"ოპოზიციური პარტიები მკვეთრად გაერიყნენ "ნაცმოძრაობას" და ალტერნატივის შექმნის უფრო მეტი შანსი გაჩნდა" - კვირის პალიტრა

"ოპოზიციური პარტიები მკვეთრად გაერიყნენ "ნაცმოძრაობას" და ალტერნატივის შექმნის უფრო მეტი შანსი გაჩნდა"

"ნაციონალურმა მოძრაობამ" გამოაცხადა, ხელისუფლების შესაცვლელი გასაღების გადამრავლებას ვიწყებთო, და ოპოზიციას დაჰპირდა, ჩვენთან თუ იქნებით, მოგცემთ ამ გასაღებსო, მიუხედავად იმისა, რომ ეს გასაღები პრაქტიკაში როგორ მუშაობს, არავინ იცის. რაც მთავარია, გაუგებარია, "ნაციონალებთან" ყოფნა რას ნიშნავს მაშინ, როდესაც აცხადებენ, რომ სიაში არავის ჩაწერას არ ვაპირებთო. პარალელურად კვლავ გააქტიურდა სააკაშვილის პრემიერობის კანდიდატად დასახელების საკითხი, მიუხედავად იმისა, რომ ის საქართველოს მოქალაქე არ არის და ქართულ პოლიტიკაში ჩართვა ეკრძალება. ოპოზიციის დიდმა ნაწილმა "გასაღებზე" უკვე უარი განაცხადა. მეტიც, "ლელომ" მესამე ცენტრის შექმნა დააანონსა. რას ნიშნავს ეს ქართული პოლიტიკისთვის, ეშინია თუ არა "ნაცმოძრაობას" კოლეგა ოპოზიციონერების და სააკაშვილის თუნდაც ფორმალურად დასახელება გაზრდის თუ არა პოლარიზაციის რისკს, ამ საკითხებზე "კვირის პალიტრა" პოლიტიკის ანალიტიკოს რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა, რომელიც, თავის მხრივ, მესამე სცენარზე საუბრობს და არ გამორიცხავს, რომ ღარიბაშვილმა ცალკე პარტია შექმნას და მმართველმა პარტიამ 2024 წლის არჩევნების შემდეგ კოალიციური მთავრობა სწორედ მასთან ერთად დააკომპლექტოს.

- "ნაცმოძრაობამ" მიშას თანხმობით თუ ხელმძღვანელობით აიღო გეზი, რომ უნდა გამოეცხადებინათ ის ავადმყოფად, რათა გაეთავისუფლებინათ, და მთელი ძალა ამისკენ მიმართეს - დააკლებინეს წონაში და ისეთი იერი ჰქონდა, ჩვენც და დასავლეთსაც გული უწუხდა. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მერე აღმოჩნდა, რომ მას ვერ გაიყვანდნენ საზღვარგარეთ. ამავე დროს დაინახეს, რომ ეცემა "ნაცმოძრაობის" რეიტინგი. ვფიქრობ, უფრო ამ მეორე ფაქტორით მიხვდნენ, რომ ის ხმები, რაც "ნაცმოძრაობას" აქვს, მიშას ხმებია. ამიტომ მიშა უნდა იყოს ჯანმრთელი, სრულფასოვანი. ამიტომაც ცდილობენ ახლა ძველი მიშას დაბრუნებას.

- სააკაშვილის დედა ისევ ამბობს, რომ ის ცუდად არის და ქართულ პოლიტიკაში ჩართვის შესახებ აზრი არ შეუცვლია. თქვენი აზრით, "ნაცმოძრაობამ" სტრატეგია მისი თანხმობის გარეშე შეცვალა? ის ხომ საქართველოს მოქალაქე არ არის.

- არა აქვს მოქალაქეობა, მაშ, როგორ უნდა ჩართონ საარჩევნო პროცესში. მოსახლეობა დიდად ვერ ერკვევა კანონებში, მისთვის გასაგები და ცხადი იქნება მხოლოდ ის, რომ ამ პარტიას სათავეში მიშა უდგას. ამით დამთავრდება, ასე ვთქვათ, ეჭვები ამ პარტიაზე. მეორეა შესაძლოა მიშა და მისი ოჯახი თანხმობას ჯერჯერობით არ იძლევიან, რათა ეს საკითხი უფრო გახურდეს და მერე დაიწყება მიწოლა სახელმწიფოზე, ვთქვათ, ორმაგი მოქალაქეობის მიცემაზე. ეს უკვე სხვა სცენარი იქნება. ვიმეორებ, საქმეში ჩაუხედავი მოსახლეობისთვის მიშას სახელის ტრიალი მინიმუმ გათვლა იქნება, მაქსიმუმ კი მართლაც შემოიყვანონ პოლიტიკაში, თუკი მიაღწიეს ორმაგი მოქალაქეობის აღიარებას. ცხადია, ესეც პრეზიდენტის გასაკეთებელია და შესაძლოა დაიწყოს პრეზიდენტზე ზეწოლის ახალი რაუნდები.

- ანუ "ნაცები" ისევ მუშაობენ იმ კატეგორიაზე, რომლისთვისაც მიშა მთავარია. მეორე მხრივ, ის საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მიუღებელია, მათ შორის "ნაცების" ერთი ნაწილისთვისაც. ასეთი სქემით მოქმედება საზოგადოების კიდევ უფრო პოლარიზებას ხომ გამოიწვევს?

- როგორც ჩანს, "ნაცებს" მოცემულობად აქვთ მიღებული, რომ ისინი უნდა სძულდეს მოსახლეობას, და სწორედ მათი სიამოვნებაც იმაში მდგომარეობს, რომ იმ მოსახლეობის მართვის სადავეები მოხვდეს მათ ხელში. ამიტომ უნდათ რევოლუცია. რევოლუციას ხომ ხალხის უმრავლესობა არ ახდენს, განსხვავებით არჩევნებისგან, მცირე ჯგუფითაც შეიძლება რევოლუციის მოწყობა, მით უფრო, რომ ბოლო პერიოდში ძალიან გააქტიურდა "ნაციონალებში" ის თემა, რომ უკრაინაში მებრძოლი ქართველები "ნაციონალებს" უჭერენ მხარს, ჩამოვლენ და შეიცვლება ხელისუფლება. ეს იდეაც შეიძლება განვიხილოთ როგორც რევოლუციის ერთ-ერთი ვარიანტი. თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ "ნაცმოძრაობის" მიზანი არ არის ხელისუფლების აღება არც რევოლუციით და მით უმეტეს, არც არჩევნებით და მიზანი მხოლოდ დესტაბილიზაციაა, რათა არ განხორციელდეს საქართველოში სატრანზიტო პროექტები. უფრო დამაჯერებელი ეს მგონია.

- ეს რაში აწყობთ, პირდაპირ რუსული დავალების შემსრულებლები გგონიათ?

- არ ვიცი, შესაძლოა დავალება არც იყოს, ამათ გააკეთონ და მერე რუსეთს მიართვან საჩუქრად. ეს ხომ ის ჯგუფებია, რომელთა წევრებს კავშირები აქვთ რუსეთთან, რუსეთის მოქალაქეები არიან, რუსეთიდან დღესაც ფულს იღებენ და ა.შ.

- ამ სცენარში რით აიხსნება შეთავაზება ოპოზიციისთვის, ჩვენ გვაქვს გასაღები და მოგცემთო? ოპოზიციის პოტენციური ამომრჩეველი ხომ იმ 60%-შია, რომელიც არც "ოცნებას" უჭერს მხარს და არც "ნაცებს". ეს კატეგორია ამ სცენარით როგორ უნდა მიიზიდონ?

- სააკაშვილი რომ "ნაცებთან" გამოჩნდეს, ეს ხალხს "ქართული ოცნებისკენ" წაიყვანს იმის შიშით, რომ ჯანზე მოსული სააკაშვილი ისევ არ მოვიდეს ხელისუფლებაში.

- ანუ, "ქართული ოცნების" საქმესაც აკეთებენ?

- წლებია სულ ასე იქცევიან, ოღონდ არჩევნების პერიოდი მოვიდოდა თუ არა, იწყებდნენ ფურთხებას, კბენას, ჩქმეტას და ყოველივე იმის კეთებას, რაც მიუღებელი იყო საზოგადოებისთვის. შედეგად, "ოცნებისკენ" მირბოდა ხალხი. ასე იყო და ახლაც ასე იქნება. ამასთან, შესაძლოა არჩევნებისთვის ირიბად "ოცნების" საქმეც გააკეთონ და დესტაბილიზაციაც დაიწყოს, რათა ამოვარდეს საქართველო მშვიდობიანი და სანდო ქვეყნების სიიდან...

მინდა დავაზუსტო - ეს ბრალდებები ბრალდებებად გამოდგება, თუკი შეგნებული ქმედებებია, მაგრამ თუკი ისეთი შეცდომებია, რომლებიც გამოწვეულია იმით, რომ პოლიტიკური ჯგუფი ვითარებას ადეკვატურად ვერ აღიქვამს, მაშინ ბრალდებებს ვეღარ დავარქმევთ.

- ოპოზიციისთვის ანკესის გადაგდებას რითი ხსნით? ეს არის იმის შიში, რომ მართლა რამე არ გააკეთონ და არჩევნებზე არსებით შედეგებს არ მიაღწიონ, რაც მერე "ნაცმოძრაობას" საფრთხეს შეუქმნის? თუ არც ეს არის გათვლილი და სხვა რაღაცასთან გვაქვს საქმე?

- არ არის გამორიცხული, მართლაც ეშინოდეთ, რომ ოპოზიცია ან ცალკეული პარტია მათ ალტერნატივად არ ჩამოყალიბდეს, მაგრამ გათვლის დეფიციტი იმაში ჩანს, რომ, თუკი ამის შიში აქვთ, არ უნდა დაეწყოთ ყვირილი, არიქა, გასაღები ჩვენ გვაქვსო. ასეთ მოწოდებაზე არც ერთი თავმოყვარე პარტია არ მივა. ასე რომ, ეს ამ მხრივ შეცდომა იყო. მათ რამე ისეთი რომ წამოეწყოთ, რაშიც ოპოზიციური პარტიები გვერდით დაუდგებოდნენ, მაშინ, რა თქმა უნდა, ეს მიზანი მიღწეული იქნებოდა - "ნაციონალების" იარლიყი დანარჩენებსაც მიეწებებოდა და მისი მოშორება ძალიან ძნელია ხოლმე. ვიმეორებ, შესაძლოა მოტივი სწორედ ეს იყო, მაგრამ გაუთვლელობის გამო აღარ იყო "ნაციონალებისთვის" შედეგის მომტანი და პირიქით, ხელი შეუწყო საწინააღმდეგო მოვლენას - ოპოზიციური პარტიები უფრო მკვეთრად გაერიყნენ "ნაცმოძრაობას" და ალტერნატივის შექმნის უფრო მეტი შანსი გაჩნდა.

- "ლელო" მესამე ცენტრის შექმნას აპირებს. აქვს "ლელოს" ამის რესურსი და საერთოდ, დღეს მესამე ცენტრის შექმნის რა შანსი არსებობს?

- მესამე ცენტრი ხელის ერთი დაკვრით ვერ შეიქმნება. ამაზე მუშაობა გაცილებით ადრე უნდა დაწყებულიყო. ივანიშვილის მაგალითი გავიხსენოთ - მისი, როგორც "ნაცმოძრაობის" ალტერნატივის შექმნა გაცილებით ადრე, მისი ქველმოქმედების პარალელურად დაიწყო. ამიტომ, როდესაც პოლიტიკაში მოვიდა, ყველამ შესძახა, ამას უყვარს ქვეყანა და შეუძლია ქვეყნის მოვლაცო. შესაბამისად, მხარდაჭერა გარანტირებული ჰქონდა ისე, რომ არც პოლიტიკური პროგრამა და არც სხვა რამ მკაფიოდ გამოკვეთილი არ ჰქონია. ეს მაგალითი იმიტომ მოვიყვანე, რომ მსგავსი წინა პირობა უნდა არსებობდეს, მესამე ცენტრის შექმნაზე პრეტენზია რომ გქონდეს.

- დღეს ვის აქვს ამ მესამე ცენტრის შექმნის შანსი და საჭიროა კი? თუ უფრო მომგებიანი ოპოზიციური პარტიების ინდივიდუალური მოქმედება იქნება შედეგიანი?

- ჩემი აზრით, ცალ-ცალკე მოქმედება ჯობს იმიტომ, რომ აშკარად უჭირთ ჯგუფური ფიქრი. საერთოდ, რაც მეტი თავია, ინტელექტუალური პროდუქტიულობა მით ნაკლებია - ეს ერთი და მეორე - იმ გამოცდილებით, რაც საქართველოშია დაგროვილი, ერთი იდეა გამიჩნდა - ქართული პოლიტიკის უახლესი ისტორიის განმავლობაში შედეგიანი ოპოზიცია ხელისუფლების წიაღში იბადებოდა ხოლმე. ზვიად გამსახურდიას ოპოზიცია დაიბადა "მრგვალი მაგიდის" გარშემო, შევარდნაძის - სააკაშვილი, ჟვანია, ბურჯანაძე - მისი გუნდის წევრები იყვნენ. სააკაშვილის ოპოზიცია მისი გუნდის წევრი არ იყო, მაგრამ ივანიშვილი ხომ მის გვერდით მდგომი იყო და მერე ის ხალხიც შემოიკრიბა, ვინც თავის დროზე სააკაშვილის გუნდს წარმოადგენდა, იგივე რესპუბლიკელები. ეს ისტორია მაფიქრებინებს, რომ ხომ არ არის ოპოზიციის დაბადების ადგილი არა ქუჩა, არამედ მთავრობის კაბინეტები.

ჩვენს საპარლამენტო რესპუბლიკას ერთი სირთულეც აქვს - მმართველი პარტიის თავმჯდომარე არის ერთი პირი, ხოლო პრემიერი - სხვაა. არადა, როგორც წესი, საპარლამენტო რესპუბლიკებში ორივე ერთი პირია. "ქართულ ოცნებას" დღეს ერთიც არგია და მეორეც, მაგრამ ასეთი გაორება და შეუსაბამობა დასავლური პოლიტიკის სტილთან, ხომ არ წარმოშობს იმის პირობას, რომ პრემიერი გავიდეს ცალკე პარტიად? დღეს მას ბევრი მხარდამჭერი ჰყავს და ვერ ვიტყვით, რომ მისი პირადი რეიტინგი "ქართული ოცნების" რეიტინგზეა დამოკიდებული. თავისი პარტია რომ შექმნას, უკვე გვექნება ერთი პოლიტიკური ორიენტაციის ორი პარტია - "ქართული ოცნება" და პირობითად, ღარიბაშვილის ჯგუფი. ეს რომ მოხდეს, "ნაცმოძრაობა" უკვე ქვემოთ ჩაიჩოჩებს და ამ ორი პარტიიდან რომელი იქნება წამყვანი და რომელი არა, სულერთია. მეორე მხრივ, ამან შეიძლება ოპოზიციის ნატვრა "აახდინოს" - ამ ორმა პარტიამ შექმნას კოალიციური მთავრობა.

რუსა მაჩაიძე