ვაზიანის სამხედრო აეროდრომს ქვეყნის მთავარ აეროპორტად გადაქცევას უპირებენ?.. - კვირის პალიტრა

ვაზიანის სამხედრო აეროდრომს ქვეყნის მთავარ აეროპორტად გადაქცევას უპირებენ?..

საქართველოს მთავრობა გამოვიდა საინტერესო წინადადებით, რომ თბილისის სამხრეთ-აღმოსავლეთით, დედაქალაქის ცენტრიდან 19,5 კმ-ში მდებარე ვაზიანის ყოფილი საბჭოთა სამხედრო აეროდრომის ადგილზე საქართველოს მთავარი საჰაერო კარიბჭე - ახალი საერთაშორისო აეროპორტი აშენდეს. საქართველოს დედაქალაქს ისედაც აქვს საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც ალექსეევკის დასახლებაში ჯერ კიდევ 1952 წელს ამოქმედდა და დღეს ჩვენი ქვეყნის მთავარი საჰაერო კარიბჭეა ქუთაისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებთან ერთად.

მაგრამ, როგორც მსოფლიოს თითქმის ყველა დიდ აეროპორტს, თბილისსაც ერთი მთავარი ტექნიკური პრობლემა აქვს - მისი შემდგომი გაფართოება, უპირველესად კი ასაფრენ-დასაფრენი ბეტონირებული ზოლების დაგრძელება თითქმის შეუძლებელია, რადგან სამხრეთ-აღმოსავლეთით ამის საშუალებას ხევი არ იძლევა, ხოლო ჩრდილო-დასავლეთით კი ალექსეევკის დასახლება ეკვრის.

თვითმფრინავების ასაფრენი ზოლის სიახლოვეს დასახლებული პუნქტის მდებარეობის საფრთხის მთელი სიმწვავე, სამწუხაროდ, უკვე იგემა თბილისის აეროპორტმა, როდესაც 1992 წლის 20 ივლისს ჩაის დიდი პარტიით გადატვირთულმა Ту-154Б ტიპის სამგზავრო თვითმფრინავმა ვერ მოახერხა ასაფრენი ბილიკიდან აფრენა და დიდი სიჩქარით პირდაპირ დასახლებაში შეიჭრა. ამ ავიაკატასტროფაში თვითმფრინავის ბორტზე 24 კაცი დაიღუპა, ხოლო ოთხი კი მიწაზე. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი მას შემდეგ 3 კმ-მდე დაგრძელდა, რაც საშუალებას იძლევა მიიღოს თითქმის ყველა ტიპის მძიმე წონის თვითმფრინავი (ჩვენს აეროპორტში რამდენჯერმე აფრენილ-დაფრენილა მსოფლიოში ყველაზე დიდი სატრანსპორტო თვითმფრინავი, თვით უკრაინული "მრიაც", რომელიც რუსეთ-უკრაინის ომმა გასულ წელს შეიწირა), მაგრამ იმის გამო, რომ ჩრდილო-დასავლეთის კურსით აფრენისას თვითმფრინავები სიმაღლეს უშუალოდ თბილისის საცხოვრებელი უბნების, ვარკეთილის, თემქისა და დიდი დიღმის თავზე იღებენ, ეს საჰაერო უსაფრთხოების დონეს ნამდვილად არ ამაღლებს.

ვაზიანის სამხედრო აეროდრომი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან დაახლოებით შვიდი კმ-ითაა დაშორებული სამხრეთ-აღმოსავლეთით და იქიდან აფრენილ თვითმფრინავებს უფრო მეტი მანძილი და დრო ექნებათ ბევრად მეტი სიმაღლის ასაღებად დედაქალაქის საცხოვრებელი უბნების თავზე; ან სულაც ისეთი მარშრუტით აფრინდებიან, რომელიც თბილისის ზღვას მარჯვნიდან აუვლის გვერდს და მამკოდის თავზე გავლენ. ვაზიანის ყოფილი სამხედრო აეროდრომის მიმდებარე დიდი ტერიტორია იძლევა იმის საშუალებასაც, რომ აშენდეს მომავლის საერთაშორისო საჰაერო ჰაბი, რომელიც სამხრეთ კავკასიაში საქართველოს ეკონომიკურ და პოლიტიკურ პოზიციებსაც მნიშვნელოვნად გააძლიერებს. ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ მედალს მეორე მხარეც აქვს - ვაზიანის ყოფილი სამხედრო აეროდრომის საერთაშორისო აეროპორტად გადაქცევის სურვილმა შეიძლება რამდენიმე უარყოფითი შედეგიც მოიტანოს: პირველი - ვაზიანი საქართველოს თავდაცვის ძალების უმთავრესი სამხედრო ბაზაა და მიუხედავად იმისა, ვაზიანის აეროდრომი არ გამოიყენება თვითმფრინავების მისაღებად, მის ტერიტორიაზე განვლილ წლებში სისტემატურად იმართებოდა საერთაშორისო სამხედრო სწავლებები ჩვენი ნატოელი პარტნიორების უშუალო მონაწილეობით. გასაგებია, რომ ამ ადგილას საერთაშორისო აეროპორტის აშენების დაწყების შემთხვევაში სამხედრო სწავლებების გაგრძელება საბრძოლო ტექნიკის გამოყენებით შეუძლებელი გახდება;

მეორე - ვაზიანის აეროდრომის ასაფრენ-დასაფრენი ზოლიდან ერთ კმ-ში რამდენიმე წელია ფუნქციონირების საბრძოლო მომზადების ერთობლივი ქართულ-ამერიკული ცენტრი. ამ ადგილას საერთაშორისო აეროპორტის აშენების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ქართული არმიის მუდმივი საბრძოლო მომზადებისთვის ასე საჭირო ამ ერთობლივი ცენტრის სხვა ადგილზე გადატანა გახდება საჭირო;

მესამე - ყოფილი საბჭოთა შეიარაღებული ძალებისთვის ვაზიანის სამხედრო გარნიზონს მარტო იქ მდებარე აეროდრომის გამო როდი ჰქონდა დიდი მნიშვნელობა. აქ განთავსებული იყო ტაქტიკური ბირთვული იარაღის შესანახი სპეციალური მიწისქვეშა საცავებიც და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, სამხედრო პოლიგონი, სადაც სატანკო და მოტომსროლელთა დირექტისები მოქმედებდა და პოლკის დონის საარტილერიო სროლებში ვარჯიშიც შეიძლებოდა. ვაზიანის პოლიგონი ძალზე გამოსადეგია საქართველოს თავდაცვის ძალების ოცეულის, ასეულისა და ბატალიონის დონის წვრთნების ჩასატარებლად, აქ სრულდება საერთაშორისო სამხედრო სწავლებების საცეცხლე ამოცანებიც. მართალია, პოლიგონი პირდაპირი ხაზით 3,5 კმ-ითაა დაშორებული ვაზიანის აეროდრომის ასაფრენ-დასაფრენი ზოლიდან და სასროლო დირექტისებით საპირისპირო, ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარესაა მიმართული, მაგრამ როდესაც პოლიგონზე ტანკიდან ჭურვს გაისვრიან, მისგან სულ რაღაც სამ-ოთხ კმ-ში მყოფი ადამიანები დიდ დისკომფორტს იგრძნობენ, მით უმეტეს, აეროპორტში მყოფი უცხოელი ტურისტები.

ასე რომ, ვაზიანში საერთაშორისო საავიაციო ჰაბისა და სამხედრო პოლიგონის მეზობლობა შეუძლებელი იქნება და პოლიგონის გაუქმება გახდება საჭირო, რომელიც საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობისთვის, კერძოდ, მეოთხე ბრიგადისთვის, ძალზე მოსახერხებელია სიახლოვის გამო.