ხოფის ბაზარი და ერთ დღეში ჩატეული თავგადასავალი
სარფის საბაჟოდან თურქეთში გადამსვლელთა რიგები არ იკლებს. მართალია, უკვე დაიწყო ტურისტული სეზონი, მაგრამ ერთდღიანი მოგზაურები, მზეზე მისაფიცხებლად ნამდვილად არ დადიან, მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობას მართლაც გვარიანად აქვს მზე მოკიდებული. ისინი სამუშაოდ, სავაჭროდ ან მეტწილად ოჯახისთვის პროდუქტის შესაძენად გადადიან საზღვრის იქით ქალაქებში - დილით გადასულები საღამო ხანს მძიმე ჩანთების ტარებისგან ქანცგამოცლილი გადმოდიან მეზობელი ქვეყნიდან. მეც გავერიე ერთდღიან მოგზაურებში და გავუყევი თურქეთის (ხოფის) გზას.
ბათუმიდან დილის 9 საათზე გავედი - ასე დამარიგეს, იმდენი ხალხი გადადის, ჯობს რიგს ასცდეო. საბაჟოს კართან კაფანდარა ქალი გამომესაუბრა, ლალი ერქვა. მთხოვა, თუ თურქეთამდე 1 ბლოკ სიგარეტსა და სასმელს გადამიტან, 60 ლირას გადაგიხდი. დამთანხმდი, შენდაც კარგია და ჩემდაცო. ჩემ გარდა, ერთი სანდომიანი ქალი უკვე შეგულებული ჰყავდა. სიგარეტსა და სასმელს თურქეთში გადასვლამდე ნეიტრალურ ზონაში, დუტი-ფრიში ყიდულობენ იაფად, მერე კი თურქულ მხარეს ყიდიან. ერთ კაცს თვეში ერთხელ ერთი ბლოკი სიგარეტისა და ბოთლი სასმლის გადატანის უფლება აქვს. ამიტომაც ეძებენ ისეთს მგზავრს, ვისაც მიმდინარე თვეში დუტი-ფრიში არაფერი უყიდია. ლალის გარდა, თავის რჩენის ამ ხერხს ბევრი იყენებს, ამაშიც კონკურენციაა...
სანდომიანი ქალი ნატო აღმოჩნდა. აქვე 10 წუთის სავალში, ქემალ-ფაშაში სასადილოში ვმუშაობო, მითხრა.

- ბათუმელი ვარ. სასადილოში ვმუშაობ, თურქეთის ტერიტორიაზე გადახვალ თუ არა, იქვეა.
- თურქული ენა იცით?
- ენა როგორ არ ვიცი, თურქული საჭმელების მომზადებასაც რა უნდა. ამათ მწვანილი არ უყვართ, ძალიან იშვიათად ოხრახუშს თუ მოაჭრიან სალათს. ბევრი ქართველი მუშაობს თურქეთში. ამას წინათ ხელფასის მომატება ვთხოვეთ ჩვენს უფროსს და უარით გამოგვისტუმრა. დღეში 40 ლარს მიხდიან, ქართულ ფულზე რომ გადავიყვანოთ. ახლა დღეში 50-ლარიანი სამსახური ვიშოვე ბათუმში და მივდივარ, თურქებს უნდა ვუთხრა, რომ მათთან აღარ ვიმუშავებ. არ მიღირს, მით უმეტეს, ზაფხულში თურქეთში გადამსვლელი იმდენია, რიგში დგომა დიდხანს მომიწევს.
- ბათუმში ხომ სეზონურად იმუშავებთ და შემოდგომაზე რას იზამთ?
- ისევ თურქეთში ვიმუშავებ. ქართველებს ნაკლებს უხდიან, ამიტომ სამსახურის შოვნა არ გამიჭირდება.
ნატო დამემშვიდობა და ქემალ-ფაშას სამარშრუტო ტაქსიში ჩაჯდა, მე კი სიგარეტის შემძენ ლალისთან ერთად ხოფის სამარშრუტო ტაქსიში ჩავჯექი. მგზავრობა ერთ მხარეს 25 ლირა ღირს.
ლალი: - საყიდლებზე წამოსვლა ხოფაში ჯობს. მართალია, უფრო შორსაა, მაგრამ ქემალ-ფაშაში ისე გათახსირდნენ, მარტო ლარში უნდათ ვაჭრობა და წაგებაზე ვრჩებით. ამიტომ საყიდლებზე ხოფაში მივდივარ. 100 ლირა დაახლოებით 13 ლარს უდრის, ამიტომ ახლა კიდევ უფრო მეტი გადმოდის სავაჭროდ თურქეთში. სულ 9 ბლოკი სიგარეტი გადმოვიტანე, 8 სხვებს ჩავაბარე, 1 ბლოკი დავშალე და ზოგი ჯიბეში ჩავიდე, ვითომ ჩემია, ზოგიც ჩიფსის კოლოფებში ჩავმალე. თითო ბლოკი 6 ევროდ ვიყიდე და 180 ლირად გავყიდი. ყოველდღე გადმოვდივარ, ვყიდი და გადავდივარ. თუ ნორმალური დღეა, დღეში საშუალოდ 50 ლარი მრჩება მოგება.

- რას გულისხმობთ?
- ხანდახან პოლიცია გვაწიოკებს და თავქუდმოგლეჯილებს ხან სიგარეტი გვეკარგება, ხან ვისკი გვიტყდება.
- არ გიცდიათ ნატოსავით თურქეთში მუშაობა?
- ბარემაც მინდა, მაგრამ ჩაიხანასა და სასადილოებში ან მაღაზიაში გამყიდველად მე აღარ მიღებენ. უკვე 63 წლის ვარ, უფრო ლამაზები და ახალგაზრდები უნდათ. ბათუმში დამლაგებლის ადგილიც კი ვერ ვიშოვე. 20 წელი ვმუშაობდი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ექთანად, დღეს კი აღარავის ვჭირდები...
ჩვენი სამარშრუტო ტაქსი უკვე ხოფაშია. მე და ლალიმ ბაზრობისკენ ავიღეთ გეზი. ლალი სიგარეტის ქართველ გამყიდველებს შეუერთდა, მე კი გზა განვაგრძე.
ხოფა საქართველოს საზღვრიდან 25 კილომეტრში მდებარე პატარა ქალაქია, 2010 წლის აღწერის თანახმად, 18 ათასამდე მოსახლეობით. ქალაქი სუფთაა და ხმაურიანი. დღის 11 საათზე ხალხმრავალ ქუჩებში ვინც მიდი-მოდის თუ ჭამს, 90% მამაკაცია. ჩაიხანებშიც მამაკაცები მუსაიფობენ, თან ჩაის წრუპავენ წელში გამოყვანილი ჭიქებით, ზოგიერთი ნარდს თამაშობს. Kაქ ბევრად მეტი მაწანწალა ძაღლია, ვიდრე თბილისში, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ყურებდაჩიპული ძაღლი არ მინახავს. ქვაფენილზე გაშლილ ქაღალდის საგებზე მორთხმული ქალი ბავშვთან ერთად მოწყალებას ითხოვს.
მე ქუჩაზე გაწელილ ბაზრობას ჩავუყევი. აქ ყველაფერი იყიდება, თეთრეულით დაწყებული, აქსესუარებითა თუ სამოსით დამთავრებული. ფასები დაახლოებით 2-3-ჯერ ნაკლებია თბილისთან შედარებით. მაღაზიაში შესულს ხოშგელდიო, შემოგაგებებენ. თუნდაც ერთი ნივთის ფასი რომ იკითხო, იწყებენ გასაყიდის გადმოღებას და ისეთი მონდომებით გიშლიან საქონელს, შეგრცხვება, რამე რომ არ შეიძინო... გამვლელ ქართველებს თუ არ ჩავთვლით, ქემალ-ფაშასგან განსხვავებით, ხოფაში არავინ შემხვედრია ქართული ენის მცოდნე. ჭაღარაულვაშიან ეფენდისთან თეთრეული ვიყიდე, ხელით ნაქსოვი ულამაზესი ქუდი კი 100 ლირად მომყიდა გამყიდველმა ნარგიზმა. ამ რიგში ბრენდული მაღაზიებიცაა, რომელთა დახლებზეც საქართველოს ფილიალებში ნანახი საქონელი ორმაგ ფასად მინახავს...
აი, პროდუქტის მაღაზიების ცნობილ ქსელ BIM-საც მივადექი. ჩემ გვერდით რუსულად მოსაუბრე მამაკაცები და ქალები გაძეძგილ ურიკებს დააგორებენ. თუ ადგილი დაგრჩა მაცივარში, კიდევ ერთ კაიმაღს ავიღებო, ეუბნება ერთი მეორეს.
იცით, რა ღირდა საყვარელი ავოკადო? - თუ ქართულ ფულში გადავიყვანთ ერთი ცალი 1.05 ლარი, 19.50 ლარი - 5 ლ ზეთი, კბილის პასტა - 1.30...
გორგოლაჭებიან ჩემოდანს მივაქანებ ხოფა-სარფის სამარშრუტო ტაქსისკენ. სარფის გამშვებ პუნქტთან ტვირთის გადამზიდავები შემოგვესივნენ, რომლებიც მძიმე ჩანთების გადატანისთვის 20 ლარს ითხოვენ. ჩემი ჩანთა ქალბატონმა ირმამ ურიკაზე დაამაგრა, ზემოდან 2 დიდ შავ ცელოფანში გამოკრული ვიღაცის ტვირთი დაადო და საქართველოსკენ გამოუყვა გზას. - აქ დღეში ერთხელ გადმოვდივარ და 40-50 ლარი მრჩებაო, მითხრა ირმამ და დასძინა, თუ ბევრი საქონელი მოგაქვს, შეიძლება განბაჟება მოგთხოვონო. სულ 1 ჩანთაა და როგორ-მეთქი, გავიკვირვე. მართლაც მშვიდობით და დროულად გადმოვედით საქართველოში. სანამ მანქანას ველოდებოდი, იქვე ჩამოვჯექი. ჩემ გვერდით მჯდომ მამაკაცთან ვიღაცებს 2-2 წყვილი ერთნაირი ბოტასები მოჰქონდათ, თქვენმა ცოლმა გამომატანაო, ის კი ფულს უხდიდა `კურიერებს~.
ჩემი ერთდღიანი მოგზაურობა დასრულდა. როგორც ოჯახის დიასახლისი, კმაყოფილი ვარ, როგორც ჟურნალისტმაც ბევრი რამ შევიტყვე. იმედია, თქვენთვისაც ინფორმაციული და გასათვალისწინებელი იქნება ჩემი რეპორტაჟი.