ლუკაშენკო პუტინის მიერ ნატოს წინააღმდეგ დაწყებულ "ბირთვულ შანტაჟში" ერთვება... - კვირის პალიტრა

ლუკაშენკო პუტინის მიერ ნატოს წინააღმდეგ დაწყებულ "ბირთვულ შანტაჟში" ერთვება...

ტაქტიკური ბირთვული შეიარაღების გამოყენებით დამუქრება კრემლის მხრიდან მუდმივ ლაიტმოტივად მოჰყვება რუსეთ-უკრაინის ომს და მაშინ უფრო ძლიერდება, როდესაც რუსი ოკუპანტები ფრონტის ხაზზე სერიოზულ ფიასკოს განიცდიან (გაიხსენეთ რუსეთის საოკუპაციო ძალების გამოქცევა კიევის, ხარკოვისა თუ ხერსონის მიმართულებებიდან) ან როდესაც დასავლეთის ლიდერები ჭოჭმანობენ, გადასცენ თუ არა უკრაინის არმიას უფრო სერიოზული და შორსმოქმედი შეიარაღების სახეობები...

ასე ხდებოდა "ჰაიმარსებისა" და ტანკების გადაცემისას, ასე მეორდება გამანადგურებელი თვითმფრინავების უკრაინის ცის დასაცავად გაგზავნის წინაც...

ოღონდ ამჯერად პუტინმა ნატოზე ბირთვული შანტაჟის გასაძლიერებლად ახალ ხერხს მიმართა და მეზობელი ბელარუსის პრეზიდენტის - ლუკაშენკოს ფაქტორი დაიხმარა, როდესაც ოფიციალურად განაცხადა, რომ რუსეთი ბელარუსში გააგზავნის ტაქტიკური დანიშნულების ბირთვულ იარაღს "ისკანდერის" აერობალისტიკურ რაკეტებზე დასაყენებლად და ბირთვულ საავიაციო ბომბებს სპეციალურად მოდიფიცირებული Су-25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების პილონებზე ჩამოსაკიდებლადო...

ამ განცხადებამდე პუტინის მითითებით ბელარუსებს გადასცეს სწორედ Искандер-М ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების მობილური სარაკეტო კომპლექსები, ხოლო ბელარუსის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილ რამდენიმე Су-25 ტიპის მოირიშეს დაუყენეს დამატებითი აპარატურა ტაქტიკური ბირთვული საავიაციო ბომბების საბრძოლო გამოყენებისთვის.

2-bela-1686729548.png
„ისკანდერის“ აერობალისტიკური რაკეტა, რომელსაც არანაკლებ 50 კილოტონა ტროტილის აფეთქების ეკვივალენტი სიმძლავრის თერმობირთვული ქობინი უყენდება...

მოსკოვში აცხადებენ, რომ 7-8 ივლისისთვის ბელარუსში გამზადებული იქნება 5-6 სპეციალური მიწისქვეშა საცავი ბირთვული იარაღის სათანადო პირობებში შესანახად - სავარაუდოდ, გარემონტდა ბირთვული იარაღის ის ყოფილი საცავები, რომლებიც საბჭოთა პერიოდიდან შემორჩა და, სხვათა შორის, ლუკაშენკო მათ თვალისჩინივით უფრთხილდებოდა გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან, განსხვავებით იმავე რუსეთისა და უკრაინის ტერიტორიებზე დარჩენილი ასეთივე სპეცობიექტებისა, რომელთა დიდი ნაწილის დღევანდელი მდგომარეობა სავალალოა.

მაგრამ ერთია მოკავშირე სახელმწიფოს ტერიტორიაზე რუსული ბირთვული იარაღის გადატანა (რაც, სხვათა შორის, არღვევს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის საერთაშორისო ხელშეკრულებას, რაზეც თავის დროზე რუსეთის ფედერაციას ხელი აქვს მოწერილი) და მეორე - ვის ექნება უფლება ამ საშინელი იარაღის გამოყენებაზე გადამწყვეტი ბრძანების გაცემის - პუტინს თუ - ლუკაშენკოსაც?

გუშინ რუსი პროპაგანდისტებისთვის მიცემულ მორიგ ინტერვიუში ბელარუსის პრეზიდენტი ღიად დაემუქრა ევროპელებს - მოძმე რუსეთის მიერ გადმოცემული თითოეული ბირთვული ბომბის სიმძლავრე 60 კილოტონაა ანუ სამჯერ აღემატება ჰიროსიმასა და ნაგასაკიში ჩამოგდებული ამერიკული ატომური ბომბების დამანგრეველ ძალას და მათ ერთი მილიონი ადამიანი შეიძლება შეიწირონ ევროპაში, თუკი ნატო ბელარუსს თავს დაესხმებაო...

თავისი ეს "ბირთვული მუქარა" პრეზიდენტმა ლუკაშენკომ დამატებითაც გაამწვავა - ერთი ტელეფონის ზარი მჭირდება პუტინთან, რომ ამ ბირთვული იარაღის გამოყენება შევძლო ნატოს წინააღმდეგო...

3-bel-1686729582.png
თავის დროზე თბილისის საავიაციო ქარხანაში აწყობილი და ეხლა ბელარუსის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილი Су-25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი, რომელზეც სპეციალური აპარატურის დამატებით დაყენების შემდეგ, მას 30-40 კილოტონა სიმძლავრის ტაქტიკური დანიშნულების უმართავი ბირთვული საავიაციო ბომბის წაღება და საბრძოლო გამოყენება შეეძლება...

რა გამოდის?

პუტინის "ბირთვულ მუქარებს" დაემატა კიდევ ერთი ქვეყნის მეთაურის ანალოგიური მუქარები, რომლებიც, თავისი შინაარსიით, აჭარბებენ კიდევაც ჩრდილოეთკორეელი ლიდერის მუდმივ "ბირთვულ დაშინებებს" მეზობელი სამხრეთ კორეისა და იაპონიის მიმართ.

რატომ დასჭირდა პუტინს ამ "ბირთვული დაშინების" პროცესში ლუკაშენკოს ფაქტორის ჩართვა?

საქმე ის არის, რომ კრემლის მიერ არა ერთხელ გავლებული ე.წ. წითელი ხაზების პოლიტიკა ისე აღარ მუშაობს - დასავლეთის ლიდერებს უკვე ნაკლებად ეშინიათ პუტინის "ბირთვული შანტაჟისა", რადგან დაინახეს, რომ კრემლმა ბევრი ვერაფერი გაბედა, როდესაც ნატოს წევრმა ქვეყნებმა, მართალია, დიდი ჭოჭმანისა და სიფრთხილის შემდეგ, მაგრამ მაინც დაიწყეს უკრაინის არმიისთვის "ჰაიმარსების", საარტილერიო დანადგარების, ტანკების, შორსმფრენი ფრთოსანი რაკეტების გადაცემა და მალე უკვე F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებას აპირებენ კიევისთვის...

პუტინის "ბირთვული შანტაჟი" ნატო-ზე ისე დამაშინებლად ვეღარ მოქმედებს და ამიტომაც კრემლს ამ საშიშ სამხედრო-პოლიტიკურ თამაშში შემოჰყავს ლუკაშენკოს ფიგურა, რომელიც თავისი ნაკლებად ადეკვატურობით და უცნაურობებით მართლაც აჩენს შიშის გრძნობას, რადგან მისგან გამორიცხული არ არის ისეთი ტრაგიკული ნაბიჯების გადადგმა ხელისუფლების შესანარჩუნებლად, რასაც შეიძლება თვით მრავალი საშინელების ჩამდენმა, პუტინმაც კი არ მოაწეროს ხელი...

მიუხედავად ლუკაშენკოს ტრაბახისა, ძალიან ძნელი დასაჯერებელია, რომ ბელარუსში, რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის ჩატანის შემთხვევაში, პუტინმა მას ამ გამანადგურებელი იარაღის თვითნებურად გამოყენების უფლება მისცეს, მაგრამ ნატოში ხომ ამაში ბოლომდე დარწმუნებული ვერ იქნებიან და დარჩებიან იმ საფრთხის ქვეშ, რასაც "მაიმუნი და ხელყუმბარა" ჰქვია...