რა გინდოდა წვენებში?! - კვირის პალიტრა

რა გინდოდა წვენებში?!

შესავლის ნაცვლად

არ ვიცი, მოვასწრებ თუ არა ამ "პროვოკაციის" დასრულებას, რადგან ნომერი უკვე აწყობილია და სტამბა გველოდება, მაგრამ მთელი ღამეც რომ გაათენონ, უნდა დამელოდონ, ისეთი სასაცილო ამბავი უნდა მოგიყვეთ - ახლა მოვედი ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენციიდან და განსხვავებით ჩემი კოლეგებისაგან (რომლებმაც უკვე გაავსეს "ფეისბუკი" ასეთი პოსტებით: "მრცხვენია, რომ ჟურნალისტი ვარ"), ძალიან ვიხალისე!

თქვენ ხუთშაბათს ალბათ უკვე "გადაღეჭილი" გექნებათ ეს პრესკონფერენცია, მაგრამ მე ამ წუთში ახალმოსული ვარ იქიდან, საკმაოდ აჟიტირებული და გაოცებული, მაგრამ "ცხელ გულზე" ნათქვამი მაინც სხვაა და ამიტომ, გიამბობთ:

მოკლედ, ბევრი რომ არ ვილაპარაკო, ძაააალიან კმაყოფილი ვარ! აბსოლუტურად ყველაფერი მაღალ დონეზე იყო, ასეთი რამ საქართველოში თუ შესაძლებელი იყო, ვერც წარმოვიდგენდი... ივანიშვილის სახლ-კარზე მოგახსენებთ: აივანზე ერთი დივანი უდგას, რკინის არის, და ახლა მივხვდი, რას ნიშნავს ნამდვილი მოდერნისტული ხელოვნება - აი, ხო რკინის არის, არა? ადგომა არ მოგინდებათ, ისეთი მოხერხებულია! თანაც, რა ხედი იშლება: პირდაპირ პრეზიდენტის სასახლეს უყურებს, მიშას ხელიც კი დავუქნიე - იმის მიუხედავად, რომ იქამდე რამდენიმე კილომეტრია, დარწმუნებული ვარ, თვალში წამწამს დამინახავდნენ, ვინც საჭიროა, ისინი. ჰო, ეზოში ასევე მოდერნისტული სკულპტურები დგას - თანამედროვე ხელოვნების შედევრები, შიგნით - ლიხტენშტაინის "ინტერიერი წითელი კედლით", შემინული კიბის უჯრედიდან ცისფერი აუზიც კარგად ჩანს, ოღონდ პინგვინი ვერ დავინახე.

ნაცნობებიც ვნახე - შალვა რამიშვილმა ინტერვიუც კი აიღო ჩემგან და დამპირდა, "მაესტროზე" გავაო. ასე რომ, ჩემთვის ყველანაირად ბედნიერი და შინაარსიანი დღე იყო...

...ეს რა დავწერე, რა "კმაყოფილი"?.. თქვენ პრესკონფერენცია გაინტერესებთ, ხომ? ოოოო... ეჰ... პრესკონფერენციამ, ბოიშმამითხოვია და, ჩაისვარა! ოღონდ იმაზე მეტად, ვიდრე ეს თქვენს ტელევიზორებში ჩანდა - "პირველი არხის" ოპერატორებმა უმაღლესი პროფესიონალიზმი გამოავლინეს და მაყურებელმა ვერ იხილა ყველა ის უმსგავსობა, სიბრიყვე და საცოდაობა, რასაც, "გვარს არ დავასახელებ" და, ზოგიერთი ტელევიზიის ზოგიერთი ჟურნალისტი სჩადიოდა, მაგრამ ყველაზე "საყვარლები" მაინც "ანტიჭორვილური კოალიციის" ინტერნეტსაიტების ტიპები იყვნენ - დედას, მამას, და-ძმას, ცოლ-შვილს, გულით საყვარელს და გვარში გასათხოვარს გაფიცებთ, ასეთს რას გიხდიან, გაგვაგებინეთ, თქვე კეთილმოწყობილებო! მიდით მაგ ივანიშვილთან და ორჯერ მეტს მოგცემთ, ნერვებს თუ არ აუშლით, გააგიჟეთ კაცი...

კარგი, რაც თქვენც იხილეთ და მოისმინეთ ეკრანზე, - ეს იქით იყოს... თუმცა "იქით" როგორ უნდა იყოს, ჟურნალისტი რომ ასეთი ძლივს ნაღირსებ პრესკონფერენციაზე ხელში მიკროფონს ჩაიგდებს (რაც ყველამ ვერ მოახერხა) და იკითხავს: თქვენმა პინგვინმა ბეღურა რომ შეჭამა, იმიტომ არ გიყვართ ეს უწყინარი ფრინველიო? - რა უნდა ელაპარაკო?! მაგას კი არა, მაგის გამომგზავნს, რომელსაც ჰგონია, რომ ეს შეკითხვა ან "ჩამჭრელია", ან სასაცილო, ან მახვილგონივრული... თუმცა ის "გამომგზავნებიც" ხომ ვიცით - რა ქნან, იმათ ზევით სხვები არიან და ამათ ავალებენ, იმათ ზევით კიდევ სხვები, მერე კიდევ სხვები და ბოლოს კიდევ სხვები კი არა, ერთი "სხვა"!!! ჰოდა, რაც უფრო ზევით ავდივართ ამ სუბორდინაციის კიბეზე, მით უფრო კლებულობს ინტელექტი, გემოვნება და რეალობის შეფასება.

ის მთავარი "სხვა" კი, მგონი, ბოლომდე აიჭრა...

რას არ მივცემდი, რომ გამეგო, ვისი იდეა იყო ეს გენიალური სვლა: პირველი შეკითხვის შემდეგ, რომლის უფლებაც "საზოგადოებრივ მაუწყებელს", როგორც ტრანსლაციის მასპინძელს მიეცა, მათმა ჟურნალისტმა მიკროფონი "გადაჟმოტა" და მის წინ მჯდომ "პირველი არხის" რადიოკოლეგას გადასცა, იმან თავის კითხვაზე პასუხის გაცემის შემდეგ კვლავ არ დააბრუნა მიკროფონი და "რუსთავი 2"-ს გადასცა, იმანაც მოახერხა "ჩამჭრელი" კითხვის დასმა და "იმედს" გადასცა ესტაფეტა, მაგრამ აქ უკვე ატყდა ამბავი და დიდხანს მხოლოდ ორი სიტყვა ისმოდა სხვადასხვა ბრუნვასა და ფორმაში: "მომეცი, მიეცი, მომცეს, მიკროფონი, მიკროფონის, მიკროფონი, მიკროფონი, მიკროფონი, მიკროფონიიიიი... მომეეეეეეეე..."

და მთავარი, რაც თქვენ არ დაგინახავთ: ამ დროს ბიძინა ივანიშვილის თვალები! დუმბაძის პერსონაჟის ფრაზა გამახსენდა (თუმცა, სად იმის "საქმოსნობა" და სად ამის): "რა მინდოდა წვენებში, ვყოფილიყავი ჩემთვის..."

P.S. რაც შეეხება მიკროფონს: მიკროფონი ისეთი ჩავიგდე ხელში, რომ ვეღარავინ გამაგდებინებს: ცხადია, მეც ძალიან მინდოდა, მაგრამ თქვენც რომ მოგწონდათ ეს იდეა, წერილებშიც მწერდით და სოციალურ ქსელშიც არაერთხელ შემომთავაზეთ: ჰოდა, დავიწყეთ - "პროვოკატორი" უკვე ეთერშია, რადიო "პალიტრასა" და www.palitratv.ge-ზე მიყურეთ და მისმინეთ სამშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 5 საათზე. რაზე საუბარსაც აქ ვერ მოვასწრებთ ან დავაგვიანებთ, იქ დამირეკეთ და "ვიჭუკჭუკოთ" ჩემს სტუმართან ერთად. თუმცა ძალიან ვეცდები, რომ სტუმარი "ჭუკჭუკის" ხასიათზე არ დავაყენო.

ასე რომ, მომავალ ხუთშაბათამდე კი არა, საღამოს ხუთ საათამდე გემშვიდობებით.

პროვოკატორი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)