უკრაინელთა კონტრშეტევის დასაწყისი წარუმატებელი გამოდგა... - კვირის პალიტრა

უკრაინელთა კონტრშეტევის დასაწყისი წარუმატებელი გამოდგა...

ერთ კვირაზე მეტია მიმდინარეობს უკრაინის შეტევები ფრონტის სხვადასხვა უბანზე, მაგრამ კიევს ოფიციალურად ჯერ არ უღიარებია, რომ ის მრავალჯერ დანაპირებ კონტრშეტევაზე, ბოლოს და ბოლოს, გადავიდა. სამაგიეროდ, რუსულმა მხარემ მთელ მსოფლიოს მოსდო, რომ მისმა საოკუპაციო ძალებმა თითქოს წარმატებით მოიგერიეს უკრაინის არმიის ყველა შეტევა და მას როგორც ცოცხალი ძალის, ისე ჯავშანტექნიკის დიდი დანაკლისი მიაყენეს. რუსულ პროპაგანდას ძნელად თუ რამე დაეჯერება, მაგრამ როდესაც უკრაინის ოფიციალურ წყაროებს პირში წყალი აქვთ ჩაგუბებული და, პირიქით, ჯიუტად აპროტესტებენ, უკრაინის არმია ჯერ კიდევ არ გადასულა მთავარ კონტრშეტევაზეო, მილიონობით ადამიანმა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში შეიძლება სწორედ რუსი ოკუპანტების ვერსიები დაიჯეროს თუნდაც იმიტომ, რომ ზაპოროჟიეს ოლქში, ორეხოვოდან სამხრეთის მიმართულებით, რამდენიმე დღეა ბრიგადის დონის მართლაც მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს, რისი დამალვაც შეუძლებელია.

რით არის გამოწვეული ოფიციალური კიევის ასეთი უცნაური პოზიცია, რატომ არ აღიარებს კონტრშეტევაზე გადასვლას? შეიძლება იმით, რომ უკრაინის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის პირვანდელი ჩანაფიქრი და იმედი არ გამართლდა და მრავალჯერ დაანონსებული კონტრშეტევა რაღაცნაირად უღიმღამოდ დაიწყო?

არადა, როდესაც შეტევაზე ბრიგადის დონის შენაერთი გადადის, მას უკვე ძნელად თუ დაარქმევ ბრძოლით დაზვერვის ტაქტიკას - ეს უკვე სრულფასოვანი შეტევაა საავიაციო და საარტილერიო მომზადების შემდეგ ჯავშანტექნიკისა და ცოცხალი ძალის წინსვლის დაწყებით.

ეტყობა, ამ რამდენიმე დღეში უკრაინის არმიამ ვერ მიაღწია გეგმით დასახულ შედეგს და ამიტომაც კიევში თავს იკავებენ მთავარი კონტრშეტევის დაწყების ოფიციალურად გამოცხადებისგან - თუკი კონტრშეტევა, სამწუხაროდ, ჩაიფუშება, უკრაინის ხელისუფლებას ექნება სათქმელად, ჩვენ ჯერ არც დაგვიწყია გენერალური კონტრშეტევაო.

თუმცა უკრაინის გენშტაბი ორეხოვოდან სწორედ ამ მიმართულებებით ცდილობს სამხრეთის ჯერ ოკუპირებულ ტოკმაკზე გასვლას და იქიდან კი მელიტოპოლზე შეტევას, ხოლო უგლედარიდან სამხრეთით კონტრშეტევა შეიძლება საპორტო ქალაქ ბერდიანსკის გასათავისუფლებლად, აზოვის ზღვის სანაპიროზე გასასვლელად იყოს გათვლილი.

ის, რომ სამხრეთ მიმართულებით მთავარი კონტრშეტევის წამოწყება მელიტოპოლ-ბერდიანსკის გასათავისუფლებლად შეიძლება ყველაზე სასურველი და მომგებიანი ყოფილიყო უკრაინისთვის, ადრეც არაერთხელ გვითქვამს "კვირის პალიტრის" ფურცლებზე.

ზაპოროჟიეს ფრონტის ხაზის ორეხოვო-უგლედარის მონაკვეთი იმითაც არის მომგებიანი უკრაინის არმიის კონტრშეტევაზე გადასასვლელად, რომ მას არ უწევს მდინარე დნეპრის გადალახვა, რაც ბუნებრივი სერიოზული წინააღმდეგობაა შემტევი მხარისთვის, რაც კარგად ჩანს ენერგოდართან (ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან) და რაც კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა ხერსონთან, მას შემდეგ, რაც რუსმა ოკუპანტებმა კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი ააფეთქეს და დროებით დატბორეს მის ქვემოთ მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპირო - მართალია, ამით თავად რუსული საოკუპაციო ძალების პირველი თავდაცვითი ზღუდეებიც ნაწილობრივ მოიშალა დნეპრის მარცხენა სანაპიროს ჩაყოლებაზე, სამაგიეროდ, იქ კვირების განმავლობაში ისეთი ლაფი იქნება, ნებისმიერი სახის დესანტირება დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან მარცხენაზე შეუძლებელი გახდება.

რა შეიძლებოდა გამხდარიყო უკრაინის არმიის კონტრშეტევების ასეთი უფერული დასაწყისის მიზეზი? შეიძლება ვცდებოდეთ, მაგრამ მაინც ხაზს გავუსვამთ - უკრაინის არმიის შენაერთები ერთდროულად, სინქრონულად რომ გადასულიყვნენ კონტრშეტევაზე, როგორც ზაპოროჟიეს, ისე ლუგანსკის, დონეცკისა და ხერსონის ფრონტის მონაკვეთებზეც (ამას დაუმატეთ პარტიზანული თავდასხმები რუსეთის ბელგოროდის ოლქის საზღვრისპირა დასახლებულ პუნქტებზე), მოწინააღმდეგეს ძალიან გაუჭირდებოდა კონტრშეტევის მთავარი მიმართულების ზუსტად დადგენა და რთული არჩევანის წინაშე დადგებოდა, თუ საით გადაესროლა რეზერვი.

ასე არ მოხდა - ჯერ დაიწყო მცირე ძალებით უკრაინული დანაყოფების შეტევა უგლედარიდან სამხრეთით და მხოლოდ შემდეგ, ორი დღის დაგვიანებით, გაიხსნა უფრო დიდი მასშტაბის შეტევის მიმართულება ორეხოვოდან ტოკმაკისკენ - თავდაცვაში მყოფ მოწინააღმდეგეს დრო მიეცა სულის მოსათქმელად... მაგრამ ჯერ ყველაფერი მხოლოდ იწყება - უკრაინის არმიის განკარგულებაშია დასვენებული და კარგად შეიარაღებული ახალი ბრიგადები, რომლებსაც კიევი სწორედ ამ მთავარი კონტრშეტევისთვის ინახავდა. ამიტომაც, დიდი ალბათობით, ისინიც ჩაერთვებიან ბრძოლებში. ამ ეტაპზე პროგრამა-მინიმუმის შესასრულებლად - მელიტოპოლ-ბერდიანსკის ხაზის დაკავება, აზოვის ზღვის სანაპიროზე დაბრუნება და რუსეთის როსტოვის ოლქიდან ანექსირებულ ყირიმამდე სახმელეთო დერეფნის გაჭრაა, რაც რუს ოკუპანტებს რთულ მდგომარეობაში ჩააგდებს როგორც ოკუპირებულ ზაპოროჟიეს ოლქის ნაწილში, ისე ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე.

P.S. უკრაინის კონტრიერიშთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები უფრო ამყარებს მოსაზრებას, რომ ქალაქების დათმობას მათთვის ბოლომდე ბრძოლა სჯობს, თუმცა ერთხელ დათმობილის ბრძოლით დაბრუნებას ბევრად მეტი დანაკლისი მოჰყვება შეტევაზე გადასულთა რიგებში.