"თუ ქმარი ან შეყვარებული გცემთ, წამოდით, ნუ დადებთ საკუთარ სიცოცხლეს სასწორზე! არ დაიჯეროთ, რომ მოძალადე გამოსწორდება!"
სამოდელო სააგენტო "IconicFocus"-ის ერთი-ერთი გამორჩეული სახე ჯილ სორენსენი ამერიკაში ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციას "Knock Out Abuse"-ის დამფუძნებელია. მოდელისთვის ორი მეგობრის ისტორია გახდა მოტივაცია შეექმნა ორგანიზაცია, რომელიც იზრუნებდა ძალადობის მსხვერპლ ქალებზე. ორგანიზაცია ყოველწლიურად ღონისძიება-ვახშამს მართავს, სადაც მისი შემომწირველები და მხარდამჭერები იკრიბებიან. „Knock Out Abuse“-ს მხარდამჭერები არიან ჰილარი კლინტონი, ლენი კრავიცი და სხვა მრავალი ცნობილი პიროვნება.
ორგანიზაციის ვებგვერდზე www.knockoutabusewest.org გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, ამერიკაში ყოველი მესამე ქალი ფიზიკური ძალადობის მსხვერპლია პარტნიორთან თანაცხოვრების პერიოდში. დახმარების ცენტრში ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ქალების სატელეფონო ზარების რაოდენობა საშუალოდ 20,000-ზე მეტია დღის განმავლობაში.
როგორ ეხმარება ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია ძალადობის მსხვერპლ ქალებს, ჯილ სორენსენი გვიამბობს:
- ჯილ, თქვენ 25 წლის წინ დააარსეთ ორგანიზაცია, რომელიც ძალადობის მსხვერპლ ქალებს ეხმარება და დღეს ამერიკაში უამრავ ქალს აქვს თქვენი დახმარების იმედი.
- „Knock Out Abuse“ 1993 წელს დავაარსე ჩემს მეგობართან ერთად, მაშინ, როცა ორმა დაქალმა მიამბო, თუ როგორ ძალადობდნენ მათზე: ერთზე ქმარი, მეორეზე - მეგობარი მამაკაცი. მახსოვს, მეგობარი რომ მიყვებოდა, სკამით მცემს, შემდეგ კი გარდერობში მკეტავს მთელი დღითო, მეორე მეგობარს კი იმდენად გამეტებით ურტყამდა ქმარი, რომ მხარი მოსტეხა. ჩემთვის მათი ნაამბობი გამოღვიძებასავით იყო. მაშინ მივხვდი, რომ ქალები უნდა გავერთიანებულიყავით სხვა ქალების დასაცავად. ასე გადავწყვიტეთ დახმარება იმ ქალებისა და ბავშვების, რომლებიც ოჯახური ძალადობის მსხვერპლი არიან. სადღეისოდ 12 მილიონ დოლარზე მეტის შეგროვება შევძელით და 35 000-ზე მეტ ქალსა და ბავშვს დავეხმარეთ ახალი ცხოვრების დაწყებაში.
- "ამ 25 წლის განმავლობაში სავალალო სტატისტიკა დიდად არ შეცვლილა, ყოველი მესამე ქალი სექსუალური და ოჯახური ძალადობის მსხვერპლია", - ამბობთ ერთ-ერთ ინტერვიუში. სტატისტიკა ამ მხრივ არც საქართველოშია სახარბიელო. საინტერესოა როგორ მუშაობს თქვენი ორგანიზაცია?
- ყოველწლიურად ვმართავთ დიდ ღონისძიებას ვაშინგტონში, 2000 სტუმარს ვმასპინძლობთ, პატარა ღონისძიებას კი ლოს-ანჯელესში. ამ წლიური შეკრების დროს ჩვენი მიზანია ძალადობის შესახებ ცნობიერების ამაღლება, მსხვერპლთა თავშესაფრებისა და პროგრამირებისთვის თანხის შეგროვება. ყურადღებას ვამახვილეთ იმ კანონებსა და კულტურულ-სოციალურ პროექტებზე, რომლებიც ხელს უწყობს სხვადასხვა ჯგუფს ბენეფიციარებთან თანამშრომლობაში. ჩვენ გვქონდა ერთწლიანი უდიდესი პროტესტი, ვებრძვით და ვებრძოდით პორნოსაიტებს, არასრულწლოვნებში პორნოგრაფიის გავრცელებას, რაც უკონტროლოა ვირტუალურ სივრცეში. მაქვს პოდკასტიც, რომელსაც საქართველოშიც შეგიძლიათ მოუსმინოთ. ჩვენ ვსაუბრობთ, თუ როგორ შეიძლება პატრიარქალურმა გარემომ აქციოს ქალი ტყვედ და ძალადობის მსხვერპლად. ჩვენ მოვუწოდებთ ქალებს საჭიროების შემთხვევაში მოვიდნენ ჩვენს თავშესაფარში, სადაც უსაფრთხოდ იქნებიან.
- ამ წლების განმავლობაში, ალბათ, ყოფილა ისეთი ისტორიები, რომლებიც სხვა ქალებს მოტივაციას მისცემს.
- პორნოგრაფიის გამავრცელებელ საიტებთან ბრძოლის დროს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან შემოგვიერთდნენ ადამიანები. ჩვენ შევძელით 10 მილიონი ვიდეოს ამოშლა, ვაიძულეთ ვებსაიტების ხელმძღვანელები, ჩვენი აქტიურობით გაათავისუფლეს სამსახურებიდან არაერთი მენეჯერი. ვითომ ეროტიკული ვიდეოს სახელს ამოფარებულნი, ისინი ახალისებდნენ ძალადობას, სინამდვილეში კი ეს იყო ქალებზე ძალადობა, პორნოგრაფია. 30 წლის განმავლობაში გვქონდა და გვაქვს პროგრამები, რომლებითაც ვეხმარებით ქალებს.
- ხშირად ამბობთ, რომ ქალთა ძალადობის წახალისებას ხელს უწყობს სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციები და წესებიც.
- მე დავიბადე შვედეთში, სადაც გენდერული თანასწორობა უმაღლეს დონეზეა დაცული. მე გამზარდეს დამოუკიდებელი, რომ მქონოდა კარიერა, ჩემი შემოსავალი, მასწავლეს ოცნება, მიზნის ქონა და მისკენ სიარული. ჩემთვის არ მიუთითებიათ, ვის უნდა გავყოლოდი ცოლად. თავიდანვე მასწავლეს, რომ მამაკაცზე დამოკიდებული ქალი არ უნდა ვყოფილიყავი, მე ვიყავი პასუხისმგებელი ჩემს საკუთარ ცხოვრებასა და ბედზე. შვედეთში ქალების თითქმის 100% მუშაობს, ფინანსურად დამოუკიდებელი არიან, რაც საწინდარია თავისუფალი არჩევანის, ჯანსაღი ურთიერთობისა და ქორწინების. ჩვენთან ბავშვებზე ზრუნვა უფასოა, ასე რომ, ქალს შეუძლია იმუშაოს. შვედეთში მამებს აქვთ ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულება. ისინი სრულად არიან ჩართული ბავშვის აღზრდასა და საოჯახო მოვალეობებში. ჩვენს ქვეყანაში პატარაობიდანვე ასწავლიან, რომ ქალებსა და მამაკაცებს აქვთ თანაბარი უფლებები. ისეთ ქვეყნებში კი, როგორიცაა ავღანეთი, ირანი, იემენი, სომალი და კიდევ ბევრი ქალებს მეორეხარისხოვან ადამიანებად თვლიან. ამიტომაც ხშირია ადრეულ ასაკში ქორწინება, ძალადობა და კიდევ ბევრი საშინელება, რაც შემაძრწუნებელია. იქ კანონიერადაც კი ითვლება ქალის ფიზიკური შეურაცხყოფა. ტრადიციებისა და ოჯახის ღირსების სახელით ძალადობა ოჯახური ძალადობის ყველაზე საშინელი ფორმაა. მხოლოდ ქმარი კი არ შეურაცხყოფს და აკონტროლებს ქალს, მთელი ოჯახი ძალადობს, რაშიც ფიზიკურის გარდა, ფსიქოლოგიურიც იგულისხმება. ახლა 2023 წელია, 21-ე საუკუნე და არის ქვეყნები, სადაც ქალისთვის ოჯახი ყველაზე სახიფათოა.
- რას ეტყვით იმ ქალებს, რომლებიც ითმენენ ძალადობას?
- თუ ქმარი ან შეყვარებული გცემთ, წამოდით, ნუ დადებთ საკუთარ სიცოცხლეს სასწორზე. ძალადობის მსხვერპლი ქალების 70% გაგუდვის შედეგად იღუპება. არ დაიჯეროთ, რომ მოძალადე გამოსწორდება!
მოუყევით თქვენს პრობლემაზე ვინმეს: მეგობარს ან ოჯახის წევრს, თუნდაც უცნობ ადამიანს. არ შეინახოთ საიდუმლოდ, რომ თქვენზე იძალადეს. იცით, რომ მოძალადე მამაკაცების 50%, რომელიც ცოლზე ძალადობს, შვილებსაც სცემს. ასე რომ, დაიცავით თქვენი ბავშვები, მიატოვეთ მოძალადე ქმარი! დასახეთ თავის დაღწევის გეგმა! გახსოვდეთ, თქვენ იმსახურებთ ბედნიერ ცხოვრებას!