"უფროსი მეგობარი" იაფად - კვირის პალიტრა

"უფროსი მეგობარი" იაფად

შესავლის ნაცვლად:

გაგიკვირდებათ და, დღეს არც ივანიშვილზე ვაპირებ თქვენთან საუბარს და არც მის ავკარგზე. არც ის მაინტერესებს (ცხადია, მხოლოდ ამ ეტაპზე), ვინ შეავსო მისი მრჩეველთა საბჭო ამ დღეებში და დაგრძელდა თუ დამოკლდა მომლოდინეთა რიგი.

დღეს ისევ ჩვენი პრეზიდენტის ახალი "მარგალიტები" მინდა "განვიხილო". მით უმეტეს, რომ გული მიგრძნობს, მალე აღარ იქნება "აქტუალური" მიშაზე ხუმრობა. ივანიშვილზე კი ჯერ არაფერს ვამბობ - რა ვიცი, იქნებ მეც მიხმოს თავისთან და დროზე ადრე რატომ ავიტკივო აუტკივარი თავი?!

ისე, ხუმრობა იქით იყოს და ამ დღეებში ისე მხნედ იყო სააკაშვილი და ისეთ რამეებს ამბობდა, თითქოს არავინ არაფერი ვიცოდეთ...

ყველაზე მეტად მაინც პრეზიდენტის გორში ვიზიტი მომეწონა. "კურიერს" გარკვევით რომ არ ეთქვა, პრეზიდენტი გორში დღეს იმყოფებოდაო, - 2003, ჰა-ჰა - 2006 წლის ჩანაწერი მეგონებოდა: ეს ძველი უბნები უნდა გავალამაზოთო, ამ სახლებს პირვანდელი სახე უნდა დავუბრუნოთო, გორელები ყველაზე "მაგრები" ხართო (მეც მაგარი ვარო - ეს თავისთავად იგულისხმებოდა); ამის გამოცდილება ჩვენ აქ გვაქვსო; თანაც მე ხომ გორელი ვარო; დღეს ჩვენ... მოიცა! მოიცა, კაცო! რაღაცები ვერ გავიგე: გორში რისი გამოცდილებაც აქვს მაგას, 2008 წლის აგვისტოდან გვახსოვს, და გორელობას რაც შეეხება - აკი ცხრუკვეთიო?! მერე - აკი სამეგრელოდან ვარო?! ცოტა ადრე კიდე, სხვა რომ თქვა?! არა, არა - მგონი, მართლა შეეშალა "რუსთავი 2"-ს და ძველი ჩანაწერი აჩვენა, იმიტომ, რომ როცა მიშა ამბობდა, - გორში კარგი გამოცდილება მაქვსო, - იქ შეკრებილი ხალხი - "მიშა! მიშა! მიშა!"-ს - ჰყვიროდა (თუმცა უმეტესობას ჰალსტუხი ჰქონდა "ყელში წაჭერილი" და თუ დამიჯერებთ, აშკარად ვიცანი რამდენიმე მათგანი და გორიდან თბილისში თუ დადიოდნენ სამსახურში, ნამდვილად არ ვიცოდი).

კარგი! დავანებოთ თავი მიშას. მით უმეტეს, რომ ივანიშვილი... ვაჰ, დამავიწყდა, ივანიშვილი ხომ დღეს "არ გვყავს პროგრამაში"... სამაგიეროდ ხელისუფლება მარტო პრეზიდეტი ხომ არ არის (არა, კი არის, მაგრამ სხვებიც ხომ ამბობენ სასაცილო რამეებს)?! მაგალითად, დაჯდები დილას ტელევიზორთან, მოიდგამ ჩაის ან ყავას (ჯერჯერობით ეს არჩევანი ნებაყოფლობითია) და უყურებ რომელიმე "თავისუფალი არხის" დილის გადაცემას - იცოცხლე, გადაცემის სტუმრებიან-მასპინძლებიანად ისეთ "ბაჯაღლო სისულელეებს" აფრქვევენ, გაგიხარდება! აი, მაგალითად: იცით თუU არა, რამდენი აქვს ხელფასი "უფროს მეგობარს"? ვერ მიხვდით? აგიხსნით: ესენი ხომ ყველაფერს "ინსტიტუტს" ეძახიან: "მანდატურის ინსტიტუტი", "პატრულის ინსტიტუტი", "პატრიოტის ინსტიტუტი"... ჰოდა, ახლა მოუგონიათ "უფროსი მეგობრის ინსტიტუტი" (ოღონდ ვერ მოვასწარი დაზუსტება - განათლების სამინისტროსთან თუ იუსტიციის სამინისტროსთან არსებული!): ოროსანი ან ხულიგანი ბავშვი, რომელსაც პრობლემები აქვს სკოლაში, მაგრამ იქ მასწავლებლისა და მანდატურის ეშინია, შინ კი - მთვრალი მამამისის, რეკავს მითითებულ ნომერზე და ეუბნება: "თუ შეიძლება, უფროსი მეგობრის გამოწერა მინდა". ისინიც "გამოუწერენ" და გამოუგზავნიან...

ოღონდ რა ვერ გავიგე, იცით? - ის "უფროსი მეგობარი" ფიზიკის დავალებას დაუწერს თუ "აბიჟნიკ" უფროსკლასელს ჩამოაშორებს?.. ერთი კი ვიცი, უკანასკნელი მოვლენების ფონზე - როდესაც ჩვენს ხელისუფლებას უკვე არც "მასწავლებლები" წყალობენ და აღარც "მშობლები" ანებივრებენ, არც მას აწყენდა ერთი კარგი "უფროსი მეგობარი", ოღონდ ახალი, თორემ ამერიკის ელჩი ამას წინათ, დღეს რომ "არ ვახსენებთ", იმ კაცს ესტუმრა რეზიდენციაში და "ნაციონალებში" კინაღამ "ინფარქტის ეპიდემიამ" იფეთქა.

P.S.. უფროს მეგობარზე გამახსენდა: ნატომ რომ ლიბია მიწასთან მოასწორა და ის კადაფიც სრულიად უმსგავსოდ მოკლეს "რევოლუციონერებმა", მერე ამ დასავლეთისგან მხარდაჭერილმა და დემოკრატიისთვის ბრძოლაში გამარჯვებულმა მთავრობამ პირველი დადგენილება რა მიიღო, ნახეთ? - შარიათის კანონები აღადგინა და "გათახსირებული" კადაფის მიერ აკრძალული მრავალცოლიანობა დააბრუნა! ასე რომ, "მასწავლებლების", "მშობლებისა" და "უფროსი ძმების" მხარდაჭერა რომ სულაც არ არის "ფერად რევოლუციონერთა" პროგრესულობის მაჩვენებელი, კიდევ ერთხელ დადასტურდა.

P.P.S.  ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო გორში გადააქვს - ამაზეც მინდოდა საუბარი, მაგრამ ადგილი აღარ გვეყოფა - თანაც, იმედი მაქვს, მომავალ ხუთშაბათამდე რომელიმე "უფროსი მეგობარი" ურჩევს და გადააფიქრებინებს.

პროვოკატორი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)