდეგ არ გამართულა ბრიფინგი და არ გაკეთებულა პოლიტიკური განცხადებები. ორივე მხარე მხოლოდ მოკლე, ზოგადი რელიზებით შემოიფარგლა. მე დიდად არ მჯერა იმ მითქმა-მოთქმისა, რაც ამ შეხვედრას უძღოდა წინ, თითქოს ვიღაც სადღაც დაიბარეს... როგორც ამბობენ, ეს შეხვედრა კარგა ხნის განმავლობაში მზადდებოდა, მაგრამ ვვარაუდობ, რომ ღარიბაშვილსა და შოლცს შორის მარტივი საუბარი არ შედგებოდა. საქმე არ შეეხება მხოლოდ ქვეყნისთვის ევროკავშირის სტატუსის მინიჭებას და ცნობილ 12 რეკომენდაციას. ვფიქრობ, უფრო გლობალურად, მსოფლიოში შექმნილ ვითარებაზეც იქნებოდა ლაპარაკი. საქმე ისაა, რომ უკრაინაში ვითარება სულ უფრო და უფრო უახლოვდება ზღვარს, კახოვკის ელექტროსადგურის აფეთქებით, რუსეთმა საკუთარ თავსაც კი გადააჭარბა. ამასთანავე, ჩვენ მოვისმინეთ ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის რასმუსენის განცხადება. მან ბრძანა, არ გამოვრიცხავ ნატოს წევრი რიგი ქვეყნები ამ ომში უფრო აქტიურ ჩართვას გეგმავდნენო. ეს ყველაფერი მაფიქრებინებს, რომ როგორც თავის დროზე ანტიფაშისტური კოალიცია, ასევე ახლა ანტირაშისტული უფრო მჭიდრო თანამშრომლობას გეგმავს. ამ კოალიციაში ყველას თავისი ფუნქცია ექნება. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ არა მარტო იმ თემებზე იქნებოდა ლაპარაკი, რაზეც ევროპარლამენტარები საუბრობდნენ, არამედ, ვფიქრობ, ჩვენს დასავლელ პარტნიორებს აინტერესებთ, ბოლოს და ბოლოს, რას აპირებს საქართველო, იქნება თუ არა ანტირაშისტული კოალიციის წევრი? ვვარაუდობ, რომ შოლცისა და ღარიბაშვილის შეხვედრის მთავარი თემა იყო სწორედ ეს საკითხი და არა ყბადაღებული 12 პუნქტი. რა თქმა უნდა, ამაზეც ისაუბრებდნენ, მაგრამ შოლცსა და ჩვენს პარტნიორებს, ჩემი აზრით, უფრო მეტად აინტერესებთ საქართველოს პოზიცია რუსეთის წინააღმდეგ გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმის წინ.

თუ ჩემი ვარაუდი სიმართლეს შეესაბამება, ამას ექნება გაგრძელება. ვფიქრობ, ანტირაშისტულ კოალიციას მის გარეთ დარჩენილი მოთამაშეებისადმი ექნება თავისი დამოკიდებულება. რა თქმა უნდა, ეს მოხდება დიფერენცირებულად, მიდგომა ზოგთან იქნება უფრო მკაცრი, ზოგთან კი, ნაკლებად. მათ აინტერესებთ, როგორი იქნება საქართველოს ხელისუფლების პოზიცია, რათა ჩვენდამი პოლიტიკაც შესაბამისად განსაზღვრონ. მათ უნდათ იცოდნენ, რას შეიძლება ელოდონ ჩვენგან.

- თუ ჩვენი პარტნიორები მართლაც ასე მკაფიოდ სვამენ საკითხს, იმის გათვალისწინებით, რა საგარეო პოლიტიკასაც ბოლო თვეებში ატარებს საქართველოს ხელისუფლება, სად შეიძლება აღმოჩნდეს ჩვენი ქვეყანა?

- რთული სათქმელია, ბოლო დროს ბევრი უცნაური რამ ხდება, მათ შორის საქართველოს შიდა პოლიტიკაშიც. მოხდა საზოგადოების დიფერენცირება. ყველა ბოლო კვლევა აჩვენებს, რომ საზოგადოების 80% პროდასავლურ და პროევროპულ პოზიციაზე დგას, მაგრამ რჩება დანარჩენი 20%, რომელიც ბოლო დროს ძალიან გააქტიურდა. მათი წარმომადგენლების ე.წ. ანტილიბერალური კამპანია, რეალურად ანტიდასავლურია, რასაც ჩვენი ხელისუფლების რიგი წევრები აშკარად თანაუგრძნობენ. ვფიქრობ, ჩვენს პარტნიორებთან საუბრისას ხელისუფლება ამ 20%-ის ლოზუნგებზე აპელირებას შეეცდება, თუმცა პარალელურად გააგრძელებენ მტკიცებას, რომ მათი კურსი დასავლური და ევროპულია. საქმე საქმეზე თუ მიდგა, რა დასკვნებს გააკეთებენ, ამის თქმა მიჭირს. დღეს "ქართული ოცნებისთვის" ამ ყველაფრის მიღმა უმნიშვნელოვანესია ძალაუფლების შენარჩუნება. ამისთვის რას აღარ ცდილობს, უკიდურესად ფრთხილობს რუსეთთან, შესაბამისად, არ ველი, რომ რადიკალურ ნაბიჯებს გადადგამს. მაგრამ აუცილებლად აღსანიშნავია, რომ რადიკალიზმს საქართველოს არც ჩვენი პარტნიორები სთხოვენ, თუმცა, ვფიქრობ, უახლოეს მომავალში ჩვენგან მოითხოვენ უფრო მკაფიო და მკვეთრი პოზიციის დაფიქსირებას. სხვა რა მოცემულობა შეიძლება მივიღოთ, ამის პროგნოზი მიჭირს, რთულია ამ ვითარებაში ახალი, კონცეპტუალური შეფასების გაკეთება.

- გასულ კვირას ბრიუსელში გაიმართა ევროკავშირ-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომა, რომელზეც "ქართული ოცნების" დეპუტატებს ევროპარლამენტარების არაერთი საყვედურის მოსმენამ მოუწიათ. გასულ კვირას საქართველოში სტუმრად მყოფმა სამი ევროპული ქვეყნის - ავსტრიის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარეებმაც პირდაპირ თქვეს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს ანტიდასავლური რიტორიკა. ერთია რუსეთთან ე.წ. არგაღიზიანების პოლიტიკა, მაგრამ მეორე საკითხია, თუ რატომ აგრძელებს საქართველოს ხელისუფლება დასავლეთთან ასეთ კონფრონტაციულად საუბარს?

- მართალი ბრძანდებით, უკვე ასეთი პირდაპირი, შეიძლება ითქვას, არადიპლომატიური ტექსტებით მიდის ლაპარაკი. ასეთივე განწყობა იყო ევროკავშირ-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომაზეც… - მუდმივად საუბრობენ ევროკომიისის 12-პუნქტიან დავალებაზე, მაგრამ ვფიქრობ, ეს იმ დიდი პაზლის მხოლოდ ერთი ნაწილია, რასაც საქართველოსა და დასავლელ პარტნიორებს შორის ბოლო დროს ჩამოყალიბებული დამოკიდებულება ჰქვია. საქართველოს ხელისუფლების განცხადებებმა ძალიან ბევრი ეჭვი და კითხვა გააჩინა, ასევე იმ გადამეტებულმა სიფრთხილემ, რასაც ხელისუფლება იჩენს რუსეთთან ურთიერთობაში. თუ საქართველო აირჩევს ადგილს ანტირაშისტული კოალიციის მიღმა, სამწუხაროდ, ჩვენს დასავლელ პარტნიორებს მოუწევთ ჩვენთან დაკავშირებული მიდგომების გადახედვა. ეს უკვე აღარ იქნება მხოლოდ კრიტიკული შეფასებები, იქნება გადაწყვეტილებები, რაც მძიმედ აისახება ჩვენს ქვეყანაზე.

ვფიქრობ, საქართველოს მდგომარეობა დიდად არის დამოკიდებული, თუ მთლიანად არა, იმაზე, თუ როგორ განვითარდება პროცესები უკრაინაში. ჯერჯერობით ხელისუფლება აგრძელებს, ასე ვთქვათ, ორ სკამზე ჯდომას - თან ამბობს, რომ მიდის დასავლეთისკენ, თან მისი ნაწილი მიზანმიმართულად ეწევა ანტიდასავლურ პროპაგანდას. ის შეეცდება ეს პოლიტიკა გააგრძელოს მანამ, სანამ უკრაინაში ომი არ დასრულდება ან არ დარწმუნდება, რომ დასავლეთი ნამდვილად იმარჯვებს ამ ომში. თუმცა ერთია ჩვენი ხელისუფლების გეგმები და მეორე მის ამ პოლიტიკას როდემდე მიიღებს დასავლეთი. საქართველოს ხელისუფლებას ძალიან ეშინია რუსეთის. ლაპარაკია ეგზისტენციალურ შიშზე. ვფიქრობ, ხელისუფლების პირველ პირებზე, ივანიშვილსა და დანარჩენებზე, რუსეთიდან მძაფრი ზეწოლა მიდის. მათ უკვე ისე შეტოპეს, უკან გაბრუნების საშუალებას მისცემენ თუ არა, საკითხავია. არავინ იცის, ამ ვითარებაში რა გადაწყვეტილებას მიიღებს რუსეთი.

- ამერიკული გამოცემა POLITICO-ს თანახმად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა ჯიმ ო'ბრაიენმა საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს (ECFR) ღონისძიებაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ რიგი ევროპული ქვეყნები პროდუქციას ყიდიან სხვა ქვეყნებზე, საიდანაც ის შემდეგ რუსეთში ხვდება. კითხვაზე, რომელი ქვეყნები არიან ჩართული ამაში, ო'ბრაიენმა თქვა, რომ აშშ-მა გამოავლინა 5 ქვეყანა, რომლებიც სანქციების გვერდის ავლის პრობლემას ქმნიან. ესენია: თურქეთი, ყაზახეთი, საქართველო, არაბთა გაერთიანებული საამიროები და სომხეთი. საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ გამოცემამ ეს ინფორმაცია არასწორად და ინტერპრეტირებულად გაავრცელა. თუ ეს სიმართლეა და მართლაც დადასტურდა, რომ საქართველო რუსეთს ხელს უწყობს სანქციების გვერდის ავლაში, შეიძლება თავად ჩვენ დაგვემუქროს სანქციები?

- სამწუხაროდ, ამ ბოლო დროს ასეთი განცხადებები გახშირდა. ვფიქრობ, მხოლოდ იმის თქმა, რომ რაღაც ინტერპრეტირებულია, არ არის საკმარისი. ჯობს საქართველომ ამ ტვირთების, რაც ეჭვს იწვევს, გასაკონტროლებლად დახმარება დასავლელ პარტნიორებს სთხოვოს. ამით აჩვენებს, რომ მსგავსი რამ არ ხდება, ან თუ ხდება, ეს მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგი კი არ არის, არამედ ცალკეული შემთხვევებია, რაც პარტნიორებთან თანამშრომლობით აღიკვეთება. ეს იქნებოდა სწორი გზავნილი.…

ამ ცოტა ხნის წინ დასავლური სახელმწიფოების უსაფრთხოების სამსახურების ხელმძღვანელები შეხვდნენ ერთმანეთს. ვფიქრობ, მათ მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაცვალეს და გეგმებიც დასახეს. პენტაგონი ახალ 2-მილიარდიან პაკეტს ამტკიცებს უკრაინის დასახმარებლად, მოკლედ, დასავლეთი იწყებს ახალი რეალობის ფორმირებას და ამ ახალ რეალობაში უნდა მოძებნოს თავისი ადგილი საქართველომ. ეს გადამწყვეტი იქნება ჩვენთვის... თუ საქართველოს ადგილი ვერ მოინახა, მაშინ, ალბათ, დადგება სანქციების დაწესების საკითხიც. ჩვენდა სამწუხაროდ, ხელისუფლება თითქოს ამისთვის საზოგადოებრივ აზრსაც ამზადებს. დიდი იმედი მაქვს, ჩვენი პარტნიორები საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის მიუხედავად, გაითვალისწინებენ ჩვენს ურთიერთობებს წარსულში, ასევე ჩვენი საზოგადოების ამჟამინდელ განწყობას და რადიკალური ზომების მიღებისგან თავს შეიკავებენ, იფიქრებენ, რა შეიძლება მოჰყვეს ამას ქვეყანაში. ღმერთმა დაგვიფაროს, მართლაც რომ დადგეს სანქციები დღის წესრიგში, წარმოდგენაც არ მინდა, რა დიდი პრობლემების წინაშე აღმოვჩნდებით, გნებავთ სოციალურ-ეკონომიკური, გნებავთ უსაფრთხოების მხრივ. მგონი, ჩვენი პარტნიორები ჯერჯერობით განცხადებების დონეზე დარჩებიან და შეეცდებიან ჩვენი ხელისუფლება გარკვეულ პირობებზე დაიყოლიონ.

- შიდა პოლიტიკაზეც მინდა გკითხოთ. შეიძლება ითქვას, გვარიანად არის არეული მონასტერი ჩვენს პოლიტიკურ სპექტრში, ოპოზიციაში ვინ ახალ კოალიციებზე ლაპარაკობს, ვინ ამის აზრს ვერ ხედავს, "ნაციონალური მოძრაობა" კი უფრო შორს წავიდა და ქართულ პოლიტიკაში პატიმარ მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებას და პრემიერობის კანდიდატად დასახელებაზე ლაპარაკობს.

- "ნაციონალური მოძრაობის" დღევანდელ ლიდერებს ძალიან პატარა სივრცე აქვთ მანევრირებისთვის. მათ გასცეს დიდი დაპირებები, სანამ პარტიის სათავეში მოვიდოდნენ, ამბობდნენ, რომ სააკაშვილს გაათავისუფლებდნენ, აქციებს გამართავდნენ და ა.შ., მაგრამ ვერაფერიც ვერ გააკეთეს. იმის ნაცვლად, რომ პარტია გაეძლიერებინათ, დაასუსტეს - პარტია დატოვეს გამოცდილმა ლიდერებმა. ახლა აღარ იციან, რა ქნან. ბუნებრივია, პარტიის მომხრეები მათგან ითხოვენ ქმედებას, სვამენ კითხვას, თუ არაფერი შეიცვლებოდა, რისთვის გადავირჩიეთ მელიაო. შესაბამისად, ხაბეიშვილის გუნდს სურს ამ ვითარების გადაფარვა და იწყებს პიარკამპანიას მიხეილ სააკაშვილის პრემიერობის კანდიდატად დასახელების თემით. ასე ცდილობენ მარცხის გადაფარვას. მართალია, ეს ყველაფერი "ქართული ოცნების" წისქვილზე ასხამს წყალს, მაგრამ სხვა გამოსავალი რა აქვთ? რა შეუძლიათ ხაბეიშვილსა და მის გუნდს, რით შეიძლება გაამართლონ მელიას გაშვება და საკუთარი მოსვლა? ამიტომ ურჩევნიათ "ოცნების" წისქვილზე დაასხან წყალი, ვიდრე პარტიაში გაჩნდეს ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოთხოვნა. არადა, აუცილებლად გაჩნდება, რისი იმედიც აქვს მელიას, ამიტომ არ მიდის პარტიიდან და სწორადაც იქცევა. მას შემოდგომამდე დრო აქვს, შემოდგომაზე ბევრი რამ გაირკვევა.

რაც შეეხება სხვა ოპოზიციურ ძალებს, ნაწილი ცდილობს როგორღაც შეიქმნას მესამე, კონკურენტული პოლიტიკური ცენტრი. ამის თეორიული შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, არსებობს, მაგრამ პრაქტიკულად როგორ შეიძლება ეს მოხდეს, რთული სათქმელია. ოპოზიციაში, "ნაციონალური მოძრაობის" გარდა, ვის აქვს დამოუკიდებლად თუ კოალიციაში გაერთიანების შემთხვევაში 5%-იანი ბარიერის გადალახვის შანსი, დღეს ამაზე ლაპარაკი ნაადრევია. ელექტორატში ნამდვილად არის მოთხოვნა მესამე ძალაზე. ყველა ბოლოდროინდელი გამოკითხვა აჩვენებს, რომ ამომრჩევლის დიდი ნაწილი გაუცხოებულია პოლიტიკურ ცხოვრებასთან, მათ არც "ქართული ოცნება" მოსწონთ და არც "ნაციონალური მოძრაობა" და ვინაიდან ვერ ხედავენ მესამე ძალას, არჩევნებისადმიც ნიჰილისტურად არიან განწყობილი. ოპოზიციაში ამ ყველაფრის ანალიზს ნაკლებად აკეთებენ, ვერც დასკვნები გამოაქვთ და ზედმეტადაც ჩქარობენ. როცა კოალიციაზეა ლაპარაკი, ყველას სურს თვითონ იყოს სამყაროს ცენტრი და დანარჩენებმა მის გარშემო იტრიალონ, რაც ასევე არასწორი მიდგომაა. რა უნდა შესთავაზოს ახალი ამ მესამე ცენტრმა ამომრჩეველს, ამაზე ნაკლებად ფიქრობენ. დღეს მთელი ოპოზიციური სპექტრი ხელისუფლებისგან მთავარ განმასხვავებელ ნიშნად ასახელებს იმას, რომ თვითონ პროდასავლურია, "ქართული ოცნება" კი პრორუსული. უცებ რომ შეიცვალოს მმართველმა ძალამ რიტორიკა, დაიწყოს ძველებურად პოზიციონირება აქტიური პროდასავლური გზავნილებით, მაშინ რა რჩება ოპოზიციას?!