"სკოლა რომ დავამთავრეთ, 42 ბავშვი სახლში მიგვიწვია და ყველასთვის სათითაოდ "ტაბაკა" შეწვა...იმ დროს ისეთი გაჭირვება იყო, შავი პური გვენატრებოდა"
14 ივნისი ნატო ვაჩნაძის დაბადების და გარდაცვალების დღეა, დაბადებიდან 119-ე წელი და გარდაცვალების 70-ე წლისთავია.
„ნატო ვაჩნაძე სილამაზის ეტალონი. მისი გარეგნობის და მხატვრულობის წყალობით, იგი დამსახურებულად გადაიქცა ქართული კინოს ლეგენდად. კინოს სამყარომ ჰოლივუდის სტილში ბრწყინვალება და სიდიადე მოუტანა. მისი სახელის უკვდავსაყოფად გაიხსნა მემორიალური სახლ-მუზეუმი, დაუდგეს ძეგლი და ვარსკვლავი გაუხსნეს...“ - აცხადებენ ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმში. სოფ. გურჯაანის საჯარო სკოლის აქტიური მონაწილეები თანამშრომლებთან ერთად ისაუბრებენ ნატო ვაჩნაძის ცხოვრებაზე და შემოქმედებაზე, წაიკითხავენ ლექსებს, გაიმართება დისკუსია...
"კვირის პალიტრასთან" ნატო ვაჩნაძეს ლეო ანთაძე იხსენებს:
- მათ სახლში გავიზარდე. მოგეხსენებათ, მე და ელდარი ბაღიდან ერთად მოვდივართ, სკოლაში ერთ მერხზე ვისხედით... ელდართან ძალიან ხშირად ვიკრიბებოდით და ნატო ვაჩნაძე ყოველთვის საოცრად თბილად გვხვდებოდა. მართლაც საოცარი, დიდებული ქალი იყო! მამაჩემი ფილმებს ნიკოლოზ შენგელაიასთან ერთად იღებდა, მეორე რეჟისორი გახლდათ და მამა და ნატო ძალიან მეგობრობდნენ.
- ბავშვს რამდენად დაგამახსოვრდათ მისი სილამაზე, როგორი დარჩა თქვენს მეხსიერებაში?
- ნატო ვაჩნაძე ძალიან ლამაზი იყო, მაგრამ დედაჩემიც ლამაზი იყო და დედას ვეუბნებოდი, შენ ნატო ვაჩნაძეზე ლამაზი ხარ-მეთქი, რაზეც დედაჩემი სიცილით კვდებოდა... მართლაც ლამაზი ქალი იყო და თანაც ბავშვისთვის დედა ხომ ყველაზე ლამაზია.
ნატო ვაჩნაძე ეკრანზეც ულამაზესი იყო, ცხოვრებაშიც, მაგრამ განსაკუთრებით მისი მეგობრული ხასიათი დამამახსოვრდა. სკოლა რომ დავამთავრეთ, 42 ბავშვი სახლში მიგვიწვია და ყველასთვის სათითაოდ "ტაბაკა" შეწვა. უგემრიელესი იყო, მანამდე არც ვიცოდი "ტაბაკა" რა იყო... იმ დროს ისეთი გაჭირვება იყო, შავი პური გვენატრებოდა.
- ის დღე გახსოვთ, როცა ნატო ვაჩნაძის დაღუპვამ მთელი საქართველო შეძრა?
- მართლაც უდიდესი ტრაგედია იყო... ელდარი ჩემი მეგობარი იყო და მეც, მთელმა კლასმა ისე განვიცადეთ, მთელი დღე ელდართან ჩახუტებულები ვიყავით, ვამშვიდებდით, მაგრამ რას გავხდებოდით?! თანაც, როგორც ვიცი, მხოლოდ ნეკი იპოვნეს, მთლიანად დამწვარი იყო და ბეჭდით ამოიცნეს.
დღესაც ხშირად მახსენდება, ნიკოლოზ შენგელაია ფილმს - „ის კიდევ დაბრუნდებას“ რომ იღებდა... ამ ფილმში მთავარ როლს ნატო ვაჩნაძე თამაშობდა. გადაღებისას ნიკოლოზ შენგელაიამ თქვა, ცუდად ვარ, მანქანა გააჩერეთო. გადაიყვანეს, მინდორზე დააწვინეს და რატომღაც რუსულად შემდეგი სიტყვები თქვა - „მშვიდობით, სამშობლოვ, მშვიდობით, შვილებო, მშვიდობით, მეგობრებო“... ეს თქვა და იქვე, ველზე გარდაიცვალა. იმ ფილმის გადაღება ახალი დაწყებული იყო და შემდეგ გადაღება მამაჩემმა გააგრძელა...
როგორც მოგახსენეთ, ნატო ვაჩნაძე ცხოვრებაშიც ულამაზესი იყო, მაგრამ არსებობს კინემატოგრაფიული სახეები. შეიძლება ვინმე ლამაზი იყოს, მაგრამ ეკრანზე ისე არ გამოჩნდეს... ნატო ეკრანზე საოცრება იყო, საოცარი თვალები, დაწყობილი სახე, სიმეტრიული ნაკვთები...
კინომცოდნე ლელა ოჩიაური ( ამონარიდი ჟურნალ "გზის" სტატიიდან)
"ნატო ვაჩნაძის ცხოვრება მშვიდი და სტაბილური არასდროს ყოფილა - დაწყებული მამის მკვლელობიდან, ოჯახის გაღატაკებიდან, დასრულებული ასანთის, შემდეგ ბორბლების საცხის ქარხანაში მუშად მუშაობით... პირველ, სწორუპოვარ და განუმეორებელ კინოვარსკვლავად უნივერსალური, არასტანდარტული გარეგნობის, ძალიან ქალური, დახვეწილი, ულამაზესი 19 წლის ნატო ვაჩნაძე (ანდრონიკაშვილი) ეკრანებზე პირველი გამოჩენისთანავე იქცა. როგორ უცნაურადაც უნდა ჩანდეს, იმის მიუხედავად, რომ თანამედროვე მაყურებლის უმეტესობას ნატო ვაჩნაძის მონაწილეობით ფილმები არც კი უნახავს, ეს სახელი ყველამ იცის. მან ხანმოკლე ცხოვრებისა და კინოში არცთუ ხანგრძლივი მუშაობის მანძილზე, 27 ფილმში ითამაშა (1923-დან 1952 წლის ჩათვლით). გამორჩეულად პოპულარული და ავტორიტეტული, დაფასებული და აღიარებული ადამიანი იყო სახელოვნებო სფეროდან - საქართველოშიც და მთელ საბჭოთა კავშირში.
... "ნატო ვაჩნაძეს პოეზიას ადარებდნენ. უწოდებდნენ მსახიობს, რომელიც კინოხელოვნებაზე მაღლა დგას" - კინომცოდნე კორა წერეთელი, ბევრი წლის შემდეგ, ასეთი აღიარების მთავარ მიზეზს ასე განსაზღვრავს: "მისი ფერმკრთალი და სევდიანი სახე, რაღაც იდუმალებით გიზიდავდა. განსაკუთრებით თვალები გიპყრობდნენ - გულწრფელი, უშუალობის გამომხატველი დიდრონი, ფართო თვალები, რომლებიც სიწმინდესა და უცოდველობასთან ერთად, უძირო სევდასაც გამოხატავდნენ..."
"ნატო ვაჩნაძის ცხოვრება მშვიდი და ზომიერი, სტაბილური და უხარვეზო არასდროს ყოფილა - დაწყებული მამის მკვლელობიდან, ოჯახის გაღატაკებიდან, დის ავადმყოფობიდან, დასრულებული საქართველოს გასაბჭოებისა და საბჭოთა ტოტალიტარულ ქვეყანაში ცხოვრების სირთულეებით, ასანთის, შემდეგ ბორბლების საცხის ქარხანაში მუშად მუშაობით.
კინომცოდნე გოგი დოლიძე - (ამონარიდი "კვირის პალიტრის" სტატიიდან)
„… ნატო ვაჩნაძის შესახებ ექვსი სტატია მაქვს გამოქვეყნებული და როდესაც სტატიას ვწერ, ყოველთვის ახალი ფერები მოდის, ჩემი ჰორიზონტი იზრდება. ისე იყო ცნობილი, თითქოს ნატო ვაჩნაძე მხოლოდ ლამაზი ქალი იყო, მაგრამ ძალიან ნიჭიერი მსახიობიც გახლდათ და ამიტომაც მთელ საბჭოთა კავშირში მის მიმართ ინტერესი ძალიან დიდი იყო. ნატო ვაჩნაძემ ითამაშა ევროპელი, ინგლისელი დიდგვაროვანი ქალის როლი ფილმში "ამოკი". ეს ფილმი მე სრულად აღვადგინე და როდესაც ელდარ შენგელაიამ ნახა, ძალიან მოეწონა. ნატო ვაჩნაძეს დაჩაგრული ქართველი გლეხის ქალის როლებს აძლევდნენ, ამ ფილმში კი მეტი თავისუფლება ჰქონდა. კოტე მარჯანიშვილს თურმე ყველა ეუბნებოდა, ნატო ამ როლს ჩაგიგდებს, მას ევროპელი ქალის როლი არ გამოუვაო, მაგრამ კოტე მარჯანიშვილმა თავისი გაიტანა და შესანიშნავი ფილმიც გამოვიდა“
კირა ანდონიკაშვილი სოციალურ ქსელში
14 ივნისს ნატო ვაჩნაძის დაბადებისა და გარდაცვალების დღეა. " იმ დღეს დაიღუპა, როცა დაიბადა.. მახსოვს ბოლოს სანამ მოსკოვში წავიდოდა ჩვენთან მოვიდა დიდი იასამნების თაიგულით.. მისგან განსაკუთრებულ სიყვარულს ვგრძნობდი.. ერთხელ ხელი მოვიტეხე ოქროყანაში და მაშინვე ამოვიდა თავისი პაბედით და წამიყვანა საავადმყოფოში, რომ მივედით ჩემი ხელი არავის აღარ ახსოვდა, ისეთი ამბავი ატყდა, რომ ნატო მივიდა საავადმყოფოში.."
ნატო ვაჩნაძის მოგონებებიდან....
(,,მოგონებანი და შეხვედრები"): "უკრაინის კინოფაბრიკაში ვმონაწილეობდი ფილმში ,,გარეუბნის კვარტალები". სურათი არ გამოვიდა, მაგრამ მე მაინც მადლიერებით ვიგონებ მასზე მუშაობას, უკრაინაში ცნობისმოყვარეობა ჩემ მიმართ დიდი იყო და ხშირად გარს იმდენი ხალხი მეხვეოდა, რომ პლაჟზე დარჩენა შეუძლებელი ხდებოდა. ბავშვსაც ეშინოდა, ტირილს მორთავდა და გვეხვეწებოდა, პლაჟიდან წავსულიყავი. ერთხელ ხალხი ისე შემოგვეხვია, რომ საბანაო სამოსის გამოცვლაც ვერ მოვასწარი. საშველად მილიციელები მოვიდნენ."
(სპეციალურად საიტისთვის)