„ლეპტოსპიროზი - ამ ინფექციის სეზონი ახლა იწყება და გავფრთხილდეთ!“
საქართველოში მძიმე დაავადებათა სიაში შეტანილი ლეპტოსპიროზი დადასტურდა. ამ დროისთვის თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში ინფექციას 3 მოქალაქე ებრძვის. როგორ ვრცელდება ეს ინფექცია, რა შემთხვევაში დგება ლეტალური შედეგი და როგორია პრევენციის გზები, ამის შესახებ "კვირის პალიტრას" ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა ესაუბრა:
- ლეპტოსპიროზი არის ბაქტერიული, სოლონოზური ინფექცია. ეს ნიშნავს, რომ ძირითადად ვრცელდება ცხოველის შარდის, ოფლის ან ნერწყვის საშუალებით. თუ ცხოველი ამ ბაქტერიით დააინფიცირებს წყალს ან რაიმე ზედაპირს, ან საკვებს, მოხვდება ადამიანის ლორწოვან გარსზე ან საკვებზე, 97%-ია ალბათობა იმისა, რომ ადამიანი დაინფიცირდეს. ეს ინფექცია ადამიანიდან ადამიანს არ გადაეცემა. ლეპტოსპიროზი ფართოდ არის გავრცელებული მსოფლიოში, არის შემთხვევები საქართველოშიც. დაავადება თანაბარი ინტენსივობით გვხვდება როგორც ქალაქად, ისე სოფლად. ამ დაავადებას სეზონურობა ახასიათებს - შემთხვევების დიდი ნაწილი ფიქსირდება ადრე ზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე. დაავადება განსაკუთრებით წვიმიანი სეზონის დროს ვრცელდება. ეპიდაფეთქებები უმეტესად დაკავშირებულია ბუნებრივ ან ხელოვნურ წყალსაცავებში ბანაობასთან. ბანაობის შემდეგ თუ სითხე მოხვდება ლორწოვან გარსზე ან ჭრილობაზე, დაინფიცირების ალბათობა დიდია. ინფექციის გადამტან წყაროს წარმოადგენენ დაავადებული ან დაავადებაგადატანილი შინაური თუ გარეული ცხოველები. ყველაზე მეტად ამ დაავადების გავრცელებას ხელს უწყობენ მღრღნელები.
- როგორ დავიცვათ თავი ლეპტოსპიროზისგან?
- ლეპტოსპიროზისგან თავის დაცვის მთავარი საპრევენციო საშუალებაა ჰიგიენური ნორმების დაცვა, კერის ეპიდზედამხედველობა, ანუ სადაც დაფიქსირდა ინფექცია, უნდა გაკონტროლდეს, შემდეგ კი აღმოიფხვრას.
აუცილებელია ჭამის წინ ხელები კარგად დავიბანოთ, ხილი თუ ბოსტნეული კარგად გავრეცხოთ, მოვერიდოთ ტბებში, წყალსაცავებსა და დამდგარ წყალში ბანაობას. თუ ვიბანავებთ, ვეცადოთ წყალი არ მოხვდეს ჩვენს ლორწოვან გარსზე, ხოლო წყლიდან ამოსვლის შემდეგ აუცილებლად დავიბანოთ სუფთა წყლით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.დაავადების ინკუბაციური პერიოდი 2-დან 30 დღემდეა. სიმპტომები ვლინდება დაინფიცირებიდან 1 კვირის ან 10 დღის შემდეგ. ლეპტოსპიროზს აქვს მსუბუქი, საშუალო და მძიმე მიმდინარეობა. სიმპტომები მსუბუქი მიმდინარეობისთვის ძალიან ზოგადია, შეიძლება დაგვეწყოს ვირუსული, რესპირაციული ინფექციის მსგავსი სიმპტომები: კონიუნქტივიტი, ტემპერატურის მატება, თავის, სახსრების, კუნთების, წელის ტკივილი. დამახასიათებელია ქვედა კიდურების, წვივის კუნთების ტკივილი. თუ ეს სიმპტომები განგვივითარდა და გვქონდა ანამნეზში ან ტბაზე ბანაობა, ან გვახსენდება, რომ ჰიგიენური ნორმების დარღვევით ვჭამეთ რომელიმე საკვები, რა თქმა უნდა, ასეთ დროს უნდა გაჩნდეს ვარაუდი, ხომ არ არის ამის მიზეზი ლეპტოსპიროზი და მივმართოთ ექიმს.
მსუბუქი მიმდინარეობის დროს შესაძლოა ზემოთ ჩამოთვლილ სიმპტომებს არაფერი დაერთოს და თვითგანკურნებაც კი მოხდეს. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ზოგადი სიმპტომების შემდეგ იწყება ამ დაავადებისთვის დამახასიათებელი სპეციფიკური სიმპტომატიკა. ლეპტოსპიროზი აზიანებს ადამიანის თითქმის ყველა ორგანოს, განსაკუთრებით ღვიძლსა და თირკმელებს. ამიტომ ვითარდება ხოლმე ნეფრიტი, თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობა. დაავადება მიმდინარეობს სიყვითლით, ბილირუბინის მატებითა და დაავადებული ადამიანის კანს და სკლერებს აქვს დამახასიათებელი სპეციფიკური ღია ლიმონისფერი. მძიმე მიმდინარეობის დროს შეიძლება იყოს კანზე გამონაყარი. განსაკუთრებით საყურადღებოა კანზე სისხლჩაქცევები. შემდეგ იწყება სხვა ორგანოების დაზიანება, მაგალითად, ფილტვების, და ჰემორაგიული პნევმონია, შეიძლება დაზიანდეს ცენტრალური ნერვული სისტემა და გამოიწვიოს მენინგიტი. 1-5%-ში შეიძლება იყოს ლეტალური შედეგი. ამიტომ არის მნიშვნელოვანი დაავადების დიაგნოსტირება პირველივე სტადიაზე. ამ ინფექციის სამკურნალოდ ეფექტურია ანტიბიოტიკები, განსაკუთრებით საწყის ეტაპზე.
ლეპტოსპიროზით დაავადება ხშირია იმ ადამიანებში, რომელთაც უყვართ ბუნებაში ყოფნა, ხშირად დადიან პიკნიკებზე, კემპინგებში, ან უვლიან ცხოველებს და აქვთ მათთან ახლო კონტაქტი, არიან მონადირეები, მეთევზეები... ასეთი ადამიანები უფრო მეტად რისკის ქვეშ არიან.
- ეპიდემიური აფეთქება ახსენეთ, დაფიქსირებულა ჩვენში?
- კი, პერიოდულად, განსაზღვრული სიხშირით, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოდან. ერთი კერიდან რამდენიმე ერთეული ან ათეული შემთხვევაც გვქონია.
ამ ეტაპზე საგანგაშო სტატისტიკა ნამდვილად არა გვაქვს. თუ გათვალისწინებული იქნება რეკომენდაციები და შესაბამისი სტრუქტურებიც პრევენციულ ღონისძიებებს გაატარებენ, რა თქმა უნდა, წლევანდელი სეზონიც ამ მხრივ დიდად გამორჩეული არ იქნება. სავარაუდოდ, ერთეული შემთხვევები მაინც დაფიქსირდება, თუმცა დროულად დიაგნოსტირებითა და მკურნალობით, კარგი გამოსავალი გვექნება.
- დიაგნოსტირება როგორ ხდება?
- ლაბორატორიული მეთოდით, ძირითადად, სისხლის კომპონენტებით.
ამ ინფექციის სეზონი ახლა იწყება და გავფრთხილდეთ!