„არ უნდა დავუშვათ, რომ საქმე ქვეყნის დასანქცირებამდე მივიდეს“ - კვირის პალიტრა

„არ უნდა დავუშვათ, რომ საქმე ქვეყნის დასანქცირებამდე მივიდეს“

პოლიტიკურ სცენაზე სიახლეებს, ახალი მოქმედი პირების გამოჩენას პოლიტოლოგები და ანალიტიკოსებიც პროგნოზირებენ. ოპოზიციის დიდმა ნაწილმა უკვე უარი თქვა "ნაციონალური მოძრაობის" შეთავაზებაზე - გაერთიანდნენ საერთო სტრატეგიის გარშემო. როგორ განვითარდება პროცესები 2024 წლამდე, ვინ მიიღებს ოპოზიციური სპექტრიდან "ნაციონალების" შეთავაზებას, მათი ქოლგის ქვეშ "ქართული ოცნების" წინააღმდეგ ბრძოლის თაობაზე, "ლელო" ვისთან ითანამშრომლებს ან ვისთან არა, ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე ბადრი ჯაფარიძე გვესაუბრა:

- არ მესმის, რას ნიშნავს საერთო სტრატეგია! ყველა ოპოზიციურ პარტიას ერთი ამოცანა აქვს - ყველას სურს ხელისუფლების არჩევნებში დამარცხება, სხვა ყველა დანარჩენ საკითხზე ჩვენი მიზნები და შეხედულებები განსხვავებულია, ამიტომაც ერთიანი სტრატეგიით მოქმედება არ გამოვა.

- ოპოზიციის ერთი ნაწილი, მაგალითად, დეპუტატი რომან გოცირიძე ამბობს, რომ თუ პატარა პარტიები არ გაერთიანდებიან, მარცხისთვის არიან განწირული. უკვე ცხადია, რომ საარჩევნო ბარიერი 5% დარჩება. როგორ აპირებს პარტია "ლელო" ამ ბარიერის გადალახვას?

- "ლელოს" ამოცანა არ არის 5%-იანი ბარიერის გადალახვა. ჩვენ გაცილებით ამბიციური მიზნები გვაქვს - გვსურს ერთ პლატფორმაზე მყოფი პროევროპელი პოლიტიკოსებისა და პარტიების კონსოლიდაციას შევუწყოთ ხელი, დავარღვიოთ ორპოლუსიანი ველი, შევქმნათ ალტერნატიული მძლავრი პოლიტიკური ველი, რომელიც წელში გადატეხს პოლარიზებას. გვინდა პარტნიორებთან ერთად არჩევნებში დავამარცხოთ ხელისუფლება და მოვიდეთ კოალიციურ მთავრობაში.

- პროდასავლური კურსი აქვს დეკლარირებული "ნაციონალურ მოძრაობასაც" და გახარიას პარტიასაც, თუმცა ამბობთ, რომ მათთან არ ითანამშრომლებთ. ვინ იქნებიან თქვენი პარტნიორები?

- მაგ ორი პარტიის გარდა, ყველასთან, ვინც ჩვენთან თანამშრომლობას მოინდომებს.

- ანუ "გირჩსა" და "მოქალაქეებთანაც"?

- არა, მათ თქვეს, რომ არ აინტერესებთ ჩვენთან თანამშრომლობა და დამოუკიდებლად აპირებენ არჩევნებში მონაწილეობას. ჩვენ ვგულისხმობთ იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებსაც ასეთი ერთობის შექმნა საჭიროდ მიაჩნიათ. ასეთი ბევრია, ზოგიერთ მათგანთან უკვე ვსაუბრობთ, ზოგიერთთან უახლოეს მომავალში ვგეგმავთ.

- ვინ არიან ესენი?

- ზოგიერთი "ქართული ოცნების" ყოფილი წევრია, ზოგი "ნაციონალების", ზოგიც - საზოგადოების აქტიური წევრი.

- შეიძლება თქვენს ერთობაში ვიხილოთ ხატია დეკანოიძე, რომან გოცირიძე, ზვიად ძიძიგური?

- ჩვენ არავისთვის არა გვაქვს ტაბუ დადებული, იმის გამო, რომ ვინმე ადრე "ოცნებაში" ან "ნაციონალურ მოძრაობაში" იყო, არ ვაპირებთ უარი ვთქვათ თანამშრომლობაზე. მთავარია, პროდასავლური იყოს. უნდა ითქვას, რომ ეს ძალიან დელიკატური პროცესია და სანამ საბოლოოდ არ შევთანხმდებით, ამაზე საჯაროდ საუბარი საქმეს დააზიანებს.

- რა იქნება თქვენი ერთობის მთავარი გზავნილი, მაშინ როდესაც "ოცნება" ამბობს, რომ ქვეყანაში მშვიდობას მხოლოდ თავად უზრუნველყოფს. შეგიძლიათ საზოგადოების დარწმუნება, რომ თუ ხელისუფლებაში "ქართული ოცნება" არ იქნება, ქვეყანა სამხედრო დაპირისპირებაში არ ჩაერთვება?

- სწორედ "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში დარჩენაა მთავარი საფრთხე მშვიდობისთვის! სწორედ მათ გაზარდეს და გაამწვავეს საზოგადოებაში დაპირისპირება, ხალხი აიძულეს ევროპული მომავლის დასაცავად ქუჩაში გამოსულიყო.

- მმართველი გუნდის წარმომადგენლები და მხარდამჭერები ბოლო დროს ხშირად მიგვანიშნებენ, რომ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია საფრთხესაც შეიცავს, რადგან ჩვენი მისწრაფება რუსეთს აღიზიანებს და ამასთან, არც ნატოსა და ევროკავშირში გვიღებენ კარს. პრემიერმა ღარიბაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ უკრაინა ისჯება ნატოში გაწევრების სურვილის გამო. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ უსაფრთხოდ სიარული?

- ყველა ვთანხმდებით, რომ საქართველოს თავის დროზე უნდა მიეღო ნატოს საგზაო რუკა. ამაზე უარის თქმა ნამდვილად შეცდომა იყო. რაც შეეხება უკრაინაში შეჭრის მიზეზს, ღარიბაშვილი ამბობს, რომ ეს არის უკრაინის ნატოში გაწევრების სურვილი! იცით, ეს სიმართლე რატომ არ არის? იმიტომ, რომ კიევი ნატოში გაწევრებაზე საერთოდ არ ლაპარაკობდა, მოსკოვმა ყირიმი რომ წაართვა. რუსეთს სურდა და ახლაც სურს, რომ უკრაინამ საკუთარ სახელმწიფოებრიობაზე თქვას უარი. უკრაინას იმიტომ უნდა ნატო, რომ საკუთარი სუვერენიტეტი შეინარჩუნოს. აი, ამის უთქმელობა და მხოლოდ იმის აღნიშვნა, რომ რუსეთი უკრაინას ნატოში გაწევრების სურვილის გამო სჯის, ნახევრად ნათქვამი სიმართლეა, ანუ ტყუილი. ეს ტყუილი ან შეგნებულად არის ნათქვამი, რათა განავრცონ აზრი, რომ თითქოს ნატოში გაწევრების სურვილის გამოხატვა სახიფათოა, ან დიდი უცოდინარობა. სახელმწიფოებრიობაზე უარის თქმას არც ერთი ერი არ აპატიებს საკუთარ ხელისუფალს. ღარიბაშვილი და "ქართული ოცნების" სხვა ლიდერები ხშირად ისეთ ინტერპრეტაციას აკეთებენ, თითქოს უკრაინის ხელისუფლებას შეეძლო თავიდან აერიდებინა რუსეთთან ომი, მაგრამ იმას კი არ ამბობენ, რის ხარჯზე შეეძლო. რატომ არ ამბობენ?! აი, ეს არის საეჭვო და ამიტომ გამოიწვია მისმა ნათქვამმა აღშფოთება როგორც უკრაინასა და დასავლეთში, ასევე საქართველოში. ძალიან სამწუხაროა, რომ ქართველებს ასე წარმოგვადგენს მსოფლიოში ჩვენი პრემიერი!

- შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე წუხილი გამოთქვა, ევროპელი პოლიტიკოსები საქართველოს ლიდერთა განცხადებებს ნეგატიურ ინტერპრეტაციას აძლევენო. ის ცდილობდა ევროპელი ლიდერები დაერწმუნებინა, რომ პრემიერის განცხადებები არ არის ანტიდასავლური.

- მარინა კალიურანდიმ ღარიბაშვილის განცხადებებიდან კონკრეტული ციტატები ამოიკითხა, მათ შორის ისიც, ევროპარლამენტმა საკუთარ თავს მიხედოსო. "ქართული ოცნების" ლიდერებისგან განსხვავებით, ევროპელები არგუმენტების გარეშე არ საუბრობენ. ღარიბაშვილის განცხადება ნამდვილად ანტიდასავლური იყო. ჩვენ ხომ ვიცით, რომ ევროკავშირის პოლიტიკა გულისხმობს რუსეთთან სატრანსპორტო მიმოსვლისა და ვაჭრობის მაქსიმალურად შემცირებას, რუსი პოლიტიკოსებისა და ბიზნესმენების დასანქცირებას. "ოცნება" კი ყველაფერს პირიქით აკეთებს, ზრდის რუსეთთან ვაჭრობას, აფართოებს მიმოსვლის მასშტაბებს, ქვეყანაში უპრობლემოდ უშვებს სანქცირებულ პირებს. ეს ხომ ნიშნავს, რომ ევროკავშირისგან რადიკალურად განსხვავებულ პოლიტიკურ კურსს ატარებს?!

- ოპოზიციის ერთი ნაწილი ამბობს, რომ სტატუსის მიღებას ახლა აზრი არა აქვს, რადგან ანტიდასავლური ხელისუფლება გვყავს, მაინც არ გამოიყენებს და ტყუილად ჩაეთვლება დივიდენდად, მეორე ნაწილის აზრით კი, თუ დასავლეთს საქართველოში გავლენის დათმობა არა აქვს გადაწყვეტილი, პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და სტატუსი მოგვცენ.

- მოგვცემენ თუ არა სტატუსს, ევროკავშირი გადაწყვეტს. ჩვენ ცოტა ხნის წინ მოვისმინეთ გერმანიის კანცლერის განცხადება, რომ საქართველომ სწრაფად, უახლოეს კვირებში უნდა გაატაროს ის რეფორმები, რომლებიც ევროპარლამენტის რეკომენდაციებით არის გათვალისწინებული. ჩვენი სურვილია სწრაფად გატარდეს რეფორმები, ქვეყანამ სწრაფად მიიღოს კანდიდატის სტატუსი და სწრაფად დაიწყოს მოლაპარაკება გაწევრებაზე. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი პრობლემებთან არის დაკავშირებული "ქართული ოცნების" მმართველობის ხელში, იმიტომ, რომ ცალსახად ანტიდასავლური ძალაა.

- სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების მთავარი კოორდინატორი ამბობს, რომ რუსეთში გაზრდილია ელექტროტვირთების შეტანა საერთაშორისო სანქციების აღმასრულებელ სავარაუდო 5 პრობლემურ ქვეყანას ასახელებს, მათ შორის საქართველოსაც.

- ჩვენი მეგობრები საქართველოს ხუთ პრობლემურ ქვეყანას შორის მოიხსენიებენ, მაგრამ ჩვენ, ოპოზიციამ და საზოგადოებამ, წნეხში უნდა მოვაქციოთ ხელისუფლება და ვაიძულოთ დაგმანოს ყველა არხი, რომლებიც რუსეთის ფედერაციაში სანქცირებული ტვირთების გადატანისთვის შეიძლება გამოიყენონ. არ უნდა დავუშვათ, რომ საქმე ქვეყნის დასანქცირებამდე მივიდეს.

ხათუნა ბახტურიძე