„სტრასბურგში საქართველოდან გაგზავნილი სარჩელების რაოდენობა მკვეთრად შემცირებულია“
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან გაგზავნილი სარჩელების რაოდენობა წინა წლებთან შედარებით მკვეთრად შემცირებულია.
18 აპრილს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ 2012 წლის შემდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოსთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემების ცვლილების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ "სტრასბურგში საქმეების რაოდენობა სამჯერ არის შემცირებული".
ხელისუფლების წარმომადგენლები ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და მის მიმართ მოქალაქეების ნდობის ხარისხის საზომად ამ მონაცემებს ხშირად იყენებენ, თუმცა საქმეთა წარმოების დინამიკაზე გავლენის მქონე ფაქტორებზე არაფერს ამბობენ. ცნობისათვის: 2004-2012 წლებში სტრასბურგის სასამართლოში წარდგენილ იქნა ჯამში 5416 საჩივარი, ხოლო 2013-დან 2021 წლის ჩათვლით - 982. 2022 წელს სასამართლოს დანაყოფებს 150 საჩივარი გადაეცა, შესაბამისად, 2013-2022 წლებში სასამართლოში ჯამში 1132 საჩივარი შევიდა. განსაკუთრებით ბევრი სარჩელი საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღირიცხა.
სტრასბურგის სასამართლოს ვებსაიტზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2009 წელს საქართველოდან გაგზავნილი სარჩელების რაოდენობამ 2122-ს მიაღწია.
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ჩივილის უფლება საქართველოს მოქალაქეებს 1999 წლიდან აქვთ, ანუ მას შემდეგ, რაც საქართველო ევროსაბჭოს წევრი გახდა. ამ დროიდან დღემდე სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან 4 ათასზე მეტი სარჩელი დარეგისტრირდა.
"ეს სტატისტიკა მაჩვენებლების მკვეთრ შემცირებაზე მიუთითებს, თუმცა ამ მონაცემებზე გავლენის მქონე ფაქტორების შესწავლამ უტყუარად დაადასტურა, რომ რაოდენობის ამგვარი ცვლილება ეროვნულ დონეზე ადამიანის უფლებების მდგომარეობისა და სასამართლო ხელისუფლების მიმართ ნდობის ხარისხის სათანადო საზომად არ გამოდგება", - გვეუბნება იურისტი ლია მუხაშავრია, რომელიც ევროსასამართლოში საქართველოდან წასული სარჩელების კლების ტენდენციის მიზეზებზე გვესაუბრა:
- 2008 წელს 6 არასამთავრობო ორგანიზაცია შევიკრიბეთ და მოვილაპარაკეთ, რომ გავასაჩივრებდით ომის დანაშაულებს და მომდევნო წლისთვის ასობით სარჩელი მომზადდა, რამაც კატასტროფულად გაზარდა სარჩელების რაოდენობა ევროსასამართლოში. განიხილეს საქმეები "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ-1", "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ-2", რომლებმაც გადაფარა ინდივიდუალური სარჩელები, განსაკუთრებით ომის საქმეებზე, და ამას მოჰყვა ის, რომ ამ სახელმწიფოთა შორის დავაში ბევრი საკითხი გადაწყდა. ეს პირველი მიზეზია, რამაც განაპირობა საქმეების რაოდენობის კლება სტრასბურგში;
როდესაც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი იყო, მან, ასე ვთქვათ, ამოიიღლიავა საქმეები, რომლებიც სამინისტროში დახვდა და რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ იყო, წაიღო სტრასბურგში და დაჰპირდა სასამართლოს, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს და მორიგებით დავასრულებთ ამ საქმეებსო. სხვათა შორის, ბოლო 15 წლის განმავლობაში რამდენჯერმე სცადეს ევროსასამართლოს რეფორმირება, რათა მან როგორც საქმეთა რაოდენობა, ასევე განხილვის ვადებიც შეამციროს. იქ მართლაც კატასტროფა ხდება - გეომეტრიული პროგრესიით გაიზარდა მიმართვების რაოდენობა. სასამართლოში რამდენიმე რეფორმატორული ცვლილება მოხდა, მათ შორის ერთი ის იყო, რომ თუ მორიგების წინადადებას მთავრობა წამოაყენებდა, მიუხედავად იმისა, მოსარჩელე მხარე იყო თუ არა თანახმა, სასამართლო თუ ჩათვლიდა, რომ ეს იყო სამართლიანი შეთავაზება, მას დაამტკიცებდა, ანუ ამ მხრივ საქმე გამარტივდა. ადრე ორივე მხარე უნდა დასთანხმებოდა და სასამართლო დაადასტურებდა მორიგებას. იმის გამო, რომ საქართველოს მთავრობის მორიგების წინადადებები იყო არაადეკვატური, შეუსაბამო და მიუღებელი (და რამდენიმე საქმეზე ასეთი პროცედურით სასამართლომ ეს დაადასტურა), ჩვენ ვწერდით სასამართლოს, რომ მათი დამტკიცება არ იყო სამართლიანი. მოკლედ, ეს პოლიტიკა შევაცვლევინეთ და მორიგებების ეს კასკადი აღარ გაგრძელებულა (2013-2015 წლებში). ამანაც მკვეთრად შეამცირა სტრასბურგში განსახილველი საქმეების რაოდენობა;
მესამე მიზეზი, რამაც გამოიწვია სარჩელების კლება, არის ევროსასამართლოს მიმართ ფრუსტრაცია, ვინაიდან, სტატისტიკა რომ ნახოთ, საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ საქმეებს ყველაზე გრძელი განხილვის ვადები აქვს. მე ბოლო დროს საქმეები გასაჩივრებიდან 9-10 წლის შემდეგ მოვიგე, რეკორდი იყო - 12 წლის შემდეგ. ამიტომაც ჩემს კლიენტებს ვერ მოვატყუებ და ვერ ვეტყვი, რომ საქმის წარმოება 4-5 წელში დამთავრდება. მაგალითად, გლოველის საქმე სწრაფად განიხილეს, გაგზავნიდან 4 წელში დასრულდა, რაც რეკორდულად სწრაფი გადაწყვეტილება იყო. თუმცა როგორც ევროსასამართლომ თქვა, ეს საქმე საქართველოს სასამართლომ ხელახლა უნდა განიხილოს და მიიღოს არსებითი გადაწყვეტილება. საქმე ჯერაც სასამართლოშია, შიდა ინსტანციებში განხილვა არ დასრულებულა. არის სხვა საქმეებიც. მაგალითად, მოვიგე ერთი საქმე, "ხიზანიშვილი და კანდელაკი საქართველოს წინააღმდეგ" (უგულავამ დელისთან კომერციული ფართობი რომ დაანგრია) არაადეკვატური კომპენსაციის შესახებ. საქმე მოვიგეთ არა მე-6 მუხლით, არამედ პირველი დამატებითი მუხლით, რომლითაც ევროსასამართლომ განაცხადა, ადეკვატური კომპენსაცია არ არის გადახდილი. ჩვენ ვერ ვიმსჯელებთ, რა უნდა იყოს ადეკვატური კომპენსაცია, ამიტომ საქართველოს შიდა სასამართლოებმა უნდა განიხილონ ეს საქმეო. მოკლედ, მე-4 წელია ეს ხალხი მეორე წრეზე დადის.
ერთი სერიოზული ბარიერი ისაა, რომ ევროსასამართლოში საქმეთა განხილვის ძალიან გრძელი ვადებია, რის გამოც ჩვენს მოქალაქეებს არ სურთ სტრასბურგში საქმის გასაჩივრება. მეორე - თუ იქ საქმეს მოიგებ, ისევ აქ, სასამართლოში გაქვს საქმე თავიდან განსახილველი (თანაც არაერთ ინსტანციაში) და საქმე უსასრულოდ გრძელდება. შესაბამისად, ევროსასამართლოების გადაწყვეტილებების მიმართ საზოგადოებას მეტად ნეგატიური დამოკიდებულება აქვს. კლიენტებს ამიტომაც ვუხსნი, რომ საქმის წარმოებას შეიძლება 8-10 წელი დასჭირდეს, რომ იქ კი მოვიგებთ, მაგრამ მერე აქ მოუწევთ ამ საქმეზე კიდევ სასამართლოსთვის მიმართვა, ადვოკატიც ხელახლა უნდა აიყვანონ, ხელახლა დაწერონ სარჩელი, წარადგინონ მტკიცებულებები და მათთვის ეს ისეთი თავსატეხია, უარს ამბობენ. ევროსასამართლოში მას შემდეგ მიდიხარ, რაც აქ ამოწურავ ყველა ინსტანციას და ვერ მიაღწევ სამართალს. მერე იქიდან კიდევ მეორე წრეზე რომ გიწევს სიარული, ეს კატასტროფაა. სხვათა შორის, ამან განაპირობა ის, რომ ევროკომისიის იმ 12 პუნქტში ერთ-ერთი ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების ჯეროვანი აღსრულების მოთხოვნაა. ამას აქ ვერ მივაღწიეთ, მაგრამ იქაც თავს იკავებენ იმის გამო, რომ ვადები გახანგრძლივებულია, სამართალწარმოება კი გაჭიანურებული. ამასთან, ევროსასამართლოს რეფორმის შედეგად დასაშვებლობის კრიტერიუმები ძალიან გამკაცრდა - ახლა უკვე ერთ მოსამართლეს შეუძლია დაუშვებლად გამოაცხადოს საჩივარი. როცა სასამართლო საჩივარს დაუშვებლად გამოაცხადებს, ის შემდგომ პროცედურულ ეტაპებს აღარ გაივლის და ვერ გაასაჩივრებ. სასამართლო არ გიწერს დასაბუთებას, რატომ მიაჩნია საჩივარი დაუშვებლად და ძალიან ბევრი საქმე ამით სრულდება. ეს ფაქტორიც ძალიან ცუდად მოქმედებს - ადვოკატისთვისაც გაურკვეველია, რატომ იქნა მისი საჩივარი დაუშვებლად გამოცხადებული, მით უფრო კლიენტს ვერ გააგებინებს.
გარდა ამისა, არის კიდევ ერთი სუბიექტური მიზეზი, რომელიც შეიძლება შედარებით ნაკლებად მნიშვნელოვანია: იმის გამო, რომ ქართველმა ადვოკატებმა ევროსასამართლოში უკვე ათეულობით საქმე მოიგეს, ევროსასამართლოს ქართულ საქმეებზე დადგენილი აქვს მაღალი სტანდარტი, პროცედურის წარმოებას ითხოვს სამართალწარმოების ენაზე, ან ინგლისურ, ან ფრანგულ ენაზე, რაც ადვოკატის კვალიფიკაციის მაღალ დონეს გულისხმობს.
გარდა ამისა, შექმნილია პრეცედენტი და უკვე პრეცედენტული სამართლის საფუძველზე უნდა გაასაჩივრო და დაასაბუთო, რაც ასევე ძალიან მაღალ კვალიფიკაციას მოითხოვს, რაც ამ ეტაპისთვის ყველა ადვოკატისთვის არ არის ხელმისაწვდომი. შესაბამისად, ისინიც თავს იკავებენ საქმეთა გასაჩივრებისგან.
- გამოდის, სტრასბურგში საჩივრების კლების ტენდენცია ქვეყნის მართლმსაჯულების ხარისხის საზომად არ გამოდგება (როგორც გვიმტკიცებენ) და არც სასამართლო სისტემას ახასიათებს დადებითად სარჩელების შემცირებული რაოდენობა...
- რა თქმა უნდა, არ გამოდგება. გარდა ამისა, ჩვენი დიდი იმედი, რომ ევროსასამართლოში გადაწყვეტილი საქმეები პრეცედენტულად მოაგვარებდა არა მარტო მომჩივანის საქმეს და პრობლემას, არამედ სხვა მსგავსი სისტემური ხასიათის პრობლემებსაც, არ გამართლდა. მეგონა, ერთ საქმეს რომ მოვიგებ, პრეცედენტულად ის ავტომატურად გავრცელდება სხვა შემთხვევებზე-მეთქი. იქ საქმეს რომ მოიგებ, მერე უნდა იარო ქართულ სასამართლოებში და კიდევ აქ უნდა მოიგო, თანაც, ყოველთვის არა გაქვს მოგების შანსი. ამასთან, ჩვენი საპროცესო კანონმდებლობით რაც დადგინდება, უნდა კეთილინებო და შეასრულო. ეს ძალიან ნეგატიურ ეფექტს იწვევს.
- თუ არ ვცდები, პირველი მოგებული საქმე სტრასბურგში თქვენი იყო.
- პირველი და მეორეც ჩემი იყო - 2003 წელს "თენგიზ ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ" და "შამაევი და 12 სხვა საქართველოს და რუსეთის წინააღმდეგ". მაშინ სტრასბურგში პირველი საქმეები ძალიან მალე აღსრულდა, რადგან ის ჩეჩენ მოქალაქეებს ეხებოდა, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს, მათი ექსტრადიცია რუსეთში უნდოდათ და ჩვენ არ მივეცით ამის შესაძლებლობა. თენგიზ ასანიძე კი ასლან აბაშიძის პირადი პატიმარი იყო, შეიწყალეს კიდეც, უზენაესმა სასამართლომაც გაამართლა, მაგრამ აჭარა არ ასრულებდა ამ გადაწყვეტილებებს. მერე გამოვიდა სტრასბურგის პრეცედენტული გადაწყვეტილება - ევროსასამართლო ადგენს მხოლოდ ევროკონვენციის რომელიმე მუხლის დარღვევას, მე კი ვთქვი, ამ კაცს რაში სჭირდება კიდევ ერთი ქაღალდი ინგლისურად ან ფრანგულად, სადაც ეწერება, რომ არ უნდა იჯდეს, მაგრამ მაინც ციხეში ზის, ამიტომ კატეგორიულად მოვითხოვე, ევროსასამართლოს გადაწყვეტილებით გაათავისუფლეთ კიდეც-მეთქი. მაშინ ჩემი ლონდონელი კოლეგები მეხმარებოდნენ, ვინაიდან ეს დიდი პალატის საქმე იყო, რომელსაც 17 მოსამართლე განიხილავდა. მითხრეს, 50 წელია ამ სასამართლოს მსგავსი არაფერი გაუკეთებია და ამას როგორ იზამსო. ვუთხარი, პრაქტიკოსი ადვოკატი აქ იმისთვის ჩამოვედი, რომ ამ ადამიანისთვის თავისუფლება მოვიპოვო, თორემ მას 2 ქაღალდი უკვე აქვს: ერთზე წერია, რომ პრეზიდენტმა შეიწყალა და მაინც ზის, მეორეზე უზენაესმა დაუწერა, გავამართლე, გავუშვიო, მაგრამ მაინც ციხეში ზის, სტრასბურგიდან ისე არ წავალ, მის გათავისუფლებას რომ არ მივაღწიო-მეთქი. მართლაც, მიიღეს გადაწყვეტილება - "გათავისუფლდეს პირველივე შესაძლებლობისთანავე" და ეს სასამართლოსთვის პრეცედენტი გახდა.