მისტიკური დღეები - კვირის პალიტრა

მისტიკური დღეები

შესავლის ნაცვლად:

ბოლო დღეების ამბების ფონზე,"რატომღაც", არ ვარ შაყირ-ხუმრობისა და ღლაბუც-პროვოკატორობის ხასიათზე და ამიტომ, ცხონებული ჩემი მასწავლებლის იმ შეკითხვით მინდა მივმართო ხელისუფლების ზოგიერთ... რაღა ზოგიერთს, მთლიანად ხელისუფლებას:"თქვენ მართლა ასეთი დებილები ხართ თუ თავს იდებილებთ?!" (სხვათა შორის, აქვე მინდა ხაზგასმით ვთქვა: მიუხედავად ამ შეკითხვის ცოტათი შეურაცხმყოფელი და, აქედან გამომდინარე, არაპედაგოგიური ფორმისა, ის ჩემი მასწავლებელი გაცილებით უკეთ ერკვეოდა პედაგოგიკაში, ვიდრე ზოგი დღევანდელი, მართლა დებილი დირექტორი. სკოლის დირექტორებსაც ვგულისხმობ და ამ ქვეყნის"დირექტორებსაც").

ახლა, ამწუთას, ბიძინა ივანიშვილის შვილის მეგობრის დაპატიმრების ამბავი გავრცელდა. რა თქმა უნდა, არ ვიცი, როგორ განვითარდება ეს ამბავი ხუთშაბათამდე, როდესაც თქვენ"გზის" ამ ნომერს წაიკითხავთ, იქნებ სულაც ტელევიზორში გამოიყვანონ ის ბიჭი და მამა დაიფიცოს და დედა დაიგინოს, - მორფინისტი და წამლის"ბარიგა" ვარ, ბერა ივანიშვილთან მეგობრობა რა შუაშიაო?! - მაგრამ ასე"უცნაურად" როგორ ემთხვევა ხოლმე ყველაფერი?! - ეს ბიჭი ახლა გახდა ნარკომანი; ივანიშვილი ახლა გახდა ბორისი და არა - ბიძინა; უგულავას ახლა გაახსენდა, რომ თბილისელებს არ აწყენდათ ხუთლარიანი ვაუჩერები... კიდევ ბევრი უცნაურობა ახლდა ამ დღეებს - ეტყობა,"მაგნიტური დღეებია"...

განსაკუთრებული"მაგნიტური ველი" და მიზიდულობა მთაწმინდაზე იგრძნობა, ივანიშვილის სრა-სასახლესთან! იზიდავს, იზიდავს რო, - როგორც ბაღდადის თაფლი ბუზს!

ჩვენ ხომ იმის შემდეგ არ შევხვედრივართ ერთმანეთს, რაც ივანიშვილმა"ღია წერილი" გამოაქვეყნა - დღევანდელი ეს"პროვოკაცია" ჩაინიშნეთ და თუკი მეც შემატყვეთ ამის შემდეგ"მაგნიტური ავადმყოფობა", იცოდეთ, არ მოგერიდოთ - აგე, კომენტარების ბლოკი საიტზე და აგე, ჩემი ელფოსტის მისამართი, -"მოყვარეს პირში მიძრახეთ"!..

მართლა გამიჩნდა აზრი - იმდენი ცოცხალი, მკვდარი და ცოცხალმკვდარი დაიძრა მთაწმინდისკენ, ვიფიქრე, ეტყობა,"არ ტეხავს" და ამ ადამიანებს ძლივს, სამშობლოსთვის სამსახურის საშუალება გამოუჩნდათ-მეთქი, მაგრამ მერე რაღაც მოვისმინე, რაღაც წავიკითხე, ვიღაცების დაცქვეტილი ყურები და აქეთ-იქით მორბენალი თვალები ვნახე და... ტეხავს რომელია! ძალიან, ძალიან, ძალიან"მაგრად ტეხავს"!!!

ცხადია, დაუპატიჟებელ"სტუმრებს" ვგულისხმობ, თორემ მიწვეულებს რას ვერჩი?! ისე... ის დაპატიჟებულებიც... ჰო, კაი, არაფერი.

რაც ამ დღეებში ივანიშვილის რეზიდენციის"სტაიანშიკებმა" ოფლი ღვარეს... ისე, შს მინისტრს ერთი-ორი საპატრულო ეკიპაჟი კი უნდა გაეგზავნა"საცობების" გასახსნელად. ბოლო-ბოლო, თუკი ვინმეზე რამე კარგი თქვა ივანიშვილმა იმ წერილში, ეს სწორედ მერაბიშვილი იყო. ვაჰ, როგორ მაინტერესებს, რას ფიქრობს ვანო ამ ყველაფერზე. ვკვდები ინტერესით, მაგრამ რა ვქნა - ვურეკავ და არ იღებს ყურმილს...

არა, ყველაზე"საყვარლები" მაინც ჩვენი კოლეგები არიან"ნაციონალების" მიერ მართული ტელევიზიებიდან და, განსაკუთრებით, ინტერნეტსაიტებიდან: ხომ ძალიან სასაცილო იყო ივანიშვილის რუსეთში ფულის შოვნაზე წიკვინი; ხომ საცოდაობა იყო მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის"არგუმენტები" (ცოლზე ცალკე ბრძანებას რომ მოაწერა ხელი! ფუჰ!!!); ხომ საზიზღრობა იყო ზემოთ ნახსენები, ივანიშვილების ვითომ ნარკომანი მეგობრის დაკავება, მაგრამ ამ მარაზმის გვირგვინად მაინც ერთ-ერთი ინტერნეტტელევიზიის (ამ კოლეგიალობის დედა ვატირე, მაინც ვერ ვასახელებ პირდაპირ; ისე, ვინც მოინდომებთ, ადვილად"დაგუგლავთ") სკანდალური ტელესიუჟეტი მიმაჩნია - სერიოზული ჟურნალისტური გამოძიების შედეგად დაადგინეს, რომ ივანიშვილი სინამდვილეში ივანაშვილი ყოფილა!!! აპრუწუწუნ თქვენს საქმეს! თქვე მართლა დებილებო! მაგით ვის ავნეთ, როგორ ფიქრობთ?! ახლა, რომ დავიდეს თქვენს დონეზე ეგ ივანიშვილი და სულ მალე რომ რამდენიმე ტელევიზია ექნება (ინტერნეტში მაინც) და მაგისმა ჟურნალისტებმა რომ თქვენი უფროსობის ნამდვილი გვარების ამბავი გამოიძიონ, მერე რას შვრებით?!

P.S.  ივანიშვილის"ღია წერილი", უფრო სწორად, მისი წაკითხვის ამბავი არასოდეს დამავიწყდება - შვილიშვილებს რომ მოვუყვები, ისეთი მოგონება დამრჩება: იმ დღეს გვიანობამდე შემოვრჩი სამსახურს (მეოთხე სართულზე ვარ), არც გამიხედავს, რედაქციაში რა ხდებოდა. ღამის 3 თუ 4 საათი იქნებოდა, ფეხით ჩავუყევი კიბეს და განათებული ოთახი დავინახე მეორე სართულზე. შევიხედე. შუქი დარჩენოდათ. სანამ ჩავაქრობდი, მაგიდაზე დადებული მასალის ამონაბეჭდი შევამჩნიე. სწორედ ის ღია წერილი აღმოჩნდა, რომელიც რამდენიმე საათში მთელ საქართველოს უნდა წაეკითხა. ჰოდა, მეტი რაღა მისტიკა გინდათ: ფანჯარაში თბილისური ღამე, სიჩუმე და ივანიშვილის"ბომბა" წერილი.

P.P.S. ძმაკაცს რომ მოვუყევი, ასე მითხრა, - დეგენერატი ხარ, სხვებზე ადრე შენ გაგიგია, თან მანქანით იყავი, იმათ როგორ აგასწრეს მთაწმინდაზე?! გაქცეულიყავი, ჯერ არც"პრობკა" იქნებოდა და რიგშიც პირველი იქნებოდიო.

პროვოკატორი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)