"რუსეთ-უკრაინის ომი ევროპაში სერიოზულ ცვლილებებს იწვევს" - რას წერს ბრიტანული გამოცემა
ბრიტანულ ყოველკვირეულ ჟურნალ "ეკონომისტში" (The Economist) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - "რუსეთ-უკრაინის ომი ევროპაში სერიოზულ ცვლილებებს იწვევს - ხდება საფრანგეთ-გერმანიის პოზიციების ტრანსფორმაცია".
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
"უკრაინაში რუსეთის სამხედრო მოქმედებების შედეგად ახალი ევროპის კონტურები ისახება, რომლის ჩრდილოეთ და სამხრეთ "გარეუბნებში" სერიოზული ცვლილებები მიმდინარეობს: ჩრდილოეთით ნატოს წევრები ხდებიან ფინეთი და შვედეთი, სამხრეთით კი მოლდოვა და უკრაინა ევროკავშირში გაწევრების კანდიდატის სტატუსს იღებენ. ასევე, ღრმა ცვლილებები ხდება ევროპის ისტორიულ ცენტრშიც: "უხერხული პაუზის" შემდეგ საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერები ცდილობენ გააცნობიერონ, თუ რას ნიშნავს მათი ქვეყნებისათვის ეს ყველაფერი და როგორ შეძლებენ ისინი, გადალახონ მათ შორის არსებული უთანხმოება.
ამჟამად უკვე დაწყებულია ფრანგულ-გერმანული "გადატვირთვა" - უფრო სიმბოლურად, მაგრამ - მაინც. 6 ივნისს გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი პოტსდამში, თავის საცხოვრებელ ბინაში, საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა. მათ ქალაქში გაისეირნეს და შემდეგ, სამი საათის განმავლობაში ვახშმობდნენ. ეს იყო მათ შორის შექმნილი უთანხმოების გადალახვის მცდელობა. როგორც ცნობილია, ბერლინსა და პარიზს შორის სიტუაცია კრიტიკულ ნიშნულს გასულ შემოდგომაზე მიუახლოვდა, როცა საფრანგეთმა მინისტრთა კაბინეტების ერთობლივი სხდომა გააუქმა. ახლა უკვე სხდომა ჩატარდა და გერმანელებმა ფრანგი ლიდერი ივლისისთვის სრულფასოვანი სახელმწიფო ვიზიტით მიიწვიეს, რომელიც თავისი მნიშვნელობითა და მიზნებით პირველი იქნება ბოლო 23 წლის განმავლობაში.
ორივე ქვეყანა აწყდება პრობლემებს, რომლებიც მათი არსებობის საფუძველს საფრთხეს უქმნიან. რუსეთ-უკრაინის ომმა სრულიად შეცვალა და თავდაყირა დააყენა გერმანიის მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ეკონომიკური მოდელი, რომლის საფუძველს რუსული იაფი ენერგორესურსები და ჩინეთთან ვაჭრობა შეადგენდა. ახლა ვითარება მკვეთრადაა შეცვლილი: ბერლინმა უარი თქვა რუსულ გაზზე და თუ ადრე გერმანია არ აღიარებდა სამხედრო ძალის გამოყენების იდეას, დღეს გულუხვად აწვდის სამხედრო ტექნიკას რუსეთთან მებრძოლ უკრაინას. ბერლინი დამატებით ხარჯავს 100 მილიარდ დოლარს თავისი არმიის - ბუნდესვერის გადაიარაღებისა და მოდერნიზებისათვის. მართალია, ქვეყნის "ისტორიული შემობრუნების მომენტის" (Zeitenwende) შედეგების გამოვლენას საკმაოდ დრო დასჭირდება, მაგრამ აშკარად ჩანს, რომ გერმანია იცვლება.
საფრანგეთში ცვლილებები ნაკლებად შესამჩნევია, მაგრამ ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მის აღმოსავლეთ მეზობელთან. პარიზში ქვეყნის ეკონომიკური მოდელის შეცვლაზე არ ლაპარაკობენ, რადგან საფრანგეთი, გერმანიისაგან განსხვავებით, შედარებით ნაკლებად არის დამოკიდებული თავისი პროდუქციის სხვა ქვეყნებში ექსპორტზე და მით უმეტეს, რუსულ გაზზე - ატომური ენერგეტიკის წყალობით. პარიზი დღეს უფრო მეტადაა დაკავებული ამჟამინდელი ევროპული საზღვრების, ალიანსებისა და უსაფრთხოების საკითხების ახლებურად გააზრებით. საფრანგეთი, ტრადიციულად, არ ამჟღავნებს განსაკუთრებულ ენთუზიაზმს ევროკავშირის გაფართოებაზე და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს ყოველთვის ეპყრობოდა, როგორც უმცროს პარტნიორებს. 2003 წელს პრეზიდენტმა ჟაკ შირაკმა თითქმის აბუჩად აიგდო ევროკავშირში გაწევრების მსურველი აღმოსავლეთევროპული ქვეყნები, როცა მათ მხარი დაუჭირეს აშშ-ის არმიის შეჭრას ერაყში (თვითონ საფრანგეთი ომის წინააღმდეგ გამოდიოდა) და განაცხადა, რომ უმჯობესი იქნებოდა, მათ "ხმა გაეკმინდათ". 2019 წელსაც კი საფრანგეთმა ვეტო დაადო ალბანეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის განაცხადის განხილვას ევროკავშირის წევრად მიღებაზე.
რუსეთ-უკრაინის ომმა სტრუქტურული ძვრები დააჩქარა: პირველი, რაც აშკარად ჩანს, ისაა, რომ პარიზმა პოზიცია შეიცვალა და ევროკავშირის გაფართოების მომხრე გახდა. გასული წლის ივნისში, კიევში ყოფნის დროს, ემანუელ მაკრონმა მხარი დაუჭირა უკრაინისა და მოლდოვასათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, მოგვიანებით კი გააუქმა თავისივე ვეტო ალბანეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის მიმართ - ევროკავშირში მათი მიღების განხილვის საკითხზე. ორიოდე თვის წინათ, 31 მაისს, სლოვაკეთში (ბრატისლავაში) ვიზიტის დროს, ემანუელ მაკრონმა მოულოდნელად განაცხადა, რომ ევროკავშირის გაფართოება "რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს". მან ჟაკ შირაკის ცნობილი განცხადებაც გაიხსენა და თითქოსდა ბოდიშიც კი მოიხადა ბრატისლავაში მყოფი ცენტრალური და აღმოსავლეთ ქვეყნების დელეგაციათა წინაშე, - ზოგჯერ ყურადღების გარეშე გვრჩებოდა თქვენი პოზიცია და არ გისმენდითო.
ასეთი ["მონანიებითი"] განცხადებები ამშვიდებს და გარკვეულ იმედს უსახავს მათ, ვინც შეშფოთებული ფიქრობდა, რომ ემანუელ მაკრონის წინადადება "ევროპული პოლიტიკური გაერთიანების" შექმნაზე საფრანგეთის ერთგვარი მორიგი ხრიკი იყო, ევროკავშირის გაფართოების პროცესის დასამუხრუჭებლად მოფიქრებული. ამ პლატფორმამ, რომელიც მოწოდებულია, გააერთიანოს ევროკავშირის მიღმა მდებარე ქვეყნები - დიდი ბრიტანეთით დაწყებული, საქართველოთი დამთავრებული - კონფერენციები (სხდომები) წელიწადში ორჯერ უნდა გამართოს. მეორე სხდომა ამას წინათ, პირველ ივნისს - ჩატარდა უკრაინის საზღვრიდან სულ რაღაც 20 კილომეტრის მოშორებით, მოლდოვაში. რადგან სამიტზე უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც მონაწილეობდა, შეხვედრა კიევთან სოლიდარობისა და მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის ნიშნით მიმდინარეობდა. სამიტზე გამოიკვეთა პარიზის პოზიცია - საფრანგეთი უკვე თვლის, რომ ევროკავშირის საზღვრები აღმოსავლეთის მიმართულებით შორს გრძელდება. ემანუელ მაკრონის ყოფილმა მრჩეველმა ევროპულ საკითხებში - ალექსანდრე ადამმა ამას წინათ განაცხადა, რომ რუსეთის ტერიტორიულმა რევიზიონიზმმა ევროკავშირის გაფართოება "გეოპოლიტიკურ აუცილებლობად გადააქცია. დღეს უკვე აღარ არსებობს ოდესღაც სტაბილური "რუხი ზონა" ევროკავშირსა და რუსეთს შორის. მისი არსებობა უკვე შეუძლებელია".
მეორე სტრუქტურული ძვრა საფრანგეთის ევროპულ პოლიტიკაში უსაფრთხოების სფეროს განეკუთვნება. ემანუელ მაკრონს სურს, რომ ევროპამ უფრო მეტი გააკეთოს საკუთარი თავდაცვისათვის და ამ მხრივ ნაკლებად იყოს დამოკიდებული ამერიკის შეერთებულ შტატებზე, განსაკუთრებით - 2024 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოების კვალობაზე. ევროპელებს ჯერ კიდევ ეშინიათ, რომ ასეთი ლაპარაკი ამერიკას გაანაწყენებს და ვაშინგტონი ევროპის კონტინენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის ძალისხმევას შეამცირებს, თუმცა, სამაგიეროდ, "ახალი გეოპოლიტიკური ნიავის" ფონზე, საფრანგეთი სულ უფრო მეომრულ განწყობას ამჟღავნებს: ბრატისლავაში ემანუელ მაკრონმა ისიც თქვა, რომ ნატოს ვილნიუსის სამიტზე "უკრაინას ალიანსში გაწევრებისათვის გზა უნდა მივცეთო". ეს ფრანგი ლიდერისათვის რადიკალურ შემობრუნებას ნიშნავს - იმ ლიდერისათვის, რომელმაც 2019 წელს განაცხადა, "ნატოს ტვინი მოკვდაო" და ჯერ კიდევ არ ეთანხმება იმ იდეას, რომ ალიანსი ევროპის ტერიტორიის საზღვრებს მიღმაც უნდა მოქმედებდეს.
საფრანგეთში დღეს სერიოზული ლაპარაკი მიდის იმაზე, თუ როგორ შეიძლება უკრაინის უზრუნველყოფა სრულფასოვანი და საიმედო უსაფრთხოების გარანტიებით. ამ მიზნით 19 ივნისს პარიზში ნატოელი თავდაცვის მინისტრები შეიკრიბებიან, რათა ევროპის ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის საშუალებებზე ისაუბრონ. ემანუელ მაკრონმა იმ საკითხის განხილვის წინადადებაც კი წამოაყენა, თუ როგორ უნდა იქნეს გამოყენებული ფრანგული ბირთვული არსენალი.
დღეს, როცა გერმანია და საფრანგეთი ახალი ევროპის ჩამოყალიბებაზე და ახალი პირობებისადმი შეგუებაზე ფიქრობენ, რასაკვირველია, განხილვა-დისკუსიების დროს ისინი მრავალი პრობლემის წინაშე დადგებიან: ერთი ქვეყნის ლიდერი (ოლაფ შოლცი) სიტყვაძუნწი და ფრთხილია, მეორე კი (ემანუელ მაკრონი) - პრეტენზიული და მზად არის რისკზე წავიდეს. ამიტომაც მათთვის ძნელია საერთო ენის გამონახვა. ისინი დღეს თანახმა არიან ევროკავშირის გაფართოების იდეაზე, მაგრამ მათ წინ მძიმე დისკუსიები ელოდებათ ბლოკის "შიდასამუშაოების" ჩატარების დროს, როცა ახალი წესების დაკანონება მოხდება, სამომავლო გაფართოების პრელუდიის სახით. უთანხმოება რჩება ატომური ენერგეტიკის გამოყენების საკითხების მიმართაც, სამხედრო შესყიდვებისა და ბიუჯეტის შესრულების წესების შესახებაც. გერმანია ჯერ კიდევ სიფრთხილით ეკიდება ნატოში უკრაინის მიღების საკითხს.
უკრაინაში რუსეთის შეჭრამ ევროპელებს ასწავლა, რომ მათი საკონტინენტო ორგანიზაციის ინტერესები, ყველანაირი სახით, უფრო ფართოა, ვიდრე პარიზისა და ბერლინის კავშირები. დღეს გერმანია უფრო ნაკლებად ღიზიანდება საფრანგეთის პოლიტიკის გამო, თავის მხრივ, საფრანგეთი კი დიდ მზადყოფნას ამჟღავნებს ევროკავშირის სხვა წევრების ინტერესების გასაზიარებლად. და მაინც, ევროკავშირში თითქმის არაფერი კეთდება საფრანგეთ-გერმანიის ურთიერთთანხმობის გარეშე. როგორც წესი, პარიზი და ბერლინი ბევრ საკითხს განსხვავებულად უყურებენ, მაგრამ მათ ჰყოფნით ნებისყოფა ამ უთანხმოების გადასალახავად. მათი ასეთი უნარი ძალიან მნიშვნელოვანია ახალი ევროპის კონტურების ჩამოსაყალიბებლად. წყარო
მოამზადა სიმონ კილაძემ