"ისიც არ ვიცით, ნატოს სამიტზე რას ვიტყვით, ან რას მოვითხოვთ"
ნატოს ვილნიუსის სამიტის წინ, რომელიც 11-12 ივლისს გაიმართება, სადაც ერთ-ერთი აქცენტი უკრაინის უსაფრთხოებაზე გაკეთდება, ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი ამბობს, რომ უკვე დადგა ალიანსში უკრაინის მიწვევის დრო და თანაც წინასწარი პირობების გარეშე, როგორც ეს ფინეთისა და შვედეთის შემთხვევაში მოხდა. ის ფიქრობს, რომ თუკი ვილნიუსის სამიტზე "ნატო ვერ შეძლებს შეათანხმოს მკაფიო გზა უკრაინის წინსვლისთვის", პოლონეთისა და ბალტიის ქვეყნების ჯარები უკრაინაში შევლენ. გარდა ამისა, საუბარია, რომ სამიტზე უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები უნდა მიეცეს, და რასმუსენი 4 საკითხს ასახელებს: 1. უკრაინის დახმარება ძლიერი არმიის შექმნაში, რომლითაც შეძლებს წინ აღუდგეს რუსეთის ყველა სამომავლო შეტევას; 2. სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლის მექანიზმის გაძლიერება უკრაინასა და მის მოკავშირეებს შორის; 3. ევროკავშირისა და ნატოს დროშით გაიმართოს ერთობლივი წვრთნები ასევე უკრაინის ტერიტორიაზე და 4. ხელშეწყობა ძლიერი თავდაცვის ინდუსტრიის განვითარებაში, რათა უკრაინამ თავად შეძლოს სამხედრო აღჭურვილობის წარმოება. პარალელურად კი მიმდინარეობს ნატოს წვრთნები ევროპაში, სადაც ნატოს პარტნიორი ქვეყნებიც მონაწილეობენ და მათ შორის იაპონიაც, სადაც ცოტა ხნის წინ ნატოს ოფისი გაიხსნა. რა მნიშვნელობა აქვს ამ წვრთნებს, განსაკუთრებით უკრაინაში ომის დროს და ნატოს სამიტის წინ, რა გადაწყვეტილებები შეიძლება მიიღონ ამ სამიტზე და შესაძლებელია თუ არა ნატოს წევრი ქვეყნების სამხედროები მართლაც შევიდნენ უკრაინის ტერიტორიაზე, ამ საკითხებზე საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტს, ბრიუსელის საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიის ევროპული ცენტრის უფროს მეცნიერ თანამშრომელს თენგიზ ფხალაძეს ესაუბრა.
- ყველა წვრთნას აქვს თავისი ტაქტიკური ნახაზი იმ რეალობის გათვალისწინებით, რაც არის ამჟამად უკრაინაში - ანუ იმ ჰიბრიდულ საფრთხეებთან გასამკლავებლად, რომელთა წინაშეც შეიძლება დადგნენ ნატო და ნატოს პარტნიორი ქვეყნები. ამიტომ ეს წვრთნა ძალიან მნიშვნელოვანია. თავისთავად მნიშვნელოვანია ისიც, რომ ფინეთი უკვე წევრი სახელმწიფოა და ამ რანგში ეს წვრთნა ქვეყნისთვის პირველია. შვედეთიც, თუმცა ჯერ ნატოს წევრი არ არის, მაგრამ ფაქტობრივად ნატოს დე ფაქტო წევრია თავისი ჩართულობით სამხედრო ოპერაციებში.
- რა შანსია, რომ თურქეთი უახლოეს პერიოდში დათანხმდეს და რამდენად შესაძლებელია, რომ ამ სამიტზე გადაწყდეს ეს საკითხი?
- ეს საკითხი ასე ადვილად მოსაგვარებელი არ არის და ბევრ რამესთან არის დაკავშირებული. ზუსტად ამიტომაც არის ლაპარაკი, რომ შვედეთმა გაწევრებამდე მისცეს ნატოს უფლება მის ტერიტორიაზე საკუთარი კონტინგენტის განთავსების. შვედეთი ცდილობს მაქსიმალურად მიიღოს უსაფრთხოების გარანტიები, სანამ სრულად გაწევრდება ალიანსში.
- საქართველოს აქვს შანსი, რომ უსაფრთხოებისთვის ნატოს კონტინგენტის საქართველოში განლაგება ვითხოვოთ?
- ამაზე ლაპარაკი ახლა ძალიან არასერიოზულია. ნატოს სამიტზე რას ვიტყვით და რას მოვითხოვთ, ისიც არ ვიცით და რომელ ნატოს კონტინგენტის განთავსებაზეა საუბარი? საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები ნატოში გაწევრებაზე აღარ ლაპარაკობენ, არც პრემიერი, არც პრეზიდენტი. ეს მაშინ, როდესაც მოდის ძალიან მნიშვნელოვანი ვილნიუსის სამიტი და ჩვენ ძალიან უნდა ვაქტიურობდეთ. შანსი გვაქვს, მაგრამ თუ არ გამოიყენე, რა თქმა უნდა, თავისით არაფერი არ მოვა. ჩვენ ბოლო წვრთნებშიც კი არ ვმონაწილეობთ, რაც მართლაც უპრეცედენტო შემთხვევაა. აქედან გამომდინარე, ვილნიუსის სამიტზე არ ველი საქართველოსთვის რაიმე არსებითს.
- ბევრი განცხადება გაკეთდა ბოლო დღეებში უკრაინის შესახებ და რა შეიძლება გადაწყვიტონ?
- უკრაინასთან დაკავშირებით რამდენიმე კომპონენტია. ერთია უკრაინის დაცულობის ამაღლება, პრაქტიკული ნაწილი, რომელიც დღეს უნდა გაკეთდეს, და მეორე - ნათელი უნდა მოეფინოს იმ ბუნდოვანებას, რაც დღეს არსებობს, რადგან უკრაინას, ისევე როგორც ჩვენ, აქვს 2008 წლის ჩანაწერი, რომ ის გახდება ნატოს წევრი. იმავდროულად, უკრაინა არის ომში მყოფი სახელმწიფო. გარდა ამისა, იმ ჩანაწერში ასევე დაფიქსირებულია, რომ შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს მაპ-ი. მადრიდის სამიტმა დაგვანახა, რომ შეიძლება ქვეყნების გაწევრება მაპ-ის გარეშეც. ბევრი კითხვა არსებობს და უკრაინელები პასუხებს ითხოვენ, რომ ბოლოს და ბოლოს მიიღონ ნატოში და დიდი ალბათობით, მიიღებენ კიდეც.
- რასმუსენმა თქვა, რომ ნატოს ზოგიერთი წევრი ქვეყნის სამხედროები შესაძლოა უკრაინის ტერიტორიაზე შევიდნენ. ამით ჩაითვლება თუ არა, რომ ნატო პირდაპირ ჩაერთო ომში?
- სწორედ უკრაინის დაცულობაზე მიდის ლაპარაკი და ეს ეფუძნება ამჟამად მიმდინარე მოლაპარაკებებს.
- ნატოს ჯარი რომ შევიდეს უკრაინაში ამ ეგიდით, შესაძლებელია?
- არ არის ამის აუცილებლობა. საკმარისია, უკრაინამ მიიღოს საჭირო შეიარაღება, F-16-ების ჩათვლით, მიიღოს ლოჯისტიკური ტიპის დახმარება. უკრაინა არ ითხოვს ნატოს ჯარის შესვლას მის ტერიტორიაზე და სწორიც არის.
- ბოლო ხანს იაპონია გააქტიურდა, ახლა ევროპაში ნატოს წვრთნებში მონაწილეობს.
- იაპონია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად აფასებს კრიტიკულად თავის თავდაცვით სტრატეგიასა და როლს უსაფრთხოების სისტემაში. ასე რომ, ის ქვეყნებიც კი, რომლებიც ნეიტრალური არიან, უკვე კრიტიკულად უყურებენ ყველაფერს და ეს კიდევ ერთი სიგნალი უნდა იყოს იმისთვის, რომ ჩვენ გავაქტიურდეთ.
რუსა მაჩაიძე