ქალი, რომელიც სოხუმელებს და არა მხოლოდ, სოხუმის გარშემო აერთიანებს
"30 წელია დაბრუნების მოლოდინის რეჟიმში ვართ. ვცდილობ, აფხაზეთიდან წამოსულ ხალხს შინ დაბრუნების იმედი გავუღვივო. მიუხედავად სხვადასხვა პოლიტიკური ნიშნისა, ჩვენდა სასიკეთოდ გავაერთიანო ადამიანები: სიმღერით, ცეკვით, მონოლოგით თუ ლექსით, ასევე ემიგრანტების ჩართულობით, ცნობილი თუ არაცნობილი სახეებით, საქართველოს სხვადასხვა კუთხის შვილებით, ვინაიდან მხოლოდ ერთობით გავძლიერდებით და შევძლებთ ოცნების ახდენას, რასაც აფხაზეთის დაბრუნება ჰქვია. ერთად ყველაფერი გამოგვივა! ჩვენ ერთმანეთს და აფხაზეთს დავიბრუნებთ!" - ეს სიტყვები ეკუთვნის ქალბატონს, რომელიც საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს კუთხიდანაა. არასამთავრობო ორგანიზაციის - "აფხაზეთი ჩვენი" დამფუძნებელი, არაერთი სიმღერის მუსიკისა და ტექსტის ავტორი, სხვადასხვა პროექტისა და ღონისძიების ორგანიზებით აფხაზეთის გახსენებას ცდილობს. ალბათ ჩვენ შორის არიან ადამიანები, ვისაც ამ კონკრეტული კუთხის დაკარგვა განსაკუთრებით მძაფრად შეეხო, მომხდარი დღემდე ახალი იარასავით სტკივა და მათ შორის არის ნინო მირცხულავაც.
გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:
"აფხაზეთში ომის შემდეგ, ანუ 30 წელია არ ვყოფილვარ. მიუხედავად იმისა, რომ მეუბნებიან ჩამოდიო, ვერ მივდივარ, რადგან ეს ჩემთვის ძალიან ემოციურია. ჩემს სახლში სხვა ცხოვრობს. სოხუმიდან ყოველ წელს მიგზავნიან ფოტოებს და ჩემთვის ამ ყველაფრის ნახვა არასასიამოვნოა. ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, იქ ჩასული შეიძლება ისტერიკაში ჩავვარდე ან გული გამისკდეს. თუ ყველა ერთად დავბრუნდებით, კი ბატონო, მაგრამ ჩემს კუთხეში სტუმარივით ვერ წავალ..."
"როცა აფხაზეთზე საუბარი მიწევს, ასე მგონია, ყველა პატარ-პატარა სიკეთეს ვაკეთებთ. ადამიანების დიდ ნაწილში მიმართლებს, მაგრამ ისეც ხდება, რომ მესმის ფრაზა: იცით, აფხაზეთის თემა ახლა აქტუალური არ არისო. ამის გამო გულზე ვსკდები, როგორ შეიძლება აქტუალური არ იყოს ან მხოლოდ აფხაზეთის დაცემის დღესთან დაკავშირებით გადიოდეს ამ მხარეზე ტელევიზიით სიუჟეტები და გადაცემები?! პირიქით, აფხაზეთი ყოველთვის, ყოველდღიურად უნდა გვახსოვდეს და მასზე ვილაპარაკოთ. ხშირად უნდა ვიმეოროთ, რომ ჩვენ დავბრუნდებით! ჯადოქარი არ ვარ, მაგრამ იქნებ ამ შეძახილმა "საქმე" გააკეთოს..." "სოხუმში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე ვცხოვრობდი. ჩემი სახლის წინ იყო აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი. სკოლა რომ დავამთავრე, ფაქტობრივად, ომი მაშინ დაიწყო. ბევრი ტრაგედია გამოვიარე და შეიძლება ითქვას, სიკვდილსაც ჩავხედე თვალებში. ოჯახში დედ-მამა, 8 წლით უფროსი ძმა და მე ვცხოვრობდით. დღეს ჩემი მშობლები ცოცხალები აღარ არიან. დედა ფილოლოგი, ლექტორი გახლდათ, ხოლო მამა ფსიქიატრი. თბილი, კარგი ადამიანები იყვნენ და ვცხოვრობდით შეხმატკბილებულები არაჩვეულებრივ სამეზობლოსთან ერთად. ჭირსა და ლხინში ერთად ვიყავით სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები: ქართველი, აფხაზი, რუსი, ბერძენი, სომეხი..."
"ომი რომ დაიწყო, პირველი კურსის სტუდენტი ვიყავი. გოგონები ზღვაზე გავედით და შინ დაბრუნებისას დედაჩემი უნივერსიტეტთან შეშლილი სახით დამხვდა, ომი დაიწყოო. 17 წლის ვიყავი, არ მეგონა ეს თუ მოხდებოდა. წინა დღეებში ტელევიზორსაც არ ვუყურებდი. როგორც კი შინ ფეხი შევდგი, ტყვიების კაკანი დაიწყო. მაშინ პირველად დავიწყე მხურვალე ლოცვა, რაც ალბათ მანამდე არასდროს გამიკეთებია..."
"ხალხის ნაწილი სვანეთის გზას დაადგა, მე კი გემი რომ დავინახე, ინსტინქტურად ზღვისკენ წავედი. დედა უკან დამედევნა. დღესაც თვალწინ მიდგას ტყეში ჩვენი ბიჭების 2 თვითმფრინავის ჩამოვარდნა. მძიმე სანახავი იყო ეს ყველაფერი... სანაპიროზე რომ მივედი, ბევრი ხალხი ირეოდა. მაშინ არც შუქი იყო, არც ტელეფონები და არანაირი ინფორმაცია არ გვქონდა. გემზე რომ შევაღწიეთ, ხმა გავარდა, ახლა გემსაც დაბომბავენო და ხალხის ნაწილი ისევ ნაპირზე გადავიდა. უკრაინელები გვარწმუნებდნენ, ტყუილია, ეს არ მოხდება, ხმა მათ გაავრცელეს, ვინც გემზე მოხვედრა ვერ შეძლოო. გემი რომ დაიძრა, ყველანი უხმოდ ვისხედით, თუ არ ჩავთვლით დაჭრილების წუხილსა და წყლის დალევის სურვილის მთხოვნელებს, ხმას ვერავინ იღებდა..."
სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 15 ივნისის ნომერში წაიკითხავთ.
ანა კალანდაძე