უკრაინელებმა "ჰაიმარსებიდან" ზუსტი კონტრსაბატარეო ცეცხლით რუსების არტილერიის წერტილოვანი განადგურება დაიწყეს... - კვირის პალიტრა

უკრაინელებმა "ჰაიმარსებიდან" ზუსტი კონტრსაბატარეო ცეცხლით რუსების არტილერიის წერტილოვანი განადგურება დაიწყეს...

დიდი ხნის მოლოდინის შემდეგ, 4-5 ივნისს დაწყებული უკრაინის არმიის კონტრიერიშების საწყისი ეტაპი მთლად წარმატებული ვერ აღმოჩნდა კიევისთვის, ისევე, როგორც უკრაინის უკან მდგომი დასავლეთისთვის...

ამის რამდენიმე ობიექტური ფაქტორი არსებობდა:

პირველი - დაიკარგა მოულოდნელობის ეფექტი და რუსეთის საოკუპაციო ძალებს ჰქონდათ არანაკლებ ნახევარი წელი ორ-სამზოლიანი თავდაცვის ზღუდეების ასაგებად ოკუპირებული ზაპოროჟიეს ოლქის სამხრეთ მიმართულებაზე;

მეორე - საინჟინრო თვალსაზრისით კარგად აგებული თავდაცვითი ზღუდეები და მათი მისადგომების "უხვად" დანაღმვა რუსი ოკუპანტების მიერ;

მესამე - რუსული საარმიო და საფრონტო ავიაციის სრული უპირატესობა უკრაინის ცაში, რასაც აძლიერებს პლანირებადი მართვადი საავიაციო ბომბებისა და მართვადი ტანკსაწინააღმდეგო საავიაციო რაკეტების მასობრივი გამოყენება, რაც რუს პილოტებს საშუალებას აძლევს, არ შეფრინდნენ უკრაინული საჰაერო თავდაცვის საშუალებების მოქმედებების ზონაში;

მეოთხე - რუსული არტილერიის მრავალრიცხოვნობა და ინტენსიური ცეცხლი ფრონტის ხაზზე.

ზემოხსენებულმა ყველა ფაქტორმა თავისი უარყოფითი როლი შეასრულა იმაში, რომ შეტევაზე გადასულ უკრაინულ ჯავშანჯგუფებს სერიოზული პრობლემები შექმნოდათ, ჯერ კიდევ რუსი ოკუპანტების თავდაცვის ზღუდეებთან მიახლოებამდე, სადაც ყველაზე დიდ საფრთხეს რუსული არტილერიის ინტენსიური ცეცხლი წარმოადგენდა...

მართალია, ამ ომის დასაწყისიდანვე რუს ოკუპანტებს ბევრად მეტი სხვადასხვა კალიბრის საარტილერიო დანადგარი ჰქონდათ და დღე-ღამის განმავლობაში 60 ათას გასროლამდეც კი ასულან, მაგრამ შემდგომში ამ მხრივ სიტუაცია მათ საწინააღმდეგოდ შეიცვალა.

ჯერ ერთი, თვით რუს ოკუპანტებსაც კი გაუჩნდათ "ჭურვების შიმშილი", რადგან აღმოჩნდა, რომ ყოფილი საბჭოთა საარტილერიო საწყობების "უძირო" მარაგიც, თურმე, იწურება, თუნდაც იმიტომ, რომ ასე "პროფესიონალმა" რუსმა არტილერისტებმა უკრაინის მიწა მთვარის ლანდშტაფს დაამსგავსეს, მასობრივი არაზუსტი სროლების გამო.

მეორეც - დასავლეთის მიერ უკრაინის არმიისთვის გადაცემული შედარებით ძველი და მით უმეტეს - ახალი ბუქსირებადი და თვითმავალი საარტილერიო დანადგარები მთელი თავით სჯობნიან საბჭოთა/რუსულ საარტილერიო სისტემებს, როგორც ჭურვებისა და რაკეტების სროლის სიშორეში, ისე - სიზუსტეშიც, რაც "რაოდენობა-ხარისხის" კრიტერიუმის შედარებით გათანაბრებას იწვევს.

ყველა მეტ-ნაკლებად სერიოზული სახმელეთო შეტევა (თუნდაც საზღვაო და საჰაერო დესანტის გადასხმა) საავიაციო და საარტილერიო საცეცხლე მომზადების შემდეგ ხორციელდება, რათა მოწინააღმდეგის რაც შეიძლება მეტი საცეცხლე წერტილი იქნეს ჩახშობილი და შენს მებრძოლებს ნაკლები წინააღმდეგობა შეხვდეს შეტევისას...

უკრაინელების მიერ ცოტა უცნაურად დაწყებულ ამ კონტრიერიშთა სერიას, რატომღაც არ ახლდა ასეთი სერიოზული საარტილერიო საცეცხლე მომზადება.

საავიაციოზე კი ლაპარაკიც არ არის, რადგან უკრაინის საბრძოლო ავიაციის შესაძლებლობები ამჟამად მიზერულამდეა დასული და უმართავი საავიაციო რაკეტების კაბრირების რეჟიმში გაშვება შვეულმფრენებიდან და მოიერიშე თვითმფრინავებიდან ყოველგვარ აზრს მოკლებულია.

თუმცა მას შემდეგ, რაც რუსი ოკუპანტების შენიღბული არტილერია სრული სიმძლავრით ამოქმედდა კონტრშეტევაზე გადასული უკრაინული ჯავშანჯგუფების შესაჩერებლად, მათ თავიანთი საცეცხლე პოზიციების კოორდინატები "გაამხილეს"... რის შემდეგაც ამოქმედდა უკრაინის არმიის მთავარი კოზირები -"ჰაიმარსის" მართვადი რაკეტები და 155 მმ კალიბრის "ექსკალიბურის" მართვადი ჭურვები...

1-art-1686820979.png
უკრაინელების მიერ ზუსტი დარტყმით განადგურებული რუსული თვითმავალი საარტილერიო დანადგარი МСТА-С

40-დან 57 კმ-მდე მფრენი "ექსკალიბურის" მართვადი ჭურვი და 84 კმ-მდე ფრენის სიშორის მქონე "ჰაიმარსის" მართვადი რაკეტა მიზანს 3-5 მ-ის სიზუსტით ხვდებიან, ასეთ წერტილოვან დარტყმებზე და ამხელა სიშორეზე რუსი არტილერისტები ვერც კი იოცნებებენ, რადგან მათი "გრადების", ურაგანების", "მსტების", "გიაცინტებისა" თუ "მალკების" ტაქტიკურ-ტექნიკური შესაძლებლობები ბევრად უფრო მოკრძალებულია...

ამიტომაც უკრაინელ არტილერისტებს ეძლევათ კარგი შესაძლებლობა, წარმატებით გამოიყენონონ ეს ტექნიკური უპირატესობა ოპერატიულ უპირატესობასთან ჯამში, რომელსაც მათ უკრაინისა და დასავლეთის საჰაერო და კოსმოსური დაზვერვის საშუალებები აძლევენ და კონტრსაბატარეო ბრძოლა გაუმართონ რუსი დამყპრობლების არტილერიას...

ამ სიტყვების დასადასტურებლად მოჩანს გუშინ და დღეს ინტერნეტსივრცეში გავრცელებული საოცარი ვიდეოკადრები, საოცარი იმიტომ, რომ თითქმის ერთდროულად ნადგურდება ერთმანეთისგან ასეულობით მეტრით დაშორებული სამი რუსული თვითმავალი საარტილერიო დანადგარი "მსტა", რაც უკრაინული "ჰაიმარსების" რაკეტების ძალიან მაღალ სიზუსტეზე მეტყველებს...

თუკი უკრაინის დაზვერვამ (დასავლელი კოლეგების დიდი დახმარებით) დროულად შეძლო რუსული საარტილერიო დანადგარების საცეცხლე პოზიციების გამოვლენა, ხოლო უკრაინელმა არტილერისტებმა ოპერატიულად განახორციელეს მიღებულ კოორდინატებზე "ჰაიმარსის" რაკეტებისა და "ექსკალიბურის " ჭურვების ზუსტი გაშვება-გასროლა, მაშინ რუსი ოკუპანტების თავდაცვა ზემოთ ჩამოთვლილი, მათთვის სასარგებლო ოთხი გარემოებიდან დაკარგავს მეოთხეს - მრავალრიცხოვანი საარტილერიო დანადგარებიდან მასობრივი ცეცხლის წარმოების უპირატესობას, რაც კონტრშეტევაზე გადასული უკრაინის არმიისთვის უდიდეს შვებად იქცევა...