"სამი დღეა პარლამენტიდან გამოსვლისას მხვდება რუსეთის მოქალაქე, უცნობი კაცი, დღეს, სხდომიდან მაღაზიაში გასვლისას ისევ გამომეკიდა"
ოპოზიციონერი დეპუტატის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, სამი დღეა პარლამენტიდან გამოსვლისას რუსეთის მოქალაქე, გაურკვეველი პირი ხვდება, მათ შორის დღესაც დახვდა, რის შემდეგაც პარლამენტის დაცვამ პოლიცია გამოიძახა. აღნიშნულის შესახებ დეკანოიძე „ფეისბუქის“ გვერდზე წეს.
„სამი დღეა პარლამენტიდან გამოსვლისას მხვდება ერთი რუსი. ამ ფაქტს გუშინ "ტვ პირველის" მანქანის მძღოლი შეესწრო. გუშინწინ სოფო ჯაფარიძე. რუსეთის მოქალაქე, უცნობი კაცი, რომელიც მელაპარაკება გაუგებრად და მთხოვს სადღაც წაყოლას.
პირველი ორი დღე ყურადღება არ მივაქციე, დღეს, უკვე სხდომიდან მაღაზიაში გასვლისას ისევ გამომეკიდა.
პარლამენტის დაცვამ მომაქცია ყურადღება და პოლიციას გამოუძახა.
პარლამენტთან რუსეთის მოქალაქე, გაურკვეველი კაცი მხვდება ყოველ დღე.
პოლიციამ მართლა ოპერატიულად მოახდინა რეაგირება. ახლაც არკვევს როდის ჰქონდა საზღვრის კვეთა, რატომ შემოვიდა საქართველოში, რა მიზნით... საგიჟეთია“- წერს დეკანოიძე.