70-მილიონიანი "კანონიერი" ტერორი "ქართუს" წინააღმდეგ! - კვირის პალიტრა

70-მილიონიანი "კანონიერი" ტერორი "ქართუს" წინააღმდეგ!

ხელისუფლებამ ბიძინა ივანიშვილის ბანკ "ქართუს" ხელოვნურად გაკოტრების პროცესი დაიწყო.

ივანიშვილის ფინანსურად დასაზარალებლად ახალი კანონებიც კი შექმნეს. მას შემდეგ, რაც ძალაში შევიდა კანონი სააღსრულებო წარმოებათა შესახებ, "ქართუ-ბანკის" პრეზიდენტმა ნოდარ ჯავახიშვილმა "იწინასწარმეტყველა", რომ ეს კანონი საგანგებოდ "ქართუს" გასაკოტრებლად შემუშავდა და უახლოეს მომავალში სერიოზულ ფინანსურ დარტყმას უნდა ველოდოთო. კანონის მიხედვით, მოვალის "საგადასახადო გირავნობით-იპოთეკით" დატვირთული, დაყადაღებული ქონების რეალიზაციის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულდება, საკუთრების გადასვლის შედეგად (მათ შორის სახელმწიფოსთვის ქონების ნატურით გადასვლის შედეგად) უქმდება ყველა სანივთო უფლება, რომელიც რეგისტრირებულია იმ ვალდებულების წარმოშობის შემდეგ, რომლის საფუძველზეც ქონებაზე გავრცელდა "საგადასახადო გირავნობა-იპოთეკის უფლება" - ამ ჩვეულებრივი მოკვდავისათვის გაუგებარ კანონპროექტში წერია, რომ თუ ქონება, რომელიც სახელმწიფომ საგადასახადო ვალდებულების გამო უნდა გაყიდოს, ახალ მყიდველს ყოველგვარი ვალდებულების გარეშე გადაეცემა  (აქამდე ქონება საგადასახდო ვალდებულებიანად იყიდებოდა).

შესაბამისად, ხელცარიელი დარჩება ის, ვისაც ეს ქონება სესხის უზრუნველსაყოფად აქვს იპოთეკით დატვირთული. ამ კანონის დედააზრის მეტისმეტი მზაკვრულობა თავიდანვე ჩანდა. სპეციალისტები ვარაუდობდნენ, რომ ეს კანონი სამ თვეში დააქცევდა საბანკო სისტემას, უპირველესად კი "ქართუ ბანკს".

საპარლამენტო უმრავლესობა კანონპროექტის მიღების აუცილებლობას კეთილსინდისიერი მყიდველის ინტერესების დაცვით ხსნიდა. ამბობდნენ, კანონპროექტის მიზანია,  დაყადაღებული ქონების შემძენ პირს ეს ქონება ვალდებულებებისგან თავისუფალი გადაეცეს და არ დაზარალდესო.

ნოდარ ჯავახიშვილი ამბობდა: ვთქვათ, რომელიმე კლიენტისთვის სესხად მაქვს მიცემული 2 მილიონი. მას სესხის უზრუნველსაყოფად 3 მილიონის ქონება აქვს ჩადებული. მოგეხსენებათ, "ქართუ ბანკი" სამომხმარებლო სესხებს არ იძლევა, მხოლოდ მსხვილ ბიზნესს აქვს აღებული. შევა საგადასახადო ამ ბიზნესმენების ორგანიზაციაში, აღმოაჩენს რაღაც დარღვევას და დაარიცხავს ჯარიმას, ვთქვათ, 500.000-ს. ამ კანონის გამო ბიზნესმენს ურჩევნია, არ გადაიხადოს ჯარიმა და მისი ქონება აუქციონზე გაყიდოს სახელმწიფომ. ამ კანონის თანახმად, აუქციონზე ამონაგებ თანხას ფინანსთა სამინისტრო წაიღებს, ბანკის ვალი კი ვალად დარჩება, რადგან ჩვენს ბანკში ჩადებულ ქონებას სახელმწიფო გაყიდის. შესაბამისად, ახალი მყიდველი თავისუფალი იქნება ყოველგვარი ვალდებულებისაგან.

ეს იქნება ძალზე მაცდუნებელი წინადადება იმ პირებისთვის, ვისაც სესხები აქვთ აღებული ბანკში. სქემა კი ასეთი იქნება: გაუყიდიან ქონებას აუქციონზე, მას მობილიზებული ეყოლება ეგრეთ წოდებული "პადსტავნოი" პირი და თვითონვე შეისყიდის აუქციონზე გატანილ თავის ქონებას, რეალური ღირებულების 25, მაქსიმუმ 50%-ად.

ამ საკანონმდებლო ინიციატივით ცხადი გახდა, რომ "ქართუს" ამ სქემის ამუშავების შემთხვევაში პრაქტიკულად არც ერთი სესხის დაფარვის პერსპექტივა არ ექნებოდა. სესხის დაფარვის გარდა სხვა პრობლემაც იქმნებოდა - ეროვნული ბანკის ნორმატივებიდან გამომდინარე, არაუზრუნველყოფილი სესხის წარმოქმნა ავტომატურად მოითხოვს არაუზრუნველყოფილი სესხის ოდენობის თანხის დარეზერვებას ბანკის რესურსებიდან. გარდა იმისა, რომ "ქართუ ბანკი" ამ პროექტით კარგავს მრავალმილიონიანი სესხების ამოღების საშუალებას, ერთი იმდენი იქით უნდა დადოს, რომ არ დაირღვეს ეროვნული ბანკის ნორმატივები და ბანკი არ დაიხუროს.

ჯავახიშვილის საფუძვლიანი ეჭვრები ძალიან სწრაფად იქცა რეალობად. ერთი კვირის წინ "ქართუს" განკულაკების "სპეცოპერაცია" დაიწყო: ოთხ ბიზნეს-ჯგუფს, რომელშიც 14 იურიდიული და ფიზიკური პირი შედის, საგადასახადოს მოთხოვნით, დაუყადაღეს 100  მილიონი ლარის ღირებულების ქონება, რითაც  არაუზრუნველყოფილი დატოვეს "ბანკი ქართუს" 70 მილიონი ლარის საკრედიტო ვალდებულებები, რაც ბანკის საერთო საკრედიტო პორტფელის თითქმის 20%-ია.

იმ კომპანიების ქონებაზე, რომლებზეც საგადასახადო ორგანოს არ შეეძლო (ძველი რიცხვით, "ქართუ ბანკის" პირველადი იპოთეკის რეგისტრაციამდე) აღმოეჩინა საგადასახადო დავალიანება, ასეთი კომპანიების ქონებები დაჩქარებული წესით განვადებით გასხვისდა ისეთ კომპანიებზე, რომლებსაც აღმოუჩინეს, ან უკვე გააჩნდათ აღიარებული საგადასახადო დავალიანება.

ნოდარ ჯავახიშვილი:

- ფაქტია, ეს იყო ფიქტიური, თაღლითური გარიგებები. საქმე ისაა, რომ ნასყიდობის ფასიც არ არის ამ გარიგებებში გადახდილი. ამ ხელშეკრულებების საფუძველზე ქონების ფასი მყიდველმა უნდა გადაიხადოს მომავალში, ერთ წლის შემდეგ ან განვადებით. ბუნებრივია, ეს  ბადებს საფუძვლიან ეჭვს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებები თაღლითურია და ისინი მხოლოდ "ქართუს" განსაკუთრებით  დიდი ფინანსური ზარალის მიყენების მიზნით დაიდო.  ფაქტია ისიც, რომ ხსენებული ნასყიდობის ხელშეკრულებები გაფორმდა ბიზნეს-ჯგუფში შემავალ კომპანიებს შორის (ანუ ერთი და იგივე ბიზნესჯგუფმა ერთი საგადასახადო ვალდებულებებისაგან თავისუფალი კომპანიის ქონება მიჰყიდა მეორე საგადასახადო ვალდებულებთ დატვირთულ კომპანიას). ჩვენთვის ცნობილი გახდა ისიც, რომ რომ გასულ კვირას ბანკის უმსხვილესი მსესხებლის ბიზნეს ჯგუფის აქციონერმა  მიაღწია საინტერესო შეთანხმებას. ეს აქციონერი ამ უკვე დაყადაღებულ და სახელმწიფოს სასარგებლოდ საჯარო აუქციონზე გასატან ქონებას 2012 წლის მარტიდან ერთ-ერთ პირზე აქირავებს. ბუნებრივია, აქ საეჭვოც არაფერია. ფაქტი, ხსენებულ აქციონერს პირობა აქვს მიღებული "ჩამორთმეული" ქონების უპირობოდ დაბრუნებისა.

- ვინ არიან ამ გარიგებაში მონაწილე აქციონერები და მსესხებლები?

- ამის თქმის უფლება არ მაქვს. ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა.

მიუხედავად იმისა, რომ "ქართუში" არ დააკონკრეტეს, ვინ დგას ხელისუფლებასთან გარიგებულთა რიგებში, ჩვენ წარმოდგენილი სიის შესწავლის საფუძველზე ბევრი რამ გავარკვიეთ. აღმოჩნდა, რომ იმ ობიექტთა სიაში აუქციონზე საგადასახადო ვალდებულებების ამოღების საბაბით, გადის კოდუების ოჯახის და ვანო მერაბიშვილის ქონება. იმის დაჯერება, რომ კოდუებს ან ვანო მერაბიშვილს დღევანდელ საქართველოში სადაგასახადო ვალდებულებების გამო ქონებას აუქციონზე უყიდიან, თვით ყველაზე მიამიტ ადამიანსაც გაუჭირდება.

გთავაზობთ იმ ქონების ნუსხას, რომელიც ბოლო ერთი კვირის მანძილზე სასწრაფო წესით გადაიყიდა იმ კომპანიებზე, რომელთაც აღიარებული საგადასახადო ვალდებულებები გააჩნდათ.

სესხის უზრუნველყოფის ობიექტები:

 სამკერვალო ფაბრიკა "ლაურა ღაჭავა",

"პირიმზის" შენობა, კომერციული ფართი (სააქციო საზოგადოება "პირიმზე"), საოფისე ფართი ჭავჭავაძის 60 (სააქციო საზოგადოება "ეკრანი").

ქავთარაძის ქუჩა #16-ში მდებარე საავადმყოფო (სააქციო საზოგადოება "სამკურნალო ობიექტი")

ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ორი საოფისე შენობა,

მელიქიშვილის ქუჩაზე მდებარე ორი საოფისე შენობა.

ზემოჩამოთვლილი უძრავი ქონება კოდუებს ბანკ "ქართუში" ჰქონდათ დაგირავებული რამდენიმე მილიონიანი სესხის სანაცვლოდ. ბოლო ერთ კვირაში ეს ფართები გადაყიდეს, ასე ვთქვათ, განვადებით - ის საგადასახადო ვალდებულების მქონე კომპანიებს მიეყიდა. უზრუნველყოფის მესაკუთრეები  თვალთმაქცური ხელშეკრულების გაფორმებამდე იყვნენ  შპს "1+1" და "კავკასიის უძრავი ქონების ჯგუფი". ამ ჯგუფმა  მოულოდნელად ქონება გადაყიდა საგადასახდო ვალდებულების მქონე სააქციო საზოფადოება "პირიმზეზე". ეჭვს არ ბადებს ის ფაქტი, რომ ეს ქონება კოდუების ოჯახს ეკუთვნის. ლაურა ღაჭავა ერეკლე კოდუას დედაა.

ასევე თვალთმაქცური გარიგების საფუძველზე მოხდა ბანკის გირაოს ქვეშ მყოფი 7 ობიექტის გადაყიდვა საგადასახადო ვალდებულების მქონე ობიექტებზე:

ბათუმის ზეთის ქარხანა და სოფელ გონიოში არსებული მიწა შენობა-ნაგებობით, რომელიც შპს "ბათოილს" ეკუთვნოდა "ახალსოფლის მეცხოველეობის კომპლექსზე" გაიყიდა

ახალციხეში მდებარე შენობა შპს "ვია-ესტ-ვიტას" ეკუთვნის,

მუხიანის მიმდებარე მიწის ნაკვეთი შპს "ხოხობის" კუთვნილებაა,

ახალციხეში, სოფელ სხვედისში მდებარე საკონსერვო ქარხანა,

მიწის ნაკვეთი, თბილისი-დიღმის სასწავლო ცენტრი, ერისთავის ქუჩა #2-ში მდებარე მშენებარე სავაჭრო ცენტრი ამავე ბიზნესჯგუფის კუთვნილებაა.

ამ ობიექტებიდან ორი - შპს "მესხეთი ტრეიდინგის" და შპს "ევროკლას პლუსის" საკუთრება იყო და გაყიდვის შემდეგ საგადასახადო ვალდებულების მქონე "ქაუქაუს სირიალ კომპანის" საკუთრებაში გადავიდა.

კონფიდენციალური წყაროს ინფორმაციით, ამ ობიექტების უკან შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი დგას.

დაყადაღებულია ბიზნესმენთა ასოციაციის ყოფილი პრეზიდენტის გიორგი ისაკაძის ქონებაც შპს "ლოგოსის" საკუთრებაში არსებული ობიექტებიც.

ჩვენ დავუკავშირდით გიორგი ისაკაძეს:

- ვადასტურებ, რომ შპს "ლოგოსი" ჩემი საკუთრებაა. ბანკ "ქართუსთან"  ვალდებულებები მაქვს. ეს ვალდებულებები წარმოქმნილია ისეთ სფეროში, რომელიც დღეს ბაზარზე არსებული მდგომარეობის გამო საუკეთესო სიტუაციაში ნამდვილად არ არის. ბანკისაგან განსხვავებით, არ ვაპირებ დეტალებზე საუბარს ჩემი და ბანკის ურთიერთობაზე ერთი მარტივი მიზეზით, რომ არსებობს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მუხლები კონფიდენციალურობის შესახებ და ამ მუხლების დაცვას ვაპირებ. კომპანიას საგადასახადო ვალდებულებები შეექმნა სრულიად კანონიერად ამა წლის 15 სექტემბერს. ბიუჯეტის წინაშე დავალიანება დაახლოებით 250 ათასი ლარია. დღეის მდგომარეობით გადასახდელი მაქვს 122 ათასი ლარი. მაინტერესებს, თუ ვალდებულებები იფარება ბიუჯეტის წინაშე რა შეთქმულების თეორიაზეა ლაპარაკი. როცა ვალდებულება თავის დროზე იყო ნახევარი მილიონი ლარი და ეს ყველაფერი კომოპანიამ ჩამოიყვანა 122-ზე, რაზე ვსაუბრობთ?

- მართალია, თქვენ არ გადაგიყიდიათ ქონება, თუმცა თქვენი ქონება დააყადაღეს. გამორიცხავთ, რომ თქვენთან შეუთანხმებლად საგადასახადო  ვალდებულების გამო ეს ქონება  სახელმწიფომ აუქციონზე გაიტანოს?

- პრეტენზიები მაქვს ბანკთან, მას შეეძლო გაცილებით კორექტულად ემოქმედა  თავის კლიენტებთან და კანონით და ხელშეკრულებით გათვალსიწინებული ნორმები დაეცვა. აყველაფერს გავარკვევ "ქართუში". ვთვლი, რომ ჩემს მიმართ  ბანკის მხრიდან სამართლებრივი მუხლი დარღვეულია. გასაგებია, რომ არაორდინარული სიტუაციიდან გამომდინარე, რაც შექმნილია "ქართუში", ბანკმა გასცა ინფორმაცია, თუმცა უნდა გაკეთებულიყო დამატებითი განმარტებები. მე საგადასახადო ვალდებულებას ვფარავ. სხვებთან რა ხდება, ვერ გეტყვით, მაგრამ თუUრაიმე პრობლემა გაჩნდება, გპირდებით, ამ ამბავს არ დავტოვებ საიდუმლოდ. პირველი მე ვიმოქმედებ. თუ მოხდება გაუთვალისწინებელი რამ, ვაპირებ, გავაგრძელო ვალის დაფარვა.

ჩვენ ლაურა ღაჭავასაც ვესაუბრეთ:

- "ქართუში" თქვენ რამდენიმე მილიონიანი სესხი გაქვთ, თქვენი საბანკო გარანტია (უძრავი ქონება) კი ცოტა ხნის წინ გაიყიდა საგადასახადო ვალდებულების მქონე ობიექტზე. რაც არ გაყიდულა, დაყადაღებულია და აუქციონზე გასაყიდად არის გამზადებული. იქნებ აგვიხსნათ, რას ნიშნავს ყოველივე?

- არ ვიცი. იცით, რა იყიდება?

- თქვენი ქონება საგადასახდო ვადებულებების გამო აუქციონზე იყიდება და არ იცით?

- არ იყიდება ჯერ. "ქართუ ჯგუფმა" სხვანაირად იცოდა, მოლაპარაკება მქონდა და ამ დღეებში გავერკვევი სიტუაციაში. გავერკვიო უნდა...  საერთოდ, ახლა სტუმრები მყავს, იტალიელები.

ნახსენები ქონების გარდა, დაყადაღებულია შპს "გრემფილდ ჯორჯიას", "მალი ჯგუფის", "ევროპარკინგის" საკუთრებაში არსებული ის ობიექტები, რომელიც "ქართუს" სესხის უზრუნველსაყოფად იყო ბანკში დაგირავებული.

(სპეციალურად საიტისთვის)