საქართველოს სანაპიროდან სამასიოდე კმ-ში რუსულ სადაზვერვო ხომალდს უკრაინული კამიკაძე-კატარღები დაესხნენ თავს...
რუსეთ-უკრაინის ომის მასშტაბები რომ შავი ზღვის აკვატორიის შუაგულისკენაც ინაცვლებს, დღეს, 11 ივნისის გამთენიისას, კიდევ ერთხელ დამტკიცდა, როდესაც საქართველოს აფხაზეთის სანაპირო ზოლიდან დაახლოებით 200 კმ-ში რუსულ სამხედრო ხომალდ „პრიაზოვიეზე“ მოხდა კამიკაძე-კატარღების ჯგუფური თავდასხმა...
აქამდე რუსეთ-უკრაინის ომის გამოძახილი შავი ზღვის ქვეყნებმა - რუმინეთმა, ბულგარეთმა, თურქეთმა და საქართველომაც მათ სანაპიროებზე გამორიყული და აფეთქებული საზღვაო ნაღმებითაც იგრძნეს.
მეორე სერიოზული „განაცხადი“ წელს, 24 მაისს გაკეთდა, როდესაც რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საშუალო სადაზვერვო ხომალდს „ივან ხურსს“ თურქეთის ეკონომიკურ ზონაში თავს სამი კამიკაძე-კატარღა დაესხა.
რუსი ადმირალების განცხადებით, მათ სამივე უკრაინული კამიკაძე-დრონის შეტევა მოიგერიეს, რის დამადასტურებლადაც გაავრცელეს ვიდეო-კადრები, რომელზეც მოჩანს, რომ „ივან ხურსის“ ბორტიდან ტყვიამფრქვევების ჯერებით ნასროლი მსხვილკალიბრიანი 14,5 მმ-იანი ტრასირებად-ცეცხლგამჩენი ტყვიები თუ როგორ აფეთქებენ ერთ-ერთ კამიკაძე-კატარღას.

თუმცა მეორე დღეს ინტერნეტსივრცეში გამოჩნდა უშუალოდ ასეთი კამიკაძე-კატარღიდან გადაღებული ვიდეოც, რომელზეც მისი, ამ რუსულ სამხედრო ხომალდთან დაახლოება და სავარაუდოდ, შეჯახებაა აღბეჭდილი.
თუკი ამ შეჯახების დროს აფეთქება მოხდა, მაშინ რუსულ სადაზვერვო ხომალდს „ივან ხურსს“ მარცხენა ბორტის ბოლოში უნდა დარჩენოდა დაზიანებების კვალი, თუმცა სევასტოპოლში მალევე დაბრუნებულ ამ ხომალდს არაფერი ამის მაგვარი არ ეტყობოდა.
და აი, 11 ივნისის გამთენიისას, თითქმის იგივე სცენარი განმეორდა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური განცხადების თანახმად, სევასტოპოლიდან 300 კმ-ით სამხრეთ-აღმოსავლეთით შავი ზღვის ფლოტის საშუალო სადაზვერვო ხომალდ „პრიაზოვიეს“ ექვსმა უკრაინულმა კამიკაძე-კატარღამ შეუტია, თუმცა ყველა მათგანი აფეთქებული იქნა, ხოლო რუსულ ხომალდს არანაირი დაზიანება არ მიუღია და მის ბორტზე ეკიპაჟიდანაც არავინ დაზარალებულაო.
უკრაინის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა ტრადიციულად არც ადასტურებს და არც უარყოფს იმას, რომ შავ ზღვაში რუსულ ხომალდებზე თავდასხმები სწორედ მისი ორგანიზებული იყო, თუმცა დიდი გამოძიება არ სჭირდება იმის დადგენას, თუ ვის აწყობს რუსეთის იმ შავი ზღვის ფლოტზე თავდასხმა, რომლის კუთვნილი ხომალდებიდან გაშვებული ფრთოსანი „კალიბრებით“ მეთექვსმეტე თვეა განუწყვეტლივ იბომბება უკრაინული ქალაქები...

მაგრამ, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის 519-ე სადაზვერვო ხომალდების ცალკეულ დივიზიონში შემავალი „ივან ხურსიც“ და „პრიაზოვიეც“ არ არიან შეიარაღებულნი „კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტებით და უკრაინელებსაც რაღა მაინც და მაინც ამ რუსულ სადაზვერვო ხომალდებზე სურთ შურისძიების ჯავრის ამოყრა?
შეიძლება აქ გადამწყვეტი ფაქტორი ის გახლდეთ, თუ შავი ზღვის აკვატორიის რომელ კონკრეტულ რაიონებში მოხდა, სავარაუდოდ, უკრაინული კამიკაძე-კატარღების თავდასხმა და რა მიზნით პატრულირებდნენ იქ ეს რუსული სადაზვერვო ხომალდები...
24 მაისს, „ივან ხურსზე“ თავდასხმა თურქეთის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში, ბოსფორის სრუტიდან 140 კმ-ით დაშორებით, ჩრდილო-აღმოსავლეთით მოხდა, რომელ რაიონშიც გადის წყალქვეშა გაზსადენი „თურქული ნაკადი“ და რუსეთის ანაპიდან თურქეთის ევროპულ ნაწილში რუსული ბუნებრივია აირის გადაქაჩვა ხორციელდება.
11 ივნისს, „პრიაზოვიაზე“ შეტევა განხორციელდა სევასტოპოლიდან 300 კმ-ის დაშორებით შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც წყალქვეშ ჩადებულია „ცისფერი ნაკადის“ გაზსადენი, რომელიც რუსეთის სტავროპოლის მხრიდან იწყება და თურქეთის სამსუნის სანაპიროზე „ამოყვინთავს“.
გასული წლის 10 ოქტომბერს პუტინმა განაცხადა, რომ თითქოს უკრაინის სპეცსამსახურებს ჩაფიქრებული ჰქონდათ „თურქეთის ნაკადის“ გაზსადენის წყალქვეშა ნაწილის აფეთქება.

ამასთან ერთად, მსოფლიოს წამყვან საინფორმაციო საშუალებებში არაერთხელ დაიწერა, რომ 2022 წლის 26 სექტემბერს ბალტიის ზღვაში გამავალი წყალქვეშა გაზსადენების „ჩრდილოეთის ნაკადი-1“ და „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ (რომლებითაც ბუნებრივი აირი რუსეთიდან გერმანიას მიეწოდებოდა) აფეთქებებში შეიძლება უკრაინელი წყალქვეშა დივერსანტები ყოფილიყვნენ გარეულნი...
ამ და სხვა მიზეზების გამო, როგორც ჩანს, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ოთხი სადაზვერვო ხომალდიდან ორი, „ივან ხურსი“ და „პრიაზოვიე“ შესაბამისად „თურქული ნაკადისა“ და „ცისფერი ნაკადის“ წყალქვეშა გაზსადენების რაიონებში პატრულირებდნენ, რომ არ დაეშვათ მათზე სავარაუდო წყალქვეშა დივერსიების განხორციელება, როგორც ეს ბალტიის ზღვის ფსკერზე გამავალ გაზსადენებზე მოხდა.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის სტავროპოლის მხრიდან თურქეთის სამსუნამდე გამავალი 396 კმ სიგრძის წყალქვეშა გაზსადენი „ცისფერი ნაკადი“ საქართველოს აფხაზეთის სანაპიროდან მხოლოდ 180 კმ-ითაა დაშორებული, თუმცა არ შედის საქართველოს ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში, რომელიც სანაპიროდან 200 საზღვაო მილზე (370 კმ) ვრცელდება, რადგან ამ ზონის საზღვარი ჩრდილოეთიდან (საქართველო-რუსეთის საზღვარი მდინარე ფსოუზე) სამხრეთ-დასავლეთით კუთხით ეშვება (იხილეთ რუკაზე).
ანუ, შეიძლება ითქვას, რომ თუკი ერთ რუსულ სადაზვერვო ხომალდს „ივან ხურსს“ თურქეთის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში შეუტიეს კამიკაძე-კატარღებმა, მეორე ასეთივე დანიშნულების რუსული „პრიაზოვიე“ უკვე საქართველოს ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონასთან ახლოს „მოძებნეს“ სავარაუდოდ, უკრაინიდან გამოშვებულმა დისტანციურად მართვადმა კამიკაძე-კატარღებმა...