ლავრენტი ბერია - ოტო სკორცენის წინააღმდეგ: "თეირანი - 43" - ყველაზე დიდი საბჭოთა ტყუილი, რომლისაც ჯერ კიდევ სჯერათ - კვირის პალიტრა

ლავრენტი ბერია - ოტო სკორცენის წინააღმდეგ: "თეირანი - 43" - ყველაზე დიდი საბჭოთა ტყუილი, რომლისაც ჯერ კიდევ სჯერათ

საბჭოთა იმპერიაში ტყუილი სახელმწიფო იდეოლოგიის რანგში იყო აყვანილი. ის იმპერია მითებითა და კერპებით ატყუებდა და იტყუებდა თავს. პოლიტიკა, ხელოვნება, მწერლობა, სპორტი, ნავთობის მოპოვება თუ სოფლის მეურნეობა - ყველა მიმართულებით იქმნებოდა მითები და ლეგენდები. რეალობაში კი: ტყუილი, ტყუილი და კვლავ ტყუილი. მოსახლეობა სურსათის შესაძენად რიგებში ათენებდა და აღამებდა, კომუნისტური პროპაგანდა კი ხალხს კომუნიზმის მოახლოებითა და "საყოველთაო კეთილდღეობით" ატყუებდა. ბუნებრივია, მითებისა და ტყუილების გარეშე ვერც საბჭოთა იმპერიის რეპრესიების მთავარი იარაღი - სპეცსამსახურები იარსებებდნენ.

მეორე მსოფლიო ომის ბევრი საიდუმლო ჯერ კიდევ ამოუხსნელია და ზოგჯერ იმ პერიოდში სპეცსამსახურების მიერ შემნილი ლეგენდა კვლავ "ცოცხალია" და ახალი თაყვანისმცემლებით მრავლდება.. დღეს საბჭოთა დაზვერვის ერთ, ძალზე საინტერესო სპეცოპერაციაზე მოგითხრობთ, სადაც კარგად ჩანს, რომ დიდ პოლიტიკაში წვრილმანები არ არსებობს და დეზინფორმაცია სტრატეგიული საგარეო-პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ძალზე ხშირად იძლევა შედეგს.

მალე ოთხმოცი წელი შესრულდება მას შემდეგ, რაც 1943 წლის ნოემბრის ბოლოს და დეკემბრის დასაწყისში, თეირანში მიმდინარეობდა სამი მოკავშირე სახელმწიფოს (საბჭოთა კავშირი, დიდი ბრიტანეთი და აშშ) მეთაურთა შეხვედრა. სტალინი, როგორც ყოველთვის წინასწარ ემზადებოდა ამ უაღრესად მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვის. "დიდი დიქტატორისთვის" წვრილმანები არ არსებობდა: შეხვედრის ადგილი და დრო თვეების მანძილზე განიხილებოდა სტალინ-ჩერჩილ-რუზველტის საიდუმლო მიმოწერაში. სტალინმა გადაწყვიტა ომის მსვლელობაში მიღწეული გარდატეხა "სამეულის" შეხვედრის დროს გეოპოლიტიკურ გამარჯვებაში გარდაესახა. სტალინგრადთან გამარჯვების შემდეგ სტალინი უფრო მომთხოვნი და ფიცხი გახდა მოკავშირეებთან ურთიერთობაში. დაპირისპირების მთავარი საკითხი ჩრდილოეთ საფრანგეთში მეორე ფრონტის გახსნა იყო: სტალინი მოითხოვდა მოკავშირეების ჯარები დასავლეთ ევროპაში 1944 წლის მაისამდე შეჭრილიყვნენ, ჩერჩილ-რუზველტის "დუეტი" კი 1944 წლის ზაფხულ-შემოდგომისთვის გეგმავდა საფრანგეთის ტერიტორიაზე დესანტის გადასხმას. სწორედ ამ უთანხმოების განსახილველად აპირებდა "დიდი სამეული" შეხვედრას.

შეხვედრის დროზე (1943 წლის ნოემბრის ბოლო დღეები) უფრო ადვილად შეთანხმდნენ ვიდრე შეხვედრის ადგილზე. 1943 წლის 25 ოქტომბერს რუზველტი საიდუმლო შეტყობინებაში სტალინს "დიდი სამეულის" შეხვედრის ადგილად სთავაზობდა: ბაღდადსა და ბასრას (ერაყი) და ანკარას (თურქეთი). სტალინი უარზე იყო და 1943 წლის 5 ნოემბერს რუზველტს შეხვედრის ადგილად კვლავ თეირანს ურჩევდა. სამი დღის შემდეგ, 8 ნოემბერს, რუზველტმა დათმო და გადაწყდა, რომ "დიდი სამეულის" შეხვედრები თეირანში გაიმართებოდა იმავე წლის 28 ნოემბრიდან. ასე რომ შეხვედრის ზუსტი ადგილი და დრო გაირკვა მხოლოდ 1943 წლის 8 ნოემბერს.

იყო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება: ეს უნდა ყოფილიყო სტალინის, ჩერჩილისა და რუზველტის პირველი ერთობლივი შეხვედრა. სტალინმა ჩერჩილის მრავალწლიანი ანტიკომუნისტური განწყობებისა და ჯიუტი ხასიათის შესახებ კარგად უწყოდა, ამიტომ "ორი იმპერიალისტიდან" სუსტ "რგოლად" საბჭოთა დიქტატორმა ამერიკის პრეზიდენტი ჩათვალა. რუზველტის "დამუშავებისთვის" კი სტალინს დრო და სივრცე სჭირდებოდა: ის ფიქრობდა, რომ რაც უფრო მეტი არაოფიციალური საუბარი და კომუნიკაცია ექნებოდა აშშ-ის პრეზიდენტთან, თანაც ბრიტანელი "ბებერი მგლის" - უინსტონ ჩერჩილის გარეშე, მით უფრო გაიტანდა თავის შორსმიმავალ გეგმებს. ბევრი უცხოელი სახელმწიფო მოღვაწე, თუ ქართველი მწერალ-ფილოსოფოს-მოცეკვავე იხსენებს, რომ სტალინს შეეძლო თანამოსაუბრის "მონუსხვა" თავისი უბრალოებითა და ყურადღებით, ღვინის სმით, ქართული სიმღერითა და კარგი მასპინძლობით. ეს ყველაფერი "დიდი დიქტატორის" მიერ წლების მანძილზე კარგად დამუშავებული ქცევის მოდელი იყო, რომელსაც წარმატებითაც იყენებდა. სტალინმა გადაწყვიტა კონფერენციის დღეებში რუზველტი მაქსიმალურად ჩამოეცილებინა ჩერჩილისგან და პირადი კომუნიკაციისთვის "ახლოს ჰყოლოდა". ამისთვის კი აუცილებელი იყო როგორმე აშშ-ის პრეზიდენტის და მისი ამალის საბჭოთა საელჩოში განთავსება. სწორედ აქ გამოჩნდა ლავრენტი ბერიას ალღო. ჯერ საბჭოთა დაზვერვამ გაავრცელა დეზინფორმაცია, რომ გერმანელებს ჰქონდათ განზრახვა, თავს დასხმოდნენ სტალინს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ უინსტონ ჩერჩილსა და აშშ-ის პრეზიდენტ ფრანკლინ რუზველტს. მეორე ეტაპზე, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი თეირანში ამერიკის საელჩოში (რომელიც კილომეტრ-ნახევრით იყო დაშორებული კონფერენციის ჩატარების ადგილს) მივიდა, მან სტალინისგან საიდუმლო წერილი მიიღო, რომელშიც ის სთავაზობდა, უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე,

gggggggg-1686897423.jpg

სტალინი, რუზველტი და ჩერჩილი

საბჭოთა საელჩოში გადასვლას და კონფერენციის დასრულებამდე იქ დარჩენას. პარალელურად, საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სახალხო კომისარი მოლოტოვი არწმუნებდა ამერიკელ და ბრიტანელ დიპლომატებს თითქოს მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ გერმანელთა სპეცრაზმები გეგმავდნენ თავდასხმას "დიდ სამეულზე". გერმანელების დივერსიული სპეცრაზმების თეირანში "მობილიზებაზე" და შესაძლო "თავდასხმის” შესახებ ინფორმაციას (უფრო სწორად - დეზინფორმაციას) საბჭოთა დაზვერვა მუდმივად აწვდიდა უცხოელ კოლეგებს. აშშ-ის პრეზიდენტის და მთლიანად მათი დელეგაციის საბჭოთა საელჩოში გადაყვანას ჰქონდა კიდევ ერთი, შესაძლოა, არანაკლებ მნიშვნელოვანი მიზანიც. ის ოთახები, რომლებიც ამერიკელებს საცხოვებლად გამოუყვეს, წინასწარ იყო აღჭურვილი ფარული მიყურადების აპარატურით და სტალინი, კონფერენციის მიმდინარეობის მანძილზე, სისტემატურად ეცნობოდა აშშ-ის დელეგაციისა და მათი ბრიტანელი სტუმრების საუბრების ფარულ ჩანაწერებს.

1943 წლის 28 ნოემბერს რუზველტი და მისი თანმხლები პირები აშშ-ის დიპლომატიური წარმომადგენლობიდან საბჭოთა საელჩოს ერთ-ერთ ნაგებობაში დასახლდნენ. არ გასულა თხუთმეტი წუთიც, რომ რუზველტს სტალინი ესტუმრა. ამის შემდეგაც სტალინი რამდენჯერმე ეწვია რუზველტს, ტახტზე ჩამოუჯდებოდა და ძველი მეგობარივით ებაასებოდა, რასაც რუზველტის ვაჟი ელიოტი, მამის სიტყვებზე დაყრდნობით, ადასტურებს. ამგვარად "მონუსხა" "კობამ" რუზველტი, რასაც შორსმიმავალი შედეგები ჰქონდა. თეირანის კონფერენციის შემდეგ რუზველტი უფრო ხშირად სტალინს ეთანხმებოდა და მის მხარეს იჭერდა, ვიდრე - ჩერჩილისას. აშშ-ის პრეზიდენტი ფრანკლინ რუზველტი არც დაეჭვებულა სტალინის ცბიერებაში. კონფერენციის შემდეგ ის სტალინს მეგობრულად წერდა: "მე ვჩქარობ, რომ პირადად გადაგიხადოთ მადლობა თქვენ მიერ გამოჩენილი ყურადღებისა და სტუმართმოყვარეობის გამო, რომელიც გამოიხატა თეირანში, თქვენს საელჩოში საცხოვრებელი ფართობის შემოთავაზებაში. იქ მე არა მარტო უკიდურესად კომფორტულად ვცხოვრობდი, არამედ - ვაცნობიერებ, თუ რამდენად ბევრის გაკეთება მოვასწარით ასეთ მცირე პერიოდში იმის წყალობით, რომ ჩვენი შეხვედრის განმავლობაში ასეთი ახლო მეზობლები ვიყავით". სწორედ ეს უნდოდა სტალინსაც: მან შეძლო რუზველტის განწყობაში მნიშვნელოვანი კორექტივების შეტანა - თუ მანამდე იგი სტალინს, როგორც მხოლოდ დაუნდობელ "დიდ დიქტატორს", ისე აღიქვავდა, აშშ-ის პრეზიდენტმა "ბიძია ჯოს" ადამიანური მხარეც დაინახა. კონფერენციის შემდეგ ამერიკული და განსაკუთრებით ბრიტანული მედია არ ისვენებდა: მთავარი კითხვა ამგვარი იყო - "რა მიზეზების გამო გადავიდა აშშ-ის დელეგაცია საბჭოთა საელჩოში?" ეს გასაგებია, რადგანაც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ჩერჩილი თავიდანვე ძალზე უკმაყოფილი იყო რუზველტის გადაწყვეტილებით. აშშ-ის პრეზიდენტს თავის მართლება მოუწია.

უკვე სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, 1943 წლის 17 დეკემბრს გამართულ პრესს-კონფერენციაზე რუზველტმა განცხადება: "მარშალმა სტალინმა მომაწოდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა კონფერენციის მონაწილეებზე მოხდეს თავდასხმა. მან მთხოვა საბჭოთა საელჩოში გაჩერება იმ მიზნით, რომ მე აღარ დამჭირვებოდა ქალაქში მგზავრობა. გერმანელებისათვის საკმაოდ მომგებიანი იქნებოდა, თუ ისინი მარშალ სტალინს, ჩერჩილსა და მე თავიდან მოგვიშორებდნენ თეირანის ქუჩებში მგზავრობისას, რადგან საბჭოთა და ამერიკის საელჩოები ერთმანეთისგან ერთი მილით არიან დაშორებული.” ეს ინფორმაცია საბჭოთა გაზეთმა "პრავდამ" მეორე დღესვე გაავრცელა. შემდეგ ჩერჩილმა მემუარებში დაწერა: "თეირანში რუსებმა მოიტაცეს პრეზიდენტი".

gg-1686897422.jpg

სტალინი და ჩერჩილი

"მოსალოდნელ თავდასხმაზე" ჩერჩილიც იყო ინფორმირებული, თუმცა მას ამის არ სჯეროდა. ჩერჩილი მემუარებში წერს, რომ როდესაც სტალინმა ამაყად განაცხადა "თავდასხმის" თავიდან აცილებისა და "გერმანელი დივერსანტების" დაკავების შესახებ, ჩერჩილმა იკითხა: "არ შეიძლება ისინი ვნახოთ?", "არა, ისინი დაკითხვაზე არიან მოსკოვში წაყვანილები" - იყო სტალინის პასუხი.

აშშ-ის პრეზიდენტის "მონუსხვა" კარგად გამოიყენა სტალინმა: რუზველტის მხარდაჭერით ჩერჩილი დაითანხმა და მეორე ფრონტის გახსნის ზუსტი თარიღი (არაუგვიანეს 1944 წლის მაისისა) ერთობლივ დეკლარაციაში მკაფიოდ დააფიქსირებინა; ბალტიისპირეთის სამი ქვეყანა (ლიტვა, ლატვია და ესტონეთი) საბჭოთა კავშირის გავლენის ზონაში დაატოვებინა; სტრატეგიულ გერმანულ ქალაქ კიონინსბერგზე (დღევანდელი კალინინგრადი) საბჭოთა კავშირის პრეტენზიები დაადასტურებინა და სხვ. ჩერჩილი წინააღმდეგობას უკვე ვეღარ უწევდა სტალინ-რუზველტის ტანდემს და ამ გადაწყვეტილებებს ცალყბად იწონებდა.

აქ შეიძლება წერტილი დაგვესვა და დაგვემთავრებინა თხრობა, რომ არა ერთი "უმნიშვნელო" ნიუანსი: ლავრენტი ბერიას ხელმძღვანელობით შექმნილი დეზინფორმაცია თეირანში "დიდ სამეულზე" თავდასხმის თავიდან აცილების შესახებ თანდათანობით ისე გავრცელდა, რომ უკვე ვეჭვობ ანდაზას - "ტყუილს მოკლე ფეხები აქვს" , დაეჯერებოდეს. უკვე ოთხმოცი წელი გავიდა და საბჭოთა სპეცსამსახურების ეს "წარმატებული ოპერაცია" მსოფლიოს კორონავირუსივით მოედო: სპეცსამსახურების ისტორიისადმი მიძღვნილ სქელტანიან ნაშრომებში (მაგ. იტალიელი მკვლევარის, ზ. ბოიაჯის "ჯაშუშობის ისტორია" ) და სხვადასხვა ენციკლოპედიაში ოპერაცია "დიდი ნახტომი" (ასე მონათლეს ბერიას ქვეშევრდომებმა ვითომდა თავდასხმის ოპერაცია) დიდი ყურადღებითაა განხილული. უფრო უარესიც ხდება: მომავალ ქართველ მზვერავებსა და კონტრმზვერევებს დღესაც დიდი გულმოდგინებით ასწავლიან ამ დიდ ტყუილს! ქვიზებშიც შეაქვთ: "გაანალიზეთ ოპერაცია "დიდი ნახტომი"! ამ დროს კი : ტყუილი, ტყუილი და კიდევ ტყუილი - არავითარი ოპერაცია არ არსებობდა და ეს თავიდან ბოლომდე საბჭოთა დეზინფორმაციაა!

1948 წელს საბჭოთა კავშირში დაიბეჭდა ომის დროს უკრაინაში მოქმედი ერთ-ერთი პარტიზანული რაზმის მეთაურის, საბჭოთა კავშირის გმირის, უშიშროების პოლკოვნიკის დიმიტრი მედვედევის (1898 - 1954) მოგონებათა წიგნი "სულით ძლიერნი". ამ წიგნში მოთხრობილია საბჭოთა დივერსანტის ნიკოლაი კუზნეცოვის (1911-1944), რომელიც გერმანელების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედებდა, "გმირობების" შესახებ. საკამათო არაა, რომ ეს წიგნი ხელისუფლების, უშუალოდ კი ლავრენტი ბერიას, ნებართვის გარეშე ვერ დაიბეჭდებოდა. მეორეც - უშიშროების თანამშრომლის ყველა მოგონება, როგორც წესი, ცალკე "დეზინფორმაციული ოპერაციაა" და კონკრეტულ მიზნებს ისახავს.

pagebes2-1686897423.jpg

დ. მედვედევი; ნ. კუზნეცოვი

დ. მედვედევის წიგნის მთავარი მიზანი იყო ხოტბა-დიდება აღევლინა "უძლეველი საბჭოთა უშიშროების ორგანოებისადმი". მრავალ პარტიზანულ ისტორიას შორის არის თეირანის კონფერენციაზე ვითომდა თავდასხმის მომზადების ისტორიაც, რომელიც მოკლედ ამგვარია: ჰიტლერმა, შეიტყო რა თეირანში დაგეგმილი შეხვედრის შესახებ, გადაწყვიტა ერთი დარტყმით გარნადგურებინა "სამეული" : ადგილზე უნდა მოეკლათ ჩერჩილი, რუზველტი ტყვედ აეყვანათ და მოგვიანებით საჯაროდ სიკვდილით დაესაჯათ, სტალინი კი ტყვედ უნდა აეყვანა და გერმანიაში გადაეყვანათ. საიდუმლო ოპერაციას ეწოდა კოდური სახელწოდება "დიდი ნახტომი" და დაგეგმილი იყო 1943 წლის ოქტომბერ-ნოემბერში. თუმცა საბჭოთა დაზვერვამ შტურმბანფიურერი ჰანს ულრიხ ფონ ორტელისგან შეიტყო გერმანული სპეცსამსახურების გეგმების შესახებ. მთვრალმა ორტელმა ობერ-ლეიტენანტ პოლ ზიბერტს ( ნიკოლაი კუზნეცოვს) ოპერაციის შესახებ ყველაფერი მოუყვა . კუზნეცოვმა კი დაუყოვნებლივ გადასცა მოსკოვს ეს ინფორმაცია. გაითვალისწინეთ ვინმე ჰანს ორტელი მიყრუებულ როვნოშია (უკრაინა) და ამ დროს ათასობით კილომეტრით დაცილებულ თეირანში "დიდ სამეულზე" თავდასხმის შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას "ფლობს". საინტერესოა ის ორტელი იყო, თუ ვანგა?

ამის შემდეგ თურმე "ჩეკისტებმა" იყოჩაღეს და თეირანში ფარულად ჩასულ გერმანელ დივერსანტებს სულ მუსრი გაავლეს. ჭირი იქა, ლხინი აქა და ა.შ.

თუმცა არა, ჯერ ადრეა ზღაპრის დასასრული, აქ მხოლოდ პირველი ნაწილი დასრულდა. როდესაც პოლკოვნიკ დ. მედვედევის წიგნი დაიბეჭდა ამ ისტორიის მოქმედი პირებიდან ცოცხალი თითქმის აღარავინ იყო და სიმართლის კვალიც უკვე წაშლილი იყო. ოპერაცია - ზღაპარი "დიდი ნახტომი" საბჭოთა პროპაგანდამ გასული საუკუნის 60 იან წლებში განაახლა და მას ახალი " ისტორიული ფაქტი" დაუმატა: თურმე გერმანიის დაზვერვამ კონფერენციის დროისა და ადგილის შესახებ შეიტყო 1943 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში ამერიკის საზღვაო კოდის გაშიფვრით, ასევე აგენტი "ციცერონისგან".

1967 წელს დ. მედვედევის დეზინფორმაციული ისტორიების საფუძველზე გადაიღეს მხატვრული ფილმი "სულით ძლიერნი", სადაც ჭკვიანი და ძლიერი "საბჭოთა პარტიზანები" ამარცხებენ "დაუნდობელ და სულელ" ფაშისტებს. იმავე წლის 18 მაისს კა-გე-ბეს თავმჯდომარედ დანიშნულმა იური ანდროპოვმა ხელქვეითებს დავალება მისცა "ახალი ფაქტებით" გაემყარებინათ საბჭოთა დეზინფორმაცია ოპერაცია "დიდ ნახტომის" შესახებ. აქ უკვე "ჩეკისტებმა" სცენაზე ცნობილი გერმანელი დივერსანტი ოტო სკორცენი გამოიყვანეს, რომელსაც ოდესღაც, რომელიღაც გაზეთისთვის ინტერვიუში ვითომდა უთქვამს: "1943 წლის ოქტომბრის ბოლოს ჰიტლერმა პირადად დამავალა "დიდი სამეულის" განადგურების ოპერაციის მომზადებაო".

ი. ანდროპოვს კა-გე-ბეს "პიარი" ძალზე მნიშვნელოვან ამოცანად მიაჩნდა. ამიტომაც კა-გე-ბესთან დაახლოებული მწერლები (ვ. ლუი, ჰ. ბოროვიკი, ი. სემიონოვი და სხვ.) წიგნს-წიგნზე "აცხობდნენ", დიდი ჰონორარების დამსახურებით "ოფიციალურ საბჭოთა მილიონერებად" იქცნენ და კაპიტალისტებივით ცხოვრობდნენ. თუმცა საბჭოთა ხელისუფლება თვალს ხუჭავდა მათ "ცელქობებზე". ამავე დროს გასული საუკუნის 60-80 წლებში საბჭოთა კავშირში არა ერთი ფილმი გამოვიდა "ჩეკისტების გმირული და თავდადებული" საქმიანობის შესახებ, მაგალითად "გაზაფხულის ჩვიდმეტი გაელვება" . საბჭოთა დაზვერვის ერთ-ერთი "პიარ-ფილმად" იქცა 1980 წელს გადაღებული ფილმი "თეირანი - 43" , სადაც კვლავ "ძველი სიმღერა" ჟღერდა მამაც "ჩეკისტებზე". წარმოიდგინეთ რა დაუჯდებოდა გაღატაკებულ საბჭოთა ბიუჯეტს ამ ფილმში ალენ დელონის მონაწილეობა. თუმცა ანდროპოვს ეს არ აწუხებდა. ზღაპარი ოპერაცია "დიდი ნახტომის" შესახებ უფრო მნიშვნელოვანი იყო.

არც გერმანიის და არც საბჭოთა სპეცსამსახურების არქივებში ოპერაცია "დიდ ნახტომის" შესახებ დოკუმენტები არ არსებობს და ამაზე მხოლოდ მემუარული ლიტერატურის ავტორები მოგვითხროებენ. დღესაც რუსული ოფიციალური ვერსია კვლავ ძველებურად ჟღერს: გერმანელებმა კონფერენციის შესახებ ადრევე შეიტყვეს, დაგეგმეს თავდასხმა, თეირანში შეიყვანეს დივერსანტების ჯგუფი, თუმცა "ჩეკისტებმა", ნ. კუზნეცოვის მიერ მოპოვებული ინფორმაციის წყალობით, მოახერხეს ამ გეგმის ჩაშლა და გერმანელი დივერსანტები გაანადგურეს. ბედნიერი დასასრული! თუმცა საბჭოთა/რუსულ ვერსიაში სრული სიცრუეა. მივყვეთ თანმიმდევრობით. ზემოთ უკვე ავღნიშნე, რომ შეხვედრის ზუსტი ადგილი და დრო გაირკვა მხოლოდ 1943 წლის 8 ნოემბერს. "დიდი სამეულის" შეხვედრის ბოლო დღეებამდე ამის შესახებ არ იცოდნენ თავად საბჭოთა კავშირის გენერალურ შტაბის ხელმძღვანელებმაც. მრავალი წლის შემდეგ ომის პერიოდში გენერალური შტაბის ოპერატიული სამმართველოს უფროსი, გენერალ-პოლკოვნიკი სერგეი შტემენკო იხსენებდა, რომ ირანში ისე გაემგაზვრნენ, რომ 1943 წლის 27 ნოემბრამდე არ იცოდნენ ამ კონფერენციის შესახებ.

ggggg-1686897423.jpg

მერაბ კვიტაშვილი (ნიკოლას კეი)

იგივე მდგომარეობა იყო მოკავშირეებთანაც. ქართველი ემიგრანტი მერაბ კვიტაშვილი (ნიკოლას კეი) (1902-1991) მაშინ დიდი ბრიტანეთის არმიის კაპიტანი, იხსენებს, რომ თეირანის კონფერენციაზე ბრიტანეთის დელეგაციაში ჩარიცხვა მხოლოდ 1943 წლის 24 ნოემბრს შეიტყო. ასე რომ "დიდი სამეულის" შეხვედრის დრო და ადგილი მაქსიმალურად იყო გასაიდუმლებული და 1943 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში ამერიკის საზღვაო კოდის გაშიფვრით გერმანელები ვერაფერს ვერ შეიტყობდნენ. ასევე ვერც ოტო სკორცენი ვერ მიიღებდა დავალებას იმავე წლის ოქტომბრის ბოლოს ჰიტლერისგან: იმიტომ, რომ შეხვედრის დრო და ადგილი "სამეულს" ჯერ კიდევ არ ჰქონდა შეთანხმებული. ოპერაცია "დიდი ნახტომი" , რომ არ არსებობდა ამაზე მეტყველებს ერთი მნიშვნელოვანი გარემოებაც.

გერმანიის საგარეო დაზვერვის უფროსმა ვალტერ შელენბერგმა (1910-1952) გასული საუკუნის 50 იანი წლების დასაწყისში გამოსცა მემუარები, სადაც ძალზე დაწვრილებით აღწერს გერმანელების ყველა სპეცოპერაციას მეორე მსოფლიო ომის დროს, თუმცა ოპერაცია "დიდ ნახტომი" ნახსენებიც კი არაა. თეირანის კონფერენციასთან დაკავშირებით ის წერს, რომ თურქეთში მოქმედი გერმანიის აგენტ "ციცერონისგან" იღებდნენ "დიდი სამეულის" შეხვედრის შემდეგ მიღებული შეთანხმებების ამსახველ საიდუმლო დოკუმენტებს. ესეც მეტყველებს, რომ გერმანიის დაზვერვამ კონფერენციის შესახებ ძალზე გვიან შეტყო.

თუმცა დავუშვათ, რომ გერმანიის დაზვერვას ეს ინფორმაცია 1943 წლის 8 ნოემბერსვე ჰქონდა, საინტერესოა როგორ უნდა მოესწრო "დიდი სამეულის" მოტაცების ან ლიკვიდაციის ოპერაციის დაგეგმვა? თანაც იმ ქვეყანაში. რომელსაც მთლიანად საბჭოთა კავშირი და დიდი ბრიტანეთი აკონტროლებდნენ?

მკითხველს შევახსენებ, რომ 1941 წლის 15 სექტემბრისთვის საბჭოთა კავშირის (ჩრდილოეთიდან) და დიდმა ბრიტანეთის (სამხრეთიდან) შეიარაღებულმა ძალებმა მოახდინეს ირანის მტლიანი ოკუპაცია და მისი დედაქალაქი, თეირანი დაიკავეს. აქედან გამომდინარე ორი წლის შემდეგაც ირანს ისინი აკონტროლებდნენ. ირანში იმყოფებოდა აშშ-ის სამხედრო ნაწილებიც. საბჭოთა დაზვერვას ირანში ოთხი რეზიდენტურა ჰქონდა: თეირანში, თავრიზში, ფეჰლავსა და მაშჰადში. მთავარი რეზიდენტი იყო ეროვნებით სომეხი ივანე აღაიანცი. ამ ფაქტორმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მთლიანად ირანში და განსაკუთრებით თეირანში საბჭოთა აგენტების მომრავლებაში: იმ პერიოდში ირანში მრავალი სომეხი ცხოვრობდა, რომლებიც ხელოსნობითა და წვრილვაჭრობით შოულობდნენ სარჩოს. ი. აღაიანცს მათი გადაბირება არ გასჭირვებია. ომის პერიოდში საბჭოთა და ბრიტანეთის დაზვერვა წარმატებით ებრძოდნენ გერმანიის აგენტურას ირანში და "დიდი სამეული" შეხვედრის წინ ფაქტიურად სრულად გაანეიტრალეს გერმანელი მზვერავები. დადასტურებული ფაქტია, რომ ირანში მოქმედი გერმანიის აგენტურა, რომელმაც ბუნებრივია "დიდი სამეულის” შეხვედრის შესახებ არაფერი არ იცოდა, უკვე კარგა ხნით ადრე, ჯერ კიდევ 1943 წლის აგვისტოში იყო გაშიფრული და განეიტრალებული საბჭოთა და ბრიტანული სპეცსამსახურების მიერ. თქვენ როგორ ფიქრობთ სხვანაირად რომ ყოფილიყო "დიდი დიქტატორი" წაბრძანდებოდა თეირანს?

ჩემი აზრით ყოველივე ზემო აღნიშნულის შემდეგ გასაგები უნდა იყოს, რომ ოპერაცია "დიდი ნახტომი" არ არსებობდა და ის საბჭოთა/რუსული "დეზინფორმაციული მანქანის" შექმნილი ტყუილია.