"შარშან, როდესაც კანდიდატის სტატუსი არ და ვერ მივიღეთ, ძალიან დავიჩაგრეთ, უსამართლოდ დავიჩაგრეთ - წელსაც არ გამოვრიცხავ, ასე მოხდეს, თუმცა..." - კვირის პალიტრა

"შარშან, როდესაც კანდიდატის სტატუსი არ და ვერ მივიღეთ, ძალიან დავიჩაგრეთ, უსამართლოდ დავიჩაგრეთ - წელსაც არ გამოვრიცხავ, ასე მოხდეს, თუმცა..."

“ესენგეში” მყოფი ქვეყანა კანდიდატის სტატუს იღებს და საქართველო, რომელიც პირნათლად ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს ასრულებს, კანდიდატის სტატუს ვერ იღებს და მხოლოდ ევროპულ პერსპექტივას იღებს - ეს არ არის სამართლიანი გადაწყვეტილება და სამწუხაროდ, წელსაც არ გამოვრიცხავ, რომ ასე მოხდეს , - ამის შესახებ “ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო შარშან ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის ვერ ან არ მიღებით დაიჩაგრა.

"შარშან, როდესაც კანდიდატის სტატუსი არ და ვერ მივიღეთ, ძალიან დავიჩაგრეთ და მეტსაც გეტყვით უსამართლოდ დავიჩაგრეთ. არაფერს ვერჩი ჩვენს მეგობარ ქვეყანას მოლდოვას, მაგრამ სტატუსი „ესენგეში“ შემავალმა ქვეყანამ მიიღო და ჩვენ ვერ მივიღეთ. ჩვენ ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული კრიტერიუმით გაცილებით წინ ვართ, ვიდრე ის ქვეყნები, ვინც კანდიდატის სტატუსები მიიღო. ეს იმას ნიშნავს, რომ დიახ, დავიჩაგრეთ. რატომ და რისთვის, ამის განსჯა საზოგადოებას მივანდოთ. ეს არ იყო სამართლიანი გადაწყვეტილება, ეს უსამართლო გადაწყვეტილება იყო.

ეს დაადასტურა ევროკავშირმა თავისი გამოქვეყნებული კრიტერიუმებით და ასევე, იმ ფაქტმა დაადასტურა, რომ ესენგეში მყოფი ქვეყანა კანდიდატის სტატუს იღებს და საქართველო, რომელიც პირნათლად ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს ასრულებს, კანდიდატის სტატუს ვერ იღებს და მხოლოდ ევროპულ პერსპექტივას იღებს. ეს არ არის სამართლიანი გადაწყვეტილება და სამწუხაროდ, წელსაც არ გამოვრიცხავ, რომ ასე მოხდეს, თუმცა მე მაინც ოპტიმისტი ვარ და ხანდახან ჩემს თავს გამოუსწორებელსაც ვუწოდებ ხოლმე. ვფიქრობ, რომ კანდიდატის სტატუსი უნდა მივიღოთ, ასეთი დამოკიდებულება ჩვენი მეგობრების მხრიდან აღარ უნდა იყოს, აღარ ვიმსახურებთ და არასდროს არ ვიმსახურებდით და არც ახლა ვიმსახურებთ. იმიტომ, რომ მართლები ვართ. ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე რიტორიკისთვის, თუ ვინმემ უნდა დაგვსაჯოს, ეს სამართლიანი არ იქნება. ვფიქრობ, რომ არ უნდა დავისაჯოთ და დავიჩაგროთ“, - განაცხადა მდინარაძემ.

"ინტერპრესნიუსი"