"თავიდანვე ჩანდა, რომ კონტრშეტევა რისკთან იყო დაკავშირებული - დამქანცავი ომი, რომლის ფასი მაღალი იქნება"
ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის - BBC-ის რუსულენოვანი სამსახურის (BBC russian) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - "დამქანცავი ომი, რომლის ფასი მაღალი იქნება": დასავლელი ოფიციალური პირების შეფასებები უკრაინის არმიის კონტრშეტევის შესახებ" (ავტორი - ჯეიმს ლანდეილი, დიპლომატიური კორესპონდენტი).
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
დასავლელი ოფიციალური პირები თვლიან, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების ამჟამინდელი შეტევა ქვეყანას ძალიან ძვირი უჯდება იმდენად, რამდენადაც რუსეთის არმიის ქვედანაყოფები შეტევას კარგად იგერიებენ და წარმატებით სარგებლობენ გამაგრებული თავდაცვითი ხაზებით. დასავლელი მაღალჩინოსნები კიევს აფრთხილებენ, რომ ნუ დაელოდებიან იმ მომენტს, როცა უკრაინის არმიის დარტყმებით რუსული ფრონტული თავდაცვა ჩამოიშლება. ამის ნაცვლად მათ უნდა გაითვალისწინონ, რომ წინ მრავალთვიანი დამქანცველი ომი ელოდებათ, რომლის ფასი, სამწუხაროდ, ძალიან მაღალი იქნება.
"ბი-ბი-სი"-სთან მოსაუბრეებმა დაადასტურეს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მართლაც წაიწიეს წინ შვიდი კილომეტრით და ოთხი დასახლებული პუნქტი მთლიანად გაათავისუფლეს - სოფელ ველიკაია ნოვესელკას სამხრეთით, დონეცკის ოლქში. მაგრამ ისინი კიევს აფრთხილებენ: "მთლიანობაში რუსეთის არმიამ კარგად გამოავლინა თავდაცვის მაღალი უნარი და წარმატებით ისარგებლა ფრონტის ხაზის გამაგრებული პოზიციებით. რუსეთის ქვედანაყოფებმა მცირე ტაქტიკური უკანდახევა განახორციელეს და მოწინააღმდეგის ძალები დაბომბეს. რუსების ასეთი "მანევრული მიდგომა" უკრაინელებისათვის პრობლემა ხდება, რადგან შემტევი ძალები დიდ დანაკლისს განიცდიან. ამით აიხსნება უკრაინის არმიის ნელი წინსვლა".
დასავლელი სამხედრო ჩინოვნიკები აღნიშნავენ, რომ რუსების მიერ დანაღმულ ველებზე უკრაინის არმიის ჯავშანტექნიკის განადგურება მოსალოდნელი იყო. მათი თქმით, ტანკებისა და ჯავშანმანქანების დიდი ნაწილი მხოლოდ დაზიანდა და, შესაბამისად, ეკიპაჟთა გარკვეულმა რაოდენობამ გადარჩენა მოახერხა.
ოფიციალური პირების აღიარებით, თუ მსგავს ოპერაციას უშუალოდ ნატოს ჯარები განახორციელებდნენ, თითქმის იგივე დანაკარგები იქნებოდა.
"თავიდანვე ჩანდა, რომ კონტრშეტევა რისკთან იყო დაკავშირებული. მომხდარ ფაქტში არაფერი მოულოდნელი არ არის. შეტევის დაგეგმვა და განხორციელება რთულ ამოცანას წარმოადგენს და უკრაინელებისთვის მიზნის მიღწევა იოლი ნამდვილად არ იქნება. თუმცა, ჩვენ იმასაც ვხედავთ, რომ კიევს დანაკარგები აქვს, მაგრამ მაინც წინ მიდის. ასე რომ, მთლიანობაში ეს სწორი მიმართულებაა", - განაცხადა BBC-სთან ინტერვიუში ერთ-ერთმა დასავლელმა სამხედრო ჩინოვნიკმა.
"მოწინააღმდეგის ძალების სათანადოდ შეუფასებლობა ზიანის მომტანია. უნდა ვაღიაროთ, რომ რუსებმა კარგად გაამაგრეს თავიანთი პოზიციები რამდენიმე თვის განმავლობაში და შეტევას საკმაოდ მომზადებულები შეხვდნენ", - თქვა ჩინოვნიკმა და აღნიშნა, რომ [თავდაცვითი მხარე] ამ დროს შედარებით მცირე დანაკლისს განიცდის, ამიტომ რუსები თვითონ გადაწყვეტენ, როდის დაიხიონ უკან.
ჩინოვნიკის აზრით, ჯერჯერობით ძალიან ადრეა დასკვნების გამოტანა უკრაინის არმიის კონტრშეტევის საერთო წარმატებაზე. იგი ხაზს უსვამს, რომ სანამ ასეთი დასკვნები მომზადდება, სამი თვე მაინც უნდა გავიდეს. შესაძლოა, შეტევა და წინსვლა შედარებით ნელი ტემპით გაგრძელდეს.
"თუ ვინმეს ძალიან დიდი მოლოდინი და თამამი ოცნებები ჰქონდა იმაზე, რომ უკრაინელთა დანახვაზე რუსები თავიანთ პოზიციებს მიატოვებდნენ, უკან გაიქცეოდნენ და ყველაფერს მოწინააღმდეგეს ჩააბარებდნენ [როგორც ეს ადრე მოხდა], მთლად ასე არ იქნება. კი, შესაძლოა, მომავალში რაღაც მსგავსი მოხდეს, მაგრამ ამჟამად რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ - აქ ჩვენ რუსების გაქცევის მოწმენი ნამდვილად არ ვიქნებით", - აღნიშნავს დასავლელი სამხედრო პირი.
ჩვენმა მოსაუბრემ უარყო ვარაუდები იმის შესახებ, რომ უკრაინის არმიის კონტრშეტევა იმდენად წარმატებული იქნება, რომ რუსეთი იძულებული გახდება, უახლოეს თვეებში სამშვიდობო მოლაპარაკებაზე დათანხმდეს [უკრაინის მიერ წაყენებული პირობებით].
"ვფიქრობ, ჩვენ ძალიან შორს ვართ იმ მომენტამდე, როცა უკრაინა [და რუსეთი] მზად იქნებიან მოლაპარაკების დასაწყებად", - ამბობს ერთ-ერთი დასავლელი სამხედრო ჩინოვნიკი, - "ჯერჯერობით, კონტრშეტევა მხოლოდ ახლახან დაიწყო. ჩვენ ვლადიმერ პუტინს უნდა ვაჩვენოთ, რომ დასავლეთი თავის დაპირებას შეასრულებს და უკრაინას მხარს იმდენ ხანს დაუჭერს, რამდენი ხანიც საჭირო იქნება".
ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, ოთხშაბათს გამართულ პრეს-კონფერენციაზე, პასუხი გასცა ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას უკრაინის სამხრეთის ფრონტზე არმიის მიერ განცდილი დანაკარგების შესახებ და განაცხადა, რომ ომის დროს დანაკარგები გარდაუვალია და რომ მოკავშირეების ვალია, უკრაინის შეიარაღებული ძალები ტექნიკითა და საბრძოლო მასალებით უზრუნველყონ. "დანაკარგები, რა თქმა უნდა, იქნება, მათ შორის - ნატოს თანამედროვე ტექნიკისაც. არავის ჰქონდა იმის იმედი, რომ ზარალი ნულოვანი იქნებოდა. რას ვიზამთ, ომი ომია, ასეთია რეალობა... უკრაინაში ძალიან მძიმე ბრძოლები მიდის", - ციტირებს იენს სტოლტენბერგის ნათქვამს სააგენტო "ფრანს-პრესი". წყარო
მოამზადა სიმონ კილაძემ