როგორ უნდა განვითარდეს ქართული წარმოება გლობალური კონკურენციის პირობებში - კვირის პალიტრა

როგორ უნდა განვითარდეს ქართული წარმოება გლობალური კონკურენციის პირობებში

ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე ფეხბურთელთა მაისურებზე წარწერა Made in Georgia რომ დავინახეთ, რამდენიმე დღის განმავლობაში მთელი ქვეყანა აღტაცებული იყო. არაფრად ჩაგვიგდია, რომ ეს მაისურები აქ სპორტული სამოსის ცნობილმა უცხოურმა ფირმამ დაამზადა, მთავარი იყო, რომ ეწერა "დამზადებულია საქართველოში". ასევე გვახარებს ხოლმე უცხოეთში ღვინის ბოთლებზე ამგვარი წარწერები და საერთოდ, განცდა, რომ რაღაც შენს ქვეყანაშია დამზადებული, მხოლოდ საქართველოში და ქართველებს არ გვახარებს. მაგალითად, ვაშინგტონში, ლინკოლნის ცენტრთან მდებარე სუვენირების მაღაზიაში სიამაყით გეუბნებიან, რომ მათი სუვენირები ამერიკაშია დამზადებული, სათანადო წარწერაც ახლავს და არ უნდა გაგიკვირდეს, რომ ზუსტად ჩინეთში გაკეთებულ მსგავს სუვენირზე გაცილებით ძვირი რომ ღირს... შენს ქვეყანაში დამზადებული პროდუქცია, გარდა პატრიოტული მოტივისა, პირდაპირ უკავშირდება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. სწორედ ამიტომ წლების განმავლობაში მიმდინარეობდა "კვირის პალიტრის" კამპანია ქართული წარმოებისთვის ხელის შესაწყობად: "იყიდე ქართული - გააძლიერე ქვეყანა"... დღეს რა მდგომარეობაა ქართული პროდუქციის წარმოების მხრივ, სად გვაქვს ძლიერი და სუსტი მხარეები და როგორ უნდა შეძლოს პატარა და ღარიბმა ქვეყანამ გლობალური კონკურენციის პირობებში ადგილობრივი წარმოების განვითარება, ამ საკითხებზე "კვირის პალიტრა" ეკონომიკის პროფესორ სოსო არჩვაძეს ესაუბრა:

ქართულ წარმოებასთან დაკავშირებით საგულისხმო მაგალითია ბატონ რომან რურუას ძალიან მტკივნეული კავშირები და მოგონებები. ის ერთ-ერთი მოწინავე იყო არა მარტო ქართულ სპორტში - ევროპის ჩემპიონიც იყო, ოლიმპიურიც და მსოფლიოს ჩემპიონიც არაერთგზის. მას ჰქონდა წარმოება, რომელსაც ღია ეკონომიკის პირობებმა და უცხოური პროდუქციის უკონტროლო ექსპანსიამ ფრთები შეუკვეცა. ეს არის ერთი ადამიანის მაგალითი, რომლის განზოგადება თავისუფლად შეგვიძლია ქართულ წარმოებაზე საუბრისას. ის პრინციპი, რომ შედარებითი უპირატესობის კანონი უნდა მოქმედებდეს და ქვეყანა არ უნდა აწარმოებდეს იმ პროდუქციას, რისი წარმოების კულტურა, გამოცდილება ნაკლები აქვს, სწორი და გამართლებულია ინდუსტრიულად შედარებით განვითარებული ქვეყნებისთვის, ხოლო ისეთი სუსტი ქვეყნებისთვის, რომელთაც წარმოების დანახარჯების, შრომის მწარმოებლურობის, მასშტაბის ეკონომიის, ტექნოლოგიური ჩამორჩენის პრობლემები აქვთ, საჭიროა გაცილებით ფრთხილი დამოკიდებულება, რათა ადგილობრივი წარმოება არ დაიხრჩოს იაფი საქონლის იმპორტით. სხვათა შორის, ახლა მოდური არ არის, მაგრამ მარქსი და ენგელსი წერენ, რომ საქონლის სიიაფე ის მძიმე არტილერიაა, რომელიც ეროვნული კარჩაკეტილობის კედლებს ანგრევს. ეს ჯერ კიდევ 1848 წელს თქვეს და არის ეკონომიკისთვის საბაზისო რამ - როდესაც იაფი საქონელი შემოდის, ადგილობრივი პროდუქცია არაკონკურენტუნარიანი ხდება; არა მარტო ადგილობრივი ბიზნესი, არამედ ადგილობრივი მოსახლეობა და საბოლოოდ პოლიტიკური ელიტაც გარე ინტერესების მომსახურებას იწყებს. ეს არ არის წმინდა ქართული მოვლენა, ეს არის ზოგადი ტენდენცია, რომელიც საბჭოთა სისტემის დაშლის შემდეგ ძალიან მკაფიოდ გამოჩნდა და საბაზრო სტიქიაში სერიოზული დარტყმა მიაყენა ეროვნულ ეკონომიკას. კი, საქართველოში იყო ბევრი სხვა ფაქტორიც, კონფლიქტური რეგიონები, რუსეთთან ომი და ა.შ., რამაც ადგილობრივ ეკონომიკას დიდი დარტყმა მიაყენა, მაგრამ ჩვენი ადგილობრივი წარმოების შემცირების მიზეზებს მხოლოდ ამაზე ვერ დავიყვანთ. თუ ავიღებთ ეკონომიკურ მაჩვენებლებს, საბჭოთა კავშირის დაშლიდან სულ რაღაც 5-6 წელიწადში ჩვენი ეკონომიკა თითქმის 4-ჯერ შემცირდა, მრეწველობა კი 100-დან 16%-მდე, ანუ დაახლოებით 7-ჯერ.

დღეს მრეწველობის იმ მასშტაბით აღდგენაზე საუბარიც არ არის, რადგან ახლა სამრეწველო გიგანტები აღარ გვჭირდება, არც შესაბამისი გასაღების ბაზარია, არც შესაბამისი ნედლეული და არც იმდენი კვალიფიციური კადრი გვყავს, რომ ასეთ მასშტაბებზე დავასაქმოთ, მაგრამ ჩვენ ახლა უნდა მოვახდინოთ ეკონომიკის ხელახალი რეინდუსტრიალიზაცია, ანუ უნდა მოხდეს მრეწველობის ფუნქციებისა და როლის ხელახალი გააზრება. მრეწველობა ეკონომიკის ის ნაწილია, რომელშიც, როგორც წესი, შრომის გაცილებით მაღალი მწარმოებლურობაც არის, ტექნოლოგიური პროგრესის უზრუნველმყოფიცაა და მოწინავე ტექნოლოგიებს ეკონომიკის სხვა დარგებსაც გადასცემს - როგორც ფიზიკური კაპიტალის, ასევე ცოდნისა და გამოცდილების სახით და რესურსების გადანაწილების გზით. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ჩვენ ამ მიმართულებით უნდა შევძლოთ განვითარება, რადგან ერის განვითარება შეუძლებელია მხოლოდ მომსახურებისა და ტურისტული სეგმენტის განვითარებით. თვითონ ტურიზმის სექტორშიც ინდუსტრიული განვითარება შესაძლებელს ხდის მაღალი კლასის მომსახურების შეთავაზებას, რაც ტურისტებს მეტის დახარჯვას აიძულებს. ეკონომიკის განვითარება თუ გვინდა, პირველ რიგში ყურადღება უნდა მივაქციოთ რეალური სექტორის განვითარებას, განსაკუთრებით იმ დარგების, სადაც ერთეულ დანახარჯზე მეტი დამატებული ღირებულება იქმნება. ეს არის დარგები, რომლებიც კოოპერირებაშია მეცნიერებასთან, ტექნოლოგიებსა და მოწინავე მსოფლიო კომპანიებთან.

iyide-qartuli-logo-official-1686504546.jpg

- ანუ წარმოებაზე როდესაც ვსაუბრობთ, ეს პირდაპირ არის დაკავშირებული ე.წ. ეკონომიკის რეალურ სექტორთან?

- რა თქმა უნდა. ქართული ანდაზაა, ჯერ ძილი და მერე სიზმარიაო, და როდესაც წარმოებაზე ვსაუბრობთ, ჯერ რეალური ეკონომიკა უნდა იყოს სათანადო დონეზე განვითარებული. ისევ ტურიზმის მაგალითს მოვიტან, თუ ტურიზმის განვითარება გვინდა, ამას პირველ რიგში მომსახურებისა და კვების პროდუქტების წარმოების განვითარება სჭირდება. თუ სურსათს ისევ უცხოეთიდან შემოვიტანთ, საქართველო დარჩება სხვაგან შექმნილი დოვლათის უტილიზაციის ადგილად, ტურისტების მიერ აქ დახარჯული თანხები ისევ სხვა ქვეყნებში გაიწოვება და საქართველოში ამ ხარჯების 20-25% თუ დარჩება. ამიტომ უნდა განვავითაროთ ადგილობრივი ინდუსტრია, რომელიც საწარმოო პროდუქციას გათვლის ტურისტულ მოთხოვნილებებზე, ჰიგიენური საშუალებები იქნება სხვა, უფრო სოლიდური საგნები.

- მასშტაბის ეფექტს ხშირად ასახელებენ და თუნდაც ჰიგიენური საშუალებების წარმოების განვითარება იქნება საქართველოში ასეთი მომგებიანი? პატარა ქვეყანაში ეს პრობლემა რამდენად გადაილახება?

- მასშტაბის ეფექტის დაძლევის ფაქტორად უნდა მივიჩნიოთ მეტი რაციონალიზაცია, სამუშაო ძალის შედარებითი სიიაფე და ინოვაციური ქმედებები. არ უნდა გავჩერდეთ. გაჩერება ჩამორჩენას ნიშნავს და ცხადია, ეს განსაკუთრებით პრობლემურია ჩვენნაირი პატარა ქვეყნებისთვის, რადგან მაშინ მასშტაბის ეფექტის საფრთხე გაძლიერდება.

- დღეს რა არის ხელის შემშლელი ფაქტორები, რომ ეკონომიკის რეალური სექტორი ვერ ვითარდება?

- ვერ ვიტყვი, რომ არ ვითარდება, ამ მიმართულებით მუშაობა ნამდვილად მიმდინარეობს. სხვათა შორის, გამოქვეყნდა სტატისტიკის სამსახურის ინფორმაცია, რომ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ინვესტიციების თითქმის 46% გადამმუშავებელ მრეწველობაშია დაბანდებული. ეს ნიშნავს, რომ გაჩნდა მოთხოვნილება და საქართველოს შეუძლია ამ მიმართულებით სერიოზული ნაბიჯები გადადგას. ამისთვის საჭიროა მეტი კოოპერირება ცნობილ ფირმებთან, იმის გათვალისწინებით, რომ სამუშაო ძალის ღირებულება ჩვენთან, მიუხედავად იმისა, რომ სულ უფრო იზრდება, ჯერ კიდევ მნიშვნელოვნად ჩამორჩება აშშ-ისა თუ სხვა ქვეყნების დონეს. ამიტომაც ამ მიმართულებით ნამდვილად არის პერსპექტივა.

- კიდევ რა მიმართულებით გვაქვს პოტენციალი, როდესაც ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარებაზე ვლაპარაკობთ?

- თავის დროზე ჩვენ მრეწველობის მეტი დარგი გვქონდა, ვიდრე მენდელეევის ელემენტთა სისტემაში ელემენტებია. ასზე მეტ დარგში ჰქონდა საქართველოს წარმოება და მიზეზთა გამო თანდათანობით ეს დარგები ჩაკვდა. დღეს გვაქვს დაწყებული საავიაციო პროდუქციის წარმოებით და დამთავრებული შედარებით მარტივი წარმოების პროდუქციით. კვების მრეწველობას ჰქონდა ბევრი დარგი, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენთან თითქმის ყველა სეზონის პროდუქციის წარმოება, მისი შენახვის, დაფასოების, ღრმა დამუშავებისა და სხვადასხვა პროდუქციის წარმოების საფუძველზე ამ მიმართულებების განვითარება საკმაოდ შედეგიანი იქნება. ამ დღეებში მხოლოდ ყურძნის სრულფასოვანი გადამუშავებისა და იქიდან მეორადი პროდუქციის ათვისების საფუძველზე წარმოების პერსპექტივის შესახებ დაწერილ დისერტაციას გავეცანი. საქართველოს წელიწადში ამ მხრივ 700 მილიონ დოლარამდე ღირებულების პროდუქციის წარმოება შეუძლია. ამიტომაც მეტი ყურადღებაა საჭირო ინოვაციებზე, მიგნებებზე. ადრე რაც გვქონდა, შეიძლება საფუძვლად დაედოს თანამედროვე წარმოებას.

- მთავრობამ როგორ უნდა შეუწყოს ხელი რეალური სექტორის განვითარებას.

- რომ ვთქვათ, მთავრობა არაფერს აკეთებსო, არ იქნება სწორი. საკმაოდ საინტერესო პროექტების რეალიზაცია ხდება, მაგალითად, "აწარმოე საქართველოში", "დანერგე მომავალი" და კიდევ ბევრი სხვა პროექტი ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების ხაზით. მიდის მუშაობა, რათა მოწინავე ტექნოლოგიების დანერგვითა და ცნობილ ფირმებთან კოოპერაციებით შევძლოთ ტექნოლოგიური პროცესების ნაწილის საქართველოში განხორციელება. ეს მოგვცემს საშუალებას, ჯერ ერთი, მეტი დამატებული ღირებულება ვაწარმოოთ საქართველოში და მეორე მხრივ, ადგილობრივი კადრების კვალიფიკაციის ამაღლებაში დაგვეხმარება. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ჩვენი პროდუქციის კონკურენტუნარიანობა მსოფლიო ბაზარზე უფრო გაიზრდება.

- პროგრამები, რომლებიც წლებია მოქმედებს, საერთო ჯამში რამდენად შედეგიანია? თუ ვითარდება ამ პროგრამებით დაწყებული ბიზნესები, რეალური სექტორის განვითარებაში შეაქვთ წვლილი?

- სტატისტიკის სამსახური აქვეყნებს დაქირავებით დასაქმებულთა მონაცემებს და ეს მონაცემები მზარდია. ეს კერძო სექტორია, რომელიც დასაქმებასა და შესაბამისად, წარმოებას მაშინ ზრდის, თუ პროდუქცია არის კონკურენტუნარიანი და გასაღება შესაძლებელია. ფაქტობრივად, დასაქმების ზრდა, ბრუნვის მოცულობის ზრდა იმის არაპირდაპირი ინდიკატორია, რომ ქართული პროდუქციის რეალიზაცია იზრდება ქვეყანაშიც და მის ფარგლებს გარეთაც. თუმცა ბრუნვის თითქმის 2/3 და გამოშვების ნახევარზე მეტი თბილისზე მოდის, რაც სიგნალია იმის, რომ ვიზრუნოთ წარმოებისა და ბიზნესის დეკონცენტრაციასა და დეცენტრალიზაციაზე, რათა ადგილებზეც განვითარდეს ბიზნესი და წარმოება რეგიონულ დონეზეც რენტაბელური იყოს.

- რადგან დეცენტრალიზაცია ვახსენეთ, რა უნდა გაკეთდეს წარმოების რეგიონებში გადასატანად?

- ადამიანები რეაგირებენ სტიმულებზე, ინტერესებზე და ჩვენ თუ ისეთ პირობებს შევქმნით, რომ ბიზნესის წარმოება, ვთქვათ, შუაფხოში თუ სხვა რომელიმე სოფელში უფრო რენტაბელური იქნება, დაბალი იქნება გადასახადი არა მარტო იჯარის, არამედ, მაგალითად, კრედიტის აღება და სხვ., მაშინ ბევრი ბიზნესი იქ გადავა. რაც მთავარია, ამას მხოლოდ ეკონომიკური დატვირთვა არა აქვს. როცა რეგიონის მცხოვრები დაინახავს, რომ შესაძლებელია სარგებლიანი საქმიანობა თავისი სახლის ახლოს, მოტივაციაც მეტი ექნება, რომ გარისკოს და იქვე დაიწყოს ბიზნესი, უცხოეთში აღარ წავიდეს. შეძლებს თავისი თავის რეალიზაციას, თვითუზრუნველყოფას სამშობლოში, საკუთარ რეგიონში. ამას დემოგრაფიისა და უსაფრთხოებისთვისაც დიდი მნიშვნელობა ექნება.

- რომ შევაჯამოთ, ქართული წარმოების განვითარების თვალსაზრისით დღეს რა დონეზე ვართ და რას უნდა მივაღწიოთ?

- ეკონომიკის რეალური სექტორი, განსაკუთრებით მრეწველობა, დიდხანს იყო სარეაბილიტაციო რეჟიმზე და ახლა, სამედიცინო ტერმინოლოგიით რომ ვთქვათ, ინტენსიური თერაპიიდან გადაგვყავს ჩვეულებრივ სამკურნალო-გამაჯანსაღებელ პროცედურებზე. თუმცა, რა თქმა უნდა, უნდა შევძლოთ, რომ ძველებური სპორტული ფორმა დაიბრუნოს და გახდეს კონკურენტუნარიანი ჯერ ქვეყანაში იმპორტირებულ პროდუქციასთან და მერე უკვე თამამად შეძლოს საკუთარი სეგმენტის გაფართოება მსოფლიო ბაზარზე. ამის პოტენციალი, შესაძლებლობა, რესურსი, ბიზნესისა და ხელისუფლების მზაობა არის და ვფიქრობ, უფრო ოპტიმისტურად უნდა განვეწყოთ.

რუსა მაჩაიძე