"ტანკების შიმშილი" ევროპაში - ანუ ვინ გახდება ისრაელის 200 ძველი "მერკავას" საბოლოო ადრესატი? - კვირის პალიტრა

"ტანკების შიმშილი" ევროპაში - ანუ ვინ გახდება ისრაელის 200 ძველი "მერკავას" საბოლოო ადრესატი?

"ჭურვების შიმშილი" - ეს ფრაზა პირველი მსოფლიო ომის დროს გაჩნდა, როდესაც ევროპის შუაგულში რამდენიმე წლით გახანგრძლივებული პოზიციური ბრძოლების დროს მოწინააღმდეგე მხარეები საარტილერიო ჭურვების დიდ დეფიციტს განიცდიდნენ...

მეორე მსოფლიო ომში "ჭურვების შიმშილის" პრობლემა ისევ დროდადრო ჩნდებოდა, თუმცა მეომარი მხარეების სამხედრო მრეწველობა მაინც თავს ართმევდა შეკვეთებს და ფრონტის ხაზზე მილიონობით საარტილერიო ჭურვს აგზავნიდა.

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ აღმოჩნდა, რომ საარტილერიო ჭურვების მარაგი ელვისუსწრაფესად ილევა ინტენსიური სროლების შედეგად და იმიტომაც, რომ პირველი "ცივი ომის" დამთავრების შემდეგ, როგორც ნატოს წევრმა ქვეყნებმა, ისე - რუსეთის ფედერაციამ მკვეთრად შეამცირეს ჭურვების დამზადების მასშტაბები და, ძირითადად, უკვე დაგროვილი მარაგების იმედზე იყვნენ.

მაგრამ რუსეთ-უკრაინის თითქმის წელიწადნახევრიანმა ომმა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპის კონტინენტზე ყველაზე ფართომასშტაბიან საბრძოლო მოქმედებებს წარმოადგენს, შეიარაღების კიდევ ერთი სახეობის - "ტანკების შიმშილიც" გამოავლინა...

2022 წლის 22 თებერვლიდან 2023 წლის 15 ივნისის ჩათვლით რუსეთ-უკრაინის ომის ფრონტზე, დადასტურებულად, (ფოტოვიდეომასალის საფუძველზე) განადგურებულია, მწყობრიდან გამოყვანილია, მიტოვებულია და ალაფად წაღებულია რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების კუთვნილი სხვადასხვა ტიპის 2 039 ერთეული ტანკი, ხოლო უკრაინის არმიის შესაბამისი დანაკარგები შეადგენს 538 ტანკს.

რეალური საბრძოლო დანაკარგები ტანკებში ცოტათი უფრო მეტი იქნება, რადგან ყველა აფეთქებული საბრძოლო ტექნიკა არ იქნება გადაღებული ან მისი ფოტო - ინტერნეტსივრცეში გავრცელებული.

"სატანკო შიმშილი" ორივე დაპირისპირებულ მხარეს დაეტყო.

რუსეთი ამ პრობლემის გადაწყვეტას საკმაოდ მოძველებული ტანკების - T-62-ებისა და თვით T-55-ების მწყობრში დაბრუნებით და ფრონტის ხაზზე გაგზავნით ცდილობს.

უკრაინელები კი, ძირითადად, ნატოს წევრი დასავლეთის ქვეყნების გულუხვობაზე არიან დამოკიდებულნი და თვეობით სთხოვენ მათ ორი-სამი "ლეოპარდის" დამატებას...

მაგრამ ევროპა რუსეთზე არანაკლებ განიცდის "სატანკო შიმშილს", თუნდაც იმიტომ, რომ პირველი "ცივი ომის" შემდეგ მათ თავი გამარჯვებულად ჩათვალეს და თავიანთი სატანკო პარკი შესაბამისი მომსახურებისა და განახლების გარეშე დატოვეს და ამიტომაც იმავე "ლეოპარდ-2"-ების დიდი ნაწილი ნატოს რიგი ქვეყნების არმიებში არასაბრძოლო მდგომარეობაში იმყოფებიან.

ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერები, რომლებსაც, ერთი მხრივ, სურთ უკრაინის ტანკებით დახმარება, მაგრამ ამისთვის საკუთარი ტანკები არ ემეტებათ, ეძებენ სხვა გზებს და მგონი, ერთ-ერთ მათგანს კიდეც მიაგნეს...

ისრაელის საინფორმაციო საშუალება Ynet -მა თავისი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდობით გაავრცელა ძალზე საინტერესო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 200 ერთეულზე მეტი მოძველებული მოდიფიკაციის ძირითადი საბრძოლო ტანკი "მერკავა" მალე გაიყიდება ევროპის ორ ქვეყანაზე, რომელთაგან ერთი კონტინენტალურია...

ისრაელის მიერ თავისი ლეგენდარული "მერკავების" ექსპორტზე შესაძლო გატანის თვითონ ფაქტიც კი სენსაციურია, რადგან დღემდე ისრაელის არც ერთ ხელისუფლებას ეს არ გაუკეთებია, შეიძლება უფრო იმიტომაც, რომ ახლო აღმოსავლეთის პირობებში საბრძოლველად სპეციალურად კონსტრუირებულ მძიმე "მერკავებზე"დიდი მოთხოვნა მსოფლიოს სხვა ქვეყნებში აქამდე არც იყო...

თუმცა შეიძლება, სწორედ ჩვენი საქართველო გამხდარიყო მსოფლიოს პირველი ქვეყანა, სადაც ისრაელის მესამე მოდიფიკაციის "მერკავა" გამოჩნდებოდა... ყოველ შემთხვევაში, აგვისტოს ომის წინ რამდენიმე ქართველი გამოცდილი ტანკისტი გაიგზავნა ისრაელში "მერკავების" გასაცნობად...

დღეს ევროპის რომელ ქვეყანას შეიძლება დასჭირვებოდა ისრაელის მოძველებული Merkava Mk3 და მით უმეტეს - Merkava Mk2 ტიპის ტანკები?

თითქოს ევროპაში უკრაინის გარდა არავინ იბრძვის და ტანკები, როგორც ჰაერი, სწორედ მას სჭირდება...

მეორე მხრივ, ისრაელის ხელისუფლება აქამდე ძალზე კატეგორიული გახლდათ და აცხადებდა, რომ უკრაინას ჰუმანიტარულ დახმარებას უწევდა და მხოლოდ არალეტალური სახის პროდუქციას თუ აწვდიდა...

ისრაელის ეს განსაკუთრებული სიფრთხილე, რუსეთთან ომში მყოფი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენაზე თავის შეკავების სახით, გარკვეულწილად გასაგებია, რადგან კრემლს შეუძლია, ასადის რეჟიმი და მისი მხარდამჭერი ირანული ძალები სირიის საზღვრიდან "მიუქსიოს" ისრაელს, რაც თელ-ავივში არავის სურს...

თუმცა ასეთ ნეიტრალიტეტს ისრაელი, ეტყობა, დიდხანს ვერ შეინარჩუნებს, ირანის ხელისუფლების განსაკუთრებული გააქტიურებიდან გამომდინარე, მათ შორის ირან-რუსეთს შორის ზენიტში ასული სამხედრო თანამშრომლობის გამო - თეირანი რუსეთს უკრაინის დასაბომბად უპილოტო "შაჰიდებს" უგზავნის, მოსკოვი კი ირანს მალე თავის ყველაზე თანამედროვე სერიულ გამანადგურებელ თვითმფრინავებს - "სუ-35"-ებს გადასცემს, რომლებიც დიდ თავსატეხად იქცევიან ისრაელის საჰაერო ძალებისთვის, თუკი ისინი ირანის სტრატეგიულ ობიექტებზე ავიაციის საშუალებით დარტყმების განხორციელებას შეეცდებიან...

რომ დავუბრუნდეთ ტანკების თემას, მკითხველს ავუხსნით, თუ რას წარმოადგენენ მეორე და მესამე თაობის "მერკავები" და რას შეძლებენ ისინი რუსულ ტანკებთან ორთაბრძოლაში, თუკი მართლაც აღმოჩნდნენ უკრაინელი ტანკისტების განკარგულებაში...

"მერკავას" ტიპის პირველი თაობის ტანკების წარმოებას ისრაელი 1979 წლიდან შეუდგა და ახლა "ცახალის" - ისრაელის არმიის შეიარაღებაში, ძირითადად, მხოლოდ მეოთხე თაობის "მერკავებია" დარჩენილი.

მეორე თაობის "მერკავა" 105 მმ კალიბრის ქვემეხით იყო აღჭურვილი, მის გაუმჯობესებულ, მესამე თაობის ტანკს კი უკვე 120 მმ-იანი სატანკო ქვემეხი დაუყენეს.

ისრაელის ხელისუფლება და გენერალიტეტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თავისი სამხედროების უსაფრთხოებას და ამიტომაც "მერკავები" მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დაცულ საბრძოლო მანქანებად იქცნენ, მაგრამ სხვა შედეგმაც არ დააყოვნა - Merkava Mk3 -ის საბრძოლო მასამ 65 ტონას(!) მიაღწია, რაც საბჭოთა T-72-ისას 24 ტონით აღემატება...

უკრაინის, ძირითადად, შავმიწანიადაგიან რელიეფზე ასე მძიმე ტანკების საბრძოლო გამოყენება გარკვეულ სირთულეებს შეიცავს, თუმცა უკრაინელი ტანკისტები მერამდენე თვეა, არანაკლებ მძიმე "ლეოპარდ-2"-ებსა და "ჩელენჯერ-2"-ებს უკვე იყენებენ და, ალბათ, არც "მერკავების" "მორჯულება" გაუჭირდებათ, თუკი მათ ჯერ მართლაც შეიძენს ევროპის კონკრეტული ქვეყანა, რომელიც შემდგომ მათ უკრაინის არმიას სამხედრო დახმარების სახით გაუგზავნის, რა თქმა უნდა, ისრაელის ხელისუფლების ფარული ან ღია დასტურის შემდეგ...