დაუმორჩილებელი ვერე - კვირის პალიტრა

დაუმორჩილებელი ვერე

თბილისის 13 ივნისის ტრაგედიიდან 8 წელი გავიდა. წყალდიდობამ მდინარე ვერეს ხეობაში 19 კაცის სიცოცხლე შეიწირა, უგზოუკვლოდ დაიკარგა რამდენიმე ადამიანი და 200-ზე მეტი უსახლკაროდ დარჩა. თითქმის მთლიანად განადგურდა თბილისის ზოოპარკი - ცხოველების დიდი ნაწილი წყალდიდობას ემსხვერპლა, ნაწილმა კი ვოლიერებს თავი დააღწია და ქალაქში გაიქცა. სტიქიური უბედურება 13 ივნისს გვიან ღამით დაიწყო და 14 ივნისის დილამდე გაგრძელდა. თბილისელებს ახსოვთ ქუჩაში მოსეირნე დათვები, მგლები, ვეფხვები და ბეჰემოთი. კალაპოტიდან გადმოვიდა მდინარე მტკვარიც. სამაშველო სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ და ექსტრემალურ პირობებში ჩატარდა მარჯვენა სანაპიროზე ჩარჩენილი ხალხის ევაკუაცია. მდინარე ვერეს ადიდების შედეგად გამოწვეული წყალდიდობა და მსხვერპლი თბილისში პირველი არ არის. როგორც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ექსპერტი, პროფესორი კონსტანტინე მჭედლიშვილი გვეუბნება, თბილისს სამი ასეთი კატასტროფა ახსოვს (1903, 1961 და 2015 წლების, როცა ადიდებულმა ვერემ დატბორა ყველაფერი, მათ შორის ზოოპარკიც). ჩვენი რესპონდენტი კატასტროფის მიზეზებსა და მომდევნო წლებში მისი თავიდან აცილების საშუალებებზე გვესაუბრება:

- ფაქტორები, რომლებმაც 13 ივნისის ტრაგედია გამოიწვია, არ აღმოგვიფხვრია და არც გადამწყვეტი ღონისძიებები გაგვიტარებია, კვლავ დაუცველი ვართ. ჩვენი ხელმძღვანელობა მინდობილია იმას, რომ კატასტროფული ღვარცოფული ჩამონადენები დაახლოებით 50-60 წელიწადში მეორდება. ვერეს ხეობაში პირველი კატასტროფა 1903 წელს მოხდა. იმხანად ვერეს ხეობაში (დღევანდელი გმირთა მოედნის ტერიტორიაზე და მის ზემოთ) გაშენებული იყო მოქალაქეთა ბაღ-ბოსტნები, ვენახები და ეგზოტიკური მწვანე ბაღ-რესტორნები.

არ უნდა დავივიწყოთ, რომ თბილისში ყველაზე სახიფათო ორი მდინარე გვაქვს - წავკისის წყალი და მდინარე ვერე. წავკისის წყალი ღრმად ჩაჭრილ კლდოვან კანიონში მიედინება და გადის ბოტანიკურ ბაღში, იქიდან აბანოთუბანში (უკვე დაბახანის ხევის სახელით) და შემდეგ უერთდება მტკვარს. დაკვირვების სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ 50-60 წელიწადში ერთხელ უძლიერესი თავსხმა წვიმების დროს აუზში კატასტროფული წყალმოვარდნა იცის. ერთი 1953 წელს იყო, როცა გოგირდის აბანოებში ბევრი ადამიანი დაიხრჩო.

ვერეს გაცილებით მეტი მოცულობისა და ღვარცოფული წყალმოვარდნა ახასიათებს, რადგან მისი ვიწრო ხეობა თითქმის 40 კმ სიგრძისაა. იქ ტყეც დეგრადირებულია - ძველი, 200-300-წლოვანი ხეები თითქმის აღარ გვხვდება, არის შედარებით ახალგაზრდა ხეები, რომელთაც კოკისპირული წვიმებისგან წამოსული წყლის ნაკადის დიდი ნაწილის შეკავების უნარი არ შესწევთ. წყალი ფერდობებიდან ხევში ჩაედინება, ტიხნარ გრუნტს რეცხავს, მოაქვს ლოდები, მოთხრილი ბუჩქები, ქვები, ხეები და წარმოიშობა ღვარცოფული, ანუ სელური ნაკადი.

vere2-1686485336.jpg

პირველი კატასტროფის დროს, 1903 წელს, მხოლოდ ბაღ-ბოსტნები და ბაღ-რესტორნები წაილეკა. იმხანად დღევანდელი გმირთა მოედნის ტერიტორიიდან ვერის ხეობაზე გადავდიოდით 4-მალიანი ხიდით, რომელიც XVII საუკუნეში აშენდა და დაახლოებით წითელი ხიდის კონფიგურაციის იყო, აგურისგან აშენებული და სპარსული ყაიდის. მისმა მშენებლებმა გაითვალისწინეს მდინარე ვერეს ხასიათი, რომ მას, როგორც ყველა მთის მდინარეს, აქვს სამი ზონა - აქტიური, ნეიტრალური და პასიური (მტკვრის შესართავთან). აქტიურია იმ ნაწილში, სადაც კოკისპირული წვიმები ფერდობებიდან გრუნტსა და ქვებს ჩამორეცხავს ხოლმე, მცენარეებს გლეჯს. ნეიტრალურ ზონაში მყარი ნატანი არ ჩერდება, მოძრაობს. პასიურ ზონაში ფსკერის გრძივი ქანობი იმდენად მცირეა, რომ წყალი კარგავს ენერგიას და მყარი ნატანი ამ ზონის ტერიტორიაზე რჩება. სწორედ ეს პასიური ზონაა ვერეს ქვედა ნაწილი, მტკვართან შესართავიდან დაახლოებით 1 კმ მანძილზე. ამ ადგილას სახლი არასდროს არავის აუშენებია, მხოლოდ ბაღჩები იყო. ადრინდელი კატასტროფების დროს ღვარცოფული ნაკადი ხიდმა გაატარა - მაშინდელმა ოსტატებმა იცოდნენ, რომ ეს არის პასიური ზონა, აქ დიდი რაოდენობის ნატანი მოდის და 4-მალიანი ხიდიც ამიტომ გააკეთეს.

XX საუკუნის მეორე კატასტროფა 60-იანი წლების დამდეგს მოხდა. 30-იან წლებში გაიჭრა სადგურის ქუჩიდან მომავალი გზა, შემდეგ აშენდა ჩელიუსკინელების ხიდი, საბურთალო განივი კავშირით დაუკავშირდა მტკვრის მარცხენა ნაპირს და შეიქმნა გმირთა მოედანი. მის პირველ პროექტში ჩადებული იყო მაღალი რკინაბეტონის თაღოვანი ხიდი, რომელმაც გადაფარა აგურის ძველი ხიდი. 70-იან წლებამდე, სანამ მოედნის რეკონსტრუქცია არ დაიწყო, ახალ ხიდზე გავლისას ძველი ხიდიც ჩანდა. ამ ზონაში მაშინაც არ იყო შენობა-ნაგებობებიI. მერე აშენდა 300-მეტრიანი გვირაბი, რომელიც გმირთა მოედნის ქვეშ გადის, მტკვრის კალაპოტში მრგვალი თაღით გამოდის და ვერეს ხეობიდან გამოსული წყალი მტკვარს უერთდება. დღეს გვირაბის დიდი ნაწილი გამოვსებულია მყარი ნატანით, რომელიც მუდმივად მოაქვს ვერეს. ვერც მაშინდელმა და ვერც ახლანდელმა ქალაქის ხელმძღვანელობამ საფრთხე ვერ დაინახა და გვირაბი არ გასუფთავებულა.

ვერეს ხეობის ბოლო სამი კატასტროფა გვიჩვენებს, რომ სამივე 50-60 წლის ინტერვალით მოხდა. საერთოდ, მდინარეებს კატასტროფული ჩამონადენები იშვიათად ახასიათებს, ნაკლებად კატასტროფული - უფრო ხშირად, ყოველწლიურად კი გაზაფხულსა და შემოდგომაზე იცის მოდიდება. მაგალითად, ახლა ვერეში წლიური საშუალო ხარჯი წამში 1 კუბური მეტრია, კატასტროფული ხარჯის დროს წამში 400-500 კუბური მეტრი წყალი მოედინება.

- თავის დროზე კატასტროფის მიზეზად გარემოზე ზემოქმედების შეფასების გარეშე ახალი საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობა და მდინარე ვერეს გოფრირებულ მილებში ჩაკეტვა სახელდებოდა...

- 2015 წლის კატასტროფას კომპლექსური მიზეზები ჰქონდა: 1. ვერეს ხეობაში, რომელიც 40 კმ და მეტი სიგრძისაა ბეთანიამდე, უსისტემო გაჩეხისგან ტყე დეგრადირებულია და იმდენ წყალს ვერ აკავებს, რამდენსაც ადრე აკავებდა; 2. 1958 წელს, როდესაც ვაკე-საბურთალოს შემაერთებელი საავტომობილო მაგისტრალი აშენდა და იყალთო-ბახტრიონის გორა გაიჭრა, იქიდან ამოჭრილი მასა, რომელიც თიხოვანი ფიქლებისა და ქვიშაქვისგან შედსგებოდა, ვერეს ხეობაში ჩაყარეს, ჩადეს დიდი დიამეტრის 120 მ სიგრძის მრგვალი მილი და ზემოდან ქუჩა გაიყვანეს. როცა ვერეს ხეობაში ერთ-ერთი ფერდობი დაიმეწყრა, უზარმაზარი თიხნარი გრუნტი ჩამოცურდა თავისი ქვებით, ბუჩქნარითა და ხეებით. მოდიდებულმა მდინარემ ეს ყველაფერი წამოიღო და მილი გაჭედა და წყლის დონემ 8-9 მეტრით აიწია. შემდეგ დაწოლილმა მასამ ეს საცობი გამოანგრია და საშინელი სისწრაფით დაეშვა "მზიურის" ტერიტორიაზე; 3. საშინელი შეცდომა და დიდი დანაშაული იყო ვერეს ხეობის განაშენიანება - მდინარის ნაპირზე, სვანეთის ქუჩაზე კერძო სახლები აშენდა. თავიდან კარგი პროექტი იყო - ბავშვთა დასასვენებელი კომპლექსი, რომლის ინიციატორი მწერალი ნოდარ დუმბაძე გახლდათ. მის ინიციატივას მხარი დაუჭირა შევარდნაძემაც, ხოლო ავტორი გახლდათ არქიტექტორი ირაკლი მასხარაშვილი. მან და მისმა კოლეგებმა შექმნეს პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა ვერეს ხეობის დარეგულირებას სამი კაშხლით, ამ კაშხალებით დაგუბებულ წყალში საცურაო კომპლექსების მოწყობასა და ვიწროლიანდაგიან საბავშვო რკინიგზას ბეთანიამდე. ეს პროექტი რომ განხორციელებულიყო, დღეს შესანიშნავი გამწვანებული რეკრეაციული ზონა გვექნებოდა, მაგრამ თავი იჩინა ჩვენიII ქალაქის მესვეურების სიხარბემ, რაც შეიძლება მეტი ფული ეშოვათ და წალკოტში მოინდომეს საცხოვრებელი სახლებისა და ადმინისტრაციული შენობების აგება. მახსოვს, მაშინ მერია ცინიკურად აცხადებდა, ჩვენ აქ შევქმნით "ნიუ-იორკ სენტრალ სითის" მსგავს გამწვანებულ პარკსო. იქ ეს პარკი ხელოვნურად არის შექმნილი, ჩვენ კი ბუნებრივად გვქონდა ყველაფერი, რაც გავანადგურეთ და საცხოვრებელი სახლები ჩავდგით. ამას მოჰყვა გზის გაყვანაც და შემდეგ დაიწყო ინტენსიური განაშენიანება. ქალაქის მესვეურებმა მდინარე გოფრირებულ ლითონის მილებში მოაქციეს. ეს მისასალმებელი იქნებოდა, რომ არა ვერეს კატასტროფული სელური წყალმოვარდნების ხასიათი. ხიდების ჩანაცვლებამ მილებით მოგვცა გაცილებით მეტი კომერციული ტერიტორია, არადა, ხიდები რომ ყოფილიყო, კატასტროფის შედეგებიც ასეთი საშინელი არ იქნებოდა.

- დღეს რა რისკების წინაშე ვდგავართ.

- 2015 წლის კატასტროფამ საშინელი შედეგი და ადამიანების მსხვერპლიც მოგვიტანა. ვაკე-საბურთალოს შემაერთებელი გზა ხიდით რომ ყოფილიყო დაკავშირებული, ის სელურ ნაკადს თავისუფლად გამოატარებდა, ნაკადი თანდათან ძალას დაკარგავდა, ხოლო ვერეს ქვედა ნაწილში სამი ხიდი თუ გვექნებოდა, წყალი მათ ქვეშ გაივლიდა და კატასტროფა არ მოხდებოდა.

როდესაც 2010-2012 წლებში ვერეს ხეობაში მაგისტრალი შენდებოდა, მაშინ დავწერე, აქ წყლის არმაგედონი იქნება-მეთქი, თუმცა ასეთი შედეგის წინასწარმეტყველება გადაჭარბებად ჩამითვალეს. სამწუხაროდ, ჩემი წინასწარმეტყველება ასრულდა.

მომდევნო კატასტროფის თავიდან ასაცილებლად ვაკე-საბურთალოს შემაერთებელ გზაზე არსებული მილი ხიდით უნდა შეიცვალოს. მიზანშეწონილია, ხიდს მდინარის კალაპოტში საყრდენები არ ჰქონდეს - იყოს კიდული კონსტრუქციის, ან ორ განაპირა ბურჯს შორის ხიდი ე.წ. უჭრი კოჭით გადაიხუროს, რათა წამოსულ სელურ ნაკადს გასაქანი მიეცეს. ჩაყრილი მილები ხიდებით უნდა შეიცვალოს. ვერეს ხეობაც უნდა დარეგულირდეს ისე, როგორც პროექტში იყო ჩადებული და გათვალისწინებული იყო სამი კაშხალი: ერთი უნდა აშენებულიყო უნივერსიტეტის ახალ კომპლექსთან (იქ კიდული საქვეითო ხიდია და მის ქვეშ უნდა აშენებულიყო), დანარჩენი 2 ბეთანიამდე ერთმანეთისგან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით. ამის შედეგად შეიქმნებოდა სამი ტბა თავისი დასასვენებელი ინფრასტრუქტურით, რაც მთავარია, ეს დაარეგულირებდა ხეობას - კატასტროფული წყალი რიგრიგობით სამივეს გაავსებდა და შედარებით მცირე ნაკადი წამოვიდოდა. ამაზე, არც ფიქრობენ, არადა, მილის შემცვლელი ხიდი აუცილებელია. გარდა ამისა, აუცილებელია რეგულარულად იწმინდებოდეს თითქმის 400-მეტრიანი გვირაბი.

ერთი სიტყვით, აუცილებელია დარეგულირდეს მდინარე ვერეს ხეობა ბეთანიამდე. რეკრეაციული კომპლექსის ის ნაწილი მაინც გაკეთდეს, რაც იყო გათვალისწინებული, აიგოს კაშხალები; ვაკე-საბურთალოს შემაერთებელ გზაზე არსებული მილი აუცილებლად ხიდით უნდა შეიცვალოს; ხიდებით უნდა შეიცვალოს ქვემოთ ჩამომავალი არსებული მილებიც, საჭიროა ვერეს ხეობის გამაგრება. ვერეს ხეობაში ბეთანიამდე დიდი დაქანების ფერდობებია, რომლებიც ვიწრო ხეობას ქმნიან და ხანგრძლივი წვიმების შემთხვევაში დიდი საშიშროებაა, გრუნტის მასები მდინარეში ჩამოვიდეს. ამას ცალკე მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები სჭირდება - ქვედა ტერიტორიაზე უნდა შეწყდეს დიდი შენობა-ნაგებობების აგება და აღდგეს მდინარის კალაპოტი. დღეს მაინც დავუჯეროთ სპეციალისტებს, ქართველ ინჟინრებსა და არქიტექტორებს და არა ვიღაც გერმანელ-ფრანგებს, რომლებიც მაღალი ჰონორარის გულისთვის ხელმძღვანელობისთვის სასურველ პროექტს გააკეთებენ.