„დაგვიბრუნეთ ჩვენი ეზო!“
ცინცაძის ქუჩის #56 და #58 კორპუსის მობინადრენი 9 წელია იმისთვის იბრძვიან, რომ მათ ეზოში 25-სართულიანი კორპუსი არ აშენდეს. ისინი მერიის გაცემულ ნებართვას აპროტესტებენ და ითხოვენ, რომ დაშვებული შეცდომა მერიამ თავად გამოასწოროს, არსებული სივრცის ადგილმონაცვლეობა გააკეთოს და კუთვნილი ეზო დაუბრუნდეთ. მობინადრეთა თქმით, თუ 25-სართულიანი კორპუსი აშენდება, მოსახლეობას თავიანთ ეზოებში მისასვლელი გზებიც კი ჩაეკეტება. წლებია მათი პროტესტი გრძელდება, ინსტანციიდან ინსტანციაში უშედეგოდ დადიან და თბილისის მერიაც პოზიციას იცვლის. ორი წლის წინ მერის მოადგილე ირაკლი ხმალაძე აცხადებდა, რომ ინვესტორს მერიამ არაერთი ტერიტორია შესთავაზა ადგილმონაცვლეობისთვის, თუმცა ის უარს ამბობდა. "ჩვენთვის ეს საკითხი კარგად არის ცნობილი, რადგან არაერთი წელი მიმდინარეობდა სასამართლო დავა და უკვე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაც არსებობს. მერიას უზენაესმა სასამართლომ დაავალა ვადის აღდგენა გაცემულ ნებართვაზე. რადგან მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისთვის საკითხი მტკივნეულია, ამიტომ შევეცადეთ ინვესტორი დაგვეყოლიებინა ტერიტორიის ადგილმონაცვლეობაზე, რამდენიმე მიწის ნაკვეთიც შევთავაზეთ, თუმცა კომპანიამ უარი განაცხადა. "აიკონია კაპიტალისგან" წერილიც მივიღეთ, რომ მათთვის მონაცვლეობა მიუღებელია და სურთ სამშენებლო სამუშაო გააგრძელონ". დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ მერიის გაუქმებული სამშენებლო ნებართვა სასამართლომ აღადგინა, შესაბამისად, მასზე რეაგირების შესაძლებლობა თბილისის მერიას არა აქვს. "ეს არის წინა მერის დროს გაცემული სამშენებლო ნებართვა, რომელიც ჩვენ გავაუქმეთ. თუმცა შემდეგ გასაჩივრდა სასამართლოში და სასამართლომ ნებართვა აღუდგინა ინვესტორს. ასე რომ, მერიას დღეს რეაგირების და მოქმედების არანაირი შესაძლებლობა არა აქვს", - ამბობს კახა კალაძე.
ყველაფერი კი ასე დაიწყო: ცინცაძის (ყოფილი საბურთალოს ქუჩა) #56-სა და #58 კორპუსების მობინადრეებმა მშენებელი კომპანია "ახალი სტილისგან" ჯერ კიდევ აუშენებელ კორპუსებში ბინები შეიძინეს. პროექტის თანახმად, მრავალბინიან კომპლექსს 2 500 კვადრატულ მეტრზე გადაშლილი გამწვანებული ეზო უნდა ჰქონოდა. მშენებელმა პრობლემების გამო მშენებლობა მიატოვა და დაუსრულებელი დარჩა სადარბაზოები, ლიფტები და ეზო. ამ ყველაფრის მოწესრიგება მობინადრეებს მოუხდათ. 2016 წელს მოსახლეობამ მოულოდნელად გაიგო, რომ ტერიტორია, სადაც მათ გამწვანებული ეზო უნდა ჰქონოდათ, გაიყიდა და ახალ უცხოელ მეპატრონეს იქ მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა სურდა. ბიზნესრეესტრის მიხედვით, შპს "აიკონია კაპიტალი" 2014 წელს დაარსებული კომპანიაა, რომლის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელია ამერიკელი სეტ ედვარდ ბლაი ჩარი.
მოსახლეობამ ჯერ თბილისის მერიაში შეიტანა საჩივარი და ნებართვის გაუქმება მოითხოვა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწიეს და საკუთარი უფლებების დაცვა სასამართლოს გზით სცადეს. პირველი ინსტანციის სასამართლომ გაცემული ნებართვა შეაჩერა, თუმცა მოპასუხე მხარემ იჩივლა და ეს დავა წლების განმავლობაში გრძელდება - მოსახლეობის მოთხოვნა სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა და ხალხმა ვერც სამართლებრივი გზით შეძლო თავისი უფლებების დაცვა.
ადვოკატი უჩა ზაქაშვილი წლებია ამ კორპუსების მობინადრეთა ინტერესებს იცავს: - განაშენიანების გენერალური გეგმის თანახმად, რომელიც მთავარი არქიტექტურული დოკუმენტია და წინ უძღოდა არაერთი კვლევა, განისაზღვრა, როგორ უნდა მომხდარიყო ამ ტერიტორიის განაშენიანება. გენგეგმაში აღინიშნა, რომ ეს იქნებოდა 14-სართულიანი მრავალბლოკიანი კორპუსი, რომელსაც წინ დიდი სარეკრეაციო ზონა ექნებოდა, 2016 წელს კი სწორედ იმ ტერიტორიაზე, სადაც სკვერი უნდა გაშენებულიყო, თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურმა 2 500 კვმ-ზე (ეზოს ფართობი) 76 მეტრი სიმაღლის 25-სართულიანი ნაგებობის აშენების ნებართვა გასცა. ე.წ. ინვესტორი "აიკონია კაპიტალი" ისე წარმოაჩენს თავს, თითქოს დავაა სამშენებლო კომპანიასა და მხოლოდ ერთ-ორ მოსახლეს შორის და სხვებს საწინააღმდეგო არაფერი აქვთ. არადა, ეს ტყუილი სასამართლოზე გაცხადდა, როცა მოსახლეობამ ერთობლივი განცხადებით მიმართა სასამართლოს და ითხოვა საქმეში მხარედ ჩართვა. სამწუხაროდ, დაინტერესებული პირები მოსამართლემ მხარედ არ ცნო, მოტივად მოიშველია, არა მაქვს შესაძლებლობა დავადგინო, ეს მოქალაქეები მართლა ცხოვრობენ თუ არა ამ მისამართზეო.
2016 წლის გაზაფხულიდან ვდაობთ. უამრავი დარღვევაა, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მშენებლობის გადაწყვეტილებას, რომელიც 2011 წელს მიიღეს, ხუთწლიანი ვადა ჰქონდა და 2016 წელს უკვე ვადაგასულად ითვლებოდა, არქიტექტურის სამსახურმა კი 11 თვის ვადაგასული დოკუმენტის საფუძველზე მშენებლობის ნებართვა მაინც გასცა.ეს თვალსაჩინო დარღვევაა და მიუთითებს იმდროინდელი მერის დავით ნარმანიას განწყობაზე - ვადაგასული დოკუმენტების საფუძველზეც კი ცდილობდნენ უკანონო ნებართვების გაცემას. 2016 წლის თებერვალში, მას შემდეგ, რაც სასამართლოში ვიჩივლეთ, ეს ნებართვა ნარმანიამ გააუქმა იმ მოტივით, რომ სახანძრო უსაფრთხოების ნორმები არ იყო გათვალისწინებული, მაგრამ მოგვიანებით, რამდენიმე თვეში, ისევ ახალი ნებართვა გასცა. მაშინდელ მერსა და "აიკონია კაპიტალის" ხელმძღვანელს შორის რომ გარიგება შედგა, ამას ერთ-ერთ მედიასაშუალებაში დაბეჭდილი კომპანიის ხელმძღვანელის ინტერვიუც ადასტურებს. როგორც "აიკონია კაპიტალის" ხელმძღვანელი ამბობს, მან ნარმანიას უთხრა, დასთანხმებოდნენ ნებართვის გაუქმებას, შემდეგ შესწორებულ ვარიანტს შეიტანდნენ და ახალ ნებართვას მიიღებდნენ. ასეც მოხდა. იცოდნენ, წააგებდნენ პროცესს, ამიტომ ახალ ნებართვაში სახანძრო უსაფრთხოების ნორმები გაითვალისწინეს. მერმა გააუქმა ძველი ნებართვა და ერთ თვეში ახალი გასცა. ჩვენ წლებია ამ ნებართვის გაუქმებას უშედეგოდ ვითხოვთ. საქმეში დევს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაც, სადაც წერია, რომ ამ პროექტის განხორციელების შემთხვევაში მოსახლეობა საკუთარ პარკინგში შესვლას ვერ შეძლებს.25-სართულიანი კორპუსი რომ აშენდება, წარმოიდგინეთ, როგორ გადაიტვირთება იქაურობა. ხალხი ქონებით ვერ ისარგებლებს, მერია კი ამბობს, ეს არგუმენტი არ არისო. იმ კორპუსებთან "სასწრაფო" და სახანძრო მანქანებიც ვერ მივა და ეს თურმე ნორმალურია. ამას ემატება ზარალი, რომელიც მობინადრეებმა მიიღეს. ეზოს არარსებობის გამო მათი უძრავი ქონების ღირებულება, აუდიტორული დასკვნებით, უფასურდება. არის კიდევ ერთი და მთავარი საშიშროებაც - 25-სართულიანი კორპუსის მშენებლობისას ბინებში ბზარები გაჩნდება. იმ კორპუსებში, რომელთა მოსახლეობის უფლებებს მე ვიცავ, დაახლოებით 900 კაცი ცხოვრობს. ჩვენ სასამართლოში მივიტანეთ კვლევის შედეგები, რომელიც დაგეგმარების დროს, 2003 წელს არის გაცემული. კვლევაში ნათქვამია, რა მოხდება, თუ იქ მაღალსართულიანი კორპუსები აშენდება, მაგრამ არც ეს აინტერესებს არავის. ახლა საქმეში კიდევ ერთი ახალი გარემოება გამოიკვეთა - გეოლოგიური კვლევის ავტორი ექსპერტი ჭოხონელიძე წერს, რომ მას არ გაუცია ნებართვა იქ 25-სართულიანი კორპუსის მშენებლობაზე და მისი გაცემული გეოლოგიური კვლევა არ შეესაბამება არსებულ პროექტს. ამბობს, ამ მასშტაბის კვლევა არ გამიკეთებიაო.
- ექსპერტის ეს განცხადება თუ არსებობს, მერია რატომ არ აუქმებს დასკვნას?
- მერიამ ეს არ მიიჩნია ნებართვის გადახედვის ან გაუქმების საფუძვლად. არადა, როცა ასეთი მაღალი შენობის აშენება იგეგმება, გეოლოგიური შესწავლა უმნიშვნელოვანესია. მერია ამ არგუმენტს ყურადღებას არც აქცევს, ამბობს, თქვენ უკვე იდავეთ სასამართლოში და დავის უფლება ახლა აღარ გაგაჩნიათო. ეს რა შუაშია? ეს ახალი გარემოებაა, ამაზე ადრე სასამართლოს არ უმსჯელია, რადგან ეს განცხადება ექსპერტმა მერე გააკეთა. გეოლოგი გუგა ჭოხონელიძე ცალსახად ამბობს, რომ კვლევა ჩაატარა 17 სართულზე: "თქვენი წერილის პასუხად გაცნობებთ, რომ ჩვენ მიერ გაცემულ საექსპერტო დასკვნაში შპს "აიკონია კაპიტალის" წარმოდგენილი ანგარიშის შესაბამისად შენობის სართულიანობა განსაზღვრული იყო 17 სართულით. შემდეგ პროექტით დაემატა და გახდა 23-სართულიანი. გაცნობებთ, რომ 23-სართულიან შენობაზე საექსპერტო დასკვნისთვის წარმოდგენილ უნდა იქნეს დამატებით ახალი საინჟინრო გეოლოგიური დასკვნა, როგორც გეოლოგიურ, ისე კონსტრუქციულ ნაწილზე". მოკლედ, რაც დრო გადის წლებთან ერთად სართულების რაოდენობაც იმატებს, პროექტის მიხედვით ხან 14-სართულიანი სახლი შენდება, ხან 17, 23 და ახლა უკვე 25.
- სასამართლო დავები რატომ წააგეთ?
- სასამართლოს აზრით, ეს მშენებლობა არანაირ პრობლემას არ შეუქმნის მოსახლეობას, მაშინ როცა ჩატარებულია უამრავი კვლევა, არის დასკვნები და დიდი ფილოსოფოსობა არ სჭირდება იმას, რომ ვიზუალურადაც აღიქვა რეალობა.
თუ ეს კორპუსი აშენდება, მობინადრეები თავიანთ მიწისქვეშა პარკინგებში ვეღარ შევლენ. თუნდაც ამ ერთ ფაქტზე სასამართლომ ასეთი რამ თქვა, თუ ვერ შეხვალთ პარკინგში, ამის გამო ცალკე სარჩელით უნდა მიმართოთ სასამართლოს და უნდა იდავოთ, რომ კუთვნილ ავტოფარეხებში გაგატარონო. ეს არგუმენტია? ეს ნონსენსია! ამას რომ მოისმენს მოსახლეობა, სასამართლოს როგორ ენდობა?! პრობლემა სასამართლოშია. ჩვენ სასამართლომ გაგვიწია კონსულტაცია და აგვიხსნა, თუ როგორ უნდა ვიდავოთ ამ საკითხზე სხვა სარჩელით, როცა ამ სასამართლოში ვასაჩივრებდით ამ საკითხს. ის კი მიგვითითებს, მიმართეთ სხვას და იქ იდავეთო. ახლა კი კახა კალაძე ამბობს, ნარმანიას გაცემული ნებართვაა, მე რა ვქნაო, და ისიც სასამართლოსკენ იშვერს ხელს, სასამართლომ ასე გადაწყვიტაო. მიუხედავად ყველაფრისა, მოსახლეობა უკან დახევას არ აპირებს.

მერაბ კახიანი, მობინადრე: - წლებია ვიბრძვით. თბილისის მერი კახა კალაძე პირადად გვპირდებოდა, სხვა სახლი არ აშენდება, ნუ ნერვიულობთო. ჩვენთვის ეს უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე სასამართლოს გადაწყვეტილება. რომ მოვიდა მერად, თქვა, ძველ არეულ სიტუაციებს მე დავალაგებო. არ მინდა დავიჯერო, ნუთუ ახლა ასე გაგვწირა? მგონი, ვიღაცამ შეაშინა, აბა, რით ავხსნა, კაცმა თქვა, არ აშენდებაო, გავიდა წლები და ამბობს, მე რა ვქნაო. დღეს დილითაც მოცვივდნენ შავფორმიანები, ეზოში შემოჭრასა და ნაკვეთის შემოღობვას ცდილობდნენ. წარმოიდგინეთ, ჩვენი ეზო სხვებს დაუკანონეს, მათ თავიანთი გზაც კი არა აქვთ. როგორც გვეუბნებიან, მერიას, სახელმწიფოს მიუცია მიწა მათთვის, რომ გზად გამოიყენონ. ამდენი წელია გააფთრებული ვეწინააღმდეგებით. კატეგორიულად ვუთხარით, რომ ჩვენს ტერიტორიაზე ცათამბჯენს არ ავაშენებინებთ, და შევთავაზეთ, თუ მაინცდამაინც უნდა ააშენოთ, მაშინ პირველადი პროექტით გათვალისწინებულ ადგილას, სადაც ერთსადარბაზოიანი კორპუსი უნდა აშენებულიყო, იქ აეშენებინათ. ისედაც დაზარალებული ვართ, მშენებელმა შუაგზაში მიგვატოვა. ჩვენი სახსრებით ძლივს დავამთავრეთ ეს სახლი.
- როგორც ამბობენ, იმ ამერიკელმა ინვესტორმა გაყიდა და ახალი კომპანია, "დემაქსი" გამოჩნდა, მართალია?
- ის ამერიკელი დამალეს და ახალი ქართული კომპანია გამოვიდა ასპარეზზე, რომელიც კეთილსინდისიერი მყიდველის სახით წარმოგვიდგა. საბუთებით ყველაფერი ისევ "აიკონია კაპიტალის" სახელზეა, "დემაქსი ჯგუფი" კი გაიძახის, ჩვენ ვიყიდეთო. არადა, იცოდნენ, რომ სადავო მიწაა, ბანერებიც გვაქვს ეზოში. მათზე ბევრად ძლიერმა მშენებლებმა თქვეს უარი, "დემაქსმა" კი იყიდა. გვაქვს ინფორმაცია, რომ ამ კომპანიის მესვეურები დაკავშირებული არიან ძველ მეპატრონეებთან. ჩვენ არ ვაპირებთ დათმობას. პირველი სასამართლო დავა მოვიგეთ. კალაძე რომ გაიძახის, ჩვენ გავაუქმეთ ნებართვაო, ტყუის, სასამართლომ გააუქმებინა, მაგრამ ხელმეორედ გასცეს მშენებელობის ნებართვა. არადა, არქიტექტურულ საპროექტო დავალებას ვადა გასული ჰქონდა.
- როგორც შევიტყვეთ, რამდენიმე აქტიურ მობინადრეს ქონებაც დაგიყადაღეს.
- 250 ოჯახი ხომ არ ივლიდა სასამართლოში, ამიტომ მთელი მოსახლეობის სახელით 4 მობინადრე დავდიოდით და ქონებაც ჩვენ დაგვიყადაღეს, რადგან ამ საჩივრების გამო 2017-დან 2019 წლამდე სასამართლო პროცესები მიდიოდა და სასამართლოს შეჩერებული ჰქონდა მშენებლობა. 2019 წელს, როცა გაიმარჯვეს, უკვე ხელთ ჰქონდათ მშენებლობის გაგრძელების ნებართვა. მას შემდეგ 4-5 წელი გავიდა, მაგრამ არ აშენებენ, იმიტომ, რომ ამ მიწას ყიდიან. ახლა ის უცხოელი ინვესტორი დაობს, მაშინ რომ მეყიდა სამშენებლო მასალები, 22 მილიონის მოგებას ვნახავდიო. არადა, მშენებლობა არც დაუწყია. სასამართლომ თქვა, ეს ქონებრივი დავააო და დაგვიყადაღა ქონება. კი გვეუბნებიან, რომ ეს ფორმალურია, მაგრამ ფაქტია, ძალზე არასახარბიელო მდგომარეობაში ვართ. ვერც დავუშვებდი, სასამართლო ასეთ აბსურდამდე თუ მივიდოდა.
პაატა კიკვიძე, ადვოკატი: - სასამართლო დავის პერიოდში სასამართლოს შეჩერებული ჰქონდა მშენებლობის ნებართვა და მას შემდეგ, რაც მოსახლეობამ ეს დავა წააგო, ინვესტორმა უჩივლა იმ ოთხ ადამიანს, ვინც ამ კომპანიის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. ინვესტორი ამბობს, ორი წელი შეჩერებული იყო მშენებლობა, კორპუსი ვერ ავაშენეთ, ახლა გაგვიძვირდა სამშენებლო მასალები, და ზარალი უნდა აგვინაზღაუროთო. ამ ადამიანებს 22 მილიონს სთხოვენ. არანაირი პერსპექტივა ამ სარჩელს არა აქვს ბევრი მიზეზის გამო. მთავარი მიზეზი ის არის, რომ მას შემდეგ, რაც ნებართვა აიღეს, სამი წელია გასული და ჯერ არ აშენებულ სახლზე, რომელზეც ხარჯი არ არის გაწეული, ამ ადამიანებს ჯარიმას ვერ დააკისრებენ. ვირტუალური ზარალი არ არსებობს. თუ გაძვირდა სამშენებლო მასალები, სამაგიეროდ კატასტროფულად მოიმატა ბინების გასაყიდმა ფასმა. თუ მანამდე გაყიდდა კვადრატულს 900 დოლარად, ახლა გაყიდის 1400 დოლარად. დღეს მშენებლობის ფასები ისეა მომატებული, ამან დააკომპენსირა კი არა, გადააჭარბა სამშენებლო მასალის გაძვირების პროცენტულ მაჩვენებელს.
სასამართლოში სარჩელი 4 ადამიანის სახელით იყო შეტანილი, თუმცა ამის უკან იყო მთელი სამეზობლო, ამიტომ მხოლოდ მათ შეეძლო მოდავებოდა.
მნიშვნელოვანი, გეოლოგის დასკვნა გაცემულია 17 სართულზე, ხოლო ნებართვა 25 სართულზე. ამ საქმეში ბევრი წარმოუდგენელი სიტუაციაა. იქ რომ კორპუსი აშენდეს, ამ ტერიტორიაზე სრული კოლაფსი იქნება. ეს არ უნდა მოხდეს.
ხათუნა ნანუაშვილი, მობინადრე: - ჯერ ისევ ძველი კომპანიის სახელზეა ეს ქონება, მაგრამ ახალი, პოტენციური მფლობელები გამოჩნდნენ. 9 წლის განმავლობაში ეს პირველი კომპანიაა, რომელიც დათანხმდა შემოსვლას. მანამდე "დომუსი" აპირებდა, მაგრამ რომ ავუხსენით ვითარება, მან უარი თქვა. ესენი უკან არ იხევენ და ისევ აპირებენ კორპუსის აშენებას. ძველი გენგეგმის მიხედვით, მხოლოდ 56 ნომერია მიღებული ექსპლუატაციაში. 58 ნომერი ბინა არ ჩაბარებულა, არც ლიფტები, არც სადარბაზო, არც ფანჯრები, არაფერი არ იყო გაკეთებეული. შავი კარკასიც კი არ ჩაგვბარდა, ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი. როცა ამ კორპუსების მშენებელი გარდაიცვალა, ერთ-ერთმა მეწილემ დრო იხელთა და მიწა გაგვიყიდა. სამწუხაროდ, ეს ამბავი გვიან გავიგეთ.
ახალი კორპუსის აშენება რომ დაიწყოს, მაგალითად, ჩემს ბინას წინ ყრუ კედელს ამოუშენებს. ბოლო სართულზე ვარ, მაგრამ ამ ცათამბჯენის შემდეგ ცასაც ვერ დავინახავ. აღარც ეზო გვექნება, სადარბაზოები გაგვიუქმდება, და ავტოფარეხებშიც ვეღარ შევალთ. ფანჯრებთან 25-სართულიანი მონსტრი უნდა მოგვიდგან. სახლს ისედაც ემატება და ემატება ბზარები. ვინ გვაძლევს გარანტიას, რომ ამ მშენებლობით უფრო არ დაიბზარება? ამის შესახებ ექსპერტიზის ბიურის დასკვნაც არსებობს. ტყუილია, კალაძეს არ გაუუქმებია ეს ნებართვა, ჩვენ მოვიგეთ პირველ ინსტანციაში სასამართლო და მაშინ მიმართა მოსამართლემ მერიის წარმომადგენელს, მე გავაუქმო, თუ თქვენ გააუქმებთო, და უთხრეს, ჩვენ გავაუქმებთო. ვითომ გვერდში გვედგა კალაძე, რომ არ ააშენებინებდა ამ კორპუსს, დღეს კი ამბობს, მე გავაუქმე და სასამართლომ აღადგინაო. 9 წელია ვიბრძვით იმიტომ, რომ ჩვენს სიმართლეში დარწმუნებული ვართ.
სამშენებლო კომპანიის დამფუძნებლის, ამერიკელი ინვესტორის პოზიცია ცნობილია: "ჩვენი საქმიანობა ლეგალური და გამჭვირვალეა. ყველანაირი დოკუმენტაცია წესრიგში გვაქვს. პირთა მცირე ჯგუფი გვიპირისპირდება და სურთ შეაფერხონ ჩვენი საქმიანობა. ამით ჩვენ მილიონობით ამერიკული დოლარის ინვესტიცია დავკარგეთ", - ამბობდა ის მედიასთან.
ჩვენ ვცადეთ კომპანიის ხელმძღვანელობასთან დაკავშირება. კომპანია "დემაქსის" წარმომადგენელი დაგვპირდა, რომ გადასცემდა ტელეფონის ნომერს მათ ხელმძღვანელობას და თუ საჭიროდ ჩათვლიდნენ, დამიკავშირდებოდნენ, მაგრამ რადგან პასუხი ვერ მივიღე, ისევ დავუკავშირდი, მან კი პასუხი გამცა, - ჩათვალეთ რომ უარს გეუბნებით. ასე რომ, ახალი კომპანია ჯერჯერობით მედიასთან კომენტარს არ აკეთებს.
პ.ს. მოსახლეობა უკან დახევას არ აპირებს, იმის მიუხედავად, რომ 9 წლის მანძილზე შიშით ცხოვრობენ, მთელი დღის მანძილზე მორიგეობენ, რათა საკუთარი ეზო და სახლი დაიცვან.