"დღეს იმის ჟამია, რომ ქართველმა კაცმა გამოიფხიზლოს" - კვირის პალიტრა

"დღეს იმის ჟამია, რომ ქართველმა კაცმა გამოიფხიზლოს"

"ვერკვლის ციხე ვარ მგლისფერი, მტრის რისხვად მდგარი დიდგორსა", - ამ სიტყვების ავტორი ტარიელ ხარხელაურია, იდუმალი ენის შემგრძნობი და ყველგან და ყველაფერში უფლის მადლის მპოვნელი, ლირიკულ გმირს ძალდაუტანებლად რომ გადაულოცავს ფეხის დაკვრით მიწის შეძვრას, ჩასუნთქვით - ცის ჩახრას და ცასაც დაუმონებს, მიწასაც და ამ შეშლილ სამყაროსაც, სარკმლად სივრცეს უბოძებს და სანთლადაც აქცევს, საკმევლადაც, სალოცავადაც და მლოცველადაც.

- იმ საუკუნის თაობამ, რომელშიც მე დავიბადე, თავისი კვალი დატოვა არა მხოლოდ ქართულ მწერლობაში, არამედ მთლიანად ქვეყნის ისტორიაში. თუმცა ისე ვერ ვემსახურეთ ჩვენს ქვეყანას. ისე გავაიოლეთ სიტყვები "სამშობლო", "მწერალი", რაღაცნაირად თითქოს საჯილდაო ქვა გახდა მწერალი. მწერალი საჯილდაო ქვა კი არა, სარკე უნდა იყო შენი ქვეყნისა, სულიერი სარკე სხვანაირად უფლება არა გაქვს, იმიტომ, რომ პოეზია შენი მოგონილი არაა. შენ არა ხარ პირველი, ვინც პოეზიას ემსახურება და არც ბოლო იქნები. ღმერთმა დამიფაროს, ამაზე პრეტენზია მქონდეს, მხოლოდ მე ვარ და სხვები არ არიანო. ახლა ბევრად ჩემზე ძლიერი ახალგაზრდა თაობა მოდის. პოეზია ჩემი ცხოვრების წესია, რომელიც არ მაძლევს გამოყრუების საშუალებას. პოეზიასთან უზნეო, უბრალო კაცი ვერ იცხოვრებს. მას სისუფთავე სჭირდება და უნდა ეცადო, ყველაფერი გაიღო, გასცე, რაც გაგაჩნია. უნდა დაიტოვო მხოლოდ ჯანსაღი და სუფთა გარემო იქ, სადაც ცხოვრება გიწევს.

- რთულია თქვენთან დაკავშირება, როგორც აღმოჩნდა, ტელეფონს არ იყენებთ.

- ტელეფონი არ მიყვარს, ხანდახან ისეთ დროს დარეკავს, შიშისაგან შეხტები. არ შეიძლება მუდმივად ტელეფონისათვის იყო მზად, სხვა რამეზეც ხომ უნდა ფიქრობდე? ამიტომ არ ჯობია სულ გამორთული იყოს?

- მთაში ყოფნა შველის ადამიანურ ტკივილებს?

- ტკივილის საშველი შენს თავში უნდა ეძებო. მთას არ უყვარს მტირალი, ლაჩარი კაცი. თუ ტკივილთან შეგუების უნარი არა გაქვს, ტკივილის გაძლება თუ არ შეგიძლია, მაშინ არც მთის კაცად ითვლები. ჩემთვის ეს ტკივილი ჩვეულებრივი, მთის ხასიათია და შეგუებაც, მთის ხასიათშია. ამისათვის მხოლოდ შენ არ გაგიძლია, უამრავმა ხალხმა გაუძლო. მარტო მე რომ ვყოფილიყავი, ბედნიერი ვიქნებოდი.

tariel2-1686486122.jpg

- პოეტის დანიშნულება რა არის დღეს?

- პოეტის დანიშნულებაზე შეიძლება ზოგადად ისაუბრო, მაგრამ პოეტმა უნდა იცოდეს ვის ესაუბრება. ამ ახალგაზრდა თაობას რომ ვუყურებ, დღეს ყველაზე მეტად ეს არის ყველაზე სახიფათო გასავლელი ჩემი წუთისოფლის მიწურულში. ეს ჩემი შვილიშვილების თაობაა. ესენი სხვანაირად გიყურებენ, სხვანაირი მოლოდინი აქვთ. არ მინდა იმედი გავუცრუო. ხმა უნდა გქონდეს იმედიანი, მაგრამ ზოგჯერ არ იძლევა დრო ამის საშუალებას, ხანდახან ტკივილზეც უნდა ისაუბრო, რომ ქართველ კაცს გენი არ დაავიწყდეს. თუ ეს დაგავიწყდა, მაშინ ღრმა ძილიდან ვეღარ გამოფხიზლდები. დღეს იმის ჟამია, რომ ქართველმა კაცმა გამოიფხიზლოს.

- რა არის თქვენთვის ლექსი?

- ლექსი ჩემთვის ლოცვაა. როცა მუზა მოდის, ის არასოდეს გეკითხება, სად ხარ, რა გარემოში. შეიძლება ისეთ დროს მოვიდეს, როცა არც ფურცელი გაქვს და არც კალამი. ასეთ დროს გონების მართვა უნდა ისწავლო, რათა ლექსი გონებაში სამუდამოდ ჩაბეჭდო. მარტოობაც საზრდოა პოეზიისა. თუ დააძინებ, პოეზია გამოშრება. ტკივილი მუდმივად უნდა იყოს შენი თავსასთუმალი. ტკივილის მოფიქრების შიში უნდა დასძლიო.

- რა არის სიყვარული?

- სიყვარული თუ მოსაყოლია, არაფერი ყოფილა. უთქმელი სიყვარული მარადიულია. მე ჩემი მეუღლის სიყვარულმა მასწავლა, თუ როგორ უნდა გაუფრთხილდე სიყვარულს. ის არის ქალი, რომელმაც ყველაფერი გაწირა ჯანმრთელობის ჩათვლით, რომ მე კალამთან მორჩილი ვყოფილიყავი.

- სევდაზე გკითხავთ...

- სევდა დიდი მასწავლებელია, როცა მოგერევა, მტერი გახდება შენი. თუ მარტო სევდა ატარე, სისხლი დაოკდება და ყველაფერი მორჩება. უნდა იბრძოლო, შენს ვნებებს მოერიო. დროის კარგვას არ უნდა დაემორჩილო. დროს შენ უნდა უკანონო.

- დღეს ხელოვნება თავისუფალია?

- თავისუფლება ყველაფრის უფლება არაა. ის ყველაზე მკაცრია, რომლის დაცვაც ძალიან ცოტას თუ შეუძლია. შენი თავის უფალი თუ არა ხარ, ეს თავისუფლება არაა. დღეს, ჩვენდა სამწუხაროდ, დეკლარირებული თავისუფლებაა. ასეა დემოკრატიაც. მე სამშობლოს სიყვარულს ვერავინ მასწავლის. ქედს მოვუხრი ყველას, ვინც ჩემნაირად იცეკვებს, ვისაც ჩემნაირი სიმღერა შეუძლია. ვისაც შეუძლია დაწეროს "ბალადა ვეფხვისა და მოყმისა". "სამშობლო, როგორც უფალი, ერთია ქვეყანაზედა", - აი, ასე უნდა გიყვარდეს შენი ქვეყანა. თავისუფლება არ გამორიცხავს სიყვარულს, რომელიც დღეს ძალიან გვაკლია.

- ჩემს გამოსვლაზე რას ფიქრობს ღმერთი?! / აქ ყოფნას ნუღარ გამისაფლავებთ... / მაშ, დავიჯერო, არ გიჭირს, ბიჭო?! / თოვს და ეს თოვლი შენ არ გაცვივა?.." - თუ შეგიძლიათ, ბექაზე რაიმე მითხრათ.

- ბექა რომ დაიბადა, მეგონა, ჩვენ წუთისოფლის გავლა ერთად მოგვიწევდა, ვფიქრობდი, რომ ცოტა ადრე მე მომიწევდა ამ სოფლიდან გასვლა. მას ჩემზე უკეთ შეეძლო მამულისათვის ემსახურა. სიყვარულის მატარებელი, რაინდული სულის იყო. ყველა მისი მოძრაობა გონებაში მაქვს შენახული: როგორ ადიოდა და ჩამოდიოდა კიბეზე, როგორ იცინოდა... სოფელში რომ ავდივარ და მის საწოლს გადავხედავ, მგონია, იქ წევს... ხომ არა მაქვს უფლება, ბექას მერე ბედნიერი ვიყო, მაგრამ გარკვეულ­წილად მაინც ვარ, რადგან ჩემ გვერდით ჩემი შვილების თაობაა. მე არ დამისვამს ღმერთისთვის კითხვა: რისთვის? ჩემი თავი გადავამოწმე, იქნებ მე დავუშვი შეცდომა-მეთქი. ხელჩასაჭიდი რომ ვერაფერი ვიპოვე, წინაპრებს გადავწვდი. პაპების თაობაზე პასუხისმგებელი ვერ გავხდი, რადგან შორეული წარსულის არაფერი ვიცი. ჩემი ბექა ყოველთვის ჩემს გულშია და ჩემს ხვაშიადსაც ლექსებით ვუზიარებ.

- თქვენ ბექას მკვლელს მიუტევეთ...

- ჩემი შვილის მკვლელს ვაპატიე. იოლი არ იყო... ეს მოხდა პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ. მთხოვა, მომეყოლა შვილის შესახებ. როცა ვისაუბრეთ, მითხრა, ახლა თქვენ გაცვალეთ მამაშვილობა, ის არის მამა, შენ ხარ შვილი. ის წავიდა შენ მაგივრად, შენ კი შენი მისია უნდა შეასრულო, რაც ამ წუთისოფელში გავალიაო. არ მქონდა უფლება ეს არ გამეკეთებინა. ახლა მე დედამიწის ზურგზე არავის სიძულვილი არ შემიძლია, მათ შორის არც ჩემი შვილის მკვლელის. მას პირადად არ შევხვედრივარ. 10 წელი ჰქონდა მისჯილი და მოიხადა. ხევსურებს ასეთი წესი გვაქვს, თუ მკვლელი სასჯელს იხდის, შენ შურისძიების უფლება არა გაქვს. სისხლის დანახვა ჩემთვის საშინელებაა. 12 წელი ცხვარში ვიარე, ცხვარი და ქათამი არ დამიკლავს, ერთხელ შემთხვევით ტოროლა შემომაკვდა და ის მაქვს სანანებლად, იმ ფრინველის ცოდვა მაწევს.

- ამის მერე, ალბათ, ლექსით უნდა დავამთავროთ ინტერვიუ..

- "არ ყოფილიყო მარტოობა, / თავად შევქმნიდი, / ცაო, დაიმსხვრა ყველა მითი შენი სრულობის, / ბებერო მიწავ, ამოვდივარ შენი ქერქიდან, / ეს მე ვარ, /მე ვარ/ჟამი ენი მარტოსულობის.

ბებერო მიწავ, დაეკარგა ხიბლი მნათობებს, / არც ეს მზე მინდა, / არც ეს მთვარე ცაზე მცურავი, / მხოლოდ მე და შენ,/ მხოლოდ ახლა ან არასოდეს, / როგორც სიცოცხლეს / დღეს სიკვდილსაც ვუთხრათ უარი".

არ მინდა ისე გავღარიბდე, რომ არავისთვის საინტერესო აღარ ვიყო. ჩემი სიცოცხლის არსს ამაში ვხედავ, რომ ვიღაცისათვის მაინც ვიყო თუნდაც შვების მომტანი.

რუსუდან შაიშმელაშვილი