"გავუბედურდი, საშინელება მოხდა, მძღოლი ნასვამი ყოფილა... ეს ბავშვები დედამ მიატოვა და მამამ გაზარდა, თავს დაჰკანკალებდა" - რა დეტალებს ჰყვებიან თვითმხილველები გეგუთი-ქუთაისის გზაზე მომხდარ ავარიაზე?
უმძიმესი ავარია მოხდა დღეს, რამდენიმე საათის წინ, გეგუთი-ქუთაისის გზაზე. როგორც "კვირის პალიტრამ" გაარკვია, ქუთაისისკენ მიმავალ შინდისფერ "ნივას" მოულოდნელად უკნიდან თეთრი ფერის "მერსედესის" მარკის ავტომობილი იმდენად ძლიერად შეეჯახა, რომ მანქანა გზიდან გადააგდო და ძალიან დააზიანა.
სამწუხაროდ, ამ ავტოსაგზაო შემთხვევას "ნივაში" მყოფი 12 წლის მოზარდის, ანამარია ბაბუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ასევე დაშავებულია, მისი ოჯახის სამი წევრი - მამა, ბებო და მისი პატარა და. როგორც ამბობენ, უკიდურესად მძიმეა ბავშვის მამის მდგომარეობა, რომელიც საჭესთან იჯდა.
დაშავებულების გადასარჩენად ყველაფერი კეთდება. ავარიის მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე და სიმთვრალე სახელდება.
"12 წლის ბავშვია დაღუპული. ქუთაისში მიმავალ მანქანას, რომელშიც ბავშვი იჯდა, შეასკდა "მერსედესის" მძღოლი და ბავშვი დაიღუპა. მერსედესის მძღოლი ნასვამი ყოფილა, გაზულუქებულმა ასეთი ავარია მოახდინა. ის მანქანა, სადაც ბავშვი იჯდა, ნივა იყო და დაპრესილია სულ", - წერს სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მოქალაქე.
როგორც ირკვევა, ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისთან ახლოს მოხდა. ამ დრომდე ადგილზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები და ექსპერტები.
"ეს საშინელი ავარია უკვე მომხდარი იყო, ჩვენ რომ გავიარეთ იქ, პოლიციას გზა გადაკეტილი ჰქონდა და ძალიან მძიმე სანახავი იყო. პოლიციამ გვითხრა, რომ დიდი სიჩქარით მომავალი "მერსედესი" შეეჯახა "ნივას". ქუთაისში მიდიოდა ნივის მძღოლი და უკნიდან იმდენად ძლიერად დაარტყა, რომ მანქანა გადავარდნილი იყო გზიდან. 12 წლის ბავშვია დაღუპული. სხვა დაშავებულები გადაყვანილები იყვნენ. შემთხვევა ცენტრალურ გზაზე მოხდა, ქუთაისში სანამ შეხვალ, დამაკავშირებელ გზაზე.
საუბრობდნენ, რომ "მერსედესის" მძღოლი მთვრალი იყო და მგზავრებიც. თეთრი "მერსედესი გზაზე" იდგა, გზიდან არ გადავარდნილა, აირბაგები გახსნილი იყო და სავარაუდოდ, ამ მანქანაში მყოფები არ დაშავდებოდნენ.
რაც შეეხება "ნივას", გზიდან გადაგდებული იყო თხილში და ისე იყო დაზიანებული და დაჭეჭყილი, გარჩევა გაგვიჭირდა, თუ რა მანქანა იყო. გზა დაკეტილი იყო, სადღაც 2- 3 საათის წინ მოხდა და უმძიმესი კადრები ვნახეთ. სხვას ვერაფერს გეტყვით", - გვითხრა გამვლელმა თვითმხილველმა.
როგორც "კვირის პალიტრამ" გაარკვია, გარდაცვლილი გოგონა ანამარია ბაბუნაშვილი წყალტუბოს სოფელ გეგუთის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლე იყო. ჩვენ დავუკავშირდით სკოლის დირექტორს - ქალბატონ იზოლდა ფხაკაძეს, რომელიც იმდენად მძიმე ემოციურ მდგომარეობაში იყო და ისე ტიროდა, რამდენიმე სიტყვის თქმა ძლივს შეძლო.
- ჩემი მოსწავლეა, ჩემი ლამაზი ანამარია ბაბუნაშვილი, მეხუთე კლასში დადიოდა. მკვდარი ვარ, განადგურებული ვარ, 37 წელია ამ სკოლაში ვმუშაობ და ეს პირველი შემთხვევაა მოსწავლის დაღუპვის, გავუბედურდი. საშინელება მოხდა. ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა, მამა, ბებია და მისი უმცროსი და კლინიკაში არიან გადაყვანილები. მამა ძალიან მძიმედ არის, ბებიას და დას არა უშავსო ამბობენ და არ ვიცი.
როგორ გაუბედურდა ოჯახი, რა უნდა ვთქვა, სიტყვებს თავს ვერ ვუყრი. უდედოდ გაიზარდა. დედ-მამა გაცილებულები არიან, დედამ მიატოვა ბავშვები და მამამ გაზარდა. თავს დაჰკანკალებდა თავის შვილებს. ყველაფერს უკეთებდა, არაფერს აკლებდა. მამა და ბებია ზრუნავდნენ ბავშვებზე. ჩემი ციმციმა გოგო, ჩემი ანგელოზი გოგო, არ შემიძლია, რა უნდა ვთქვა. მართლა ვერ ვლაპარაკობ. ძალიან მიჭირს ამის დაჯერება. ამბობენ, ვინც შეეჯახა ისინი მთვრალები იყვნენო და უკნიდან შეასკდნენ. ესენი თავიანთ გზაზე მიდიოდნენ. უკან დასჯახებია ის მანქანა.
ქუთაისში მიდიოდნენ, სახლში ბავშვების დამტოვებელი რომ არავინ ჰყავდათ, ერთად მიდიოდნენ. ანამარია ყოველთვის ყველა აქტივობაში იყო ჩართული. მეორე ბავშვი მესამე კლასელია, მამა მართლა ელოლიავებოდა, ისე გაზარდა. დედამ რომ მიატოვა ბავშვები, არავინ იცის, მას მერე სად არის. მამამისი მძიმედ არის, თუ გადარჩა, არ ვიცი, ამ ტკივილს როგორ გადაიტანს... ვერ გადაიტანს. თქვენ არ იცით, როგორ ზრუნავდა თავის შვილებზე, წარმოუდგენელია, რაც მოხდა. გაგვანადგურა ყველანი. ისეთი ლამაზი გოგო იყო ანამარია, ვერ შევძლებ ლაპარაკს.
როგორ ამბობენ ის დამნაშავეები არიან ვანიდან, გალეშილი მთვრალები იყვნენო და ამოწყვიტეს ოჯახი. თუ იმ მანქანის სპიდომეტრი 240 უჩვენებდაო, სად გარბოდა, როგორ ამოწყვიტა ეს უწყინარი ხალხი. როგორ მოგვიკლა ეს ულამაზესი ბავშვი?!", - ტიროდა სკოლის დირექტორი ქალბატონი იზოლდა და სვენებ-სვენებით გვიამბობდა ბავშვზე, რომელიც დამნაშავე მძღოლის დაუდევრობას შეეწირა...
ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.
"კვირის პალიტრა" სამძიმარს უცხადებს პატარა გოგონას ოჯახს, მის სანათესავოს და სკოლას ამ უდიდესი ტრაგედიის გამო.