განქორწინების შემდეგ თუ დახმარებაზე ერთ-ერთმა მეუღლემ უარი თქვა...
გაზეთ "კვირის პალიტრაში" გრძელდება სამოქალაქო საკითხებზე კითხვების გამოგზავნა. ჩვენი ერთგული მკითხველების შეკითხვებს პასუხს გასცემს საადვოკატო ფირმის დამფუძნებელი პარტნიორი, თსუ-ის სისხლის სამართლის მიმართულების დოქტორანტი, იურისტი გვანცა გურგენიძე.
- მინდა მივმართო პოლიციას დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნით, იქნებ განგვიმარტოთ, რა უფლებები შეიძლება შეეზღუდოს მოძალადეს დამცავი ორდერის გამოცემით?
- დამცავი ორდერი არის პირველი ინსტანციის სასამართლოს (მოსამართლის) მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები. ის უნდა განვასხვაოთ შემაკავებელი ორდერისაგან, რომელსაც გამოსცემს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანო. ქალებზე ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე სასამართლოსთვის მიმართვის უფლება აქვთ მსხვერპლს/სავარაუდო მსხვერპლსა და მისი ოჯახის წევრს, ხოლო არასრულწლოვანზე ძალადობის შემთხვევაში, აგრეთვე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს. განმცხადებელმა განცხადებაში უნდა აღწეროს ქალებზე ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტი, მოიყვანოს ცნობები მოძალადისა და მსხვერპლის, მათი ურთიერთკავშირის შესახებ და შესაბამისი მტკიცებულებები.
სასამართლო იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე და დამცავი ორდერის გამოცემის შემთხვევაში მას შეუძლია დაადგინოს: მსხვერპლის, მასზე დამოკიდებული პირის მოძალადისაგან დაცვის ზომები; მსხვერპლის, მასზე დამოკიდებული პირის მოძალადისაგან გარიდების და მათი თავშესაფარში მოთავსების საკითხები; მოძალადის მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილიდან გარიდების საკითხი; მოძალადის ვალდებულება არ შეზღუდოს მსხვერპლი, ისარგებლოს პირადი ნივთებით, ავტომანქანით ან სხვა იმ ქონებით, რომელიც აუცილებელია ადამიანის ნორმალური არსებობისათვის; მოძალადისათვის თანასაკუთრებით ერთპიროვნულად სარგებლობის უფლების აკრძალვა; მოძალადის არასრულწლოვნისაგან განცალკევების, მასთან შეხვედრისა და ურთიერთობის რეგულირების საკითხები; მოძალადის მსხვერპლთან, მის სამსახურთან და სხვა იმ ადგილებთან, სადაც მსხვერპლი იმყოფება, მიახლოების საკითხები; მოძალადისათვის დამცავი ორდერის მოქმედების პერიოდში ან დამცავი ორდერით განსაზღვრულ პერიოდში იარაღით (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღით) სარგებლობის უფლების შეზღუდვას ან აკრძალვას, იარაღის შეძენის ან მის შეძენაზე ნებართვის ან ლიცენზიის მოპოვების უფლების აკრძალვას და პირად საკუთრებაში არსებული ან/და კუთვნილი იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვის ან დროებით ჩამორთმევის პირობები; მოძალადის მიერ მსხვერპლის მკურნალობის, თავშესაფარში ყოფნის და სხვა, გონივრული ხარჯების ანაზღაურების საკითხები; მოძალადის დამოკიდებულებებისა და ქცევის კორექციისკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები და ასევე სხვა საკითხები, რომელთა გადაწყვეტაც აუცილებელია მსხვერპლის უსაფრთხოებისათვის.
დამეთანხმებით, ზემოაღნიშნული ჩამონათვალი საკმაოდ მრავალფეროვანია და მოსამართლეს ანიჭებს ფართო უფლებამოსილებას, მიიღოს ყველა ზომა მსხვერპლის ან მსხვერპლზე დამოკიდებული პირის დასაცავად. აღსანიშნავია ისიც, რომ კანონის თანახმად, დამცავი ორდერი უნდა ითვალისწინებდეს მოძალადის მიერ ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლას.
- შეიძლება თუ არა პოლიციაში შეტანილი საჩივრის უკან გამოტანა და მოითხოვს თუ არა განმარტებას ამაზე პოლიცია?
- თავდაპირველად განვმარტავ, რომ საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში გამომძიებელი/პროკურორი ვალდებული არიან დაიწყონ გამოძიება. დანაშაულის შესახებ ინფორმაცია შეიძლება იყოს წერილობითი, ზეპირი ან სხვაგვარად დაფიქსირებული. ხაზგასასმელია, რომ 14 წელს მიღწეულ განმცხადებელს ხელწერილის ჩამორთმევით აფრთხილებენ ცრუდასმენისათვის პასუხისმგებლობის შესახებ.
მოქალაქეს არ შეუძლია თავისი ნების მიხედვით დაიწყოს ან შეწყვიტოს გამოძიება, რადგან ეს არის სახელმწიფო ორგანოების კომპეტენცია და არ არის დამოკიდებული მოქალაქის გადაწყვეტილებაზე. შესაბამისად, მას შემდეგაც, რაც განმცხადებელი პოლიციას შეატყობინებ, რომ აღარ აქვს გამოძიების ინტერესი, შინაგან საქმეთა ორგანოები მაინც განაგრძობენ ობიექტურ გამოძიებას. რა თქმა უნდა, მნიშნელოვანია ისიც, რა გარემოების გამო სურს მოქალაქეს გამოძიების შეწყვეტა. მაგალითად, თუ პირმა განცხადება წარადგინა ქურდობის გამო, თუმცა რამდენიმე დღეში დაკარგული ნივთი თავისივე სახლში იპოვა, გამოძიება შეწყდება დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო. მაგრამ, თუ პირმა პოლიციას წინათ განუცხადა, რომ მასზე იძალადეს, მაგრამ ამის შემდეგ მან აპატია მოძალადეს მსგავსი საქციელი, ეს არ შეწყვეტს გამოძიებას. თუ დაზარალებულს დამნაშავესთან პრეტენზია არ გააჩნია, სახელმწიფოს შეუძლია დამნაშავის მიმართ გარკვეული შეღავათების გამოყენება. მაგალითად, საპროცესო შეთანხმების გაფორმება ან მოსამართლის მიერ დაბალი სასჯელის დანიშვნა. თუმცა, როგორც აღინიშნა, ეს ეხება შეღავათების გამოყენებას და არა გამოძიების შეწყვეტას.
რაც შეეხება ისეთ შემთხვევას, როდესაც მოქალაქეს სურს სრულიად უარყოს თავის განცხადებაში მითითებული გარემოებები, ბუნებრივია, სამართალდამცავი ორგანოები დაინტერესდებიან აღნიშნულის მიზეზით და მნიშნელოვანი იქნება განმარტების მიცემა. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი მანამდე კონკრეტული პირის ჩადენილ დანაშაულზე მიუთითებდა, რადგან მსგავსი გარემოების არსებობის შემთხვევაში შესაძლოა დადგეს ცრუდასმენისათვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობის საკითხი. ამიტომ ჯობს ადვოკატთან დეტალური კონსულტაციის გავლა.
- გამარჯობა, სიტყვიერი შეურაცხყოფის დროს რა უნდა მოვიმოქმედო, როცა გვაქვს დამამტკიცებელი სმს შეტყობინებები, რამდენად აქვს ჩივილს აზრი?
- მხოლოდ სიტყვიერი შეურაცხყოფა საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით არ ისჯება არც სისხლის სამართლის და არც ადმინისტრაციული სამართლის ფარგლებში. სიტყვიერ შეურაცხყოფას სამართლებრივი შედეგი მოჰყვება, თუ არის მინიმუმ წვრილმანი ხულიგნობის ნიშნები.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, წვრილმანი ხულიგნობა არის საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რაც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს. როგორც ციტირებული მუხლიდან ჩანს, ამ შემთხვევაში სიტყვიერი შეურაცხყოფა არღვევს არა მარტო კონკრეტული პირის სიმშვიდეს, არამედ საზოგადოებრივ წესრიგს. თუმცა მნიშვნელოვანია შეფასდეს, რას ემსახურება სიტყვიერი შეურაცხყოფა და ხომ არ არის მასში სხვა დანაშაულის ნიშნები. მაგალითად, სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედებებია მუქარა და ადევნება.
დასახელებული მუხლები შესაძლოა გამოხატული იყოს ვერბალურად ან ელექტრონული კომუნიკაციების საშუალებით, რასაც თან შეიძლება ახლდეს სიტყვიერი შეურაცხყოფაც. კერძოდ, მუქარა სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებისათვის განიმარტება როგორც სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის შესრულების საფუძვლიანი შიში. ხოლო ადევნება არის პირადად ან მესამე პირის მეშვეობით პირის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის უკანონო თვალთვალი, ან არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით, ან ნებისმიერი სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურია და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას ან/და პირზე ან მისი ოჯახის წევრზე, ან ახლო ნათესავზე ძალადობის გამოყენების ან/და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს ან მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის.
- რა შემთხვევაშია განქორწინება დაუშვებელი და როდის აკისრებენ მეუღლეს რჩენის მოვალეობას და თუ შეიძლება ამისგან გათავისუფლდეს?
- განქორწინება, ისევე როგორც ქორწინება, პარტნიორთა თავისუფალი ნების გამოხატულებაა. თუმცა არის გამონაკლისი შემთხვევაც.
კანონი განსაკუთრებით იცავს ორსულ ქალსა და დედას და ადგენს, რომ ცოლის ორსულობის დროს და ბავშვის დაბადებიდან ერთი წლის განმავლობაში ქმარს უფლება არა აქვს ცოლის თანხმობის გარეშე აღძრას საქმე განქორწინებაზე.
რაც შეეხება მეუღლეთა მიერ ურთიერთრჩენის მოვალეობას, მეუღლეები ვალდებული არიან მატერიალურად დაეხმარონ ერთმანეთს. თუ დახმარებაზე ერთ-ერთმა მეუღლემ უარი თქვა, ან/და არ არსებობს სარჩოს მიცემის შესახებ მეუღლეთა შორის შეთანხმება, მეუღლემ სასამართლო წესით შეიძლება მიიღოს სარჩო, თუ ის შრომისუუნაროა და მატერიალურ დახმარებას საჭიროებს. შრომისუუნარო მეუღლე, რომელსაც დახმარება სჭირდება, სარჩოს მიღების უფლებას ინარჩუნებს განქორწინების შემდეგაც, თუ ის შრომისუუნარო გახდა განქორწინებამდე, ან ერთი წლის განმავლობაში განქორწინების დღიდან.
ასევე სარჩოს მიღების უფლება აქვს ცოლს ორსულობის პერიოდში და ბავშვის დაბადებიდან სამი წლის განმავლობაში. მეუღლის სასარგებლოდ გადასახდელი სარჩოს ოდენობა განისაზღვრება სასამართლოს მიერ. ამ დროს სასამართლო მხედველობაში იღებს მეუღლეთა მატერიალურ და ოჯახურ მდგომარეობას. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ სასამართლოს დადგენილი სარჩოს ოდენობა შესაძლოა შემდგომ შეიცვალოს, ან პირი სრულად გათავისუფლდეს რჩენის მოვალეობისაგან.
კერძოდ, ერთ-ერთი მეუღლის მატერიალური ან ოჯახური მდგომარეობის შეცვლისას თითოეულ მეუღლეს აქვს უფლება სარჩელით მიმართოს სასამართლოს სარჩოს ოდენობის შეცვლის შესახებ. ამასთან, სასამართლოს შეუძლია გაათავისუფლოს მეუღლე რჩენის მოვალეობისაგან ან განსაზღვრული ვადით შეცვალოს ეს მოვალეობა, თუ მეუღლეები ქორწინებაში იმყოფებოდნენ ხანმოკლე დროით, ანდა მატერიალური დახმარების მომთხოვნმა მეუღლემ უღირსი საქციელი ჩაიდინა სარჩოს გადამხდელის მიმართ. აგრეთვე, თუ მატერიალური დახმარების მომთხოვნი მეუღლის შრომისუუნარობა გამოწვეულია ალკოჰოლური სასმელების ან ნარკოტიკული ნივთიერებების გამოყენებით ან მის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენით.
ურთიერთრჩენის ვალდებულება წყდება აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ სარჩოს მიმღები მეუღლე ხელახლა დაქორწინდა.