რეჯეფ ერდოღანმა თავისი მემკვიდრე დაასახელა?
რეჯეფ ერდოღანმა დამაჯერებლად გაიმარჯვა მაისის ბოლოს ჩატარებულ არჩევნების მეორე ტურში და კვლავ თურქეთის პრეზიდენტი გახდა. დიდი ალბათობით ეს მისი უკანაკნელი საპრეზიდენტო ვადა იქნება. ის უკვე ოცი წელია, რაც თურქეთს მართავს, ბოლო ათი წელი კი - ერთპიროვნულად. რ. ერდოღანმა თითქმის მთლიანად შეცვალა მთავრობა. განსაკუთრებით საყურადღებო საგარეო საქმეთა მინისტრად ჰაკან ფიდანის დანიშვნა იყო: აქედან უკვე ერთი ნაბიჯია ქვეყნის პრეზიდენტობამდე. ჩემი აზრით, ამ გადაწყვეტილებით რ. ერდოღანმა ყველას მიანიშნა: ჰაკან ფიდანი ჩემი მემკვიდრე იქნებაო. ერთად ვნახოთ, თუ როგორ გაიარა ჰ. ფიდანიმ "ეკალ-ვარდებიანი გზა" დაზვერვის რიგითი ოფიცრიდან - თურქეთის საგარო საქმეთა მინისტრამდე.
ჰ. ფიდანი, ანკარაში, 1968 წელს დაიბადა. 1986 წლიდან 2001 წლამდე მსახურობდა თურქეთის არმიაში უნტეროფიცრად. 1986 წელს დაამთავრა კომუნიკაციების სამხედრო სკოლა, შემდეგ კი თურქეთის სახმელეთო ჯარების ენების სკოლა. ასევე დაამთავრა აშშ-ის მერილენდის უნივერსიტეტის მენეჯმენტისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი. გარკვეული პერიოდი მსახურობდა გერმანიაში დისლოცირებული ნატოს სწრაფი რეაგირების კორპუსის დაზვერვისა და ოპერაციების განყოფილებაში.
2003 წლიდან 2007 წლამდე ჰ. ფიდანი მუშაობდა თურქეთის თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტოში (რომელიც დაზვერვის საფარადაც გამოიყენება), შემდეგ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. სავარაუდოდ, სწორედ მაშინ "დაადგა თვალი" ქვეყნის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა რეჯეფ ერდოღანმა და თავის აპარატში გადაიყვანა. არსებული ინფორმაციით, ამ პერიოდში ფიდანი ერდოღანის ყველაზე საიდუმლო და დელიკატურ დავალებებს ასრულებდა (2009 წელს მან მონაწილეობა მიიღო საიდუმლო სამშვიდობო მოლაპარაკებებში ოსლოში ქურთისტანის მუშათა პარტიასთან, ასევე საიდუმლოდ შეხვდა პატიმრობაში მყოფ აბდულა ოჯალანს, გარდა ამისა ფიდანი ბევრ ფარულ მოლაპარაკებაში იყო ჩართული, რომელთა შესახებაც ინფორმაცია ჯერ კიდევ გასაიდუმლოებულია).
ჰ. ფიდანის ერთგულება და მონდომება დაუფასდა და 2010 წლის მაისში ის თურქეთის მთავარი სპეცსამსახურის - "ეროვნული სადაზვერვო სამსახური” ( Millî İstihbarat Teşkilâtı - შემოკლებით მით-ი) უფროსად დანიშნეს. უკვე 2012 წელს მით-ს სამხედრო დაზვერვაც დაუქვემდებარეს. ამის შემდეგ ჰაკან ფიდანი რეჯეფ ერდოღანის "მარჯვენა ხელი" გახდა. საზღვარგარეთ ყველა ოფიციალური ვიზიტის დროს ფიდანი დელეგაციის შემადგენლობაშია, უფრო მეტიც: ის სხვა ქვეყნების მეთაურებთან კონფიდენციალურ შეხვედრებზეც ერდოღანის გვერდით იყო. ამით თურქეთის პრეზიდენტი მიანიშნებდა, თუ როგორ ენდობოდა ის ჰ. ფიდანის. თურქეთის პრეზიდენტის ყველა მნიშვნელოვანი არაოფიციალური კონტაქტი სხვა ქვეყნების ხელმძღვანელებთან სწორედ ფიდანის მეშვეობით ხორციელებოდა. განსაკუთრებით გამყარდა ჰაკან ფიდანის პოზიცია 2016 წლის 15-16 ივლისის მოვლენების შემდეგ, როდესაც ის აქტიურად მონაწილეობდა პროდასავლური თურქი გენერლების წინააღმდეგ ჩატარებულ უმკაცრეს რეპრესიებში.
თურქეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით მით-ის ახალ ხელმძღვანელად იბრაჰიმ კალინი დაინიშნა, სანამ მის შესახებ ვისაუბრებ გავიხსენოთ, თუ რა ფუნქციები აქვს მით-ს.
თურქეთში მით-ის შიშით და ნებართვის გარეშე "ჩიტიც კი ვერ დაფრინავს” და ეს სპეცსამსახური ისევე შიშის ზარს სცემდა და სცემს ყველას, როგორც ავადსახსენებელი კა-გე-ბე. მით-ი 1965 წლის 22 ივლისს შეიქმნა. ამ დღეს თურქეთის პარლამენტმა მიიღო # 644 დადგენილება, რის საფუძველზეც ჩამოყალიბდა ეროვნული სადაზვერვო სამსახური, სადაც გაერთიანდა მანამდე არსებული თურქეთის დაზვერვისა და კონტრდაზვერვის სამსახურები. მით-ის ძირითადი ფუნქციებია: სადაზვერვო და კონტრსადაზვერვო ოპერაციების ჩატარება, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ; ქვეყნის ტერიტორიული ერთიანობის, დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის და უსაფრთხოების დაცვა; ქვეყნის სხვა სპეციალური სამსახურების საქმიანობის კოორდინირება; მათ მიერ მოპოვებული ინფორმაციის გამოყენება და ხელისუფლების უმაღლესი ორგანოებისთვის შეჯამებული მოხსენების წარდგენა და სხვ. თავიდან მით-ი იმყოფებოდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პირდაპირ დაქვემდებარებში (ამჟამად პრეზიდენტის დაქვემებარებაშია) , ხოლო მის უშუალო ხელმძღვანელობას "ეროვნული სადაზვერვო სამსახურის მრჩეველი" ახორციელებს (ოფიციალურად ასე ეწოდება ამ სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობას), რომელიც იმავდროულად თურქეთის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წევრიცაა. მას პრემიერ-მინისტრის წარდგინებით ამტკიცებს ქვეყნის პრეზიდენტი. "მრჩეველის" კანდიდატურას, რომელსაც პრემიერ-მინისტრი წარადგენს, ჯერ განიხილავს ეროვნული უსაფრთხოების საბჭო და შემდეგ დასამტკიცებლად წარუდგენს ქვეყნის პრეზიდენტს. მით-ის ხელმძღვანელს, მის თანაშემწეს (მოადგილეს) და სამმართველოების უფროსებს პირადად თურქეთის პრეზიდენტი ამტკიცებს. ხოლო დანარჩენ საკადრო დანიშვნებს თავად "მრჩეველი” წყვეტს. მით-ის თანამშრომლები სარგებლობენ საკმაოდ დიდი უფლებებით: მათ შეუძლიათ საფარად გამოიყენონ თურქეთის სახელმწიფო სტრუქტურების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების და კომერციული ფირმების "სახურავები”. ქვეყნის შიგნით ისინი, როგორც წესი, მოქმედებენ პოლიციის, ჟანდარმერიის ან არმიის ოფიცრის საფარქვეშ. მით-ის შტაბ-ბინა ანკარაშია.
1972 წლის მაისიდან მოქმედებს თურქეთის პრემიერ-მინისტრის მიერ დამტკიცებული ინსტრუქცია #00159, რომელიც თურქეთის ყველა მოქალაქეს, რომლებიც საზღვარგარეთ სამუშაოდ არის მივლინებულნი, ავალდებულებს ითანამშრომლოს თურქეთის დაზვერვასთან. თურქეთის სადაზვერვო სამსახურის ძირითადი ამოცანებია: თურქული დიპლომატიის ყოვლისმომცველი მხარდაჭერა; საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების მონიტორინგი; ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გეგმების კოორდინაცია; ეკონომიკური დაზვერვა; თურქეთის ეროვნული ინტერესების გარე საფრთხეებთან ბრძოლა; სამართალდამცავი ორგანოების მხარდაჭერა; ღია და ფარული ინფორმაციის მოპოვება, შეფასება და ანალიზი; საინფორმაციო ომის მეთოდების შემუშავება და წარმოება; თურქეთის სტრატეგიული ინტერესების დაცვა და განვითარება, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ და სხვ.
ამჟამად თურქეთის სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურები (უპირველესად კი მით-ი) აქტიურად არიან ჩართულნი ყოფილი სსრკ-ს რესპუბლიკებში თურქული ფირმების მიერ ინვესტიციების განხორციელების, ბუნებრივი რესურსებისა და სატრანსპორტო დერეფნების ათვისების, ასევე დიდ საამშენებლო და საგანმანათლებლო პროექტებში. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ თურქეთს და აზერბაიჯანს განსაკუთრებით მჭიდრო ურთიერთობები აქვთ. ამიტომაც თურქეთის მთავარი სამხედრო პარტნიორი ყოფილ საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებს შორის აზერბაიჯანია. პარალელურად თურქეთი ცდილობს საკუთარი გეოპოლიტიკური გავლენა საქართველოსა და შუა აზიის ქვეყნებზეც განავრცოს. თურქეთის დაზვერვა საკმაოდ თავისუფლად მოქმედებს საქართველოსა და აზერბაიჯანში. მათი ოპერატიული დაინტერესების ობიექტები ისტორიული მოწინააღმდეგეები: რუსეთი, ისრაელი, სომხეთი და ირანი არიან. შუა აზიის ქვეყნების ტერიტორიებზე თურქეთის დაზვერვის ძირითადი ოპერატიული ამოცანებია: თურქული იდეოლოგიის დანერგვა და ამ ქვეყნების ეკონომიკის სტრატეგიულ დარგებში (ნავთობის, გაზის, ოქროს და სხვ. მოპოვება და ტრანსპორტირება) ინვესტიციების ჩადება. რუსეთი ცდილობს აღკვეთოს თურქეთის გავლენის ზრდა სამხრეთ კავკასიასა და შუა აზიაში. ამიტომაც თურქეთის სპეცსამსახურების ერთ-ერთ ძირითად მოწინააღმდეგედ კვლავ რუსეთი რჩება.
მით-ის ახალ ხელმძღვანელ იბრაჰიმ კალინს ძალზე საინტერესო ბიოგრაფია აქვს: ის 1971 წელს დაიბადა სტამბოლში. მიღებული აქვს ჰუმანიტარული განათლება
თურქეთის "პირველ მზვერავს" იბრაჰიმ კალინს ხალხური სიმღერებიც უყვარს
თურქეთსა და მალაიზიაში. ჯორჯ ვაშინგტონის (აშშ) უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორ დისერტაცია ისლამური ფილოსოფიის განხრით. მისი ძირითადი სამეცნიერო გამოკვლევები ისლამისა და დასავლეთის ურთიერთობას ეხება. ბოლო დრომდე კითხულობდა ლექციებს ამ მიმართულებით. იბრაჰიმ კალინი 2009 წელს გამოჩნდა მაშინდელი პრემიერ-მინისტრ რ. ერდოღანის გუნდში. ამის შემდეგ ი. კალინი მუდამ მის გვერდითაა: იყო მრჩეველი საგარეო პოლიტიკურ საკითხებში; პრეზიდენტის პრეს-მდივანი; ბოლოს კი - პრეზიდენტის ოფიციალური წარმომადეგენელი. მისი დანიშვნა მით-ის უფროსად საკმაოდ მოულოდნელი იყო, იმიტომ რომ კალინს (ფიდანისგან განსხვავებით) გაცილებით ნაკლები შეხება ჰქონდა დაზვერვა-კონტრდაზვერვის საკითხებთან. ის უფრო "ისლამური ფილოსოფიის" აღიარებული სპეციალისტია. აქამდე ერდოღანი სპეცსამსახურების საშუალებით სრულად აკონტროლებდა თურქეთის შიდაპოლიტიკურ მდგომარეობას, შეძლებს კი მით-ის ახალი ხელმძღვანელი იბრაჰიმ კალინი იგივეს? თუმცა, შესაძლოა, სწორედ აქაა ერდოღანის ღრმა ჩანაფიქრი: კალინის ცოდნა ისლამურ ქვეყნებთან ურთიერთობის "დალაგებაში" გამოიყენოს, ხოლო გამოცდილი მზვერავი და ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი "მთავარი დიპლომატიც" იქნება და მით-საც "კულისებიდან" გაუწევს ხელმძღვანელობას. ჰაკან ფიდანის თავის უცხოელ კოლეგა-მინისტრებთან შედარებით ერთი დიდი უპირატესობა უკვე აქვს: მან მათი ყველა საიდუმლო იცის! გაითვალისწინეთ მეგობრებო!