„ჯერ არ არის საუბარი, რომ საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ან არ მიიღოს“ - კვირის პალიტრა

„ჯერ არ არის საუბარი, რომ საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ან არ მიიღოს“

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გასული კვირას გერმანიის კანცლერს სამუშაო ვიზიტით შეხვდა. შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენცია არ გამართულა. თუმცა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე ღარიბაშვილმა შოლცს "12 რეკომენდაციის შესრულებაში არსებული მნიშვნელოვანი პროგრესი გააცნო" და თქვა, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია. გერმანული მხარის რელიზში კი ვკითხულობთ, რომ გერმანიის კანცლერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მოუწოდა გადადგას რეფორმებისთვის საჭირო ნაბიჯები. ამ შეხვედრას წინ უძღოდა დებატები ევროპარლამენტში, სადაც საქართველოს ხელისუფლების წევრებმა ევროკავშირი, ფაქტობრივად, დაავალდებულეს, რომ კანდიდატის სტატუსი მოგვცენ, მიუხედავად იმისა, რომ ევროპარლამენტარები აშკარად და მწვავედ აკრიტიკებენ ჩვენი ხელისუფლების ქმედებებს. რას ნიშნავს ეს განცხადებები და როგორ ტრანსფორმირდება კანდიდატის სტატუსის მონიჭების გადაწყვეტილებისას, ამ საკითხებზე "ღია საზოგადოების ფონდის" ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერს ვანო ჩხიკვაძეს ვესაუბრეთ:

- თავდაპირველად განვმარტოთ, რომ ეს არის ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტი, რომელიც ასოცირების ხელშეკრულების საფუძველზე შეიქმნა. კომიტეტის წევრები რეგულარულად ხვდებიან ერთმანეთს და განიხილავენ, თუ როგორ სრულდება ასოცირების ხელშეკრულება და არის თუ არა პროგრესი ამა თუ იმ ქვეყნის ევროინტეგრაციის საქმეში.

შესაბამისად, ეს იყო ერთ-ერთი მორიგი შეხვედრა და როგორც ვიცი, თავიდან იყო ჩატარების პრობლემაც, რადგან დღის წესრიგზე შეთანხმება ვერ ხერხდებოდა - ევროკავშირის მხარეს სურდა დემოკრატიის საკითხებზე ყოფილიყო მსჯელობა, ქართული მხარე კი ითხოვდა, აქცენტი ეკონომიკურ საკითხებზე გადატანილიყო. საბოლოოდ დღის წესრიგზე შეთანხმება მოხერხდა და შეხვედრა გაიმართა.

ამ შეხვედრამ ცხადყო, რომ აღქმები განსხვავებულია - საქართველოს მხარე ყველაფერს ვარდისფერ ფერში ხედავს (ეს ითქვა კიდეც) და მიაჩნია, რომ ყველაფერი შესრულებულია. ჩვენ გვახსოვს განსხვავებული მესიჯები - ჯერ დეკემბერში ითქვა, რომ ყველაფერი შესრულდა, მერე, გზადაგზა, ამბობდნენ, კიდევ გვაქვს რაღაცები შესასრულებელიო. ევროკავშირმა უკვე არაერთხელ მიგვითითა, რომ არის საკითხები, რომლებიც კვლავ გადაუჭრელია: ძირითადად, მედიასთან დაკავშირებული საკითხები, დეპოლარიზაციის, დეოლიგარქიზაციის, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობისა და მართლმსაჯულების საკითხები. ჩვენ კი ვამბობთ, რომ ეს ყველაფერი მოგვარებულია, მაგრამ შეხვედრაზე ითქვა, რომ ასე არ არის და პროგრესს ელიან. უნდა ითქვას, რომ კანდიდატის სტატუსის მონიჭების პროცესში ევროპარლამენტი პირდაპირ არ არის ჩართული, არ მონაწილეობს გადაწყვეტილების მიღებაში, განსხვავებით ევროკომისიისა და ევროპული საბჭოსგან, მაგრამ აშკარაა მისი განწყობა და გვაჩვენებს, თუ რა დამოკიდებულება აქვთ საქართველოს ხელისუფლებისა და მისი მუშაობისადმი. ამიტომაც ეს განცხადებები განსაზღვრული ინდიკატორია.

- საყვედურობენ აღმასრულებელ ხელისუფლებას და არა მთლიანად ხელისუფლებას. მაგალითად, პრეზიდენტს რამდენიმე დღის წინ სულ სხვაგვარად შეხვდნენ. საერთო ჯამში ეს განსხვავებული დამოკიდებულება წევრობის კანდიდატის სტატუსის მონიჭებაზე როგორ აისახება, პოზიტიური ნეგატიურს ვერ გადაწონის?

- როდესაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზეა ლაპარაკი, პასუხისმგებლობის უდიდესი წილი საქართველოს პარლამენტს ეკისრება. 12 პუნქტთან დაკავშირებულ ცვლილებებს პარლამენტში იღებენ და კრიტიკა დიდწილად სწორედ მათ ეხება, მაგრამ, ბუნებრივია, რომ ეს არის "ქართული ოცნების" პასუხისმგებლობაც, რადგან ის არის პარლამენტში უმრავლესობაშიც და აღმასრულებელი ხელისუფლებაც. შესაბამისად, პასუხისმგებლობა ორივეზეა, თუმცა, თუკი ბრალეულობაზე თანამიმდევრობის მიხედვით ვისაუბრებთ, რიგში პირველი პარლამენტია.

- ევროკავშირის ეს განწყობა სტატუსის მიღების დროს როგორ შეიძლება კონვერტირდეს?

- ჯერ ამაზე საუბარი ადრეა, კიდევ ხუთი თვე გვაქვს წინ და ბევრი ისეთი რამ შეიძლება მოხდეს, რაც გავლენას მოახდენს. რა თქმა უნდა, პირველი იქნება პრემიერ-მინისტრის გერმანიაში უკვე გამართული ვიზიტი, რაც ბევრ რამეს გასცემს პასუხს. გარდა ამისა, ევროკომისიას წარმოსადგენი აქვს ზეპირი ანგარიში, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს, და, ალბათ, ამითაც შეგვექმნება წარმოდგენა, თუ როგორი იქნება ევროკომისიის შეფასება. ამის შემდგომ, ოქტომბერში, გაკეთდება ყველაზე მთავარი, ევროკომისიის საბოლოო შეფასება. ამწუთას რაც ვიცი ამ შეხვედრების საფუძველზე ჩემი კოლეგებისგან ბრიუსელსა და ბერლინში, ჯერ ჩამოყალიბებული აზრი ამ საკითხზე არ არის.

ჯერ არ არის საუბარი, რომ საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ან არ მიიღოს. ყველა მიუთითებს, რომ საქართველოს ძალიან ბევრი პრობლემა აქვს ამ გზაზე.

თუ მოლდოვასა და უკრაინას ამ დროის განმავლობაში დიდი პროგრესი აქვთ, საქართველოზე უდიდესწილად საუბარია იმაზე, რომ სიტუაცია არათუ არ გაუმჯობესებულა, არამედ გაუარესებულია დემოკრატიის თვალსაზრისით.

- პერსპექტივა ზუსტად ერთი წლის წინ, ივნისში მოგვცეს და ამ ერთ წელში მათი მოლოდინი როგორ არის შეცვლილი? რას ელოდებოდნენ და დღეს სად ხედავენ პრობლემას?

- პრობლემას უპირველესად ხედავენ პოლიტიკურ ნებაში და ნების არარსებობაში.

რა თქმა უნდა, არავინ ამბობს, რომ ამ 12 პუნქტიდან არც ერთი არ შესრულებულა, ზოგიერთი მეტწილად შესრულებულია, მაგრამ არის საკითხები, რომლებიც ზემოთ უკვე ჩამოვთვალეთ და რომელთა გადაჭრა უაღრესად მნიშვნელოვანია (ამაზე ყურადღება შარლ მიშელმა პრეზიდენტთან შეხვედრაზეც გაამახვილა), პროგრესი არ შეიმჩნევა, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე. თუმცა ხავსს თუ ჩავეჭიდებით, შესაძლებელია ამ ხუთი თვის განმავლობაში ბევრი რამის გაკეთება.

ვფიქრობ, საქართველოს პრემიერისა და გერმანიის კანცლერის შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა სწორედ ეს იქნებოდა, თუ რა შეიძლება გაკეთდეს ამ ხუთ თვეში, რაც ევროკავშირს მისცემს საფუძველს, რომ საქართველოს ევროკავშირის სტატუსი მიანიჭოს.

- ხელისუფლების რიტორიკა, ვალდებული ხართ სტატუსი მოგვცეთო, თქვენი აზრით, რა გავლენას მოახდენს გადაწყვეტილებაზე?

- სხვათა შორის, ერთ შეხვედრაზე ითქვა, რომ ჩვენ და მოლდოვას განსხვავებული მიდგომა გვაქვს ამ საკითხისადმი. გვითხრეს, მოლდოველები გვეუბნებიან, ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ და ევროკომისიის გადასაწყვეტია, შეგვაფასოს და მიიღოს გადაწყვეტილება, ვიმსახურებთ თუ არა კანდიდატობაზე მოლაპარაკების დაწყებასო (როგორც იცით, მოლდოვას საკითხზე უკვე მოლაპარაკების დაწყებაზეა საუბარი), ხოლო საქართველოს ხელისუფლებას უფრო, ასე ვთქვათ, ქორული მიდგომა აქვს, ამბობს, შეცდომა იყო, შარშან რომ არ მოგვეცით კანდიდატის სტატუსი, თითქოს ევროკავშირს საქართველოს ვალი აქვს და უნდა გადაიხადოს. ვნახოთ, რომელი მიდგომა გაამართლებს, ამას დრო გვიჩვენებსო. როდესაც მიდგომებზე არის საუბარი, სწორედ მოლდოვასთან ავლებენ ხოლმე პარალელს.

- რა იქნება გადამწყვეტი იმისთვის, რომ სტატუსი მოგვცენ?

- რამდენიმე მომენტია. ერთია, თუ როგორი იქნება უკრაინის ომთან დაკავშირებული საქართველოს პოზიციონირება, რადგან ამ საკითხში თეთრი და შავი ცალსახად არის გამოკვეთილი და მნიშვნელოვანია, ქვეყანა რომელ მხარეს დგას. ბუნებრივია, საუბარია ევროპული ღირებულებების ერთგულებაზეც, იმიტომ, რომ ბევრი კანონი ჰარმონიზებულია ევროკავშირის კანონმდებლობასთან და წინსვლაც არის. თუმცა ყველა ამბობს, რომ ევროკავშირი არ არის მხოლოდ კანონების ნაკრები, ეს არის ღირებულებებზე დაფუძნებული გაერთიანება და არსებითია, რამდენად იქნება თანხვედრაში ევროპულ ღირებულებებთან საქართველოს ხელისუფლების ქმედებები. მაგალითად, საერთოდ არ იყო ამასთან თანხვედრაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბუდაპეშტში, CPAC-ის (კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კოალიცია) კონფერენციაზე. რა თქმა უნდა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რუსეთ-უკრაინის ომში რა სიტუაცია გვექნება და ცხადია, ერთ-ერთი და არანაკლებ მნიშვნელოვანია 12 პუნქტის შესრულებაში რა პროგრესს ვაჩვენებთ. ძალიან გამიჭირდება, ვთქვა, თუ რომელს უფრო მეტი წილი ექნება ამ პროცესში, რადგან ეს ყველაფერი კოორდინირებულად გვაძლევს საერთო სურათს, რაზეც იქნება დაფუძნებული ევროკავშირის საბოლოო გადაწყვეტილება. ვფიქრობ, მინიმუმ ამ ოთხი კომპონენტისგან იქნება შემდგარი და ამის მიხედვით იმსჯელებენ ევროკავშირის ქვეყნები.

- როგორც ითქვა, ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოების პოლიტიკაზე საქართველოს მიერთებასთან დაკავშირებით ვალდებულებების შესრულების მაჩვენებელი გაუარესებულია. ეს რა გავლენას იქონიებს კანდიდატის სტატუსზე?

- კი, მაჩვენებელი გაუარესებულია და ბუნებრივია, ეს საკითხიც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ასოცირების ხელშეკრულებაში გვაქვს გათვალისწინებული და სახელმწიფო, რომელსაც სურს გახდეს ევროკავშირის წევრი, ყველანაირად უნდა ცდილობდეს თავისი საგარეო უსაფრთხოების პოლიტიკა თანხვედრაში იყოს ევროკავშირის ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან.ამის გამოძახილი იყო ეს დემარში, რომელიც უკავშირდებოდა რუსეთთან ფრენების აღდგენას. ეს გადაწყვეტილება არაფრით არ ჯდება ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაში. რაც შეეხება გავლენას, რა თქმა უნდა, ამასაც მიექცევა ყურადღება, რადგან თუ ქვეყანას სურს გახდეს ევროკავშირის წევრი, ყველანაირად უნდა ეცადოს, რომ თანხვედრაში ჰქონდეს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა.

რუსა მაჩაიძე