ქართველებს რევოლუცია აღარ უნდათ - კვირის პალიტრა

ქართველებს რევოლუცია აღარ უნდათ

"ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ გააქტიურებამდე ხელისუფლების შეცვლის ორივე გზისადმი საზოგადოება მეტად კრიტიკულად იყო განწყობილი"

„სოციალური კვლევისა და ანალიზის“ ინსტიტუტმა სოციოლოგიური გამოკითხვა ჩაატარა და შედეგების ნაწილიც გამოაქვეყნა. სრულად ეს შედეგები 8 დეკემბერს გამოქვეყნდება. გამოკითხვის თანახმად, არსებული ხელისუფლების მხოლოდ არჩევნების გზით შეცვლა რესპონდენტთა 75,7%-ს რეალურად მიაჩნია, რაც საკმაოდ მაღალი შედეგია. ამ ეტაპზე ხელისუფლების არანაირი გზით ცვლილებას არ ელის გამოკითხულთა 12,2%. ხელისუფლების მიერ არჩევნების გაყალბების შემთხვევაში, მისი რევოლუციის გზით შეცვლას რეალურად მიიჩნევს 3,6%, ხოლო 3,2%-ის აზრით, არჩევნებამდე რევოლუციის გზით ხელისუფლების შეცვლაა რეალური.

კითხვას - პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა ქვეყანას რას უქადისო, 52,8% პასუხობს, რომ ივანიშვილის სახით პოლიტიკაში მოვა ახალი ძალა, რომელიც ქვეყანაში ვითარებას უკეთესობისკენ შეცვლის. 16,1%-ის აზრით, ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლით ქვეყანაში ვითარება არ შეიცვლება, 8%-ს მიაჩნია, რომ ქვეყანაში ვითარება გაუარესდება, 23%-ს კი კითხვაზე პასუხის გაცემა უჭირს.

გამოკითხვა „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა“ საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის დაკვეთით 2011 წლის 11-22 ნოემბერს ჩაატარა. კვლევა საარჩევნო ასაკის მოსახლეობის პოლიტიკური განწყობისა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მიმართ ამომრჩეველთა დამოკიდებულების შესწავლას ეხებოდა. საქართველოს 11 რეგიონში, თბილისის ჩათვლით, სულ გამოიკითხა დაახლოებით 3000 რესპონდენტი.

ვესაუბრებით სოციოლოგსა და პოლიტოლოგს რამაზ საყვარელიძეს:

- ბატონო რამაზ, საკმაოდ მოულოდნელი იყო ის, რომ გამოკითხულთა 75,5% არჩევნებს ხელისუფლების შეცვლის ყველაზე რეალურ გზად მიიჩნევს...

- გეთანხმებით, აქამდე ჩატარებულ კვლევებში აშკარად ჩანდა, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი სკეპტიკურად იყო განწყობილი არჩევნებით ხელისუფლების შეცვლისადმი, ასევე, მნიშვნელოვანი პროცენტი რევოლუციური გზით ხელისუფლების შეცვლის შესაძლებლობას უშვებდა. საარჩევნო გზისადმი სკეპტიციზმს თავისი ახსნა ჰქონდა - საქმე ისაა, რომ არაერთი არჩევენები ჩატარდა, რომელთა შედეგი საზოგადოებაში სერიოზულ ეჭვებს იწვევდა. თავის მხრივ, 26 მაისის შემდეგ რევოლუციური გზის მომხრეებიც ძალიან ცოტანი დარჩნენ ქვეყნაში.

მოკლედ, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ გააქტიურებამდე ხელისუფების შეცვლის ორივე გზისადმი საზოგადოება მეტად კრიტიკულად იყო განწყობილი, მაგრამ ივანიშვილის გამოჩენამ ეს შეცვალა, რაც კვლევამაც დაადასტურა. სიმართლე გითხრათ, ასეთი მაღალი პროცენტი ჩემთვისაც საკმაოდ მოულოდნელი იყო. ვფიქრობ, რომ საზოგადოება სწორედ ივანიშვილის ფაქტორის გამო მიიჩნევს საარჩევენო გზას პერსპექტიულად. ამაზე, სავარუდოდ, იმოქმედა იმანაც, რომ თვითონ ივანიშვილი პოლიტიკური აქტიურობის გზად მხოლოდ და მხოლოდ არჩევნებს განიხილავს.

- გამოკითხულთა ძალიან დაბალი პროცენტი უჭერს მხარს რევოლუციურ გზას, ეს ნიშნავს, რომ ქართველმა საზოგადოებამ საბოლოოდ თქვა უარი ამ გზაზე?

- ეს მართლაც ძალიან დაბალი პროცენტია, ცოტა გაუგებარია ერთი რამ, საზოგადოება ხელისუფლების შეცვლას შესაძლებლად მაღალი პროცენტით მიიჩნევს, მაგრამ გაყალბების შემთხვევაში საკუთარი ხმების დაცვას არ აპირებს. როგორც ჩანს, ჩვენი ქართული რევოლუციური გამოცდილება იმდენად მწარე გამოდგა, რომ არაბულ ქვეყნებში მიმდინარე პროცესებმაც კი ვეღარ იმოქმედა.

- ბიძინა ივანიშვილი ორი თვეც არ არის, რაც პოლიტიკურად გააქტიურდა, თუმცა კვლევის მიხედვით გამოკითხულთა 52,8% მიიჩნევს, რომ მისი სახით მოვიდა ძალა, რომელსაც ვითარების უკეთესობისკენ შეცვლა შეუძლია. ხომ არ ცდება ჩვენი საზოგადოება, როდესაც საკუთარ იმედებს ისევ ერთ ადამიანს უკავშირებს?

- ქართული ანდაზაა: "წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო". რაც მეტად უჭირს ადამიანს, მით უფრო ეჭიდება ამ ხავსს. საქმე ისაა, რომ ბოლო 20-წლიანი გამოცდილებით ქართველი საზოგადოება ვერ ეღირსა გარანტირებულად სტაბილურ და წყნარ ცხოვრებას. ჩვენში მუდმივად ექსტრემალური პროცესები მიმდინარეობს, რაც რიგითი ადამიანის ცხოვრების სტაბილურობას ვერ უზრუნველყოფს. ამიტომაც იყო, რომ ჯერ ზვიად გამსახურდიას გარშემო მოხდა საზოგადოების იმედების კონცენტრაცია, მერე, "მხედრიონის" დიქტატურისას, უკვე სტაბილურობა ისეთი სანატრელი გახდა, რომ შევრდნაძის გარშემო მოიყარა ამ იმედებმა თავი, ახლა იმდენად არარაციონალური ხელისუფლება გვყავს, რომ რაციონალიზმი გახდა სანატრელი, ამიტომაც ივანიშვილის გარშემოEმოხდება კონცენტრაცია.

ეს ბუნებრივი პროცესია, სხვაგვარად ხდება ნორმალურ და დალაგებულ ქვეყნებში, სადაც ადამიანი იმდენად არს დაცული, რომ მისი ცხოვრება გამიჯნულია ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებისგან.

ნათია დოლიძე (სპეციალურად საიტისთვის)