"მოისურვა, "პიკასოს ბიჭი" აუცილებლად უნდა ვნახოო, ისე როგორ წამოვიდოდა, ეგ არ ენახა?! რეზო ჭეიშვილის საფლავზეც ვიყავით..." - ელდარ შენგელაიას საიუბილეო საღამო ქუთაისში - კვირის პალიტრა

"მოისურვა, "პიკასოს ბიჭი" აუცილებლად უნდა ვნახოო, ისე როგორ წამოვიდოდა, ეგ არ ენახა?! რეზო ჭეიშვილის საფლავზეც ვიყავით..." - ელდარ შენგელაიას საიუბილეო საღამო ქუთაისში

"ლეგენდარული რეჟისორი თავისი ფილმებით - "შერეკილები" და "არაჩვეულებრივი გამოფენა" განსაკუთრებულად არის დაკავშირებული ქუთაისთან და ჩვენს ქალაქსაც გამორჩეულად უყვარს ელდარ შენგელაია...

საიუბილეო საღამოს დაწყებამდე, კინო-რეჟისორი ელდარ შენგელაია, სკულპტურაში უკვდავყოფილ თავისივე ფილმის პერსონაჟს ქუთაისის თეთრ ხიდზე შევახვედრეთ. "პიკასოს ბიჭთან" შეხვედრა განსაკუთრებით ემოციური მომენტი აღმოჩნდა დიდი მაესტროსთვის! კიდევ დიდხანს იბობოქრებს რიონი ამ ხიდის ქვეშ და კიდევ ბევრ თაობას მოჰგვრის ღიმილსა და სენტიმენტებს ხიდის ჯებირზე ნახტომისთვის შემზადებული, ქუთაისის ერთ-ერთ ჭეშმარიტ სიმბოლოდ ქცეული ბიჭი, ელდარ შენგელაიას უკვდავი კინოშედევრიდან: "არაჩვეულებრივი გამოფენა" - ასე აღწერეს ქუთაისში ცოცხალი ლეგენდის - ელდარ შენგელაიას ვიზიტი...

eldari-1686502135.jpg

ელდარ შენგელაიას მეუღლემ - ნელი შენგელაიამ ქუთაისში გამართულ საღამოს შემდეგ თავის ემოციები "კვირის პალიტრას" გაუზიარა:

- ელდარ შენგელაიას 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო ქუთაისში, ,,სიმღერის აკადემიის” ორგანიზებით გაიმართა. მესხიშვილის თეატრში გამართულ ღონისძიებას ჩვენც დავესწარით, არაჩვეულებრივი შეხვედრა იყო, ფილმიც ვაჩვენეთ. საუკეთესო მომღერლები გამოვიდნენ, ძალიან თბილი, სასიამოვნო საღამო გამოვიდა...

დღის განმავლობაში ელდარმა "პიკასოს ბიჭთან" მისვლა მოინდომა და ასეთი ფოტოები გადაიღო. რა თქმა უნდა, დიდი ემოციები ახლავს, ეს ხომ მისი ქმნილებაა...

eldari-2-1686504937.jpg

ქუთაისი სასწაული ქალაქია. ძალიან გახარებული ვარ, რადგან განსაკუთრებული ხალხია იმერლები - ზრდილობიანი, სტუმართმოყვარე, ყველას დამფასებლები. შემიძლია გითხრათ, უაღრესად კმაყოფილები დავბრუნდით... ჩვენს ქალაქში ცოტა არ იყოს, ყველაფერი აირია.

იანვარში თბილისში იყო ელდარ შენგელაიას საიუბილეო საღამო. ევროპის ოთხ ქალაქში ფილმების რეტროსპექტივა - ლონდონში, ბერლინში, ფრანკფურტის მუზეუმში, ორი დღის წინ დამთავრდა ლისაბონში...

ელდარი სულ მუშაობს, არასოდეს ჩერდება. ახლაც გადაღების პროცესშია... არასოდეს დაიშურებს თავის გამოცდილება ახალგაზრდებს გაუზიაროს და საერთოდაც, დიდად აფასებს სხვების შრომას, ღვაწლს...

eldari-da-nika-1686506083.jpg
საღამო ქუთაისში

იმედა კახიანი, მსახიობი:

- ქუთაისში ვიყავი, ელდარ შენგელაიას 90 წლის საიუბილეო საღამოზე. ქუთაისი საოცარი ქალაქია, თავისი კოლორიტით, სტუმარ-მასპინძლობით, სიყვარულით, სითბოთი, ყოველთვის დიდი სიხარულით ჩავდივარ. ახლაც ძალიან დიდი სითბო და სიყვარული გამოამჟღავნა ხალხმა ელდარის მიმართ.

რაც შეეხება ელდარ შენგელაიას ფილმებს, საიუბილეო საღამოზეც ვთქვი, რომ ელდარს მშობლებიდან არც დედა, არც მამა იმერელი არ ჰყოლია. მოგეხსენებათ, მამა, ბრწყინვალე რეჟისორი - ნიკოლოზ შენგელაია წარმოშობით მეგრელი კაცი გახლდათ, დედა - ქართული კონოს მშვენება - ნატო ვაჩნაძე კი - კახელი... ასე რომ, იმერეთის სიყვარული ელდარს დამოუკიდებლად აღმოაჩნდა და განუვითარდა. როგორც ჩანს, იმერელი კაცის ხასიათი, იმერული იუმორი, სიბრძნე, სტუმართმოყვარეობა მოეწონა... კიდევ ბევრი რამ არის ქუთაისელებისთვის და საერთოდ, იმერლებისთვის დამახასიათებელი.

eldari4-1686505996.jpg

გარდა იმისა რომ „შერეკილები“, „არაჩვეულებრივი გამოფენა“ ვახსენეთ, ბოლოს „სამანიშვილის დედინაცვალიც“ იმერეთში გადავიღეთ. გადაღებები სულ იქ იყო. ასე რომ, ელდარს თავისი შემოქმედების დიდი ნაწილი იმერეთში აქვს შექმნილი. საღამოზეც ვთქვი, რომ ელდარი იმერელი რეჟისორია. თვითონაც არ მალავს განსაკუთრებულ სიყვარულს.

- „პიკასოს ბიჭს“ რომ შეხვდა...

- მოისურვა, „პიკასოს ბიჭი" აუცილებლად უნდა ვნახოო, ან ისე როგორ წამოვიდოდა, ეგ არ ენახა?! წამოსვლის წინ, რეზო ჭეიშვილის საფლავზე ვიყავით...

eldar-3-1686505952.jpg

- ახსენეთ „სამანიშვილის დედინაცვალი“ ქუთაისში გადავიღეთო... ალბათ, გადაღებებიდან ბევრი ძვირფასი მოგონება გამოგყვათ...

- დიახ... ელდარმა ღარიბი აზნაურის, პლატონის როლი შემომთავაზა, რაც არაფრით არ შეიძლებოდა, იმ დროს 120 კილო ვიყავი. როდესაც სამხატვრო საბჭომ სინჯები ნახა, უთქვამთ, კარგი იქნება იმედა კახიანი წონაში თუ დაიკლებსო... ელდარმა დიეტა მომიტანა, რაც, ფაქტობრივად, შიმშილობა იყო. დაახლოებით ორ კვირაში ოცი კილო დავიკელი. იმერეთში გადაღებებზე რომ ჩავედით, ძირითადად, ზემო იმერეთში ვიყავით საჩხერესა და ჭიათურაში. ყოველდღე ქეიფი იყო, ხაჭაპურის და ღვინის გარეშე არ გვიშვებდნენ. მე ერთი ნაჭერი ხაჭაპური არ მიჭამია, არც ერთი ჭიქა ღვინო დამილევია. სულ ვშიმშილობდი, მაგრამ უფრო მეტად ჩემი ცხენი მეცოდებოდა. იმასაც აშიმშილებდნენ, რადგან ღარიბი აზნაურის ცხენი გამხდარი უნდა ყოფილიყო. საცოდაობა იყო იმ ცხენზე შეჯდომა...

- დღეს არ ახსენებთ ელდარ შენგელაიას რამდენად დიდი მსხვერპლი გაიღეთ?

- სულ ვახსენებ, მაგრამ რაღა ქნას ახლა ელდარმაც?! მაშინ მეც ვგრძნობდი, რომ სხვანაირად არ გამოვიდოდა...

დღეს რომ ხალხი სიყვარულს გამოხატავს, ამაზე დიდი რამ ჩვენთვის არ არსებობს! უმთავრესია ხალხის შეფასება და ასეთი დამოკიდებულება.

352708590-1686506143.jpg

ელდარმა ფილმის გადაღება ახლახან დაამთავრა. სამი ნოველა გადაიღო. ერთ-ერთ ნოველაში მთავარ როლს ვთამაშობ, მღვდელი ვარ... გარდა ამისა, დღეს მცხეთაში, ჩემთან სტუმრად იყო და სცენარი მომიტანა, მაგიდაზე მიდევს. უნდა წავიკითხო ჩემი როლის შესახებ... როგორც ვიცი, ცირკში ხდება რაღაც მოქმედება, ძალიან საინტერესო ჩანს, არაორდინალური.

საოცარია, ენერგიით და ყველაფრით მზად არის იმუშაოს, ფილმი გადაიღოს.

- ხშირად ხვდებით?

- დიახ... ელდარი ჩემთან მცხეთაში ხშირად ჩამოდის, ნარდს ვთამაშობთ... ახლაც ვითამაშეთ, მოიგო და გახარებული წავიდა.

- მოიგო თუ მოაგებინეთ?

- რომ წააგოს, ინერვიულებს და გული რატომ დავწყვიტო?! მოვაგებინებ და კმაყოფილია, გახარებული მიდის...

imeda-1686506205.jpg

ამის წინ ვუთხარი, რაღაცაზე თუ არ ვთამაშობთ, საინტერესო აღარ არის და ფულზე ვითამაშოთ-მეთქი... ორივეჯერ მე მოვიგე. ელდარმა ვერც დაინახა, ფული ჩუმად ნელის დავუბრუნე... ელდარი გაკვირვებულია, ისე სულ ვიგებ და ფულზე რატომ ვერაო... ვუთხარი, ათი ლარი ცოტაა, ნელის ასი ლარი გამოართვი და ინტერესი გექნება, მოიგებ-მეთქი. ჯერჯერობით, ნელი ვერ დავითანხმეთ, ასი ლარი მოგვცეს, ისე ვთამაშობთ და კი იგებს სულ... როცა ას ლარს მოგვცემს, მაშინ რად უნდა ლაპარაკი, მე მოვიგებ! (იცინის)

- იმ ას ლარსაც დაუბრუნებთ?

- მაგას ვეღარ დაგპირდებით, შეიძლება დაბრუნება გამიჭირდეს... ეტყობა ნელიმ იცის ეგ და იმიტომაც არ აძლევს ას ლარს... (იცინის)

(სპეციალურად საიტისთვის)