"იყო კავკასიაში და მლოკოსევიჩი არ ნახო, იგივეა, იყო რომში და პაპი არ მოინახულო"
ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს. მისი შექმნა დაკავშირებულია პოლონელი ნატურალისტის ლუდვიგ მლოკოსევიჩის სახელთან. 1889 წელს მან რუსეთის საიმპერატორო მეცნიერებათა აკადემიის წინაშე პირველად დასვა საკითხი ლაგოდეხის ხეობის ნაკრძალად გამოცხადების შესახებ. 1912 წელს, მისი გარდაცვალებიდან სამი წლის შემდეგ რუსეთის საიმპერატორო გეოგრაფიული საზოგადოების წარდგინებითა და რუსეთის საიმპერატორო მეცნიერებათა აკადემიის შუამდგომლობით, ლაგოდეხის ხეობა ოფიციალურად ნაკრძალად გამოცხადდა. ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციების ხელმძღვანელი, მხარეთმცოდნე-ისტორიკოსი და ნაკრძალის დამფუძნებლის, ლუდვიგ მლოკოსევიჩის ბიოგრაფი ვალერი ოღიაშვილი "კვირის პალიტრის" სტუმარია.

რას მოგვითხრობს ლეგენდა
- ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალში როჭოს ჩანჩქერის, ნინოს ხევის, მაჭის ციხის (თოღა) და შავი კლდეების ტბის გზები ტურისტებს ძალიან მოსწონთ. როჭოს ხეობის ჩანჩქერის სათავეებთან ბინადრობს მლოკოსევიჩის აღმოჩენილი როჭოს სახეობა, ნაკრძალის ხევის მდინარეს კი, ნინოს ხევი ჰქვია. ლეგენდის თანახმად 15 წლის ნინო მოიტაცეს. გოგონა გაიქცა, მაგრამ მდინარეში, ქვაზე ფეხი აუცურდა, წყალში ჩავარდა და დაიხრჩო. მისი ცხედარი მდინარემ სოფელში ჩაიტანა. ხალხმა ბოროტ მდინარეს, რომელმაც გოგონა შეიწირა, მისი სახელი უწოდა. გადმოცემის მიხედვით, გოგონას სახელს ატარებს ლაგოდეხის სოფელი ნინიგორი და ქედი, ნინი გორა.
"იულიას ფურისულა" და ერთი სიყვარულის ამბავი
- იყო კავკასიაში და მლოკოსევიჩი არ ნახო, იგივეა, იყო რომში და პაპი არ მოინახულო, - დაწერა ლაგოდეხით მოხიბლულმა მოგზაურმა. ამჟამად ლაგოდეხის ნაკრძალის ტერიტორია 25 ათას ჰექტარზეა გადაშლილი. ლუდვიგ მლოკოსევიჩის დროს კი 3 500 ჰექტარს მოიცავდა. მცენარეებისა და მოგზაურობის მოყვარულმა ლუდვიგმა, ლაგოდეხის ტერიტორიაზე ისეთი მცენარეები აღმოაჩინა, რომელიც სხვაგან არ ხარობს. როცა კავკასიის ფლორისა და ფაუნის შესახებ საფუძვლიანი შრომის ავტორი ნიკოლოზ კუზნეცოვი ლაგოდეხში ჩამოსულა და მლოკოსევიჩის ქალიშვილი, იულია დაუნახავს, მაშინვე შეჰყვარებია. ამ ექსპედიციის დროს ლაგოდეხის ტყეში აღმოუჩენიათ განსხვავებული ფურისულა, რომლისთვისაც კუზნეცოვს "იულია" უწოდებია. იულიასა და ნიკოლოზის სიყვარული უიღბლო გამოდგა, "იულიას ფურისულა" კი დღემდე ხარობს ლაგოდეხის ნაკრძალში.
მლოკოსევიჩის აღმოჩენად ითვლება კავკასიური როჭოს სახეობაც. მის მშობლიურ პოლონეთშიც ბინადრობდა ეს ფრინველი, მაგრამ მკვლევარი მიხვდა, რომ ლაგოდეხში ნანახი როჭო არ ჰგავდა ევროპულს. მან კავკასიური როჭო აღწერა, რამდენიმე ფიტული დაამზადა და პოლონეთში პროფესორ ტაჩანოვსკის გაუგზავნა. მალე მისგან პასუხად მიიღო: "თქვენ აღმოაჩინეთ ფრინველის ახალი სახეობა, რომელსაც ეწოდება "მლოკოსევიჩის კავკასიური როჭო".
ლუდვიგ მლოკოსევიჩს მეგობრები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან უგზავნიდნენ უცხო მცენარეების თესლს, ნაყოფს და ისიც ცდილობდა ისინი აქაური ნიადაგისა და ჰავისთვის მოერგო. მლოკოსევიჩამდე კახეთში არ ხარობდა ბამბუკის ხე, ახლა ის მოსახლეობას ეზოებშიც უდგას. არ იცნობდნენ "პავლოვნიასაც", რომელიც ახლა საოცრად პოპულარულია. მლოკოსევიჩმა წამოიწყო ლაგოდეხში ეთერზეთოვანი კულტურების გაშენების კამპანია. მის სახელს უკავშირდება რეჰანისა და იავის ჭინჭრის გავრცელება. მან გაახარა იშვიათი და სასარგებლო ხე - გინკო ბილობა, რომლისგანაც ცნობილ წამალს "ბილობილს" ამზადებენ. მრავალ აღმოჩენას მისი სახელიც ჰქვია. მათ შორისაა მლოკოსევიჩის იორდასალამი, რომელიც ენდემური სახეობაა და მხოლოდ ლაგოდეხშია გავრცელებული, ასევე კავკასიური სალამანდრა. კახეთში მლოკოსევიჩმა შემოიტანა თამბაქოს კულტურა. ლაგოდეხის თამბაქოს საფერმენტაციო ქარხანა მთელ საბჭოთა კავშირს ამარაგებდა თამბაქოთი.
კავკასიური, კეთილშობილი ირმის პოპულაცია მხოლოდ ლაგოდეხის ნაკრძალს შემორჩა. ერთხელ შველს ქუჩის ძაღლები გამოეკიდნენ. მაშველებმა მიუსწრეს და დააბრუნეს ნაკრძალის ტერიტორიაზე, მაგრამ საწყალი ისე იყო შეშინებული, მალე დაიღუპა. ნაკრძალის დამთვალიერებლები საფეხმავლო ბილიკებით შორს მიდიან, მიუხედავად ამისა, ერთი შემთხვევაც არავის ახსოვს, გარეული ცხოველი ადამიანს თავს დასხმოდეს. ისინი საშიში გამრავლების პერიოდში არიან. ამ დროს თვით უწყინარი ირემიც აგრესიული ხდება. ერთ დიდ ხარირემს ბორიას ძალიან უყვარდა ადამიანები - ბავშვები ხელიდან აჭმევდნენ, მაგრამ მყვირალობის პერიოდში პატრონი, დაცული ტერიტორიის დარაჯი, რქებზე წამოაგო. ამ ინციდენტის გამო ბორიაც მოკლეს.

ვასილ მჟავანაძე, ირანის პრინცი და კონკურსში გამარჯვებული მგლის თავის ქალა
- ლაგოდეხის ნაკრძალი ძალიან უყვარდა საქართველოს ცკ-ს პირველ მდივან ვასილ მჟავანაძეს. მან ნაკრძალის შესასვლელთან ააშენებინა ორსართულიანი სამთავრობო რეზიდენცია, სადაც ოჯახით ჩამოდიოდა. შემდგომ წლებში ამ სახლს სტუმრობდნენ ედუარდ შევარდნაძე და ჯუმბერ პატიაშვილი, რომელიც ლაგოდეხში იყო დაბადებული და გაზრდილი. მჟავანაძის დროინდელი სახლი ამჟამადაც არსებობს.
კომუნისტების პერიოდში ლაგოდეხს ირანის ტახტის მემკვიდრე მუჰამედ რეზა ფეჰლევი ესტუმრა. სპეციალურად მისთვის ლაგოდეხის ალპურ ზონაში ხის სახლი ააშენეს. ამ ადგილს მისი სახელი დღესაც შემორჩა - "პრინცა ბინა". სსრ კავშირის მეთაურებმა გამონაკლისი დაუშვეს და ირანის პრინცს ნება დართეს ჯიხვზე ენადირა. მისი გამყოლი მეტყევე აკაკი პეტრიაშვილი იყო. ნადირობის დროს ორივემ მოკლა ჯიხვი. როდესაც დაატოლეს, აკაკის მოკლული ჯიხვი პრინცის მოკლულზე დიდი აღმოჩნდა. სტუმარს თურმე გადაწყვეტილი ჰქონია აკაკისთვის მოოქრული თოფი ეჩუქებინა, მაგრამ ამ ინციდენტმა ისე გაანაწყენა, თოფის ნაცვლად აკაკის ვერცხლის პორტსიგარი აჩუქა. სხვათა შორის, აკაკის მონადირებულმა მგლის თავის ქალამ უნგრეთის ცხოველთა ფიტულების კონკურსზე ოქროს მედალი აიღო, გაიმარჯვა მისი მოკლული ჯიხვის რქებმაც. მგლის თავის ქალა ისეთი სიდიდის იყო, ყველას დათვის თავი ეგონა.
პოლონელი „ქართველი“
ლუდვიგ მლოკოსევიჩი 1831 წელს ვარშავაში, მდიდარი არისტოკრატების - გენერალ ფრანტიშეკ მლოკოსევიჩის და ანა იანიკოვსკას ოჯახში დაიბადა. მამამისი ნაპოლეონის არმიის ოფიცერი, შვილს სამხედრო კარიერისთვის ამზადებდა და სასწავლებლად ბრესტის კადეტთა სკოლაში მიაბარა. ლუდვიგს კი ყველაზე მეტად ბუნება უყვარდა და კადეტთა სკოლის მკაცრი წესები ციხეს აგონებდა.
ლუდვიგი პოლონეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წევრი იყო და მეფის რუსეთმა აჯანყებაში მონაწილეობის გამო მას სიკვდილით დასჯა მიუსაჯა, გავლენიანი ოჯახის წყალობით სიკვდილს გადაურჩა, მაგრამ 1853 წელს კავკასიაში გადმოასახლეს, როგორც არასანდო პოლონელი ოფიცერი და ტფილისის გრენადერთა „პოლკში“ გაამწესეს, რომელიც იმ დროს ლაგოდეხში იყო განლაგებული. ლაგოდეხის მიდამოებში გაჩაღებული ბრძოლების დროს უამრავი სამხედრო დაიღუპა. ლუდვიგი ბრძოლაში დაჭრილ ლეკებსა და ჩეჩნებს ლაგოდეხში მოპოვებული მცენარეებით მკურნალობდა, ამიტომ მას "ზნახარს" ეძახდნენ.
ლუდვიგმა ტყის მახლობლად, ხალხისგან მოშორებულ ადგილას, ქვითკირის სახლი ააშენა და მთელ დროს ლაგოდეხის ბუნების შესწავლას უთმობდა, იკვლევდა როგორც მცენარეულობას, ისე ცხოველთა სამყაროს. მოგვიანებით მრავალი წლის დაკვირვების შედეგები წიგნად გამოსცა, რომელშიც ლაგოდეხში გავრცელებული არაერთი სახეობის მცენარე თუ ფრინველი აღწერა. 1863 წელს ზაქათალის ოლქში მღელვარება დაიწყო. მლოკოსევიჩი, როგორც პოლიტიკურად არასაიმედო, 7 წლით ვორონეჟის გუბერნიაში გადაასახლეს, ჩამოართვეს დღიურები, ჰერბარიუმები... მომავალი მეუღლე, მარია კრილოვა, ვორონეჟში გაიცნო და რამდენიმე წლის შემდეგ მასთან ერთად კვლავ ლაგოდეხში დაბრუნდა. ლუდვიგსა და მარიას 11 შვილი შეეძინათ. ერთი ლაშქრობის დროს კი მაღალ მთაში მიტოვებული მცირეწლოვანი ბიჭი იპოვა. სავარაუდოდ, მიგრაციის დროს ლეკების გაქცეულ დაჯგუფებას დარჩა. მლოკოსევიჩმა ბავშვი მეთორმეტე შვილად გაზარდა. პატარა იბრაგიმი შემდგომ ლაგოდეხის ნაკრძალის მეტყევე გახდა.
1895 წელს ლუდვიგ მლოკოსევიჩს რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ზოოლოგიური მუზეუმის კორესპონდენტად ირჩევენ, 1896 წელს კი აჯილდოებენ რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების ვერცხლის მედლით–კავკასიის ფლორის შესწავლისათვის. იგი იყო თბილისის ბუნებისმეტყველების მოყვარულთა საზოგადოებისა და ალპური კლუბის წევრი.
მეცნიერი 1909 წელს, დაღესტანში, ექსპედიციაში გარდაიცვალა. დაკრძალულია ლაგოდეხში, სლობოდკის რუსულ სასაფლაოზე. მისი შვილები სტალინური რეპრესიების მსხვერპლნი გახდნენ. 1935 წელს მლოკოსევიჩის ვაჟმა დააარსა ზაქათალის სახელმწიფო ნაკრძალი. ლეონიდი ზაქათალის სახელმწიფო ნაკრძალის დამაარსებელი და პირველი დირექტორი 1937 წელს გაქრა - წაიყვანეს და მისი ასავალ-დასავალი დღესაც უცნობია. დახვრიტეს ლუდვიგის მეორე შვილიც, ვლადიმერიც. დანარჩენებმა მამის საქმე გააგრძელეს. შვილიშვილი, ბორისი, ცნობილი ბოტანიკოსი იყო, აფხაზეთში ცხოვრობდა და პერიოდულად ლაგოდეხის ნაკრძალში ატარებდა კვლევებს. 80-იან წლებში მან ლაგოდეხს საჩუქრად პალმები გადასცა, რომლებიც ახლაც ალამაზებს ქალაქს...
ნელი ვარდიაშვილი