რუსების ნაღმურმა ველებმა სერიოზულად შეაფერხეს კონტრშეტევაზე გადასული უკრაინული ჯავშანტექნიკა... - კვირის პალიტრა

რუსების ნაღმურმა ველებმა სერიოზულად შეაფერხეს კონტრშეტევაზე გადასული უკრაინული ჯავშანტექნიკა...

ერთი კვირა შესრულდა, რაც უკრაინის არმიამ ზაპოროჟიეს ფრონტის ორ მონაკვეთზე, ორეხოვოსთან და უგლედართან, წამოიწყო კონტრშეტევები სამხრეთის მიმართულებით, მელიტოპოლსა და ბერდიანსკზე გასვლისა და რუსი ოკუპანტებისთვის როსტოვის ოლქიდან ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულამდე გაჭრილი სახმელეთო სატრანსპორტო დერეფნის გადაკეტვის სტრატეგიული ჩანაფიქრით...

მთელი კვირის განმავლობაში მიმდინარე ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების შედეგად, კონტრშეტევაზე გადასულმა უკრაინის არმიის შენაერთებმა და დანაყოფებმა მოახერხეს არანაკლებ სამი დასახლებული პუნქტის გათავისუფლება და კვლავ აგრძელებენ შეტევებს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მათ ამ ბრძოლებში შესამჩნევი დანაკლისიც განიცადეს, როგორც პირად შემადგენლობაში, ისე - საბრძოლო ტექნიკის სახით.

რა თქმა უნდა, შეტევაზე გადასულებს თითქმის ყოველთვის მეტი დანაკარგი აქვთ, ვიდრე კარგად მოწყობილ თავდაცვით ზღუდეებში, სანგრებში მსხდომებს, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, უკრაინის არმიისთვის დამატებით რთულ გამოცდად იქცა რუსი ოკუპანტების მიერ მოწყობილი მთელი ნაღმური ველები...

2-nagmi-1686563822.jpg
ზაპოროჟიეს ოკუპირებულ ნაწილში რუსების მიერ მოწყობილი თავდაცვითი ზღუდეები (წითელი ფერის), რომელთაც დღეს უკრაინის არმია უტევს და იძულებულია, გადალახოს ის ნაღმური ველები, რაც რუსმა ოკუპანტებმა უხვად მოაწყვეს პირველი თავდაცვითი ზღუდეების წინ...

რუსეთის საოკუპაციო ძალებს ნახევარ წელზე მეტი დრო ჰქონდათ თითქმის ათას კმ-იანი სიგრძის ფრონტის ხაზზე თავდაცვითი ზღუდეების ორი-სამი ზოლი მოეწყოთ, რომლებიც „დრაკონის კბილებს“ (პირამიდის ფორმის რკინა-ბეტონის კონსტრუქციები), ტანკსაწინააღმდეგო თხრილებს, ესკარპებსა და კონტრესკარპებს (ხელოვნურად მოჭრილი დიდი კუთხის მქონე მიწის მონაკვეთები, რომელთა გადალახვა თვით მუხლუხებიან ტექნიკასაც კი ძალიან უჭირს) მოიცავს.

მათ გადასალახავად შეჯავშნული საინჟინრო ტექნიკაა საჭირო, რომელიც ერთმანეთზე გადაბმულ „დრაკონის კბილების“ ჯაჭვს გაარღვევს, ხოლო ტანკსაწინააღმდეგო თხრილზე გადასასვლელს მიწით ამოავსებს ან სატანკო ხიდგამდებ გასაშლელ ხიდს გასდებს...

მაგრამ შემტევი მხარის საინჟინრო ტექნიკამ ჯერ ამ თავდაცვით ზღუდეებამდე უნდა მიაღწიოს. სწორედ ეს გახდა უკრაინის მიერ დაწყებული კონტრშეტევის პირველი საათებიდანვე წარმატებით წარმართვის მთავარი დამაბრკოლებელი ფაქტორი, რადგან რუსმა ოკუპანტებმა თავიანთი თავდაცვითი ზღუდეების პირველივე ხაზის წინ ტერიტორია უხვად... დანაღმეს ტანკსაწინააღმდეგო და ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმებით...

განსხვავებით „დრაკონის კბილებისა“ თუ ესკარპებისა, გრუნტში ოციოდე სანტიმეტრის სიღრმეში ჩადებული ტანკსაწინააღმდეგო ნაღმების ზუსტი ადგილსამყოფელი არც დრონის ვიდეოკამერაში მოჩანს და არც თანამედროვე დასავლური კოსმოსური სადაზვერვო თანამგზავრების ზემძლავრ ელექტროოპტიკურ მოწყობილობებში.

უკრაინის სამხედრო დაზვერვამ, ბუნებრივია, იცოდა, რომ რუსი ოკუპანტების მიერ თვეების განმავლობაში მშენებარე თავდაცვით ზღუდეებთან მისასვლელი გზები, ისევე, როგორც მინდვრები, შეიძლება დანაღმული ყოფილიყო და ამიტომაც კონტრშეტევაზე გადასულ უკრაინული ჯავშანტექნიკის ჯგუფებს წინ ნაღმსაწინააღმდეგო ტრალებით აღჭურვილი შეჯავშნული საინჟინრო ტექნიკა და ტანკები მიუძღვოდნენ.

ამ ტრალებით კი იქნა აფეთექბული გზაზე შეხვედრილი ნაღმების ნაწილი, მაგრამ განაღმვის ეს პროცესი ნელა ხორციელდება, ტრალით აღჭურვილი ტანკი ათიოდე კმ/სთ სიჩქარითაც ვერ გადაადგილდება (საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი 1992 წლის ზაფხულში, ცხინვალის რეგიონის ქართულ სოფლებთან გზების განაღმვისას), შესაბამისად, მის უკან, კვალში, მიყოლებით მიმავალი (აუცილებელია სწორედ იმ კვალში მიყოლა, რაც ტრალმა დატოვა) ჯავშანტექნიკის მექანიკოს-მძღოლებიც იძულებული ხდებიან, მინიმუმამდე შეამცირონ სვლის სიჩქარე, რითაც უკვე სარგებლობს მოწინააღმდეგის არტილერია და ნაღმებზე აფეთქების შიშით ძლივს „მღოღავ“ ჯავშანტექნიკას დამიზნებით ესვრის საარტილერიო ჭურვებს...

საარტილერიო დაბობვის სამიზნეში აღმოჩენილი ჯავშანტექნიკის ეკიპაჟები კი თავის შველის მიზნით იწყებენ სწრაფ მანევრირებას, გადადიან უკვე გატრალური, უსაფრთხო კვალიდან და ფეთქდებიან მინდორში უხვად „დათესილ“ სხვა ტანკსაწინააღმდეგო“ ნაღმებზე...

3-nagmi-1686563862.png
კონტრშეტევაზე გადასული და ნაღმურ ველზე აღმოჩენილი აფეთქებული და მიტოვებული უკრაინული ჯავშანტექნიკა (გერმანული „ლეოპარდისა“ და ამერიკული „ბრედლების“ ჩათვლით), რომელიც რუსული არტილერიის სამიზნე აღმოჩნდა...

არსებობს სხვა გამოსავალი? რა თქმა უნდა - სავარაუდო ნაღმურ ველზე დისტანციური განაღმვის რეაქტიული სისტემების გამოყენებით არანაკლებ ექვსი მეტრის სიგანისა და ასიოდე მეტრის სიგრძის უხიფათი დერეფნების გაჭრა - სპეციალური საინჟინრო ტექნიკიდან ხდება რაკეტის სტარტი, რომელზეც მიბმულია ასიოდე მეტრის სიგრძის ძლიერი ასაფეთქებელი ნივთიერებით სავსე „ძეხვი“, მისი მიწაზე დაცემისას და მოჭიმვის შემდეგ (რათა სწორხაზოვნად დაიდოს) ხდება ამ „ძეხვის“ აფეთქება, რაც არანაკლებ ექვსი მეტრის სიფართოვეზე ახდენს მიწის ზემოთ დადებული და გრუნტის სიღრმეში (რამდენიმე ათეული სანტიმეტრის სიღრმემდე) ჩადებული ტანკსაწინააღმდეგო და ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების ან დეტონაციას, ან კიდევ ისეთ მექანიკურ დაზიანებას, რომ ნაღმები საბრძოლო მდგომარებიდან გამოდიან...

ჰქონდა თუ არა უკრაინის არმიას დისტანციური განაღმვის ასეთი საშუალებები კონტრშეტევებზე გადასვლისას?

რა თქმა უნდა, ჰქონდა, როგორც საბჭოთადროინდელი „ზმეი გორინიჩები“, ისე - დასავლეთის მიერ ბოლო პერიოდში მიწოდებული, ნატოს სტანდარტის ასეთი საინჟინრო საშუალებები, თუმცა მათი რაოდენობა არასაკმარისია და რთულია, ეყოს ყველა იმ ჯავშანჯგუფებისთვის ნაღმებიდან გზების გაწმენდვას, რომლებითაც უტევენ უკრაინელები რუს ოკუპანტებს.

ასეა თუ ისე, უკრაინის გენშტაბს მოუწევს სასწრაფოდ გამონახოს გზები ამ სერიოზული პრობლემის დასაძლევად, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამეორდება დასავლეთისგან გადაცემული „ლეოპარდებისა“ თუ „ბრედლების“ აფეთქება რუსების ჩადებულ საბჭოთადროინდელ მოძველებულ და იაფფასიან ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებზე, ხოლო აფეთქებული და დამწვარი „ლეოპარდების“ ფოტოებით რუსეთის პროპაგანდა სერიოზულ კოზირს დაიჭერ ხელში, მათ შორის - გერმანელ ობივატელებზე ფსიქოლგიური დარტყმის მისაყენებლად - თქვენ, გერმანელები, ასე ძვირად ღირებულ „ლეოპარდებს“ ჩუქნით, უკრაინელები კი პირველსავე ბრძოლებში კარგავენ და ბრძოლის ველზე მიატოვებენ ხოლმეო...