„სანამ ოპოზიცია „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე არ გაიმარჯვებს, არაფერი გვეშველება“
"ნაციონალური მოძრაობა"“ „"ქართული ოცნების"“ მთავარი საყრდენი და მასულდგმულებელია. რეალური ცვლილებების გასაღები „"ნაციონალური მოძრაობის"“ გარეშე ოპოზიციის გამარჯვებაშია. „"ქართული ოცნება"“ უნდა დამარცხდეს, თუმცა ხელისუფლებაში „"ნაციონალური მოძრაობა"“ არ უნდა მოვიდეს - ეს უნდა იყოს ეროვნული ამოცანა", - ამბობს პარტია "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი.
- ლევან ხაბეიშვილს უთქვამს, "ნაციონალურ მოძრაობას" გვაქვს "ოცნების" დამარცხების გასაღებიო, ბოდიში და, თუ ვინმე "შეგვეტენებით", იმათაც გახეირებთო. სინამდვილეში "ნაციონალური მოძრაობა" "ქართული ოცნების" საყრდენი და მასულდგმულებელია. რამდენჯერ შემოიკრიბეს სხვა პარტიები და რომელ ჯერზე დადეს ბეჭებზე ბიძინა? შემთხვევით, პირიქით, ხომ არ მოხდა და ყველა ჯერზე გაამარჯვებინეს? ამიტომ ვამბობ, რომ სანამ ოპოზიცია "ნაციონალური მოძრაობის" გარეშე არ გაიმარჯვებს, არაფერი გვეშველება.
- ასე ფიქრობს "ლელოც", რომლის ლიდერებიც ამბობენ, რომ პროდასავლური ძალების ერთობის შექმნა სურთ.
- ჩვენ ახლა გაერთიანება კი არა, ერთმანეთთან და საზოგადოებასთან ლაპარაკი გვჭირდება. ხალხს უნდა ვუთხრათ, რა მოხდება ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლის შედეგად განათლებაში, ჯანდაცვაში, სასამართლოში, თავდაცვაში. ახლა რომ გავერთიანდეთ ისეთი პოლიტიკური ძალები, რომლებსაც "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში მოსვლა არ გვინდა, მერე რა ვაკეთოთ, ერთმანეთს ხელი ჩავკიდოთ და ხორუმი ვიცეკვოთ, ზილინა ვითამაშოთ?! წელიწად-ნახევარია არჩევნებამდე. ამ დროის განმავლობაში ჯობს ყველამ ჩვენს ხედვებზე ვისაუბროთ. გარდა ამისა, არ დავმალავ და გეტყვით, არ მომწონს "ლელოს" ამპარტავნება. რას ჰქვია, მის გარშემო შევიკრიბოთ?! თუ რამე ღუპავს ქართულ პოლიტიკას, პოლიტიკური ლიდერების მომეტებული ეგოიზმი და პოლიტიკური პარტიების უადგილო ეგოიზმია! ცოტა დაბლა დავეშვათ, დავმშვიდდეთ და ის კი არ ვიძახოთ, ჩემ გარშემო შეიკრიბეთო, არამედ ვთქვათ, რომ სადმე დავსხდეთ და დავილაპარაკოთ, დავიწყოთ ფიქრი, როგორი უნდა იყოს საქართველო "ქართული ოცნების" ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ,
როგორი უნდა იყოს უშიშროება, შინაგან საქმეთა სამინისტრო და როგორ უნდა გატარდეს რეფორმები განათლებისა და თავდაცვის სისტემებში. მე ამისთვის ვარ მზად!
- რჩება შთაბეჭდილება, რომ "მოქალაქეებისა" და "გირჩის" პოზიციები ყველაზე ახლოს არის?
- "გირჩსა" და "მოქალაქეებს" ერთმანეთისგან იმდენი რამ განსხვავებს ჩამოსათვლელად, ათი თითი არ მეყოფა. სრულიად განსხვავებული იდეოლოგია და მსოფლმხედველობა გვაქვს. კარგი ის არის, ჩვენ ერთმანეთთან ლაპარაკი შეგვიძლია, იმ საკითხებზეც კი, რაშიც არ ვეთანხმებით ერთმანეთს. დანარჩენებიც დავსხდეთ და ჩამოვყალიბდეთ, როგორი საქართველო გვინდა. ხალხს რა უნდა ვუთხრათ, როდესაც ჯერ ჩვენ თავად არ ვიცით, რა გვინდა?! მე მაინტერესებს, ლევან მურუსიძეს რა უნდა მოვუხერხოთ, უნდა მოვკლათ? მისი უვადო მოსამართლეობა კონსტიტუციით არის გარანტირებული. ან უნდა ვაწამოთ ლევან მურუსიძე და ვაიძულოთ დავაწერინოთ, რომ აღარ უნდა მოსამართლეობა, რაც საზიზღრობაა, ან კონსტიტუცია შევცვალოთ, რაც ასევე საზიზღრობაა! სად არის გამოსავალი?! მოდი, დავსხდეთ და ვიფიქროთ, ვიმსჯელოთ ამ გამოსავალზე, რომ ხალხთან საუბრისას უფრო თავდაჯერებული ვიყოთ.
ჩვენ თავად უნდა გვქონდეს რწმენა, რომ მერე სხვებსაც გადავცეთ! რატომ არ იცვლება ხელისუფლება? იმიტომ, რომ ხალხს ოპოზიციის არ სჯერა. ყელში ამოუვიდათ "ოცნება", მაგრამ ეშინიათ, ისევ "ნაციონალები" არ მოცვივდნენ. ჩვენც ვერაფერს ვეუბნებით სანუგეშოს და ვართ ასე გაჭედილი.
სასიცოცხლოდ აუცილებელია "ქართული ოცნების" ხელისუფლებიდან წასვლა, იმიტომ, რომ ეს არის ძალა, რომელიც აღარც მალავს, რომ ქვეყანას რუსეთისკენ ექაჩება. აბსოლუტურად ამოწურა ამ პოლიტიკურმა ჯგუფმა საკუთარი თავი. თუმცა ხელისუფლება მხოლოდ არჩევნებით უნდა შეიცვალოს. პოლიტოლოგიის ნებისმიერ სახელმძღვანელოში წერია, რომ გარდამავალი დემოკრატიის ქვეყნებში დემოკრატიის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ხელისუფლება ორჯერ მაინც შეიცვალოს არჩევნებით. ჩვენ ეს მხოლოდ ერთხელ შევძელით, კომუნისტების "მრგვალი მაგიდით" ჩანაცვლებას თუ არ ჩავთვლით. მაშინაც ერთ წელიწადში სამხედრო გადატრიალებით დაამხვეს კანონიერი ხელისუფლება, მერე იყო 2003 წლის რევოლუცია - რა მნიშვნელობა აქვს ვარდების იყო თუ კიტრის და პამიდვრის, რევოლუცია რევოლუციაა! 2012 წელს ძალიან კარგი ამბავი მოხდა - არჩევნებით შეიცვალა ხელისუფლება და იმედია, ახლაც ასე მოხდება. პირადად მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ "ქართული ოცნება" ოპოზიციაში წავიდეს, იმიტომ, რომ ამ პოლიტიკური ძალის მესამე ვადით ხელისუფლებაში მოსვლა კატასტროფა იქნება. ასმაგი კატასტროფაა "ნაციონალური მოძრაობის" დაბრუნება. უკვე მეთერთმეტე წელია, რაც ოპოზიციაშია და ვერც დასკვნები გამოაქვთ და არც სინანულს განიცდიან.
- რაც არ უნდა ბევრი იმსჯელოთ და სწორი დასკვნები გააკეთოთ პატარა პარტიების ლიდერებმა, როგორ წარმოგიდგენიათ, "ქართული ოცნების" არჩევნებში დამარცხება ერთობის შექმნის გარეშე, თუნდაც "ნაციონალების" გამოკლებით?
- ჯერ ერთი, პოლიტიკაში მყარი მოცემულობები არ არსებობს, პარტია, რომელიც დღეს პატარაა, ხვალ შეიძლება დიდი იყოს, თუ სწორად იმუშავებს. წარმოიდგინეთ, რა სასიამოვნო სურათი იქნება, ოპოზიციაში "ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" ერთად ნახვა. ყველა კვლევა ცხადყოფს, რომ იმ ოპოზიციას, რომელსაც არც "ქართული ოცნება" ეხატება გულზე და არც "ნაციონალური მოძრაობა", ელექტორალური რესურსი საკმარისად აქვს, ყველაზე დიდი იმედი კი გადაუწყვეტელი ამომრჩეველია.
- კი, მაგრამ არჩევნებამდე სულ რაღაც წელიწად-ნახევარია დარჩენილი.
- რა ვქნათ, ჩვენ არც ფული გვაქვს და არც ტელევიზია, პარლამენტში ვაკეთებთ იმას, რასაც უნდა აკეთებდეს ნებისმიერი საპარლამენტო პარტია საკანონმდებლო ორგანოში - ხალხის პრობლემების მოგვარებაზე ვფიქრობთ. უამრავი საკითხი გვაქვს, მაგრამ იმის გამო, რომ ტელევიზია არა გვაქვს, გვიჭირს გატანა. ლიბერთი ბანკს დავაწევინეთ საპროცენტო განაკვეთი, მაგრამ შენც არ მომიკვდე, მაინც ატყავებს პენსიონერებს. ყველა ეთერში, სადაც დავიწყებ საზოგადოებისთვის საჭირბოროტო საკითხზე საუბარს, ჟურნალისტები მაწყვეტინებენ და მეუბნებიან, მაგაზე მერეო! ოღონდ ეს "მერე" აღარასდროს აღარ დგება. წელიწად-ნახევარი მაკეთებინეს კომენტარები იმაზე, რას ჭამდა და რას ინელებდა სააკაშვილი. ვეხვეწებოდი, დამანებეთ თავი, არ ვიცი, არც დიეტოლოგი ვარ, არც ციხის ექიმი-მეთქი, არა, გინდა თუ არა, უნდა თქვაო. ხომ დაადასტურა სტრასბურგის სასამართლომ, რომ სააკაშვილმა წელიწად-ნახევარი ტყუილად ტანჯა და აწვალა ქვეყანა!
- სხვათა შორის, სააკაშვილის თემა ისევ აქტუალური იყო საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის სხდომაზე, ისევ შეგვახსენეს, რომ მისი გათავისუფლება საქართველოს ხელისუფლების კეთილი ნების ჟესტი იქნებოდა და დეპოლარიზებასაც შეუწყობდა ხელს.
- ვინც რა უნდა ის თქვას სააკაშვილის საკითხზე, ძალიან მარტივად და გასაგებად გაგვცა პასუხი სტრასბურგის სასამართლო. ევროპარლამენტში ათასი ჯურის ხალხია, შეიძლება ვიღაცას საკუთარი სუბიექტური მოსაზრება ჰქონდეს მიშას შესახებ. ზოგი მეკობრეების პარტიიდანაც კი არის. რა ვქნათ ახლა?!
- რას გულისხმობთ?
- იმას, რომ ევროპარლამენტის წევრები ისეთი ეგზოტიკური პარტიის წარმომადგენლებიც ხდებიან, როგორიც არის, მაგალითად, მეკობრეების ან ლუდის მსმელების პარტიები. იქ ყველა ილია ჭავჭავაძის მსგავსი კი არ არის! მერე რა, რომ ვიღაცამ რაღაც თქვა. სააკაშვილის თემა აღარ არის აქტუალური, იმიტომ, რომ სტრასბურგის სასამართლომ, რომელსაც მთელი მსოფლიო ენდობა, განაცხადა, ერთხელ უკვე გითხარით, ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ სააკაშვილს ტანჯავენ ან კლავენო. შესაბამისად, მისი უცხოეთში გადაყვანის საკითხი მსოფლიოს დღის წესრიგიდან მოიხსნა.
განათლების სისტემა ისეთ ცუდ დღეშია, მშობელმა შვილი რეპეტიტორთან რომ არ წაიყვანოს, ეროვნულ გამოცდას ვერ ჩააბარებს და ამ დროს დიდი თუ პატარა სააკაშვილის კუჭის მოქმედებაზე მსჯელობდა. მითხარით ერთი, ვის აწყობდა ეს მავნებლობა ყველაზე მეტად?!
- თქვენი გეგმის შესახებ გვითხარით, რას აპირებთ, როგორ გადალახავთ 5%-იან ბარიერს?
- ორი წელი გვლანძღეს მე და ლევანი, რატომ შეხვედით პარლამენტშიო, ჩვენს ფოტოებს წვავდნენ. მერე დადგნენ და პარლამენტში შელაგდნენ. ამ სირთულეების მიუხედავად ელექტორატი არ დაგვიკარგავს.
პარლამენტში რომ შევედით, ერთპროცენტიანი რეიტინგი გვქონდა, მერეც ასე იყო. ბოლო კვლევაში კი დაფიქსირდა, რომ 2% გვაქვს. ესე იგი, ჩვენი პარტიის რეიტინგი 100%-ით გაიზარდა. ეს ჩემთვის დამაიმედებელია. ხალხი მიხვდა, რომ არც ფული აგვიღია და სწორი გადაწყვეტილებებიც მივიღეთ.
- თქვენი მზარდი რეიტინგი საკმარისია 5%-იანი ბარიერის გადასალახად?
- არა, არ არის საკმარისი. საქართველოში დემოკრატიის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დაბალი ბარიერი. ჩვენ ერთხელ ვუყარეთ კენჭი საკონსტიტუციო ცვლილებას ამ პარლამენტში და შარლ მიშელის შეთანხმების საფუძველზე 3%-მდე დავწიეთ, მაგრამ ეს დოკუმენტი "ქართულმა ოცნებამ" თაროზე შემოდო. ჩვენ არ ვაპირებთ ვეხვეწოთ "ქართულ ოცნებას". ჩვენი მიზანია 5%-იანი ბარიერის გადალახვა შევძლოთ. ამისთვის ვმუშაობთ დღედაღამ და შევძლებთ კიდეც!
ხათუნა ბახტურიძე